ლოზატენზი-RM 50მგ/12.5მგ#30ტ
გააზიარე:
პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში
- 1. სამკურნალო საშუალების დასახელება:
სავაჭრო დასახელება: ლოზატენზი - RM/ Lozatenz -RM/
გენერიული დასახელება: ლოსარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდი ტაბლეტები USP
- 2. შემადგენლობა
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ლოსარტანის კალიუმი USP ...................50 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი USP ................12.5 მგ
შემავსებლები….................................……….q.s.
ფერი: ტიტანის დიოქსიდი BP
შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი, პრეჟელატიზირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, იზოპროპილის სპირტი, დიქლორმეთანი.
- 3. წამლის ფორმა
ტაბლეტები
- 4. აღწერა
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ორივე მხრიდან გლუვი.
- 5. კლინიკური მონაცემები
5.1. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ზოგადი ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენული პოტენციალის სტანდარტული კვლევების საფუძველზე პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის. ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის ტოქსიკური პოტენციალი შეფასდა ქრონიკული ტოქსიკურობის ექვსთვიან კვლევებში ვირთხებსა და ძაღლებში პერორალურად გამოყენების შემდეგ, აღნიშნულ კვლევებში დაფიქსირებული ცვლილებები ძირითადად დაკავშირებული იყო ლოსარტანის კომპონენტთან. ლოსარტანი/ ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის მიღებამ გამოიწვია სისხლის წითელი უჯრედების პარამეტრების (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი) შემცირება, შარდოვანა-N-ის მომატება შრატში, გულის წონის შემცირება (ჰისტოლოგიური კორელაციის გარეშე) და ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ლორწოვანი გარსის დაზიანება, წყლული, ეროზია, ჰემორაგიები). ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციით ნამკურნალებ ვირთაგვებსა და ბოცვრებში ტერატოგენურობის ფაქტი არ დადასტურდა. მაკეობამდე და მაკეობის პერიოდში გამოყენებისას ვირთაგვებში დაფიქსირდა ნაყოფის ტოქსიკურობა, რაც დადასტურდა დამატებითი ნეკნების წარმოქმნის მცირედი ზრდით F1 თაობაში. ლოსარტანის მონოთერაპიის კვლევისას ნაყოფისა და ნაშიერების გვერდითი მოვლენები, მათ შორის თირკმლის ტოქსიკურობა და ნაყოფის სიკვდილიანობა, დაფიქსირდა მაკე ვირთაგვებში ლოსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას მაკეობის გვიან პერიოდში და/ან ლაქტაციის პერიოდში.
5.2. თერაპიული ჩვენებები
ლოსარტანის კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება სათანადოდ მხოლოდ ლოსარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
- 6. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და შარდმდენები, ათქ კოდი: C09DA01
ლოსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი
დადგენილია, რომ ლოსარტანის კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის კომპონენტებს აქვთ არტერიული წნევის დამწევი ადიტიური ეფექტი; არტერიულ წნევას ერთად ამცირებენ უკეთ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი. ითვლება, რომ ეს ეფექტი არის ორივე კომპონენტის ურთიერთშემავსებელი მოქმედების შედეგი. გარდა ამისა, მისი დიურეზული მოქმედების შედეგად, ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამცირებს შრატში კალიუმის დონეს და ზრდის ანგიოტენზინ II-ის დონეს. ლოსარტანის მიღება ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას და ალდოსტერონის ინჰიბირების საშუალებით შეუძლია შეამციროს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის კარგვა.
დადგენილია, რომ ლოსარტანს აქვს მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზირული ეფექტი. დადგენილია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შარდმჟავას დონის უმნიშვნელო მატებას; ლოსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იწვევს დიურეტიკებით გამოწვეული ჰიპერურიკემიის შესუსტებას.
ლოსარტანის /ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. ერთწლიანი ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნდა თერაპიის გაგრძელებით. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ლოსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის მიღებამ არ მოახდინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გულის რითმზე. კლინიკურ კვლევებში, 12 კვირის განმავლობაში ლოსარტანის 50მგ/ ჰიდროქლოროთიაზიდის 12,5მგ დოზით მიღებისას დიასტოლური წნევა მჯდომარე პოზიციაში შემცირდა საშუალოდ 13.2 მმ.ვწყ.სვ-მდე.
ლოსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად მამაკაცებსა და ქალებში, შავკანიანებსა და არაშავკანიანებში და ახალგაზრდა (<65 წლის) და ხანდაზმულ (≥65 წლის) პაციენტებში და ეფექტურია ყველა ხარისხის ჰიპერტენზიის დროს.
ლოსარტანი
ლოსარტანი არის სინთეზურად წარმოებული პერორალური ანგიოტენზინ II რეცეპტორის (ტიპი AT1) ანტაგონისტი. ანგიოტენზინ II, ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი, არის რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მთავარი აქტიური ჰორმონი და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT1 რეცეპტორს, რომელიც გვხვდება ბევრ ქსოვილში (მაგ., სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, თირკმელზედა ჯირკვალში, თირკმელებსა და გულში) და იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვაზოკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.
ლოსარტანი შერჩევით ბლოკავს AT1 რეცეპტორს. In vitro და in vivo კვლევებით, ლოსარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი E-3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი წარმოქმნის წყაროს ან სინთეზის გზის მიუხედავად.
ლოსარტანს არ გააჩნია აგონისტური ეფექტი და არ ბლოკავს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულირებისთვის. გარდა ამისა, ლოსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც ამცირებს ბრადიკინინს. შესაბამისად, ბრადიკინინით გამოწვეული გვერდითი მოვლენების ზრდა არ შეიმჩნევა.
ლოსარტანის მიღებისას, ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკუკავშირის მოშორება რენინის სეკრეციიდან იწვევს პლაზმური რენინის აქტივობის (PRA) გაზრდას. PRA-ს მომატება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის მატებას. აღნიშნული ზრდის მიუხედავად, შენარჩუნებულია ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის დათრგუნვა, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოსარტანის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, PRA და ანგიოტენზინ II მაჩვენებლები 3 დღის განმავლობაში ეცემა საბაზისო მაჩვენებლებამდე.
როგორც ლოსარტანს ასევე, მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს გაცილებით მეტი აფინობა აქვთ AT1 რეცეპტორის მიმართ, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ. აქტიური მეტაბოლიტი 10-40-ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე ლოსარტანი სხეულის წონის მიხედვით.
ხველის სიხშირის შეფასების მიზნით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ხველის სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოსარტანს ან ჰიდროქლორთიაზიდს, იყო მსგავსი და მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით. გარდა ამისა, 4131 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული 16 ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევის საერთო ანალიზის დროს, სპონტანური ხველის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლოსარტანით, მსგავსი იყო (3.1%) იმ პაციენტებში დაფიქსირებული სიხშირისა, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (2.6%) ან ჰიდროქლოროთიაზიდით (4.1%), მაშინ, როცა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას სიხშირემ შეადგინა 8.8%.
არადიაბეტური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ პროტეინურია, ლოსარტანის კალიუმის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროტეინურიას, ალბუმინის და IgG-ის ფრაქციულ გამოყოფას. ლოსარტანი ინარჩუნებს გორგლისებური ფილტრაციის სიჩქარეს და ამცირებს ფილტრაციის ფრაქციას. ზოგადად, ლოსარტანი იწვევს შრატში შარდმჟავას (ჩვეულებრივ <0.4მგ/დლ) შემცირებას, რაც მუდმივი იყო ქრონიკული თერაპიის დროს.
ლოსარტანი არ ახდენს გავლენას ავტონომიურ რეფლექსებზე და არ აქვს მდგრადი ეფექტი პლაზმურ ნორეპინეფრინზე.
მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლოსარტანის 25მგ და 50მგ დოზებით გამოყენებამ გამოიწვია დადებითი ჰემოდინამიკური და ნეიროჰორმონალური ეფექტები, გულის ინდექსის მატება და ფილტვის გამჭედავი წნევის დაქვეითება, სისტემური სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა, საშუალო სისტემური არტერიული წნევა და გულისცემა და ალდოსტერონისა და ნორეპინეფრინის შემცირება ცირკულირებად დონეზე, შესაბამისად. ჰიპოტენზიის განვითარება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დაკავშირებული იყო დოზასთან.
