ტერბისილი 250მგ #28ტ(თურქ)

ტერბისილი 250მგ #28ტ(თურქ)

22.58 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანტა ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტერბინაფინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 138597
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ტერბიზილი® 2 50 მგ ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

  • აქტიური ნივთიერება : ყოველი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 281.25 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს (250 მგ ტერბინაფინის ეკვივალენტური რაოდენობა).
  • დამხმარე ნივთიერებები : სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • · შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
  • · თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
  • · ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
  • · თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
  • · ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მითითებული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

1. რა არის ტერბიზილი® და რისთვის გამოიყენება?

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ტერბიზილის® გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ტერბიზილი®?

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

5. ტერბიზილის® შენახვა

1. რა არის ტერბიზილი® და რისთვის გამოიყენება?

ტერბიზილი® წარმოდგენილია 14 და 28 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში. ტაბლეტი არის თეთრი ან მოყვითალო-თეთრი, მრგვალი, ორმხრივად ოდნავ ამობურცული. ტაბლეტს ცალ მხარეს აქვს ნაჭდევი, მეორე მხარეს - ლოგო .

ტერბიზილი® ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს, რომელიც განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად ანტიფუნგალური აგენტები.

ტერბიზილი® ტაბლეტი გამოიყენება ხელის და ფეხის ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების, ასევე კანის სოკოვანი ინფექციების, თავის კანის და თმის, საზარდულის და სხეულის სხვა მიდამოს და ფეხის ტინეას (სოკოვანი ინფექცია) (ათლეტის ტერფი) სამკურნალოდ.

პერორალურად მიღებისას ტერბინაფინი აღწევს ისეთ დონეს, რომ ინფექციის ადგილზე ანადგურებს სოკოს ან აჩერებს მის გამრავლებას.

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ტერბიზილის® გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტერბიზილი® შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ტერბიზილზე® ან ტერბიზილის® შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე, რომელიც ჩამოთვლილია წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში.
  • თუ წარსულში გქონდათ ან ამჟამად გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა.
  • თუ გაქვთ რაიმე სახის თირკმლის დაავადება.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ტერბიზილი® გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

  • თუ იყენებთ სხვა პრეპარატებს (იხილეთ: სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება).
  • თუ აუხსნელი მიზეზით განვითარდება მუდმივი გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, უმადობა, უჩვეულო დაღლილობა; თუ შენიშნავთ კანის ან თვალების სიყვითლეს, მუქი ფერის შარდს ან ღია ფერის განავალს (ღვიძლის პრობლემების სიმპტომები). თქვენმა ექიმმა ტერბიზილით® მკურნალობის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ პერიოდულად შესაძლებელია გააკეთოს სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციაზე დაკვირვების მიზნით. ანალიზის შედეგში დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია მოითხოვოს ტერბიზილით® მკურნალობის შეწყვეტა.
  • თუ გექნებათ კანის პრობლემები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში ბუშტუკები, კანის აქერცვლა, ცხელება (სავარაუდოდ, კანის სერიოზული რეაქციების სიმპტომები), სპეციფიკური ლეიკოციტების მაღალი დონის გამო კანზე გამონაყარი (ეოზინოფილია).
  • თუ კანზე გექნებათ გასქელებული წითელი/ვერცხლისფერი ლაქები (ფსორიაზი) ან სახის კანზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, კუნთების პრობლემები და ცხელება (კანის და სისტემური წითელი მგლურა) ან თუ ადრე გქონდათ ასეთი პრობლემები.
  • თუ გექნებათ სისუსტე, მოულოდნელი სისხლდენა, სისხლჩაქცევა ან ხშირად განმეორებადი ინფექციები (სისხლის დარღვევების სიმპტომები).
  • თუ იღებთ ან ახლო წარსულში მიიღეთ სხვა პრეპარატი, იხილეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ნაწილი „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

ტერბიზილის® გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტერბიზილი® ტაბლეტის მიღება შესაძლებელია ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს ორსულობის პერიოდში ტერბიზილის® გამოყენების პოტენციურ რისკებს.

თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, აცნობეთ თქვენს ექიმს. თუ სპეციალურად არ იქნა რეკომენდებული ექიმის მიერ, არ შეიძლება ორსულობის დროს ტერბიზილის® მიღება.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

შესაძლებელია ტერბინაფინმა დედის რძის მეშვეობით ზემოქმედება მოახდინოს ბავშვზე, რის გამოც ტერბიზილის® გამოყენებისას არ უნდა აწოვოთ ბავშვს ძუძუ. აღნიშნულმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვს.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

თუ ტერბიზილი® ტაბლეტის გამოყენებისას იგრძნობთ გაბრუებას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტერბიზილის® შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტერბიზილის® შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, არ არის მოსალოდნელი ამ ნივთიერებებიდან გამომდინარე უარყოფითი ზემოქმედება.

