სიტაფეინი 60მგ/3მლ 3მლ #10ფლ

სიტაფეინი 60მგ/3მლ 3მლ #10ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კოფეინის ციტრატი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 153634
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

Caffeine citrateCaffeine citrate პროდუქტის შემაჯამებელი მახასიათებლები

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

სიტაფეინი 60 მგ/3 მლ ინტრავენური საინფუზიო/პერორალური ხსნარი, ფლაკონი

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

1 მლ შეიცავს 20 მგ კოფეინის ციტრატს (10 მგ კოფეინის ეკვივალენტური).

1 ფლაკონი შეიცავს 60 მგ კოფეინის ციტრატს (30 მგ კოფეინის ეკვივალენტური).

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი 19,92 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი საკმარისი რაოდენობით (pH-ის კორექციისათვის)

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისათვის იხ. 6.

3. ფარმაცევტული ფორმა

საინფუზიო/პერორალური ხსნარი, ფლაკონი

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 თერაპიული ჩვენებები

სიტაფეინი გამოიყენება აპნოეს ხანმოკლე მკურნალობისათვის 28

4.2 დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

კოფეინით მკურნალობა უნდა დაიწყოს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობა ხორციელდება ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილებაში, სადაც პაციენტზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგისათვის შესაფერისი საშუალებები არის ხელმისაწვდომი.

დოზირების რეკომენდებული რეჟიმი ადრე არანამკურნალებ ჩვილებში არის 20 მგ/კგ სხეულის წონაზე კოფეინის ციტრატის დარტყმითი დოზა, რომლის შეყვანა უნდა მოხდეს ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით 30 წუთის განმავლობაში შპრიცის საინფუზიო ტუმბოს ან სხვა დოზირებადი საინფუზიო მოწყობილობის გამოყენებით. 24 საათიანი ინტერვალის შემდეგ, შეიძლება მოხდეს შემანარჩუნებელი დოზის - 5 მგ/კგ სხეულის წონაზე გამოყენება ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით 10 წუთის განმავლობაში 24 საათში ერთხელ. ალტერნატიულად, შესაძლებელია ასევე შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება 5 მგ/კგ სხეულის წონაზე პერორალური გზით, მაგ. ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით ყოველ 24 საათში ერთხელ.

კოფეინის ციტრატის რეკომენდებული დარტყმითი და შემანარჩუნებელი დოზები მოცემულია შემდეგ ცხრილში, რომელიც ასახავს კავშირს ინექციის მოცულობასა და კოფეინის ციტრატის სახით გამოსახულ მიღებულ დოზებს შორის.

კოფეინის ფუძის სახით გამოსახული დოზა კოფეინის ციტრატის სახით გამოსახული დოზის ნახევარს შეადგენს (20 მგ კოფეინის ციტრატი 10 მგ კოფეინის ფუძის ეკვივალენტურია).

 

კოფეინის ციტრატის დოზა (მოცულობა)

კოფეინის ციტრატის დოზა (მგ/კგ სხეულის წონაზე)

მიღების გზა

სიხშირე

დარტყმითი დოზა

1 მლ/კგ სხეულის წონაზე

20 მგ/კგ სხეულის წონაზე

ინტრავენური ინფუზია

(30 წუთის განმავლობაში)

ერთხელ

შემანარჩუნებელი დოზა *

0,25 მლ/კგ სხეულის წონაზე

5 მგ/კგ სხეულის წონაზე

ინტრავენური ინფუზია

(10 წუთის განმავლობაში) ან პერორალური მიღება

ყოველ 24 საათში*

* დარტყმითი დოზიდან 24 საათის შემდეგ დაწყებული

რეკომენდებული დარტყმითი დოზის მიმართ არასაკმარისი კლინიკური პასუხის მქონე დღენაკლულ ახალშობილებში, 24 საათის შემდეგ შეიძლება მაქსიმუმ 10-20 მგ/კგ სხეულის წონაზე მეორე დარტყმითი დოზის გამოყენება.

არასაკმარისი პასუხის შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს უფრო მაღალი 10 მგ/კგ სხეულის წონაზე შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება, დღენაკლულ ახალშობილებში კოფეინის ხანგრძლივი ნახევრად დაშლის პერიოდის გამო დაგროვების შესაძლებლობის და პოსტმენსტრუალურ ასაკთან მიმართებაში კოფეინის მეტაბოლიზმის პროგრესულად მზარდი უნარის გათვალისწინებით (იხ. პუნქტი 5.2). კლინიკური ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა კოფეინის დონის კონტროლი პლაზმაში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ადეკვატურად არ პასუხობს მეორე დარტყმით დოზას ან შემანარჩუნებელ დოზას 10 მგ/კგ სხეულის წონაზე/დღეში, შეიძლება საჭიროა გახდეს დღენაკლულთა აპნოეს დიაგნოზის გადასინჯვა (იხ. პუნქტი 4.4).

ინტრავენურად გამოყენებისას, კოფეინის ციტრატის შეყვანა უნდა მოხდეს კონტროლირებადი ინტრავენური ინფუზიით, მხოლოდ შპრიცის საინფუზიო ტუმბოს ან სხვა რომელიმე დოზირებადი საინფუზიო მოწყობილობის გამოყენებით. კოფეინის ციტრატის გამოყენება შეიძლება განზავების გარეშე ან ისეთ სტერილურ საინფუზიო ხსნარებში განზავების შემდეგ, როგორებიცაა გლუკოზა 50 მგ/მლ (5%), ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ (0,9%), ან კალციუმის გლუკონატი 100 მგ/მლ (10%) ფლაკონიდან ამოღებისთანავე (იხ. პუნქტი 6.6).