ჰიპერტენზიის კვლევები
კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას, ლოსარტანის დღეში ერთხელ მიღებამ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში გამოიწვია სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. არტერიული წნევის მაჩვენებლებმა დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ მაჩვენებელთან შედარებით, აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; შენარჩუნებული იყო ბუნებრივი დღიური რითმი. დოზირების ინტერვალის ბოლოს არტერიული წნევის შემცირება შეადგენდა ეფექტის 70-80%-ს, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ.
ლოსარტანის მიღების შეწყვეტამ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა (უკუეფექტი). არტერიული წნევის შესამჩნევი შემცირების მიუხედავად, ლოსარტანი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს გულისცემის მაჩვენებელზე.
ლოსარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდა (65 წლამდე ასაკის) და ხანდაზმულ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
LIFE კვლევა
ლოსარტანის გამოყენებით მოსალოდნელი შედეგის შემცირების მიზნით (LIFE), ჩატარდა რანდომიზებული, სამმაგი ბრმა, აქტიურად კონტროლირებადი კვლევა ჰიპერტენზიის მქონე 9193 პაციენტის მონაწილეობით, რომელთა ასაკი იყო 55-დან 80 წლამდე და ჰქონდათ ეკგ-ით დადასტურებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტები იღებდნენ 50მგ ლოსარტანს დღეში ერთხელ ან 50მგ ატენოლოლს დღეში ერთხელ. თუ ვერ ხერხდებოდა არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების (<140/90 მმ.ვწყ.სვ) მიღწევა, ჯერ ემატებოდა ჰიდროქლორთიაზიდი (12.5 მგ), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ლოსარტანის ან ატენოლოლის დოზა იზრდებოდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ემატებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, გარდა აგფ ინჰიბიტორებისა, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები ან ბეტა-ბლოკატორები.
დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4.8 წელს.
პირველადი შედეგი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის კომბინაცია, რომელიც იზომებოდა გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული შემთხვევების შემცირებით. ორივე ჯგუფში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ერთნაირ დონემდე. ლოსარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის შემცირება 13.0%-ით (p=0.021, 95% ნდობის ინტერვალი 0.77-0.98) ატენოლოლთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს პირველადი კომბინაციის შედეგს. აღნიშნული ძირითადად უკავშირდებოდა ინსულტის სიხშირის შემცირებას. ლოსარტანით მკურნალობამ 25%-ით შეამცირა ინსულტის რისკი, ატენოლოლთან შედარებით (p = 0.001 95% ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). სამკურნალო ჯგუფებს შორის არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მაჩვენებლების თვალსაზრისით.
არამელანომური კანის კიბო
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამებოდა 1,430,833 და 172,462 პოპულაციის კონტროლს, შესაბამისად. HCTZ-ის მაღალი დოზის გამოყენებას (≥50,000მგ კუმულაციურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის (OR) 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68- 4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულაციურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და HCTZ-ის გავლენას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა 63,067 პოპულაციის კონტროლს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციურ დოზაზე რეაგირების თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) დიდი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზების მიღებისას (∽100,000მგ)(იხ. ასევე, პუნქტი 4.4.).
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევის -ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) - ფარგლებში შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადებები, ან შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.
აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირენის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და თირკმელების ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად დაფიქსირდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეზული საშუალება. თიაზიდური დიურეზული საშუალებების ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი. თიაზიდური საშუალებები გავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან მექანიზმებზე, უშუალოდ ზრდიან ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედების შედეგად მცირდება პლაზმის მოცულობა, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში და ალდოსტერონის სეკრეცია, რაც იწვევს კალიუმისა და ბიკარბონატების კარგვას შარდთან ერთად, რასაც თან სდევს კალიუმის დონის შემცირება შრატში. რენინ-ალდოსტერონის კავშირი განპირობებულია ანგიოტენზინ II-ით და, შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროული მიღება იწვევს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის შემცირებას.
პერორალურად მიღების შემთხვევაში, დიურეზული მოქმედება იწყება 2 საათში, მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება 6-12 საათს. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათამდე.