ამ სამკურნალო პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ რეალურად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

თუ იყენებთ შემდეგ პრეპარატებს, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს:

  • ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი, რომელსაც უწოდებენ ანტიბიოტიკებს (მაგალითად, რიფამპიცინი),
  • კოფეინი,
  • გუნება-განწყობის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, მათ შორის კლასი 1A, 1Bდა 1C,მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები ტიპი B, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, როგორიცაა დეზიპრამინი),
  • არათანაბარი გულის რითმის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (ზოგიერთი ანტიარითმიული საშუალება, როგორიცაა პროპაფენონი, ამიოდარონი),
  • მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (ზოგიერთი ბეტა-ბლოკატორი, როგორიცაა მეტოპროლოლი),
  • კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ციმეტიდინი)
  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი)
  • ხველის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, დექსტრომეტორფანი)
  • პრეპარატი ციკლოსპორინი, რომელსაც იყენებენ ტრანსპლანტირებული (გადანერგილი) ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმის იმუნური სისტემის კონტროლის მიზნით.
  • სისხლის გამათხელებელი პრეპარატი ვარფარინი.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ტერბიზილი®?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ყურადღებით შეასრულეთ თქვენი ექიმის მითითებები. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თუ თვლით, რომ ტერბიზილის® მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები:

ჩვეულებრივი დოზაა დღეში ერთხელ ერთი ცალი 250 მგ ტაბლეტი.

ბავშვები:

არ არსებობს კვლევა 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში (როგორც წესი, 12 კგ-ზე ნაკლები წონის) ტერბიზილის® გამოყენებასთან დაკავშირებით.

2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე.

20-40 კგ წონის ბავშვები - 125 მგ დღეში ერთხელ ( ½ ტაბლეტი ტერბიზილი®)

40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები - 250 მგ დღეში ერთხელ (1 ტაბლეტი ტერბიზილი®).

როდის უნდა მიიღოთ ტერბიზილი®?

ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ, გაიხსენოთ, როდის უნდა მიიღოთ პრეპარატი.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ტერბიზილი®:

ეს დამოკიდებული იქნება განვითარებული ინფექციის ტიპზე, რამდენად ძლიერია და სხეულის რომელ უბანზე ზემოქმედებს. ექიმი გეტყვით, ზუსტად რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ტაბლეტები.

ჩვეულებრივი მკურნალობის ვადა:

ფეხზე სოკოვანი ინფექციის (ტინეა) დროს (ათლეტის ტერფი) ტერბიზილი® ტაბლეტი, როგორც წესი, გამოიყენება 2-6 კვირის განმავლობაში.

საზარდულის და სხეულის სხვა მიდამოებში სოკოვანი ინფექციის (ტინეა) და საფუარა სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს ტერბიზილი® ტაბლეტი, როგორც წესი, გამოიყენება 2-4 კვირის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, ტაბლეტ(ებ)ი მიიღოთ ყოველდღიურად და მიღება განაგრძოთ ექიმის მიერ მითითებული ხნის განმავლობაში. ეს უზრუნველყოფს ინფექციის სრულად განკურნებას და მას შემდეგ, რაც შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, შეამცირებს გამეორების ალბათობას.

თმის და თავის კანის ინფექციები:

თმის და თავის კანის სოკოვანი დაავადებების (ტინეა) დროს ჩვეულებრივი მკურნალობის ვადა შეადგენს 4 კვირას.

ფრჩხილის ინფექციები:

ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების გამოჯანმრთელებას, როგორც წესი, ესაჭიროება უფრო მეტი დრო, ვიდრე კანის სოკოვან ინფექციებს. უმეტესად ფრჩხილის ინფექციების დროს საჭიროა ტერბიზილი® ტაბლეტის მიღება 6-12 კვირის განმავლობაში.

ხელის ფრჩხილის ინფექციები:

მკურნალობის ვადა: უმეტეს შემთხვევებში საკმარისია 6 კვირა.

ფეხის ფრჩხილის ინფექციები:

მკურნალობის ვადა: უმეტეს შემთხვევებში საკმარისია 12 კვირა.

ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც უვლინდება ფრჩხილის არასაკმარისი ზრდა, შესაძლებელია დასჭირდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ექიმი ამ საკითხს განიხილავს თქვენთან ერთად.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ტერბიზილი® ტაბლეტი გამოიყენება მხოლოდ პერორალურად. ტერბიზილის® მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან ჭამამდე. ტაბლეტი ჩაყლაპეთ ერთი ჭიქა წყლით.