დღენაკლულ ახალშობილთა უმეტესობაში, პლაზმაში კოფეინის დონის რუტინული მონიტორინგი საჭირო არ არის. თუმცა, არასრული კლინიკური პასუხის ან ტოქსიურობის ნიშნების შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს პლაზმაში კოფეინის კონცენტრაციის პერიოდული მონიტორინგი მკურნალობის განმავლობაში.

გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზირების კორექცია სამედიცინო დასკვნის შესაბამისად პლაზმაში კოფეინის კონცენტრაციის რუტინული მონიტორინგის შემდეგ, რისკის ქვეშ მყოფი ისეთი სიტუაციების დროს, როგორიცაა:

  • · დღენაკლული ახალშობილები (< 28 კვირის გესტაციური ასაკი და/ან სხეულის წონა < 1000 გრ), განსაკუთრებით პარენტერალური კვების დროს
  • · ახალშობილები ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით (იხ. პუნქტები 4.4 და 5.2)
  • · ახალშობილები კრუნჩხვითი დარღვევებით
  • · ახალშობილები გულის გამოხატული და კლინიკური მნიშვნელობის მქონე დაავადებით
  • · ახალშობილები, რომლებიც ასევე ღებულობენ კოფეინის მეტაბოლიზმის ხელშემშლელ სამკურნალო საშუალებებს (იხ. პუნქტი 4.5)
  • · ახალშობილები, რომელთა დედები ძუძუთი კვების დროს კოფეინს მოიხმარენ.

კოფეინის საბაზისო დონის გაზომვა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • · ახალშობილებში, რომელთა დედებსაც მშობიარობამდე მიღებული აქვთ კოფეინის დიდი რაოდენობა (იხ. პუნქტი 4.4)
  • · ახალშობილებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ თეოფილინით, რომელიც კოფეინამდე მეტაბოლიზდება.

დღენაკლულ ახალშობილებში კოფეინს გახანგრძლივებული ნახევრად დაშლის პერიოდი გააჩნია და არსებობს დაგროვების შესაძლებლობა, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს იმ ახალშობილების მონიტორინგი, რომლებიც გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში მკურნალობენ. (იხ. პუნქტი 5.2).

თერაპიული წარუმატებლობის შემთხვევაში, უშუალოდ მომდევნო დოზის წინ, ხოლო ტოქსიკურობაზე ეჭვის დროს წინა დოზირებიდან 2-4 საათის შემდეგ საჭიროა სისხლის ანალიზის აღება მონიტორინგისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურაში კოფეინის თერაპიული პლაზმური კონცენტრაციის დიაპაზონი დადგენილი არ არის, კლინიკური სარგებელის შემსწვალელ კვლევებში ის ვარირდება 8-დან 30 მგ/ლ-მდე დიაპაზონში, ხოლო < 50 მგ/ლ დონით პლაზმაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ წამოჭრილა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. დღენაკლულ ახალშობილებში, ახალ, ფართო, მრავალცენტრულ კვლევაში ნაჩვენებია მკურნალობის საშუალოდ 37 დღიანი პერიოდი.

კლინიკურ პრაქტიკაში, მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება, სანამ ახალშობილი არ მიაღწევს 37 კვირის პოსტ-მენსტრუალურ ასაკს, რა დროისთვისაც დღენაკლულთა აპნოე ჩვეულებრივ სპონტანურად ალაგდება. თუმცა, აღნიშნული ზღვარი შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალურ შემთხვევებში კლინიკური შეფასების შესაბამისად მკურნალობაზე რეაქციის, მკურნალობის მიუხედავად აპნოეს ეპიზოდების შენარჩუნების ან სხვა კლინიკური მოსაზრებების გამო. კოფეინის ციტრატის მიღების შეწყვეტა რეკომენდებულია, როდესაც 5-7 დღის განმავლობაში პაციენტს აპნოეს მნიშვნელოვანი შეტევები არ აღენიშნება.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მორეციდივე აპნოე აღენიშნება, კოფეინის ციტრატის მიღების თავიდან დაწყება შეიძლება ან შემანარჩუნებელი დოზით ან ნახევარი დარტყმითი დოზით, კოფეინის ციტრატის შეწყვეტასა და აპნოეს რეციდივის განვითარებას შორის არსებული დროის შუალედის მიხედვით.

პაციენტთა აღნიშნულ პოპულაციაში კოფეინის ნელი გამოყოფის გამო, მკურნალობის შეწყვეტისას დოზის თანდათან შემცირების საჭიროება არ არსებობს.

ვინაიდან კოფეინის ციტრატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არსებობს აპნოეს რეციდივის განვითარების რისკი, აუცილებელია პაციენტზე მონიტორინგის გაგრძელება დაახლოებით ერთი კვირა.

მიღების წესი

კოფეინის ციტრატის მიღება შეიძლება ინტრავენური ინფუზიის ან პერორალური გზით. სამკურნალო საშუალების შეყვანა არ შეიძლება კუნთში, კანქვეშ, ინტრათეკალური ან ინტრაპერიტონეალური ინექციის გზით.