- 7. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ლოსარტანი
პერორალურად მიღებისას ლოსარტანი კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს, წარმოქმნის აქტიურ კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტს და სხვა არააქტიურ მეტაბოლიტებს. ლოსარტანის ტაბლეტების სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 33%-ს. ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაცია მიიღწევა, შესაბამისად, 1 საათში და 3-4 საათში. ლოსარტანის პლაზმური კონცენტრაციის პროფილზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აღინიშნა სტანდარტულ საკვებთან ერთად მიღებისას.
განაწილება
ლოსარტანი
როგორც ლოსარტანი, ასევე მისი აქტიური მეტაბოლიტი ≥99%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს, პირველ რიგში ალბუმინს. ლოსარტანის განაწილების მოცულობა 34 ლიტრია. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ლოსარტანი სუსტად კვეთს ან საერთოდ არ კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტარულ, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლოსარტანი
ლოსარტანის ინტრავენურად ან პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-მარკირებული ლოსარტანის კალიუმის პერორალურად და ინტრავენურად გამოყენების შემთხვევაში, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობა ძირითადად მოდის ლოსარტანსა და მის აქტიურ მეტაბოლიტზე. ლოსარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად დაფიქსირდა შესწავლილი პირების დაახლოებით ერთ პროცენტში.
აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუტილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირებით და უმნიშვნელო მეტაბოლიტი, N-2 ტეტრაზოლის გლუკურონიდი.
ელიმინაცია
ლოსარტანი
ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 600მლ/წთ და 50მლ/წთ, შესაბამისად. ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი არის, შესაბამისად, 74 მლ/წთ და 26მლ/წთ. ლოსარტანის პერორალურად მიღების შემთხვევაში დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით, ხოლო დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა შარდში აქტიური მეტაბოლიტის სახით. ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია ლოსარტანის კალიუმის 200მგ-მდე დოზებით.
პერორალური მიღებისას ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება პოლიექსპონენციალურად, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს და 6-9 საათს, შესაბამისად. დღეში ერთხელ 100მგ დოზით მიღებისას არც ლოსარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ აკუმულირდება პლაზმაში.
როგორც ნაღვლით, ასევე შარდით ექსკრეცია ხელს უწყობს ლოსარტანისა და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას. ადამიანებში 14C-მარკირებული ლოსარტანის პერორალური დოზის მიღებისას რადიოაქტიურობის დაახლოებით 35% აღმოჩნდა შარდში და 58% - ფეკალურ მასებში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმლის საშუალებით. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პლაზმურ დონეზე დაკვირვებისას, დაფიქსირდა, რომ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარირებს 5.6 -დან 14.8 საათამდე. პერორალურად მიღებისას დოზის არანაკლებ 61 პროცენტი გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ლოსარტანი-ჰიდროქლოროთიაზიდი
ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები და ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმულ პირებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჰიპერტენზიის მქონე ახალგაზრდა პირებში დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან.
ლოსარტანი
პერორალურად მიღებისას ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ციროზის მქონე პაციენტებში ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები პლაზმაში, შესაბამისად, 5-ჯერ და 1.7-ჯერ აღემატებოდა ახალგაზრდა მამრობითი სქესის მოხალისეებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს.
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოსარტანის AUC იაპონელ და არა-იაპონელ ჯანმრთელ მამაკაცებში ერთნაირია. ამასთან, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის AUC (E-3174), განსხვავებულია ორ ჯგუფს შორის, იაპონელ სუბიექტებში დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია არა-იაპონელ სუბიექტებთან შედარებით. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
არც ლოსარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
- 8. დოზირება და მიღების წესი
ჰიპერტენზია
ლოსარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიის სახით გამოყენებისათვის, არამედ ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება მხოლოდ ლოსარტანის კალიუმით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების (ლოსარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი) დოზის ტიტრაცია.
კლინიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება.