შეგიძლიათ მიიღოთ გარკვეული ზომები ინფექციის განკურნებისთვის ხელშეწყობის და გამეორების თავიდან აცილების მიზნით. მაგალითად, შეგიძლიათ ინფიცირებული მიდამო შეინარჩუნოთ მშრალად და გრილად და ყოველდღიურად გამოიცვალოთ ტანსაცმელი, რომელიც უშუალოდ ეხება ინფიცირებულ უბანს (უბნებს).

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :

ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება (2 წლიდან 17 წლამდე ასაკი) :

შესაძლებელია ტერბიზილი® ტაბლეტის გამოყენება მოზარდებში და 2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში. ექიმი მოახდენს დოზის კორექტირებას პაციენტის ასაკის მიხედვით.

არ არის რეკომენდებული ტერბიზილი® ტაბლეტის გამოყენება 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, რადგანაც არ არსებობს კვლევა ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ასაკოვნებში გამოყენება (65 წლის და მეტი ასაკის) :

თუ ხართ 65 წლის და მეტი ასაკის, შეგიძლიათ მიიღოთ ტერბიზილი® ტაბლეტი იმავე დოზით, რასაც იღებენ შედარებით ახალგაზრდა მოზრდილები. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები უნდა შეფასდნენ ღვიძლის ან თირკმლის დარღვევის ალბათობის თვალსაზრისით. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისთვის ტერბიზილი® ტაბლეტის დანიშვნისას თავდაპირველად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შესაძლებელია მათ ჰქონდეთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

გამოყენების სპეციალური პირობები :

თირკმლის /ღვიძლის უკმარისობა :

თუ წარსულში გქონდათ ან ამჟამად გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა ან თირკმლის რომელიმე დაავადება, არ არის რეკომენდებული ტერბიზილის® გამოყენება.

თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული სხვა სახით, დაიცავით წინამდებარე ინსტრუქცია.

ექიმი გეტყვით, რამდენი ხანი გაგრძელდება ტერბიზილით® მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ადრე, რადგანაც ტერბიზილით® მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების დამძიმება.

თუ თვლით, რომ ტერბიზილის® მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ ტერბიზილი® საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ ტერბიზილი® გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შემთხვევით მიიღეთ ექიმის მიერ მითითებულზე მეტი რაოდენობით ტაბლეტი, რეკომენდაციისთვის დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს ან საავადმყოფოს. შესაძლებელია დაგჭირდეთ მკურნალობა. იგივე პირობა ძალაშია სხვა პირის მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში. ტერბიზილის®ტაბლეტის ჭარბი დოზით მიღების გამო შესაძლებელია განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა, კუჭის ტკივილი და თავბრუსხვევა.

თუ დაგავიწყდათ ტერბიზილის® გამოყენება

თუ ტერბიზილის® მომდევნო მიღებამდე 4 საათზე მეტი დროა დარჩენილი, გახსენებისთანავე დალიეთ ტაბლეტ(ებ)ი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაელოდეთ და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ტერბიზილით® მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

ტერბიზილით® მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების უფრო მეტად დამძიმება. არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი ექიმის მითითების გარეშე.

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტერბიზილის® შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. ტერბიზილის® გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციები.

ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის გამოვლენისას შეწყვიტეთ ტერბიზილის® გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

  • ტერბიზილმა® იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები და ეს პრობლემები ძალიან იშვიათად შესაძლებელია იყოს სერიოზული.
  • ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება სისხლის ზოგიერთი ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება, ავტოიმუნური (ორგანიზმის იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული მდგომარეობა) დაავადება (მგლურა) ან კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ძლიერი ალერგიული რეაქციები.
  • სისხლძარღვების ანთება, პანკრეასის ანთება ან კუნთის უჯრედების ნეკროზი.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ტერბიზილზე®. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციები საკმაოდ იშვიათია.

თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე რეაქციას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