პერორალური მიღებისას, ხდება მისი გადაყლაპვა ან საკვების მილის საშუალებით მიცემა დღეში ერთჯერ.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციის შესახებ:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოცდილება შეზღუდულია. ავტორიზაციის შემდგომი უსაფრთხოების კვლევის დროს, გვერდითი რეაქციების სიხშირე თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ძალიან დღენაკლული ახალშობილების მცირე რაოდენობაში უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ორგანოს დაზიანების არმქონე დღენაკლულ ახალშობილებში (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

თირკმლის ფუნქციის დარღვევის პირობებში არსებობს დაგროვების მომატებული შესაძლებლობა. საჭიროა კოფეინის ციტრატის დღიური შემანარჩუნებელი დოზის შემცირება და დოზის კონტროლი პლაზმაში კოფეინის მაჩვენებლების მიხედვით.

დღენაკლულ ახალშობილებში, კოფეინის კლიერენსი არ არის დამოკიდებული ღვიძლის ფუნქციაზე. ღვიძლში კოფეინის მეტაბოლიზმი პროგრესულად ვითარდება დაბადების შემდგომ კვირებში და უფროსი ახალშობილებისათვის, ღვიძლის დაავადება საჭიროებს პლაზმაში კოფეინის დონის კონტროლსა და დოზის კორექციას (იხ. 4.4 და 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

გამოიყენება ახალშობილებში.

გერიატრიული პოპულაცია:

მონაცემები არ არსებობს.

4.3 უკუჩვენებები

სიტაფეინი უკუნაჩვენებია რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

4.4 განსაკუთრებული მითითებანი

დღენაკლულთა აპნოე გამორიცხვის დიაგნოზს წარმოადგენს. აპნოეს სხვა მიზეზები (მაგ. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, ფილტვის პირველადი დაავადება, ანემია, სეფსისი, მეტაბოლური დარღვევები, გულსისხლძარღვოვანი პათოლოგიები ან ობსტრუქციული აპნოე) უნდა გამოირიცხოს ან კოფეინის ციტრატით მკურნალობის დაწყებამდე სათანადოდ იყოს ნამკურნალები. კოფეინით მკურნალობის წარუმატებლობა (საჭიროების შემთხვევაში დადასტურებული პლაზმური დონის გაზომვით) შეიძლება აპნოეს გამომწვევი სხვა მიზეზის მაჩვენებელი იყოს.

ახალშობილებში, რომელთა დედები მშობიარობამდე დიდი რაოდენობით კოფეინს მოიხმარდნენ, კოფეინის ციტრატით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიზომოს კოფეინის საწყისი პლაზმური კონცენტრაციები, ვინაიდან კოფეინი ადვილად კვეთს პლაცენტას და გადადის ნაყოფის ცირკულაციაში (იხ. პუნქტები 4.2 და 5.2).

იმ ახალშობილების მეძუძურმა დედებმა, რომლებიც მკურნალობენ კოფეინის ციტრატით, არ უნდა მიიღონ კოფეინის შემცველი საკვები და სასმელები ან კოფეინის შემცველი სამკურნალო პრეპარატები (იხ. პუნქტი 4.6), ვინაიდან კოფეინი გამოიყოფა დედის რძეში (იხ. პუნქტი 5.2).

ახალშობილებში, რომლებიც ადრე თეოფილინით მკურნალობდნენ, კოფეინის ციტრატით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიზომოს კოფეინის საწყისი პლაზმური კონცენტრაციები, ვინაიდან დღენაკლული ახალშობილები ახდენენ თეოფილინის მეტაბოლიზმს კოფეინამდე.

კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტს წარმოადგენს და კოფეინით ჭარბი დოზირების შემთხვევებში დაფიქსირდა კრუნჩხვების განვითარება. განსაკუთრებული სიფრთხილე არის აუცილებელი, იმ შემთხვევაში, თუ კოფეინის ციტრატი გამოიყენება კრუნჩხვითი დარღვევების მქონე ახალშობილებში.

გამოქვეყნებული კვლევების თანახმად კოფეინი ზრდის გულის რითმს, მარცხენა პარკუჭიდან განდევნას და წუთმოცულობას. აქედან გამომდინარე, კოფეინის ციტრატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვოვანი დაავადების მქონე ახალშობილებში. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კოფეინი მგრძნობიარე პირებში იწვევს ტაქიარითმიას. ახალშობილებში ეს არის მსუბუქი სინუსური ტაქიკარდია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებამდე კარდიოტოკოგრაფიულ (კტგ) ჩანაწერზე რითმის რაიმე უჩვეულო დარღვევა ფიქსირდებოდა, კოფეინის ციტრატის გამოყენებისას სიფრთხილე არის აუცილებელი.

ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე დღენაკლულ ახალშობილებში, კოფეინის ციტრატის გამოყენებისას სიფრთხილე არის აუცილებელი. ავტორიზაციის შემდგომი უსაფრთხოების კვლევის დროს, გვერდითი რეაქციების სიხშირე თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ძალიან დღენაკლული ახალშობილების მცირე რაოდენობაში უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ორგანოს დაზიანების არმქონე დღენაკლულ ახალშობილებში (ი. პუნქტები 4.2, 4.8 და 5.2). აღნიშნულ პოპულაციაში ტოქსიურობის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოხდეს დოზის კორექცია კოფეინის პლაზმური კონცენტრაციების მონიტორინგით.

დღენაკლულ ახალშობილებში, სიკვდილიანობისა და ავადობის ხშირს მიზეზს მანეკროზებელი ენტეროკოლიტი წარმოადგენს. არსებობს მეთილქსანტინების გამოყენებასა და მანეკროზებელ ენტეროკოლიტის განვითარებას შორის შესაძლო კავშირის შესახებ დასკვნები. თუმცა, კოფეინისა თუ სხვა მეთილქსანტინების გამოყენებას და მანეკროზებელ ენტეროკოლიტს შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ისევე როგორც ყველა დღენაკლული ახალშობილისათვის, ახალშობილებისათვის, რომლებიც მკურნალობენ კოფეინის ციტრატით აუცილებელია სათანადო მონიტორინგი მანეკროზებელი ენტეროკოლიტის განვითარებაზე (იხ. პუნქტი 4.8).