სტანდარტული შემანარჩუნებელი დოზა არის ერთი ტაბლეტი ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი 50მგ/12.5მგ (ლოსარტანი 50მგ/HCTZ 12,5მგ) დღეში ერთხელ. პაციენტებისთვის, რომლებიც სათანადოდ ვერ რეაგირებენ ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი 50მგ/12.5მგ შემოგარსულ ტაბლეტებზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს მაქსიმუმ 2 ტაბლეტი ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი 50მგ/12.5მგ ან ერთი ტაბლეტი ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი 100მგ/25მგ (ლოსარტანი 100მგ/HCTZ 25მგ) დღეში ერთხელ. როგორც წესი, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან სამიდან ოთხ კვირაში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
თირკმლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის (ანუ კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) მქონე პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. ლოსარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის. ლოსარტანი/ HCTZ ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების (ანუ კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) დროს.
ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება
ლოსარტანი/ HCTZ ტაბლეტების მიღებამდე უნდა გამოსწორდეს მოცულობის დარღვევა და/ან ნატრიუმის დეფიციტი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ლოსარტანი/ HCTZ უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში, როგორც წესი, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი
ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი შეიძლება დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.
ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
- 9. მიღების წესი
პერორალური
- 10. ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):
AIIRA-ების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. AIIRA-ების მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.
ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას; თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო გაზრდა. მიუხედავად იმისა რომ არ მოიპოვება კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRA) მიღებით გამოწვეულ რისკთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ ამ კლასის პრეპარატისთვის არსებობდეს მსგავსი რისკები. თუ AIIRA-ების მიღება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში. ორსულობის დადასტურებისთანავე AIIRA-ების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში AIIRA-ებით თერაპია იწვევს ფეტოტოქსიკურობას ადამიანებში (თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია).
ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან AIIRA-ების მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალისა და თირკმლის ფუნქციის ურტრაბგერითი კვლევა.
ახალშობილები, რომელთა დედები ღებულობენ AIIRA-ებს, უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გამო.
ჰიდროქლოროთიაზიდი:
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია.
ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში. ჰიდროქლოროთიაზიდის მოქმედების მექანიზმის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისმა მიღებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება გააუარესოს ფეტოპლაცენტური სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, როგორიცაა: სიყვითლე, ელექტეროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია ნაყოფსა და ახალშობილში.
ჰიდროქლორითიაზიდის დანიშვნა არ შეიძლება გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამპსიის სამკურნალოდ, ვინაიდიან შეიძლება განვითარდეს სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირება და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკი, დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო ეფექტის გარეშე.
ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც შეუძლებელია ალტერნატიული თერაპიის დაწყება.
ლაქტაცია
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):
ლოსარტანი:
ვინაიდან არ მოიპოვება ინფორმაცია ლაქტაციის პერიოდში ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შესახებ, ამიტომ ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში და რეკომენდებულია ალტერნატიული საშუალებებით მკურნალობის დაწყება, რომელთაც აქვს უკეთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი, განსაკუთრებით ახალშობილებთან და დღენაკლულ ბავშვებთან მიმართებაში.
ჰიდროქლოროთიაზიდი:
ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე ოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. თიაზიდურმა საშუალებებმა დიდი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს დიურეზის გაზრდა და რძის წარმოქმნის დათრგუნვა. ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა.
ფერტილობა
მონაცემები არ არსებობს.
- 11. გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა. აღნიშნული სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თავბრუსხვევის ან გულის წასვლის განვითარების რისკის შესამცირებლად, ნელა წამოდექით მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან.
გახსოვდეთ, რომ აღნიშნული მედიკამენტი დაგინიშნათ ექიმმა, რადგან თქვენთვის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. ხშირ შემთხვევაში სერიოზული გვერდითი მოვლენები არ განვითარებულა.
აღნიშნულმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური დისბალანსი. დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტური დისბალანსის სიმპტომების (მათ შორის: წყურვილის ძლიერი შეგრძნება, პირის ძლიერი სიმშრალე, კუნთების სპაზმები/სისუსტე, სწრაფი/ნელი/არარეგულარული გულისცემა, დაბნეულობა) განვითარების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში: გულის წასვლა, მხედველობის დაქვეითება, თვალის ტკივილი, სისხლში კალიუმის მაღალი დონის სიმპტომები (მაგალითად, კუნთების სისუსტე, ნელი/არარეგულარული გულისცემა), თირკმლის პრობლემების ნიშნები (მაგალითად, შარდის რაოდენობის ცვლილება).
