ადვანტანი 0,1% 30გ მალ(თურ)
გააზიარე:
ადვანტანი 0.1 % მალამო
გამოყენების ინსტრუქცია
ადვანტანი 0.1 % მალამო
განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
- აქტიური ნივთიერება : 1 გ ადვანტანი შეიცავს 1 მგ მეთილპრედნიზოლონის აცეპონატს.
- დამხმარე ნივთიერებები : თეთრი ცვილი (მეთაფლია ფუტკარი), თხევადი პარაფინი, Dehymuls E (დიკოკოილ პენტაერითრიტილ დისტეარილის ციტრატი, სორბიტანის სესკვიოლეატი, ფუტკრის ცვილი (თაფლის სანთლის სახეობა) და ალუმინის სტეარატი) (ფუტკარი) თეთრი რბილი პარაფინი, გაწმენდილი წყალი.
|
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
1. რა არის ადვანტანი და რისთვის გამოიყენება?
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ადვანტანის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ადვანტანი?
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
5. ადვანტანის შენახვა
1. რა არის ადვანტანი და რისთვის გამოიყენება?
ადვანტანი წარმოდგენილია პლასტმასის თავსახურიან ალუმინის ტუბებში, რომელიც შეიცავს 15 გ, 30 გ ან 60 გ თეთრ-მოყვითალო, გაუმჭვირვალე მალამოს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ადვანტანი შეიცავს თეთრ ცვილს (მეთაფლია ფუტკარი) და Dehymuls E-ს (ფუტკარი).
ადვანტანი აქრობს ანთებას და კანის ალერგიულ რეაქციებს და ამსუბუქებს კანის დაავადებებიდან გამომდინარე სიმპტომებს, როგორიცაა სიწითლე, კანის გასქელება, კანის ზედაპირზე ფენის წარმოქმნა, შეშუპება, ქავილი და სხვა ჩივილები (წვის შეგრძნება ან ტკივილი).
ეგზემის სამკურნალოდ ადვანტანი გამოიყენება კანზე მსუბუქად წასმის გზით.
ადვანტანი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: უეცრად განვითარებული ეგზემა, ნერვული მიზეზებიდან გამომდინარე კანის ქრონიკული ანთება, რომელიც მიმდინარეობს კანზე ბუშტუკებით, სიწითლით და ქავილით, კონტაქტური ეგზემა, დეგენერაციული ეგზემა, სველი ეგზემა, ეგზემა, რომელიც მიმდინარეობს კანზე ქავილით და ლითონის მონეტის მსგავსი გამონაყარით, ბავშვებში ეგზემა და ნებისმიერი სხვა არაკლასიფიცირებული ეგზემა. კანის ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც კანი არც ძალიან მშრალია და არც ტენიანი, საჭიროა შემადგენლობა, რომელშიც თანაბრადაა განაწილებული ცხიმი და სითხე. ადვანტანი უზრუნველყოფს კანის მსუბუქად გაცხიმიანებას გაცხელების და გამონადენის შეჩერების გარეშე.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ადვანტანის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ადვანტანი შემდეგ შემთხვევებში
- თუ გაქვთ მგრძნობელობა (ალერგია) ადვანტანში არსებული მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ,
- თუ ადგილზე, სადაც ტარდება მკურნალობა, არის ტუბერკულოზის ან სიფილისის მიზეზით წარმოქმნილი დარღვევა, დაზიანება,
- თუ ადგილზე, სადაც ტარდება მკურნალობა, არის ვირუსული დავადება (მაგალითად, ჩუტყვავილა/ვარიცელა, ჰერპეს ზოსტერი), როზაცეა, პირის ირგვლივ კანის ანთება (პერიორალური დერმატიტი), კანზე ჭრილობა, აკნე, კანის დაავადებებთან დაკავშირებული დაზიანება, რომელიც დასრულდა კანის გათხელებით (ატროფია), ან თუ აცრის შემდეგ განვითარებულია კანის რეაქცია,
- თუ გაქვთ კანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ბაქტერიულ და/ან სოკოვან ინფექციასთან ერთად, საჭიროა სათანადო დამატებითი მკურნალობა.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ადვანტანი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
- გლუკოკორტიკოიდები (გარკვეული სახის ჰორმონი), მათ შორის ადვანტანი, განსაკუთრებით ბავშვებში, გამოყენებული უნდა იქნას, რამდენადაც შესაძლებელია, ყველაზე დაბალი დოზით. გამოიყენეთ მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა სასურველი ეფექტის მისაღებად და ამ ეფექტის შესანარჩუნებლად.
- თუ გაქვთ კანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ბაქტერიულ და/ან სოკოვან ინფექციასთან ერთად, საჭიროა სათანადო დამატებითი მკურნალობა.
- კანზე გლუკოკორტიკოიდების, მათ შორის ადვანტანის გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაიზარდოს ლოკალურად კანის ანთების ალბათობა.
- ადვანტანის გამოყენებისას მოერიდეთ თვალებში, ღია ღრმა ჭრილობაზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრას.
- კანზე კორტიკოსტეროიდების, მათ შორის ადვანტანის დიდ ფართობზე ან ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის ქვეშ, მკვეთრად ზრდის მთელს ორგანიზმში გვერდითი რეაქციების რისკს. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვის საფენმა შესაძლებელია შექმნას დახურული გარემო.
- კანის ფართო მიდამოს მკურნალობისას შესაძლებელია სრულად ვერ მოხდეს შეწოვის ან მთელს ორგანიზმზე ზემოქმედების ალბათობის თავიდან აცილება, რის გამოც მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მოკლე.
- როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდების შემთხვევაში, გაუაზრებლად გამოყენებამ შესაძლებელია დაფაროს კლინიკური სიმპტომები.
- თუ ადრე გქონდათ თვალშიგა წნევის მატებასთან (გლაუკომა) დაკავშირებული ჩივილი, აცნობეთ თქვენს ექიმს.
როგორც ზოგადად კორტიკოიდების შემთხვევაში, რომელიც ზემოქმედებენ მთელს სხეულზე, კანზე კორტიკოიდების გამოყენების გამო (მაგალითად, დიდი დოზით ან ხანგრძლივად დიდ ფართობზე გამოყენების, ოკლუზიური სახვევით ან თვალის ირგვლივ კანზე გამოყენების შედეგად) შესაძლებელია განვითარდეს გლაუკომა.
პედიატრიული პოპულაცია :
ადვანტანის გამოყენების დროს არ შეიძლება ოკლუზიური სახვევის გაკეთება. ბავშვის საფენმა შესაძლებელია შექმნას ოკლუზიური სახვევის ეფექტი.
ოთხი თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა, შეაფასოს ექიმმა. გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ადვანტანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ადვანტანი გამოიყენება ლოკალურად, რის გამოც არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის ურთიერთქმედება.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, რადგანაც ექიმისთვის სჭირდება ამ გარემოების მხედველობაში მიღება ადვანტანის დანიშვნამდე.
- როგორც წესი, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაუშვებელია კორტიკოსტეროიდების შემცველი გარეგანი პრეპარატების გამოყენება.
- განსაკუთრებით მოერიდეთ დიდ ფართობზე ან ხანგრძლივად გამოყენებას ან ოკლუზიურ სახვევს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში ადვანტანის გამოყენება მკერდის მიდამოში.
- თქვენს ექიმს აცნობეთ, რომ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, რადგანაც ექიმს სჭირდება ამ გარემოების მხედველობაში მიღება ადვანტანის დანიშვნამდე.
- განსაკუთრებით მოერიდეთ დიდ ფართობზე ან ხანგრძლივად გამოყენებას და ოკლუზიურ სახვევს.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
არ არის ცნობილი ადვანტანის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებისა და მექანიზმის მართვაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადვანტანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ მგრძნობელობა ადვანტანის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ, არ არის მოსალოდნელი მათგან გამომდინარე უარყოფითი ზემოქმედება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება ადვანტანი?
- ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ადვანტანი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მიერ განმარტებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, ხელახლა გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ადვანტანი დღეში ერთხელ თხელ ფენად ფრთხილად წაისვით დაავადებულ კანზე ტოპიკალურად (ზედაპირულად).
როგორც წესი, მოზრდილებში გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას.
- გამოყენების გზა და მეთოდი:
გამოიყენება დაავადებულ კანზე მსუბუქად წასმის გზით.
- სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :
ბავშვებში გამოყენება :
არ არის დადგენილი ადვანტანის უსაფრთხოება 4 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში. ბავშვებში ან მოზარდებში გამოყენებისას არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობა ზოგადად არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას.
არ არის რეკომენდებული ჩვილებსა და ბავშვებში გამოყენება საჭიროების გარეშე.
თუ თვლით, რომ ადვანტანის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ადვანტანი საჭიროზე მეტი რაოდენობით :
თუ ადვანტანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, ნუ აღელდებით.
ადვანტანის ერთჯერადი ჭარბი დოზით (კანის ფართო მიდამოზე ერთჯერადი გამოყენება) გამოყენების ან შემთხვევით ჩაყლაპვისას არ არის მოსალოდნელი რაიმე რისკი.
თუ ადვანტანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ადვანტანის გამოყენება
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის უნდა გამოიყენოთ გამოტოვებული დოზა. მომდევნო დოზის გამოყენების დროსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, დაიცვათ თქვენი ექიმის მითითება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
ადვანტანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
თუ ადვანტანს გამოიყენებთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით, მკურნალობის დროს სიმპტომები გაქრება და მკურნალობის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება სრული გამოჯანმრთელება. თუ სიმპტომები გაგრძელდება ან ხელახლა გამოვლინდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ადვანტანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში მოცემული სახით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ხშირი
გამოყენების ადგილას წვის შეგრძნება, ქავილი, აკნე
არახშირი
კანის გათხელება (ატროფია), სისხლჩაქცევა (ექიმოზი), კანის გადამდები ზედაპირული მიკრობული ინფექცია (იმპეტიგო), კანის გაცხიმიანება, გამოყენების ადგილას სიმშრალე, სიწითლე (ერითემა), კანზე ანთებითი ბუშტუკები (ვეზიკულები), გაღიზიანება, პერიფერიული შეშუპება, ეგზემა.
უცნობი სიხშირე (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით)
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგძნობელობა, კანზე სტრია (ბზარები), კაპილარების გაფართოება (ტელეანგიექტაზია), პერიორალური დერმატიტი (პირის ირგვლივ), კანის ფერის ცვლილება, კანის ალერგიული რეაქციები, გამოყენების ადგილზე თმის ძირის ანთება (ფოლიკულიტი), ჭარბთმიანობა (ჰიპერტრიქოზი).
კორტიკოიდების შემცველი პრეპარატების, მათ შორის ადვანტანის გარეგანი გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შეწოვიდან გამომდინარე მთელს ორგანიზმზე ზემოქმედება.
ეს ადვანტანის მსუბუქი გვერდითი რეაქციებია.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
5. ადვანტანის შენახვა
ადვანტანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25 0C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცული სახით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ადვანტანი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
ლეო ფარმა ა/ს, დანიის ლიცენზიით
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
რეშითფაშას უბანი, ესქი ბუიუქდერეს გამზირი №:4 34467 მასლაქი/სარიერი/სტამბოლი
ტელეფონი: 0 212 366 84 00 ფაქსი: 0 212 276 20 20
წარმოების ადგილი:
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ორჰან გაზის უბანი, თუნჩის გამზ. №: 3 ესენიურთი/სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 26/03/2020 წელს.
A20017447/00