კოფეინის ციტრატი სიფრთხილით გამოიყენება გასტროეზოფაგალური რეფლუქსის მქონე ჩვილებში, ვინაიდან მკურნალობამ შეიძლება დაამძიმოს მდგომარეობა.

კოფეინის ციტრატი იწვევს მეტაბოლიზმის გენერალიზებულ ზრდას, რამაც თერაპიის დროს შეიძლება გამოიწვიოს ენერგიისა და კვების გაზრდილი მოთხოვნილება.

კოფეინის ციტრატით გამოწვეულმა დიურეზისა და ელექტროლიტების შემცირებამ შეიძლება მოითხოვოს სითხისა და ელექტროლიტური დარღვევების კორექცია.

აღნიშნული სამკურნალო საშუალების 1 დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. პრაქტიკულად არის „ნატრიუმის გარეშე“.

4.5 სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებები და სხვა სახის ურთიერთქმედებანი

დღენაკლულ ახალშობილებში კოფეინსა და თეოფილნს შორის ვითარდება ურთიერთგარდაქმნა. აღნიშნული აქტიური ნივთიერებების ერთად გამოყენება არ შეიძლება.

ციტოქრომ P450 1A2 (CYP1A2) ადამიანებში კოფეინის მეტაბოლიზმში მონაწილე მთავარ ფერმენტს წარმოადგენს. ამიტომ, კოფეინს გააჩნია უნარი იურთიერთქმედოს ისეთ აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც არიან სუბსტრატები CYP1A2-სათვის, აინჰიბირებენ CYP1A2, ან ასტიმულირებენ CYP1A2-ს. თუმცა, დღენაკლულ ახალშობილებში კოფეინის მეტაბოლიზმი შეზღუდულია მათი უმწიფარი ღვიძლის ფერმენტული სისტემის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ დღენაკლულ ახალშობილებში სხვა აქტიურ ნივთიერებებთან კოფეინის ურთიერთქმედების ცოტა ინფორმაცია არსებობს, შეიძლება საჭირო გახდეს კოფეინის ციტრატის უფრო დაბალი დოზებით მიღება ისეთი აქტიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ, რომელსაც მოზრდილებში კოფეინის გამოყოფის შემცირება ახასიათებს (მაგ. ციმეტიდინი და კეტოკონაზოლი), და შეიძლება საჭირო გახდეს კოფეინის ციტრატის უფრო მაღალი დოზების მიღება ისეთი აქტიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ რომლებიც ზრდიან კოფეინის ელიმინაციას(მაგ: ფენობარბიტალი და ფენიტოინი). შესაძლო ურთიერთქმედებაზე ეჭვის არსებობისას, უნდა გაიზომოს პლაზმაში კოფეინის კონცენტრაციები.

ვინაიდან ნაწლავებში ბაქტერიების ჭარბი ზრდა დაკავშირებულია მანეკროზებელი ენტეროკოლიტის განვითარებასთან, კუჭის წვენის სეკრეციის დამთრგუნველ სამკურნალო პრეპარატებთან (ანტიჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორები ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) კოფეინის ციტრატის თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მანეკროზებელი ენტეროკოლიტის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი 4.4 და 4.8).

კოფეინისა და დოქსაპრამის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს მათი მასტიმულირებელი ეფექტები კარდიო-რესპირატორულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იმ შემთხვევაში, თუ ნაჩვენებია ერთდროული გამოყენება, აუცილებელია გულის რითმისა და არტერიული წნევის სათანადო მონიტორინგი.

არ შეიძლება სიტაფეინის გამოყენება აციკლოვირთან, ფუროსემიდთან, იბუპროფენ ლიზინთან, ლორაზეპამთან, ნიტროგლიცერინთან და ოქსაცილინთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:

მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

პედიატრიული პოპულაცია:

მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

4.6 ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: C

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია

მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

ორსულობა

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში სიტაფეინის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პუნქტი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, კოფეინი მაღალ დოზებში ავლენდა ემბრიოტოქსიურობას და ტერატოგენობას. აღნიშნული ეფექტები დღენაკლული ახალშობილების პოპულაციაში ხანმოკლე გამოყენასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი არ არის (იხ. ნაწილი 5.3).

ახალშობილებში, რომელთა დედები მშობიარობამდე დიდი რაოდენობის კოფეინს ღებულობდნენ, კოფეინის ციტრატით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაიზომოს პლაზმაში კოფეინის საწყისი კონცენტრაციები (იხ. ნაწილი 4.4).

ლაქტაციის პერიოდი

კოფეინი გამოიყოფა დედის რძეში და პლაცენტიდან ადვილად გადადის ნაყოფის ცირკულაციაში (იხ. ნაწილი 5.2).

კოფეინის ციტრატით ნამკურნალები ახალშობილების მეძუძურმა დედებმა არ უნდა მიიღონ კოფეინის შემცველი საკვები, სასმელები ან კოფეინის შემცველი სამკურნალო საშუალებები.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

მონაცემები არ არსებობს.

4.7 ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

არ გამოიყენება

4.8 გვერდითი მოვლენები

კოფეინისა და სხვა მეთილქსანტინების ცნობილი ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია პროგნოზირებს კოფეინის ციტრატის შესაძლო გვერდით მოვლენებს.