მოცემულ მედიკამენტთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციების განვითარება იშვიათია. თუმცა, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომების, როგორიცაა: გამონაყარი, ქავილი/შეშუპება (განსაკუთრებით სახის/ენის/ყელის), ძლიერი თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, გამოვლენის შემთხვევაში.
ეს არ არის შესაძლო გვერდითი ეფექტების სრული ჩამონათვალი. სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- 12. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ლოსარტანი
ანგიონევროზული შეშუპება
აუცილებელია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება).
ჰიპოტენზია და ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება
სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ მოცულობისა და/ან ნატრიუმის დონის შემცირება ინტენსიური დიურეზული თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო. აღნიშნული უნდა გამოსწორდეს ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე.
ელექტროლიტური დისბალანსი
ელექტროლიტური დისბალანსი ხშირია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე, და ეს უნდა მოგვარდეს. ამიტომ, აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების მონიტორინგი; განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ.
არ არის რეკომენდებული კალიუმის დამზოგველი დიურეზულების, კალიუმის დანამატებისა და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენება ლოსარტან /ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ სისხლის პლაზმაში ლოსარტანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდაზე ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშულო სიმძიმის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ლოსარტანის თერაპიული გამოცდილება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად აღინიშნა თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, მაგალითად, პაციენტები მძიმე გულის უკმარისობით ან არსებული თირკმლის დისფუნქციით).
როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონის მატება ასევე აღინიშნა პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით; თირკმლის ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში. ლოსარტანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
არ არსებობს პროდუქტის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები, როგორც წესი, არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. აქედან გამომდინარე, ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება
როგორც ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შემთხვევაში, არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე, არსებობს - როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში - მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისა და (ხშირად მწვავე) თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
აორტისა და მიტრალური სარქველების სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
ეთნიკური განსხვავებები
ისევე როგორც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში, ლოსარტანისა და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტების ჰიპოტენზური ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით, სავარაუდოდ, ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პოპულაციაში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი გავრცელების გამო.
ორსულობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA) არ უნდა დაიწყოს ორსულობის დროს. თუ AIIRA-ების მიღება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში. ორსულობის დადასტურებისთანავე AIIRA-ების გამოყენება უნდა შეწყდეს, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების განვითარების რისკს (მათ შორის თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევა). ამიტომ, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით.
ორმაგი ბლოკადის თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რა დროსაც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი. აგფ- ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიპოტენზია და ელექტროლიტების/სითხის დისბალანსი
როგორც ყველა ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. აუცილებელია სითხის ან ელექტროლიტური დისბალანსის კლინიკური ნიშნების მონიტორინგი, როგორიცაა მოცულობის შემცირება, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია ან ჰიპოკალიემია, რომელიც შეიძლება განვითარდეს თანმხლები დიარეის ან ღებინების ფონზე. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პერიოდულად, შესაბამისი ინტერვალებით, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი. პაციენტებს, რომლებსაც ცხელ ამინდში აქვთ შეშუპეპები, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპონატრიემია (Dilutional hyponatremia).
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები
თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება დაირღვეს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების, მათ შორის ინსულინის, დოზის კორექცია. თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ფარული მიმდინარეობით.
თიაზიდებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდით კალციუმის გამოყოფის შემცირება და შრატში კალციუმის დონის უმნიშვნელო პერიოდული მატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება მიუთითებდეს ლატენტურ ჰიპერპარათირეოიდიზმზე. თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე.
ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობასთან.
ზოგიერთ პაციენტში თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია და/ან პოდაგრა. ვინაიდან ლოსარტანი ამცირებს შარდმჟავას დონეს, ლოსარტანი ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად ასუსტებს შარდმდენებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თიაზიდები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინტრაჰეპატური ქოლესტაზი და ასევე იმის გამო, რომ სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა.
ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით.
არამელანომური კანის კიბო
არამელანომური კანის კიბოს (NMSC) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (SCC)] განვითარების რისკის ზრდა ჰიდროქლორთიაზიდის (HCTZ) კუმულაციური დოზის ზრდასთან ერთად დაფიქსირდა ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში დანიის კიბოს ეროვნულ რეესტრზე დაყრდნობით. HCTZ-ის ფოტომასენსიბილიზირებელი მოქმედება შეიძლება იყოს NMSC-ის განვითარების შესაძლო მექანიზმი.
