მეტოკორი 50მგ #30ტ
გააზიარე:
მეტოკორი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: მეტოპროლოლის ტარტრატი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოყენება
მეტოკორი მიეკუთვნება ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს, რომელთა მოქმედება იწვევს გულისცემის შენელებას და არტერიული წნევის დაქვეითებას.
მეტოკორის გამოიყენების ჩვენებებია:
- არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა;
- სტენოკარდია;
- გულის არითმიები, განსაკუთრებით ტაქიკარდია;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენცია;
- ტაქიკარდია თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში (გულისცემის მომატება ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული ფუნქციის შედეგად);
- შაკიკის პრევენცია.
უკუჩვენებები
მეტოკორი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პროდუქტის აქტიური ნივთიერების (მეტოპროლოლის ტარტრატი) ან შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- დაბალი არტერიული წნევა;
- არსებული ან ადრე არსებული გულის დარღვევები, მათ შორის შოკით გამწვავებული გულის შეტევა, ან გულის უკმარისობის უკონტროლო მდგომარეობა;
- ფილტვის შეშუპება, სისხლის მიწოდების დაქვეითება, ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), ან მეორე/მესამე ხარისხის გულის ბლოკადა;
- შენელებული გულისცემა და სისუსტის შეგრძნება (ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ძალიან დაბალი არტერიული წნევით);
- სისხლის მიმოქცევის (დაქვეითებული) დარღვევა ხელებსა და ფეხებში;
- სისხლში მჟავიანობის მომატება სერიოზული დარღვევის შედეგად (მეტაბოლური აციდოზი);
- ალერგიული რეაქცია მეტაკორის რომელიმე ინგრედიენტის ან სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ;
- ფეოქრომოციტომა (წარმონაქმნი თირკმლის სიახლოვეს, რომელიც იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას). ფეოქრომოციტომის მკურნალობის შემთხვევაში, ექიმის მიერ ხდება სხვა მედიკამენტის შერჩევა, ეგრეთ წოდებულ ალფა-ადრენობლოკატორების ჯგუფიდან, რომელიც მიიღება მეტოკორის მსგავასად;
- სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) სიმპტომების ოდესმე არსებობა, მეტოკორმა შეიძლება შეცვალოს ნორმალური რეაქცია სისხლში შაქრის დაბალ შემცველობაზე, რაც ჩვეულებრივ გულისხმობს გულისცემის აჩქარებას.
განსაკუთრებული სიფრთხილე მეტოკორის გამოყენებისას
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
- ასთმა, ხიხინით სუნთქვა ან სხვა მსგავსი რესპირატორული პრობლემები, ასევე სიმპტომები, რომელიც გამოწვეულია მწერების ნაკბენით, საკვებით ან სხვა ნივთიერებებით;
- ასთმის ან ხიხინის ოდესმე არსებობისას, ეს პრეპარატი არ გამოიყენება ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე;
- თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას;
- ლაქტაციის პერიოდში;
- ღვიძლის პრობლემებისას;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, კონტროლირებადი გულის უკმარისობის ან პირველი ხარისხის გულის ბლოკადის დროს;
- თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ ფსორიაზი (კანის დაავადების ტიპი);
- შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტიან პაციენტებში, შესაძლოა საჭირო გახდეს დაავადების მკურნალობის შეცვლა.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ გულისცემის შენელებას 50 დარტყმამდე/წუთში ან მასზე ქვემოთ, აცნობეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს უფრო დაბალი დოზებით მკურნალობა ან ამ პრეპარატის მიღების ეტაპობრივად შეწყვიტა გირჩიოთ.
თუ აპირებთ ზოგადი ანესთეზიით ოპერაციას ან სტომატოლოგიურ მკურნალობას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს მეტოკორით მკურნალობის შესახებ.
მეტოკორით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ერთბაშად.
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ან გაქვთ სხვა დამატებითი შეკითხვა მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ამ პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში.
სხვა წამლები და მეტოკორი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.
ამ სამკურნალო პროდუქტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტოკორის მოქმედებაზე.
ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგს:
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულისა და სისხლძარღვების სამკურნალოდ, როგორიცაა საგულე გლიკოზიდები, კალციუმის ანტაგონისტები, მაგალითად, ვერაპამილი, დილთიაზემი და ნიფედიპინი, ანტიარითმიული (ამიოდარონი) სიმპათომიმეტური განგლიობლოკატორები ან ჰიდრალაზინი;
- მონოამინ ოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორები;
- საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებები;
- ანტიბაქტერიული აგენტები, როგორიცაა რიფამპიცინი;
- წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ციმეტიდინი;
- ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ინდომეტაცინი და ცელეკოქსიბი (ტკივილის/ანთების და ართრიტის დროს);
- ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ანტიფსიქოზური საშუალებები;
- ანტიჰისტამინური საშუალებები (სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობის სამკურნალოდ);
- სხვა ბეტა-ბლოკატორები, მაგალითად, თვალის წვეთების სახით;
- სხვა ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი, გარკვეული ჰორმონები, ღვიძლის ფერმენტის ინდუქტორები და ფერმენტის ინჰიბიტორები (ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ან თრგუნავს ფერმენტების მოქმედებას);
- კლონიდინი. თუ იღებთ როგორც კლონიდინს ასევე მეტოკორს, არ უნდა შეწყვიტოთ კლონიდინის მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით. თუ საჭიროა კლონიდინის ან მეტოკორის მიღების შეწყვეტა, ექიმი იძლევა დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს;
- პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები ან ინსულინი. ექიმი იღებს გადაწყვიტილებას, საჭიროა თუ არა მედიკამენტების დოზის შეცვლა;
- ლიდოკაინი;
- ბარბიტურატები;
- ფენოთიაზინები;
- ერგოტამინი;
- ადრენალინი (ეპინეფრინი).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტოკორის მიღება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი პრეპარატის მიღებას აბსოლუტურად აუცილებლად ჩათვლის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ უნდა მართოთ ავტომობილი ან გამოიყენოთ მექანიზმები, თუ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ იგრძნობთ თავბრუსხვევას ან დაღლილობას.
მეტოკორი შეიცავს ლაქტოზას
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ აუტანლობა გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს. ხორბლის სახამებლის შემცველობის გამო, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული გლუტენის აუტანლობის ან გლუტენის ენტეროპათიის მქონე პაციენტებში, რაც ყველაზე ხშირად ვლინდება დიარეით, გლუტენის შემცველი პროდუქტების გამოყენებისას.
გამოყენების წესი
დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ან ფარმაცევტი, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
მეტოკორი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ მიიღოთ პრეპარატი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა:
ჰიპერტენზია
ჩვეულებრივი დღიური დოზა არის 100-200 მგ გაყოფილი ორ ცალკეულ დოზად. საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს კვირაში 100 მგ-ით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ აღემატება 400 მგ-ს.
სტენოკარდია
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 50-100 მგ, გაყოფილი ორ ცალკეულ დოზად. აუცილებლობის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე, მიღებული ორი ცალკეული დოზის სახით.
გულის არითმიები. განსაკუთრებით სუპრავენტრიკულარულიტაქიკარდია
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 50-100 მგ, გაყოფილი ორ ცალკეულ დოზად. აუცილებლობის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე, მიღებული ორი ცალკეული დოზის სახით.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და მორეციდივე მვოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა
ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დღიური დოზაა 200 მგ გაყოფილი ორ ცალკეულ დოზად.
ტაქიკარდია თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 200 მგ გაყოფილი ორ ცალკეულ დოზად.
შაკიკის პრევენცია
ჩვეულებრივი დღიური დოზა არის 100-200 მგ გაყოფილი ორ ცალკეულ დოზად.
თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების სისწორეში ან გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ სამკურნალო პროდუქტით მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ ექიმის დახმარება (მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს). აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ თავს გრძნობთ კარგად და არ გაქვთ დოზის გადაჭარბების ნიშნები.
დოზის გამოტოვება
გამოტოვებული დოზა მიიღეთ როგორც კი გაგხსენდებათ და შემდეგ დაუბრუნდით მკურნალობის ნორმალურ რეჟიმს. თუ შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით.