აღწერილი მოვლენები მოიცავს ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) სტიმულაციას, როგორებიც არის კრუნჩხვები, გაღიზიანება, მოუსვენრობა და ნერვული აღგზნება, გულის მხრივ მოვლენებს, როგორებიც არის ტაქიკარდია, არითმია, ჰიპერტენზია და მომატებული წუთმოცულობა, მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები, როგორიც არის ჰიპერგლიკემია. აღნიშნული მოვლენები დოზა დამოკიდებულია და საჭიროებენ პლაზმაში კონცენტრაციების გაზომვას და დოზის შემცირებას.

მოკლევადიან და გრძელვადიან გამოქვეყნებულ ლიტერატურაში აღწერილი და ავტორიზაციის შემდგომი უსაფრთხოების კვლევიდან მიღებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც კოფეინს ციტრატთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ჩამოთვლილია სისტემათა ორგანოების კლასისა და ვადის მიხედვით (MedDRA).

სიხშირე მოცემულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

ინფექციები და ინვაზიები

უცნობი: სეფსისი

იმუნური სისტემის დარღვევები:

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები:

ხშირი: ჰიპერგლიკემია

უცნობი: ჰიპოგლიკემია, ზრდაში ჩამორჩენა, საკვების აუტანლობა.

ნერვული სისტემის დარღვევები:

არახშირი: კრუნჩხვები*

უცნობი: გაღიზიანება, ნერვული აღგზნება, მოუსვენრობა, თავის ტვინის დაზიანება*,

ყურისა და ლაბირინთის დარღვევები

უცნობი: სიყრუე*

გულის მხრივ დარღვევები:

ხშირი: ტაქიკარდია

არახშირი: არითმია

უცნობი: მომატებული მარცხენა პარკუჭოვანი განდევნა და წუთმოცულობა

კუჭ-ნაწლავური დარღვევები:

უცნობი: რეგურგიტაცია, კუჭის ასპირატის მომატება, მანეკროზებელი ენტეროკოლიტი**

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილას:

ხშირი: ინფუზიის ადგილის ფლებიტი, ინფუზიის ადგილის ანთება

კვლევები:

უცნობი: შარდის მომატებული გამოყოფა, შარდში ნატრიუმისა და კალციუმის მატება, დაქვეითებული ჰემოგლობინი, შემცირებული თიროქსინი.

* თავის ტვინის დაზიანება, კრუნჩხვები და სიყრუე აღინიშნებოდა, თუმცა უფრო ხშირი იყო პლაცებოს ჯგუფში.

** იხილეთ ქვემოთ

კოფეინმა შეიძლება დათრგუნოს ერითროპოიეტინის სინთეზი და მაშასადამე შეამციროს ჰემოგლობინის კონცენტრაცია ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

ახალშობილებში მკურნალობის დაწყებისას დაფიქსირდა თიროქსინის ტრანზიტორული დაქვეითება, თუმცა აღნიშნული არ გაგრძელებული შემანარჩუნებელი თერაპიის დროს.

არსებული მტკიცებულებანი ახალშობილებში კოფეინის თერაპიის რაიმე გრძელვადიან გვერდით მოვლენას არ უჩვენებენ, ნეიროგანვითარების შედეგებთან, განვითარების შეფერხებასთან ან გულ-სისხლძარღვოვან, კუჭ-ნაწლავის ან ენდოკრინულ სისტემასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, კოფეინი არ ამწვავებს ცერებრალურ ჰიპოქსიას ან რაიმე განვითარებულ დაზიანებას, თუმცა ეს არ არის გამორიცხული.

მანეკროზებელი ენტეროკოლიტი

დღენაკლულ ახალშობილებში, სიკვდილიანობისა და ავადობის ხშირ მიზეზს მანეკროზებელი ენტეროკოლიტი წარმოადგენს. არსებობს მეთილქსანტინების გამოყენებასა და მანეკროზებელი ენტეროკოლიტის განვითარებას შორის შესაძლო კავშირის შესახებ დასკვნები. თუმცა, კოფეინისა თუ სხვა მეთილქსანტინების გამოყენებას და მანეკროზებელ ენტეროკოლიტს შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

85 დღენაკლულ ახალშობილში, კოფეინის ციტრატის ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში (იხ. ნაწილი 5.1) მანეკროზებელი ენტეროკოლიტის დიაგნოზი დაისვა ბრმა ფაზაში ორ ახალშობილში აქტიური მკურნალობისა და პლაცებო ჯგუფებში და სამ ახალშობილში კვლევის ღია ფაზაში. სამი ახალშობილი, რომელსაც კვლევის დროს მანეკროტიზირებელი ენტეროკოლიტი განუვითარდა, გარდაიცვალა. ფართო მრავალცენტრულმა კვლევამ (n=2006), რომელიც კოფეინის ციტრატით მკურნალ, დღენაკლულ ახალშობილთა გრძელვადიან შედეგებს იკვლევდა (ნაწილი 5.1), არ უჩვენა მანეკროზებელი ენტეროკოლიტის სიხშირის მატება კოფეინის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებისას. ისევე როგორც ყველა დღენაკლული ჩვილისათვის, კოფეინის ციტრატით მკურნალობის დროს აუცილებელია სათანადო მონიტორინგი მანეკროზებელი ენტეროკოლიტის განვითარებაზე (იხ. ნაწილი 4.4).