  • აუხსნელი მიზეზით მუდმივი ღებინება, კუჭის პრობლემები, უმადობა ან ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე.
  • კანის ან სკლერების სიყვითლე, მუქი შარდი ან ღია ფერის განავალი (სავარაუდოდ, ღვიძლის პრობლემების ნიშნები).
  • თუ გექნებათ ცხელება და კანკალი, ინფექციების გამო ყელის ტკივილი ან პირის ღრუში წყლულები და სისუსტე ან ხშირად გემართებათ ინფექცია.
  • მოულოდნელად სისხლდენის დაწყება ან სისხლჩაქცევების გაჩენა (სავარაუდოდ, დაავადების ნიშანი, რომელიც ზემოქმედებს გარკვეული ტიპის სისხლის უჯრედების დონეზე).
  • სუნთქვის გაძნელება, გაბრუება, სახის და ყელის შეშუპება, წამოხურება, მუცლის ტკივილი კრამპებით და ცნობიერების დაკარგვა, სახსრების ტკივილი, დაჭიმულობა, კანზე გამონაყარი, ცხელება ან ლიმფური კვანძების შეშუპება/გადიდება (სავარაუდოდ, ძლიერი ალერგიული რეაქციების ნიშნები).
  • კანზე გამონაყარი, ცხელება, ქავილი, დაღლილობა, კანქვეშ მოიისფრო-წითელი ლაქები (სავარაუდოდ, სისხლძარღვის ანთების ნიშნები).
  • თუ განვითარდება კანის პრობლემები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე და პირის ღრუში ბუშტუკები, კანის აქერცვლა და ცხელება.
  • თუ კუჭის ზედა ნაწილში იგრძნობთ ძლიერ ტკივილს, რომელიც ვრცელდება ზურგის მიდამოში (სავარაუდოდ, პანკრეასის ანთების ნიშნები).
  • აუხსნელი მიზეზით კუნთების სისუსტე და ტკივილი ან მუქი ფერის (მოწითალო-ყავისფერი) შარდი (სავარაუდოდ, კუნთის უჯრედების ნეკროზის ნიშნები).

ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში მოცემული სახით:

ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი სიხშირე: უვლინდება იმდენად მცირე რაოდენობის პაციენტს, რომ შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ძალიან ხშირი :

  • თავის ტკივილი,
  • გულისრევა,
  • კუჭის მსუბუქი ტკივილი,
  • ჭამის შემდეგ კუჭის პრობლემები (გულძმარვა),
  • დიარეა,
  • მუცლის შებერილობა (კუჭის გადავსების შეგრძნება),
  • მადის დაკარგვა,
  • კანზე გამონაყარი (ქავილით),
  • სახსრების ტკივილი და კუნთების ტკივილი.

ხშირი :

  • გუნება-განწყობის დარღვევები (დეპრესია),
  • გემოს შეგრძნების დარღვევა ან დაკარგვა,
  • თავბრუსხვევა,
  • მხედველობის დარღვევები,
  • დაღლილობა.

არახშირი :

  • კანის, ლორწოვანი გარსის ან ფრჩხილის სარეცლის ძლიერი სიფერმკრთალე,
  • ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე ან ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში სუნთქვის გაძნელება (სავარაუდოდ, დაავადების სიმპტომი, რომელიც ზემოქმედებს ერითროციტების დონეზე),
  • შფოთვა,
  • კანზე ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება,
  • მზის მიმართ კანის გაზრდილი მგრძნობელობა,
  • ყურებში ხმაური (მაგალითად, სტვენის ხმა),
  • ცხელება,
  • წონაში კლება.

იშვიათი :

  • თვალების ან კანის სიყვითლე (ღვიძლის პრობლემები), ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებში დარღვევები.

ძალიან იშვიათი :

  • გარკვეული ტიპის სისხლის უჯრედების შემცირება,
  • მგლურა (იმუნური სისტემის დაავადება),
  • კანის ძლიერი რეაქციები,
  • ალერგიული რეაქციები,
  • კანზე ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი (ვერცხლისფერი გამონაყარი),
  • ფსორიაზის დამძიმება,
  • კანზე გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით,
  • თმის ცვენა.

ცნობილია შემდეგი გვერდითი რეაქციებიც :

  • ძლიერი ალერგიული რეაქციები ან ინფექციები,
  • სისხლძარღვების ანთება,
  • ყნოსვის დარღვევები, როგორიცაა სუნის შეგრძნების მუდმივი დაქვეითება,
  • ყნოსვის უნარის დაქვეითება,
  • დაბინდული მხედველობა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება,
  • პანკრეასის ანთება,
  • სპეციფიკური ტიპის ლეიკოციტების მაღალი დონის გამო კანზე გამონაყარი,
  • კუნთის უჯრედის ნეკროზი,
  • გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგალითად, დაღლილობა, კანკალი, ყელის ტკივილი, სახსრების ან კუნთების ტკივილი),
  • სისხლში კუნთის გარკვეული ფერმენტის რაოდენობის მატება (კრეატინფოსფოკინაზა).

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე: 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

5. ტერბიზილის® შენახვა

ტერბიზილი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ სინათლისგან დაცული სახით.

შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ტერბიზილი® შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ტერბიზილი®, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: სს სანტა ფარმა ილაჩ სან.

ოქმეიდანი, ბორუჩიჩეის ქუჩა №:16 34382 შიშლი - სტამბოლი

ტელეფონი: (+90 212) 220 64 00

ფაქსი: (+90 212) 222 57 59

წარმოების ადგილი: სს სანტა ფარმა ილაჩ სანაი

გებქიმი 41455 დილოვასი - ქოჯაელი

ტელეფონი: (+90 262) 674 23 00

ფაქსი: (+90 262) 674 23 21

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 23.09.2013 წელს.

20001547.11