პაციენტები, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებული NMSC-ის რისკის შესახებ, ასევე აუცილებელია მათთვის რეკომენდაციის მიცემა რეგულარულად შეამოწმონ კანი ახალი დაზიანებების არსებობაზე და დროულად აცნობონ კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შესაძლო პროფილაქტიკური ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების შეზღუდული ზემოქმედება, ხოლო, ზემოქმედების შემთხვევაში, კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად ადეკვატური დაცვის შესახებ. კანის საეჭვო დაზიანებების გამოკვლევა უნდა მოხდეს სასწრაფოდ, მათ შორის ბიოფსიის ჰისტოლოგიური კვლევებით. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს HCTZ-ის გამოყენების გადახედვა იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ NMSC.
სხვა
თიაზიდების მიღების ფონზე, შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ან არ აღენიშნებათ ალერგია ან ბრონქული ასთმა. თიაზიდებით მკურნალობის ფონზე დაფიქსირებულია სისტემური წითელი მგლურას გამწვავების შემთხვევები.
დოპინგ-ტესტი
ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი დოპინგ-ტესტში.
განსაკუთრებული გაფრთილება შემავსებლებთან დაკავშირებით
ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი შეიცავს ლაქტოზას.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა დაენიშნოთ.
- 13. უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ლოსარტანის, სულფონამიდის წარმოებულების (როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი) ან მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- რეზისტენტული ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალციემია;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ქოლესტაზი და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დარღვევები;
- რეფრაქტორული ჰიპონატრიემია;
- სიმპტომური ჰიპერურიკემია/ პოდაგრა;
- ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი;
- თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა (მაგ. კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
- ანურია;
- ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2).
- 14. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ლოსარტანი
ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური შედეგები არ შეფასებულა.
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების მსგავსად, კალიუმის დამზოგველი დიურეზულების (მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მატება. არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება.
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს, რომლებიც გავლენას ახდენენ ნატრიუმის გამოყოფაზე, შესაძლებელია ლითიუმის გამოყოფის შემცირება. შესაბამისად, ლითიუმის მარილების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ლითიუმის დონის კონტროლი.
ანგიოტენზინ II ანტაგონისტების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ. სელექციური COX-2 ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან დიურეზულების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობის რისკის გაზრდა, აგრეთვე შრატში კალიუმის დონის მატება, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს აუცილებელია პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. როგორც წესი, ეს ეფექტები შექცევადია.
კლინიკური კვლევების მონაცემებით, აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა ასოცირდება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებულ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) ისეთი ერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან შედარებით, რომელიც გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე.
ჰიპოტენზიის გამომწვევი სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი: ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებენ ძირითადი ან გვერდითი მოქმედების ფარგლებში, შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ერთდროულად მიღების შემთხვევაში, თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდეს შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
სპირტი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები:
შეიძლება გაიზარდოს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალურად მისაღები საშუალებები და ინსულინი):
თიაზიდით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალების დოზის კორექტირება. მეტფორმინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევით გამოწვეული ლაქტაციდოზის განვითარების რისკის გამო.
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:
ადიტიური ეფექტი.
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი:
ანიონგაცვლითი ფისების არსებობისას ირღვევა ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა. ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის ერთჯერადი დოზის მიღება იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდის შეკავშირებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვის შემცირებას, შესაბამისად, 85 და 43 პროცენტამდე.
კორტიკოსტეროიდები, აკტჰ:
შესაძლებელია ელექტროლიტების დეფიციტის გაუარესება, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგ. ადრენალინი):
შესაძლებელია შემცირდეს რეაქცია პრესორულ ამინებზე, მაგრამ არა იმდენად, რომ გამოირიცხოს მათი გამოყენება.
არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები (მაგ., ტუბოკურარინი):
შესაძლოა გაიზარდოს მგრძნობელობა მიორელაქსანტის მიმართ.