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:

ავტორიზაციის შემდგომი უსაფრთხოების კვლევის დროს 506 დღენაკლულ ახალშობილში, რომლებსაც მკურნალობდნენ პეიონათი, უსაფრთხოების მონაცემები შეგროვდა თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე 31 ძალიან ნაადრევ ახალშობილში. როგორც აღმოჩნდა, გვერდითი რეაქციები უფრო ხშირი იყო ქვეჯგუფში ორგანოს დაზიანებით, ვიდრე სხვა ახალშობილებში, რომლებსაც არ ჰქონდათ ორგანოს დაზიანება. ყველაზე ხშირად დაფიქსირდა გულის დარღვევები (ტაქიკარდია, მათ შორის არითმიის ერთი შემთხვევა).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია. რეპორტინგი სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებმა ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ უნდა შეატყობინონ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) (www.titck.gov.tr; [email protected]; ტელ.: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

4.9 ჭარბი დოზირება და მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემდეგ, პლაზმაში კოფეინის დონე დაახლოებით 50 მგ/ლ-დან 350 მგ/ლ-მდე აღწევდა.

ლიტერატურაში აღწერილი, დღენაკლულ ახალშობილებში კოფეინით ჭარბი დოზირების შემდეგ განვითარებული ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა შემდეგს: ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, კიდურების კანკალი, მოუსვენრობა, ჰიპერტონია, ოპისტოტინუსი, ტონურ-კლონური მოძრაობები, კრუნჩხვები, ტაქიპნოე, ტაქიკარდია, გულისრევა, კუჭის გაღიზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პირექსია, ნერვული აღგზნება, სისხლში შარდოვანას და სისხლის თეთრი უჯრედების მომატება, ყბისა და ტუჩების უნებლიე მოძრაობები. კოფეინით ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა გართულდა პარკუჭთაშორისი სისხლდენით და დაფიქსირდა გრძელვადიანი ნევროლოგიური შედეგები. დღენაკლულ ახალშობილებში, კოფეინით ჭარბ დოზირებასთან სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

კოფეინით ჭარბი დოზირების მკურნალობა ძირითადად სიმპტომატური და დამხმარეა. უნდა მოხდეს პლაზმაში კალიუმისა და გლუკოზის კონცენტრაციების მონიტორინგი, ხოლო ჰიპოკალიემია და ჰიპერგლიკემია უნდა გამოსწორდეს. კოფეინის პლაზმური კონცენტრაციები ქვეითდება გაცვლითი ტრანსფუზიის შემდეგ. კრუნჩხვების მკურნალობა ანტიკონვულსანტების (დიაზეპამი ან ბარბიტურატი, როგორიცაა ფენობარბიტალ ნატრიუმი ან ფენობარბიტალი) ინტრავენური შეყვანით შეიძლება.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქსანტინების წარმოებულები

ათქ კოდი: N06BC01

კოფეინი სტრუქტურულად უკავშირდება მეთილქსანტინებს თეოფილინსა და თეობრომინს. მისი ეფექტების უმრავლესობა განპირობებულია ადენოზინ რეცეპტორების, ორივე A1 და A2Aქვეტიპების ანტაგონიზმით, რომელიც ვლინდება რეცეპტორთა შეკავშირების ანალიზში და აღინიშნება იმ კონცენტრაციებზე, რომლებიც აღნიშნული ჩვენებით თერაპიულად მიღწეული კონცენტრაციების მსგავსია.

კოფეინის ძირითადი მოქმედება არის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია. აღნიშნული წარმოადგენს კოფეინის ეფექტს დღენაკლულ ახალშობილთა აპნოეში, რომლისთვისაც შემოთავაზებულია რამდენიმე მექანიზმი, ესენია:

1. სუნთქვის ცენტრის სტიმულაცია

2. ვენტილაციის მომატება

3. ჰიპერკაპნიის ზღურბლის შემცირება

4. ჰიპერკაპნიის საპასუხო რეაქციის მატება

5. ჩონჩხის კუნთების ტონუსის მატება

6. შემცირებულია დიაფრაგმული სისუსტე

7. მომატებული მეტაბოლური რითმი

8. ჟანგბადის მოხმარების მატება

კოფეინის ციტრატის კლინიკური ეფექტი შეფასდა მრვალცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა კვლევაში, რომელშიც დღენაკლულ ახალშობილთა აპნოეს მქონე 85 დღენაკლულ ახალშობილში კოფეინის ციტრატი შედარებულ იქნა პლაცებოსთან (გესტაციური ასაკი 28-33 კვირა). ახალშობილებმა მიიღეს კოფეინის ციტრატის დარტყმითი დოზა ინტრავენურად 20 მგ/კგ. შემდეგ ინტრავენურად ან პერორალურად გამოყენებულ იქნა კოფეინის ციტრატის შემანარჩუნებელი დღიური დოზა 5 მგ/კგ (საკვები ზონდის საშუალებით) 10-12 დღის განმავლობაში. პროტოკოლი ბავშვების „გადარჩენის“ საშუალებას იძლეოდა კოფეინის ციტრატით ღია მკურნალობის საშუალებით, იმ შემთხვევაში, თუ აპნოე არაკონტროლირებადი რჩებოდა. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის 1-ლი დღის შემდეგ და მკურნალობის მე-8 დღემდე, ჩვილები ღებულობდნენ კოფეინის ციტრატის მეორე დარტყმით დოზას 20 მგ/კგ.

კოფეინის ციტრატით მკურნალობის ჯგუფში აპნოეს გარეშე უფრო მეტი დღე დაფიქსირდა (3.0 დღე შედარებით 1.2 დღისა პლაცებოსთვის; p=0.005); ასევე, აპნოეს გარეშე > 8 დღის განმავლობაში პაციენტების უფრო მაღალი პროცენტულობა იყო (კოფეინი 22; პლაცებო 0%).