მეტოკორით მკურნალობის შეწყვეტა
მეტოკორით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ერთბაშად. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას და მისი შეწყვეტის წესს. პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, მეტოკორმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციების სიხშირე ნაწილდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში);
ხშირი (ვლინდება 10-დან 1-მდე პაციენტში);
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-მდე პაციენტში);
იშვიათი (ვლინდება1,000-დან 1-მდე პაციენტში);
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10,000-დან 1-მდე პაციენტში);
სიხშირე არ არის ცნობილი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათად: სისხლის მხრივ დარღვევები (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება).
ფსიქიკური დარღვევები
არახშირი: დეპრესია, უძილობა, კოშმარები.
იშვიათი: ნერვიულობა, შფოთვა.
ძალიან იშვიათი: დაბნეულობა, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
არახშირი: კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა.
ძალიან იშვიათი: მეხსიერების დაკარგვა/მეხსიერების დაქვეითება, გემოს დაქვეითება.
მხედველობის დარღვევები
იშვიათი: მხედველობის დარღვევა, სიმშრალე და/ან თვალის გაღიზიანება, თვალების სიწითლე ან ცრემლდენა ალერგიული რეაქციის გამო.
ყურის და ლაბირინთის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ტინიტუსი.
გულის დარღვევები
ხშირი: გულისცემის შენელება, თავბრუსხვევა, რომელიც დაკავშირებულია სხეულის მდებარეობის ცვლილებასთან (იშვიათად, კრუნჩხვების თანხლებით).
არახშირი: უმნიშვნელო გადახრები ელექტროკარდიოგრამაში /ეკგ/.
იშვიათი: გულის კუნთში იმპულსების გამტარობის დროის დარღვევა, რომელიც აისახება ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), გულის რითმის დარღვევა.
სისხლძარღვთა დარღვევები
ხშირი: თავბრუსხვევა, რომელიც დაკავშირებულია სხეულის მდებარეობის ცვლილებასთან (იშვიათად, კრუნჩხვების თანხლებით);
იშვიათი: კიდურების გაციება.
ძალიან იშვიათი: კიდურებში სიხლის მიმოქცევის დარღვევა ადრე არსებული დარღვევების მქონე პაციენტებში.
სასუნთქი სისტემა
ხშირი: სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვის დროს.
არახშირი: შებოჭილობა გულმკერდის არეში.
იშვიათი: ცხვირიდან წყლიანი გამონადენი ალერგიული რეაქციის შედეგად.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ხშირი: სისუსტე (გულისრევა), მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა.
არახშირი: ღებინება.
იშვიათი: პირის სიმშრალე.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: გამონაყარი კანზე, მომატებული ოფლიანობა.
იშვიათი: თმის ცვენა.
ძალიან იშვიათი: კანის რეაქციები მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო, ფსორიაზის კლინიკური გაუარესება.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი: სახსრების ტკივილი.
არახშირი: წვის შეგრძნება, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, დაღლილობა ან კოჭ-წვივის სახსრების შეშუპება.
რეპროდუქციული სისტემისდა სარძევე ჯირკვლების დარღვევები
იშვიათი: იმპოტენცია / სექსუალური ფუნქციის დარღვევა.
ზოგადი დარღვევები და ეფექტები გამოყენების ადგილას
ძალიან ხშირი: დაღლილობა.
ხშირი: სიცივის შეგრძნება კიდურებში.
არახშირი: ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპება.
კვლევა
არახშირი: წონის მომატება.
იშვიათი: ცვლილებები ღვიძლის ტესტებში.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან რომელიმე მათგანი გამოვლინდება, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
შეინახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
არ გამოიყენოთ მეტოკორი, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია და ტაბლეტების გარეგნობა განსხვავდება ქვემოთ მოცემული აღწერილისგან.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII ჯგუფი.
გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).
მეტოკორის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ფორმის ბრტყელი ტაბლეტები.
მეტოკორი 50 მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია 20 ტაბლეტიან შეფუთვაში.
1 ბლისტერი 20 ტაბლეტით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
მეტოკორი 50 მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია 30 ტაბლეტიან შეფუთვაში.
3 ბლისტერი 10 ტაბლეტით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
შეიძლება ყველა სახის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს „ადიფარმი“ (Adipharm EAD)
სიმეონევსკო შოსეს ბულვარი # 130
ქ. სოფია, 1700, ბულგარეთი.