ლითიუმი:
დიურეზული საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის ტოქსიკურობის რისკს; არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი):
შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული მედიკამენტების დოზის კორექცია, რადგან ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე. შესაძლოა საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების სიხშირე.
ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., ატროპინი, ბიპერიდენი):
თიაზიდური ტიპის დიურეზულების ბიოშეღწევადობის გაზრდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე.
ციტოტოქსიური აგენტები (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი):
თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიკური საშუალებების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გაზარდონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტი.
სალიცილატები:
სალიცილატების მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მეთილდოპა:
არსებობს ცნობები ჰემოლიზური ანემიის განვითარების ცალკეული შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ჰიდროქლოროთიაზიდსა და მეთილდოპას.
ციკლოსპორინი:
ციკლოსპორინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის მსგავსი გართულებების რისკი.
საგულე გლიკოზიდები:
თიაზიდებით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ხელი შეუწყოს საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული არითმიების განვითარებას.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა ეფექტზე გავლენას ახდენს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ცვლილებები:
რეკომენდებულია პერიოდულად შრატში კალიუმის შემცველობის და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება ლოსარტანი/ჰიდროქლორითიაზიდის გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის შემცველობის ცვლილებები (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები და ანტიარითმიული საშუალებები) და შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან (მათ შორის ზოგიერთი ანტიარითმული საშუალებები) ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes), ჰიპოკალემია, რომელიც არის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი:
- Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).
- III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).
- ზოგიერთი ნეიროლეპტიკი (მაგალითად, თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამსულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).
- სხვა საშუალებები (მაგალითად, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ი/ვ ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ი/ვ ვინკამინი).
კალციუმის მარილები:
თიაზიდურ დიურეტიკებს შეუძლიათ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა თირკმელებით კალციუმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე. კალციუმის დანამატების დანიშვნის დროს აუცილებელია შრატში კალციუმის დონის კონტროლი და, შესაბამისად, კალციუმის დანამატების დოზის კორექტირება.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე:
კალციუმის მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გამო, თიაზიდებს შეუძლიათ პარათიროიდული ჯირკვლების ფუნქციის კვლევის ანალიზების შედეგების შეცვლა.
კარბამაზეპინი:
არსებობს სიმპტომური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. აუცილებელია კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგის ჩატარება.
იოდის შემცველი კონტრასტული აგენტები:
შარდმდენების გამოყენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის პრეპარატების მაღალი დოზებით მიღებისას. მათ შეყვანამდე აუცილებელია პაციენტების რეჰიდრატაცია.
ამფოტერიცინი B (პარენტერალურად), კორტიკოსტეროიდები, აკტჰ, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები ან გლიცირიზინი (შეიცავს ძირტკბილა):
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების დეფიციტის, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის განვითარება.
- 15. დოზის გადაჭარბება
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. ზედოზირების სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ლოსარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტზე უნდა განხორციელდეს დაკვირვება. მისაღები ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას, აგრეთვე დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსის, ღვიძლის კომისა და ჰიპოტენზიის მკურნალობას დადგენილი პროცედურებით.
ლოსარტანი
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება იქნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ბრადიკარდია შეიძლება განვითარდეს პარასიმპათიკური (ვაგალური) სტიმულაციით. სიმპტომატური ჰიპოტენზიის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამხმარე მკურნალობა.
არც ლოსარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ყველაზე ხშირად გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები გამოწვეულია ელექტროლიტების დაკარგვით (ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და ჭარბი დიურეზის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაციით. თუ ასევე მიღებულია საგულე გლიკოზიდები, ჰიპოკალემიამ შეიძლება გაამწვაოს გულის არითმია.
ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნის ხარისხი დადგენილი არ არის.
- 16. შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
- 17. შეფუთვა
1x10, 3x10, 5x10, და 10x10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu/Alu ბლისტერზე, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 18. ვარგისიანობის ვადა
36თვე
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- 19. მწარმოებელი:
შპს Remus Pharmaceuticals
ინდოეთი, გუჯარათის შტატი, რაიონი ვადოდარა, ქალაქი მანჯუსარი, სავალი, Bio-Teck Park, Plot # P-2.