ფართო მრავალცენტრული კვლევა (n=2006) იკვლევდა კოფეინის ციტრატით მკურნალ, დღენაკლულ ახალშობილთა მოკლევადიან და გრძელვადიან შედეგებს (18-21 თვე). ჩვილებმა კოფეინის ციტრატის ჯგუფში მიიღეს ინტრავენური დარტყმითი დოზა 20 მგ/კგ, ხოლო შემდეგ დღიური შემანარჩუნებელი დოზა 5 მგ/კგ.

აპნოეს შენარჩუნებისას, შეიძლებოდა დღიური შემანარჩუნებელი დოზის გაზრდა კოფეინის ციტრატის მაქსიმუმ 10 მგ/კგ-მდე. სხეულის წონის მიხედვით კვირაში ერთხელ ხდებოდა შემანარჩუნებელი დოზის კორექცია და მისი მიცემა შეიძლებოდა პერორალურად, როგორც კი ახალშობილი სრულ ენტერალურ კვებაზე გადავიდოდა. კოფეინით თერაპიამ შეამცირა ბრონქოპულმონალური დისპლაზიის სიხშირე [შანსების თანაფარდობა (95% CI) 0.63 (0.52 – 0.76)] და გააუმჯობესა ნეიროგანვითარების უუნარობით მიმდინარე სიცოცხლის ხანგრძლივობა [შანსების თანაფარდობა (95% CI) 0.77 (0.64 – 0.93)].

კოფეინის ეფექტის მასშტაბი და მიმართულება სიკვდილიანობასა და უუნარობაზე განსხვავდებოდა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის რესპირატორული მხარდაჭერა სჭირდებოდათ ახალშობილებს რანდომიზაციის დროს, რაც დიდ სარგებელზე მიუთითებს მხარდაჭერილი ახალშობილებისათვის [შანსების თანაფარდობა (95% CI) სიკვდილიანობისა და სიკვდილიანობისათვის, იხ. ქვემოთ ცხრილი].

სიკვდილიანობა და უუნარობა რესპირატორული მხარდაჭერის ქვეჯგუფის მიხედვით კვლევაში ჩართვისას

ქვეჯგუფები

შანსების თანაფარდობა (95% სანდოობის ინტერვალი)

მხარდაჭერის გარეშე

1.32 (0.81 – 2.14)

არა-ინვაზიური მხარდაჭერა

0.73 (0.52 – 1.03)

ენდოტრაქეალური ზონდი

0.73 (0.57 – 0.94)

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

კოფეინის ციტრატი ადვილად იშლება წყალხსნარში. ციტრატის ნაშთი სწრაფად მეტაბოლიზდება ინფუზიის ან პერორალურად მიღების შემდეგ.

შეწოვა

კოფეინის მოქმედება იწყება ინფუზიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში. დღენაკლულ ახალშობილებში 10 მგ/კგ კოფეინის ფუძის პერორალური მიღების შემდეგ, კოფეინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Сmax) აღწევდა 6-დან 10 მგ/ლ-მდე და საშუალო დრო მაქსიმალური კონცენტრაციის მისაღწევად (tmax) აღწევდა 30 წთ-დან 2 სთ-მდე. შეწოვის ხარისხზე კვება ზეგავლენას არ ახდენს, თუმცა tmax შეიძლება გახანგრძლივდეს.

განაწილება

კოფეინის ციტრატის მიღების შემდეგ კოფეინი სწრაფად ნაწილდება თავის ტვინში. დღენაკლული ახალშობილების თავზურგტვინოვან სითხეში კოფეინის კონცენტრაციები მათ პლაზმურ დონეებს უახლოვდება. ჩვილებში (0.8-0.9 ლ/კგ) კოფეინის განაწილების საშუალო მოცულობა (Vd) ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში (0.6 ლ/კგ). პლაზმის ცილებთან შეკავშირების მონაცემები ახალშობილებისა და ჩვილებისათვის ხელმისაწვდომი არ არის. მოზრდილებში, პლაზმის ცილებთან საშუალო შეკავშირება in vitro დაახლოებით 36% იყო.

კოფეინი ადვილად კვეთს პლაცენტას და გადადის ნაყოფის ცირკულაციაში და გამოიყოფა დედის რძეში.

ბიოტრანსფორმაცია:

კოფეინის მეტაბოლიზმი დღენაკლულ ახალშობილებში ძალიან შეზღუდულია მათი უმწიფარი ღვიძლის ფერმენტული სისტემების გამო და აქტიური ნივთიერებების უმრავლესობა გამოიყოფა შარდში. უფროს პირებში, კოფეინის ბიოტრანსფორმაციაში ჩართულია ღვიძლის ციტოქრომი P450 1A2 (CYP1A2).

დღენაკლულ ახალშობილებში კოფეინსა და თეოფილნს შორის აღინიშნება ურთიერთგარდაქმნა; კოფეინის დონე შეადგენს თეოფილინის დონის დაახლოებით 25%-ს თეოფილინის მიღების შემდეგ და კოფეინის დაახლოებით 3-8% მოსალოდნელია გარდაიქმნას თეოფილინად.

