მებერიქსი 100მგ/5მლ 30მლ სუსპ

მებერიქსი 100მგ/5მლ 30მლ სუსპ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მებენდაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 14902
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მებერიქსი
პერორალური 30მლ სუსპენზია

(მებენდაზოლი)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  მებენდაზოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ღია ყვითელი ფერის სუსპენზია ფორთოხლის გემოთი.

შემადგენლობა:   
სუსპენზიის 5 მლ შეიცავს:
მებენდაზოლს – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, თხევადი სორბიტოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ფორთოხლის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, ქლორწყალბადმჟავა, საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გასუფთავებული წყალი. 
                                              
გამოშვების ფორმა:
სუსპენზია პერორალური მიღებისათვის, 100 მგ/5 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება. ათქ-კოდი: P02CA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მებერიქსი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთურ პრეპარატს.
მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჰელმინთებში, რაც აბლოკირებს გლუკოზის უტილიზაციის პროცესს და თრგუნავს ორგანიზმში ატფ-ის სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მებენდაზოლის მცირე რაოდენობა ხვდება სისხლში, რომლის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს და მეტაბოლიზდება ღვიძლში.
პრეპარატი არათანაბრად ნაწილდება ორგანოებში: გროვდება ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ჰელმინთების ლარვებში.
მებენდაზოლის 90%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცვლელი სახით, დაახლოებით 2% ელიმინირდება თირკმელების საშუალებით.
 
ჩვენება:
მებერიქსი გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ:
• ენტერობიოზი: Enterobius vermicularis;
• ასკარიდოზი: Ascaris lumbricoides;
• ანკილოსტომიდოზი: Ancylostoma duodenale, Necator americanus;
• სტრონგილოიდოზი: Strongyloides stercoralis;
• ტრიქოცეფალოზი: Trichuris trichiura;
• ტენიოზი: Taenia spp.;
• შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
მიღების წინ შეანჯღრიეთ!
ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება სუსპენზიის 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ერთჯერადად. განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის განმეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.
ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: სუსპენზიის 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.
ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში – სუსპენზიის 10  მლ (2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში – 5 მლ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა. 
სისხლმბადი სისტემის მხრივ: მებერიქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მებერიქსის ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინჰიბირებისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების გამო.
კარბამაზეპინთან და ჰიდანტოინებთან კომბინირებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შესუსტება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით, აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.

ჰიპერდოზირება:
მებერიქსის ჰიპერდოზირების დროს აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება და დიარეა.  მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა. საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, მებერიქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

გამოყენების თავისებურებები:
მებერიქსით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე.

შეფუთვა:
30 მლ სუსპენზია ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებული ხუფით, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)