ნოვექსქოლდი #10პაკ
გააზიარე:
ნოვექს ქოლდი
NovexCold
საერთაშორისო არასაპატენტო სახელწოდება
პარაცეტამოლი, ფენირამინი, ფენილეფრინი, ასკორბინის მჟავა.
წამლის ფორმა
პერორალურად მისაღები (ლიმონის გემოთი) ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.
შემადგენლობა
ერთი პაკეტი შეიცავს, აქტიურ ინგრედიენტებს: პარაცეტამოლი 325 მგ, ფენირამინის მალეატი 20 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ასკორბინის მჟავა 50 მგ.
სხვა ინგრედიენტები: საქაროზა (შაქრის ფხვნილი), ლიმონის მჟავა, ლიმონის არომატი, კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის ციტრატი, ვაშლის მჟავა, ტიტანის დიოქსიდი.
აღწერა
გრანულირებული თეთრი ფხვნილი დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, სხვა წამლებთან (ფსიქოტროპული წამლების გარდა) კომბინირებული პარაცეტამოლი.
ანატომიური-თერაპიულ-ქიმიური კლასიფიკაცია
N02BE51.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნოვექს ქოლდი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტებით. მას აქვს სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება, აქრობს „გაციების“ სიმპტომებს; ავიწროებს სისხლძარღვებს და აქრობს ცხვირის ღრუსა და ნაზოფარინქსის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
პარაცეტამოლი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის მეშვეობით; არ მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციასა და ჰემოსტაზზე.
ფენირამინი არის ანტიალერგიული საშუალება, ჰისტამინის H1 რეცეპტორების ბლოკატორი; აქრობს ალერგიულ სიმპტომებს, აქვს ზომიერი დამამშვიდებელი ეფექტი და ასევე ავლენს ანტიმუსკარინულ აქტივობას.
ფენილეფრინი ალფა 1-ადრენომიმეტიკია და იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, აქრობს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას.
ჩვენებები
ინფექციური და ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია გრიპის ჩათვლით), რომელსაც თან ახლავს მაღალი ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი, სურდო, ცხვირის შეშუპება, ცემინება.
დოზირება და მიღების წესი
ერთი პაკეტის შიგთავსს ხსნიან 1 ჭიქა ადუღებულ ცხელ წყალში. შაქარი შეიძლება დაემატოს გემოვნებით. განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში (არაუმეტეს 3 დოზისა 24 საათის განმავლობაში). ნოვექს ქოლდ-ის გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, თუმცა საუკეთესო შედეგი მოაქვს პრეპარატის ძილის წინ, ღამით მიღებას. თუ სიმპტომების შემსუბუქება არ მოხდა პრეპარატის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
ნერვული სისტემა: შესაძლებელია გაღიზიანება, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, თავბრუსხვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.
შარდსასქესო სისტემა: შარდის შეკავება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: პალპიტაცია, არტერიული წნევის მომატება.
მხედველობა: შესაძლებელია მიდრიაზი, აკომოდაციის პარეზი, ინტრაოკულური წნევის მომატება.
პარაცეტამოლით გამოწვეული ეფექტები: ჰემატოპოეზის დარღვევა (ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი), მაღალი დოზების ქრონიკულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური ეფექტები, ჰემოლიზური ანემია, მეტემოგლობინემია, პანციტოპენია. თუ დაფიქსირდა რომელიმე ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენა ან რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
– პორტალური ჰიპერტენზია;
– ალკოჰოლიზმი;
– საქაროზა/იზომალტაზას ნაკლებობა, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის ფუნქციის დარღვევა;
– ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაო-ს ინჰიბიტორების, ბეტა-ბლოკატორების ერთდროული გამოყენება;
– ორსულობა;
– ლაქტაცია;
– 2 წლამდე ბავშვები;
– პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის მომატება.
გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში
ჰიპერტენზია, დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება, ფილტვის დაავადება (ბრონქული ასთმის ჩათვლით), შარდვის გაძნელება პროსტატის ჰიპერპლაზიით, სისხლის დარღვევები, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერტის სინდრომი, დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომი) ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული მონაცემების ნაკლებობის გამო.
გამოყენება ღვიძლის დისფუნქციის დროს
გამოიყენეთ სიფრთხილით ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს
გამოიყენეთ სიფრთხილით თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს.
გამოყენება ბავშვებში
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გაფრთხილებები
ღვიძლზე ტოქსიკურობის თავიდან ასაცილებლად, არ შეიძლებაალკოჰოლთან ერთად მიღება.
არ გამოიყენოთ პრეპარატი დაზიანებული პაკეტებიდან.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის მიღების შემდეგ არ არის რეკომენდებული მექანიზმების მართვა ან მანქანის მართვა.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები (პარაცეტამოლის გამო, ვლინდება 10-15 გ-ზე მეტის მიღების შემდეგ): ფერმკრთალი კანი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ტკივილი ეპიგასტრიულ მიდამოში. მძიმე შემთხვევებში: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება, პროთრომბინის დროის მომატება, ენცეფალოპათია და კომა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი პირველი 6 საათის განმავლობაში, SH-ჯგუფის დონორებისა და გლუტათიონის სინთეზის წინამორბედების ინექცია მეთიონინის მეშვეობით, დოზის გადაჭარბებიდან 8-9 საათის შემდეგ და აცეტილცისტეინის – 12 საათის განმავლობაში.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პრეპარატებთან
რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება მაო-ს ინჰიბიტორების, სედატიური საშუალებების, ეთანოლის მიღებისას. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიურობის რისკი უფრო მაღალია ბარბიტურატების, ფენიტოინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომიური ფერმენტების სხვა ინდუქტორების ერთდროული გამოყენებისას. ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური და ანტიპარკინსონიული საშუალებები, ფენოთიაზინის წარმოებულები ზრდის შარდის შეკავების, პირის სიმშრალის, ყაბზობის რისკს. კორტიკოსტეროიდები ზრდის თვალშიდა წნევის რისკს. პარაცეტამოლი ამცირებს ურიკოზირული პრეპარატების ეფექტურობას, ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედებით ძლიერდება სიმპათომიმეტური ეფექტი.
ჰალოტანის ერთდროული გამოყენება ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
ფენილეფრინი ამცირებს გუანეთიდინის ჰიპოტენზიურ ეფექტს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ფენილეფრინის ალფა-ადრენერგულ ეფექტს. ეთანოლმა შეიძლება გააძლიეროს ფენირამინის სედაციური ეფექტი.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
10 პაკეტი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციით.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილზე, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
ჰერბიონ პაკისტანი (Pvt) შპს
ინდუსტრიული სამკუთხედი,
კაჰუტას გზა, ჰუმაკი, ისლამაბადი-პაკისტანი.