გამოყოფა:

ახალგაზრდა ჩვილებში, კოფეინის გამოყოფა ბევრად უფრო ნელია, ვიდრე მოზრდილებში ღვიძლის და/ან თირკმლის უმწიფარი ფუნქციის გამო. ახალშობილებში, კოფეინის კლირენსი თითქმის მთლიანად თირკმლის ექსკრეციით ხორციელდება. საშუალო ნახევრად დაშლის პერიოდი (t1/2) და კოფეინის შეუცვლელი სახით შარდში გამოყოფილი ფრაქცია (Ae) ახალშობილებში უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია გესტაციურ/პოსტმენსტრუალურ ასაკთან. ახალშობილებში t1/2 არის დაახლოებით 3-4 დღე და Ae არის დაახლოებით 86% (6 დღის განმავლობაში). 9 თვის ასაკისათვის, კოფეინის მეტაბოლიზმი მოზრდილებისას უახლოვდება (t1/2 = 5 საათი და Ae = 1%).

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე ახალშობილებში, კოფეინის ფარმაკოკინეტიკის შემსწვალელი კვლევები არ ჩატარებულა.

თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, დაგროვების გაზრდილი უნარის გათვალისწინებით, საჭროა კოფეინის შემცირებული დღიური შემანარჩუნებელი დოზა, ხოლო დოზის კონტროლი უნდა განხორციელდეს სისხლში კოფეინის დონის გაზომვით. ქოლესტაზური ჰეპატიტის მქონე დღენაკლულ ახალშობილებში აღინიშნებოდა კოფეინის გახანგრძლივებული ნახევრად დაშლის პერიოდი მომატებულ პლაზმურ დონესთან ერთად, რაც აღნიშნული პაციენტების დოზირებისას განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4)

5.3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

განმეორებითი დოზირების პირობებში კოფეინის ტოქსიურობის შემსწვალელი კვლევების საფუძველზე, პრეკლინიკურმა მონაცემებმა მნიშვნელოვანი საფრთხე ადამიანისათვის არ გამოავლინეს. ამის მიუხედავად, მაღალ დოზებზე მღრღნებელბში დაფიქსირდა კრუნჩხვების შემთხვევები. თერაპიულ დოზებში, ახალშობილ ვირთხებში გამოვლინდა ზოგიერთი ქცევითი ცვლილებები, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ადენოზონური ექსპრესიის მომატებით, რომელიც მოზრდილ ასაკშიც შენარჩუნდა. ნაჩვენებია, რომ კოფეინს არ გააჩნია მუტაგენური და ონკოგენური რისკი. ტერატოგენულ პოტენციალსა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზეგავლენას, რომელიც ვლინდება ცხოველებზე, არანაირი კავშირი არ აქვს მის ჩვენებებთან ახალშობილ ჩვილებში.

6. ფარმაცევტული ინფორმაცია

6.1. დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა (pH-ის კორექციისათვის)

საინექციო წყალი

6.2 შეუთავსებლობა

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის შერევა ან ერთდროული გამოყენება ერთიდაიგივე ინტრავენურ ხაზში სხვა სამედიცინო პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება, გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც მოცემულია 6.6 პუნქტში.

6.3 ვარგისიანობა

24 თვე

ფლაკონის გახსნის შემდეგ, სამედიცინო პრეპარატის გამოყენება მყისიერად უნდა მოხდეს.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნართან გამოყენებისას, სამკურნალო პრეპარატის გამოყენება მყისიერად უნდა მოხდეს ასეპტიკური მეთოდით განზავების შემდეგ.

6.4 შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

განზავებული პრეპარატის შენახვის პირობები იხ. 6.3-ში.

6.5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

სიტაფეინი ხელმისაწვდომია I ტიპის უფერო შუშის ფლაკონებში (5 მლ ტევადობის), რომლებიც შეიცავს 3 მლ ხსნარს, 10 ფლაკონი მოთავსებულია კოლოფში.

6.6 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა მოხმარების დროს

სამკურნალო საშუალების მოხმარების დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული ასეპტიკური პირობები, ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს.

გამოყენების წინ სიტაფეინი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად მყარი ნაწილაკების არსებობასა ან ფერის შეცვლაზე. უნდა მოხდეს შეცვლილი ფერის ან მყარი ნაწილაკების მქონე ფლაკონის გადაგდება.

სიტაფეინის გამოყენება შეიძლება განზავების გარეშე ან სტერილურ საინფუზიო ხსნარებში (გლუკოზა 50 მგ/მლ (5%), ან ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ (0,9%), ან კალციუმის გლუკონატი 100 მგ/მლ (10%) განზავების შემდეგ ფლაკონიდან ამოღებისთანავე (იხ. 6.6).

განზავებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო. გამოყენების წინ ყველა პარენტერალური პრეპარატი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად მყარი ნაწილაკების არსებობასა ან ფერის შეცვლაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხსნარის ფერი შეცვლილია ან მასში აღინიშნება უცხო ნაწილაკები, მისი გამოყენება არ შეიძლება.

ერთჯერადი გამოყენების. ფლაკონში ჩარჩენილი ნებისმიერი გამოუყენებელი პორცია უნდა განადგურდეს.

გამოუყენებლი ნაწილის შენახვა შემდგომი გამოყენებისათვის არ შეიძლება.

უტილიზაციის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს.

გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ თანახმად.

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

VEM İLAÇ San. ve Tic. A.Ş.

Maslak Mahallesi AOS 55. Sokak

42 Maslak A Blok Sit. No: 2/134

სარიერი/სტამბოლი/თურქეთი

8. სავაჭრო ავტორიზაციის ნომერი(ები)

2017/410

9. პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი თურქეთში. 14.06.2017

ავტორიზაციის განახლების თარიღი:

10. ტექსტის გადახედვის თარიღი:

ტექსტის გადახედვის თარიღი: 03.12.2020

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით