დიფრედი 3800სე/0,4მლ#10შპრ

დიფრედი 3800სე/0,4მლ#10შპრ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნადროპარინი კალციუმის
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 136429
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გამოყენების ინსტრუქცია
დიფრედი
(DIFRED)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპანტენტირებული დასახელება: კალციუმის ნადროპარინი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
უფეროდან ღია ყვითელი შეფერილობის მქონე გამჭვირვალე სითხე.

შემადგენლობა:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
კალციუმის ნადროპარინს 9500 სე ანტი-XA.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროქსიდი, განზავებული ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:
1 გრადუირებული წინასწარ შევსებული შპრიცი:
0.3 მლ-მდე ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 2850 სე ანტი-Xა;
0.4 მლ-მდე ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 3800 სე ანტი-Xა;
0.6 მლ-მდე ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 5700 სე ანტი-Xა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები. პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები.
ათქ-კოდი: B01AB06

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
დიფრედის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კალციუმის ნადროპარინი. ნადროპარინი არის დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინი, რომელიც წარმოიქმნება სტანდარტული ჰეპარინის დეპოლიმერიზაციით. ეს არის გლიკოზამინოგლიკანი, რომლის საშუალო წონაა დაახლოებით 4300 დალტონი. ნადროპარინი ავლენს მაღალი აფინურობის შეკავშირების უნარს პლაზმის ცილასთან - ანტი-თრომბინი III. ეს შეკავშირება იწვევს Xა ფაქტორის დაჩქარებულ ინჰიბირებას, რაც ხელს უწყობს ნადროპარინის მაღალ ანტითრომბოზულ პოტენციალს. მას აქვს როგორც მყისიერი, ასევე ხანგრძლივი ანტითრომბოზული მოქმედება.
არაფრაქციულ ჰეპარინთან შედარებით, ნადროპარინი ნაკლებად მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციასა და აგრეგაციაზე და მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენს პირველად ჰემოსტაზზე.
ფარმაკოკინეტიკა:
ნადროპარინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები იყო შეფასბული ანტი-ფაქტორ Xა აქტივობის გაზომვით პლაზმაში.
აბსორბცია
კანქვეშა შეყვანის შემდეგ, ანტი-Xა აქტივობის პიკი (ჩმახ) მიიღწევა დაახლოებით 4-დან 6 საათის შემდეგ (თმახ).
ი/ვ ინექციის შემდეგ პლაზმაში ანტი-Xა დონის პიკი მიიღწევა 10 წუთზე ნაკლებ დროში, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ბიოშეღწევადობა თითქმის სრულია (დაახლოებით 98%).
გამოყოფა
კანქვეშა შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8-10 საათს. პრეპარატის ანტი-Xა აქტივობა ვლინდება მისი შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში.

ჩვენება:
თრომბოემბოლური გართულებების პროფილაქტიკა:
• განსაკუთრებით ის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ზოგად ან ორთოპედიულ ქირურგიასთან; ასევე, მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (სუნთქვის უკმარისობა, და/ან რესპირაციული ინფექციები და/ან გულის მწვავე უკმარისობა) ინტენსიური თერაპიის განყოფილების პირობებში;
• თრომბოემბოლური დარღვევების მკურნალობა ღრმა ვენების თრომბოზის დროს;
• სისხლის შედედების პროფილაქტიკა ჰემოდიალიზის მსვლელობისას;
• არასტაბილური სტენოკარდიის და არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
თრომოემბოლური დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის დიფრედი ინიშნება კანქვეშა ინექციების სახით. პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას ინექციის რეკომენდებულ ადგილს წარმოადგენს მუცლის წინა-ლატერალური კედელი. მარცხენა და მარჯვენა მხარის მონაცვლეობით ნემსი შეჰყავთ პერპენდიკულარულად (90 გრადუსიანი კუთხით) კანის ნაკეცში, რომელიც ფიქსირებულია ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის მთელი ინექციის განმავლობაში. ინექციის ადგილის დაზელვა არ არის საჭირო.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: წინასწარ შევსებულ შპრიცში ჰაერის პატარა ბუშტუკების არსებობა ნორმალურია. ინექციის წინ არ არის საჭირო ჰაერის ბუშტუკების გამოდევნა.
გრადუირებული შპრიცები განკუთვნილია გამოსაყენებლად, როდესაც საჭიროა დოზის დარეგულირება სხეულის წონის შესაბამისად.
ზოგადი ქირურგია
ზოგად ქირურგიაში პირველი დოზა ინიშნება 2-4 საათით ადრე ოპერაციულ ჩარევამდე, მომდევნო დღეებში კი დღეში ერთხელ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 7 დღის განმავლობაში და რისკის მთელი პერიოდის განმავლობაში, სანამ პაციენტი არ გადავა ამბულატორიულ მკურნალობაზე.
ორთოპედიული ქირურგია
დიფრედის საწყისი დოზა შეჰყავთ ოპერაციამდე 12 საათით ადრე, აგრეთვე ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ. აღნიშნული და შემდგომი ერთჯერადი დღიური დოზები კორექტირდება პაციენტის სხეულის წონის შესაბამისად ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით. ამ შემთხვევაში დიფრედით მკურნალობა გრძელდება მანამდე, სანამ არსებობს თრომბოზისა და ემბოლიის განვითარების რისკი. მინიმალური პერიოდია 10 დღე.

სხეულის წონა (კგ) ოპერაციამდე 12 საათით ადრე და 12 სთ-ის შემდეგ; პოსტოპერაციულ მე-3 დღემდე დღეში ერთხელ მე-4 პოსტოპერაციული დღიდან მოყოლებული
40-60 1900 სე ანტი-XA/0.2 მლ 2850 სე ანტი-XA/0.3 მლ
61-80 2850 სე ანტი-XA/0.3 მლ 3800 სე ანტი-XA /0.4 მლ
81-124 3800 სე ანტი-XA/0.4 მლ 5700 სე ანტი-XA/0.6 მლ

მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ინტენსიურ თერაპიაში (სუნთქვის უკმარისობა და/ან რესპირატორული ინფექცია და/ან გულის უკმარისობა)
დიფრედი ინიშნება კანქვეშ დღეში ერთხელ, დოზა უნდა დარეგულირდეს სხეულის წონის მიხედვით ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს თრომბოემბოლიის რისკის პერიოდში.

სხეულის წონა (კგ) დღეში ერთხელ
ინექციის მოცულობა (მლ) სე ანტი-XA
≤ 70 0.4 3800
≥ 70 0.6 5700
თრომბოემბოლური დარღვევების მკურნალობა ღრმა ვენების თრომბოზის დროს
რეკომენდებულია დიფრედის კანქვეშა შეყვანა დღეში ორჯერ (ყოველ 12 საათში) ჩვეული ხანგრძლივობით 10 დღის განმავლობაში. დოზა უნდა დარეგულირდეს სხეულის წონის მიხედვით ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით.

სხეულის წონა (კგ) ორჯერ დღეში ჩვეული ხანგრძლივობით 10 დღის განმავლობაში
ინექციის მოცულობა (მლ) სე ანტი-XA
< 50 0.4 3800
50-59 0.5 4750
60-69 0.6 5700
70-79 0.7 6650
80-89 0.8 7600
≥ 90 0.9 8550

შედედების პრევენცია ჰემოდიალიზის დროს
ჰემოდიალიზის დროს შედედების პრევენციისთვის, დიფრედის დოზა უნდა იყოს ოპტიმიზირებული თითოეული ინდივიდუალური პაციენტისთვის, ასევე დიალიზის ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.
დიფრედი ჩვეულებრივ შეჰყავთ ერთჯერადი დოზის სახით არტერიულ ხაზში ყოველი სესიის დასაწყისში. პაციენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, რეკომენდებულია შემდეგი საწყისი დოზები სხეულის წონის მიხედვით და, როგორც წესი, საკმარისია ოთხსაათიანი სესიისთვის:

სხეულის წონა (კგ) შეყვანა ხდება არტერიულ ხაზში დიალიზის დაწყებისას
ინექციის მოცულობა (მლ) სე ანტი-XA
50-69 0.4 3800
≥ 70 0.6 5700
სისხლდენის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში დოზა უნდა განახევრდეს.
დამატებითი უფრო მცირე დოზა შეიძლება დაინიშნოს დიალიზის დროს 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის სესიებისთვის. დიალიზის შემდგომ სესიებზე დოზა უნდა დარეგულირდეს საჭიროებისამებრ მიღებული ეფექტის მიხედვით.

არასტაბილური სტენოკარდიის და არა-Q-კბილოვანი მოიკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა
რეკომენდებულია დიფრედის კანქვეშა შეყვანა დღეში 2-ჯერ (ყოველ 12 საათში). მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა 6 დღე. საწყისი დოზა შეჰყავთ ბოლუსური ინექციის სახით ინტრავენურად და შემდგომი დოზებით კანქვეშა ინექციით. დოზა უნდა დარეგულირდეს სხეულის წონის მიხედვით, რომელიც ეფუძნება სამიზნე დოზა 86 სე ანტი-Xა კგ სხეულის წონაზე.

ბავშვები და მოზარდები
ნადროპარინი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საკმარისი მონაცემები, რომ დადგინდეს დოზა 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.

ხანდაზმულები
ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს თირკმლების ფუნქციის დარღვევა. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება მკურნალობის დაწყებამდე.

თირკმლის უკმარისობა
თრომბოემბოლური დარღვევების პროფილაქტიკა
დოზის შემცირება არ არის საჭირო პაცინტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი)
თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა ასოცირდება ნადროპარინის გაზრდილ ექსპოზიციასთან. ამ პაციენტებს აქვთ თრომბოემბოლიის და სისხლდენის გაზრდილი რისკი.
თუ ექიმს მიაჩნია დოზის შემცირება მიზანშეწონილად, სისხლდენის და თრომბოემბოლიის განვითარების ინდივიდუალური რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით, თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაცინტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი და 50 მლ/წთ ნაკლები), დოზა უნდა შემცირდეს 25-დან 33 %-მდე.
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დოზა უნდა შემცირდეს 25-დან 33 %-მდე.

თრომბოემბოლური დარღვევების, არასტაბილური სტენოკარდიის და არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა
დოზის შემცირება არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმრისობით (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი).
თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა ასოცირდება ნადროპარინის გაზრდილ ექსპოზიციასთან. ეს პაციენტები არიან თრომბოემბოლიის და სისხლდენის მომატებული რისკის ქვეშ.
თუ ექიმს მიაჩნია დოზის შემცირება მიზანშეწონილად, სისხლდენის და თრომოემბოლიის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი და 50 მლ/წთ ნაკლები), დოზა უნდა შემცირდეს 25-დან 33%-მდე.

ღვიძლის უკმარისობა
არ ჩატარებულა კვლევები ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციების სიხშირის მიხედვით კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი კონვენცია: ძალიან ხშირი ≥1/10, ხშირი ≥1/100-დან <1/10-მდე, არც ისე ხშირი ≥1/1000-დან <1/100-მდე, იშვიათი ≥1/ 10000-დან <1/1000-მდე, ძალიან იშვიათი <1/10000, უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან ხშირი: ჰემორაგიული გამოვლინებები სხვადასხვა ადგილას, უფრო ხშირად სხვა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.
იშვიათი: თრომბოციტოპენია (ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის ჩათვლით).
ძალიან იშვიათი: ეოზინოფილია, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
იმუნური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და კანის რეაქციები), ანაფილაქსია.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევების მხრივ:
ძალიან იშვიათი: შექცევადი ჰიპერკალემია დაკავშირებული ჰეპარინით გამოწვეული ალდოსტერონის სუპრესიასთან, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ:
ხშირი: ტრანსამინაზების გარდამავალი მატება.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ;
ძალიან იშვიათი: პრიაპიზმი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ქავილი.
ძალიან იშვიათი: კანის ნეკროზი, რომელიც ჩვეულებრივ ხდება ინექციის ადგილზე.
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის ცვლილებები:
ძალიან ხშირი: მცირე ჰემატომა ინექციის ადგილზე.
ზოგ შემთხვევაში აღინიშნება მყარი კვანძების გაჩენა, რომლებიც არ მიუთითებენ ჰეპარინის ინკაფსულირებაზე. ეს კვანძები ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღის შემდეგ.
ხშირი: რეაქცია შეყვანის ადგილას.
იშვიათი: კალცინოზი შეყვანის ადგილას.
კალცინოზი უფრო ხშირია კალციუმის ფოსფატის ანომალური პროდუქციის მქონე პაციენტებში, მაგალითად, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
ნადროპარინი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევაში:
- ჰიპერმგრძნობელობა ნადროპარინის ან მისი რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ;
- ანამნეზში დადასტურებული ნადროპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია;
- აქტიური სისხლდენა ან სისხლდენის გაზრდილი რისკი ჰემოსტაზის დარღვევებთან დაკავშირებით (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციის გარდა, რომელიც არ არის გამოწვეული ჰეპარინით);
- ორგანული დაზიანება, რომლებსაც თან ახლავს სისხლდენა (როგორიცაა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული);
- ჰემორაგიული ცერებროვასკულური შემთხვევა;
- მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თრომბოემბოლური დარღვევების, არასტაბილური სტენოკარდიისა და არა-Q-კბილოვანი მიოკრდიუმის ინფარქტის გამო).

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული
ვენური თრომბოემბოლური დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის და ჰემოდიალიზის დროს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული ასპირინის, სხვა სალიცილატების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ანტითრომბოციტული საშუალებების ერთდროული გამოყენება, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ სისხლდენის რისკი. თუ ასეთი კომბინაციების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა ჩატარდეს სათანადო კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.
ერთდროულად გამოიყენება სიფრთხილით
ნადროპარინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს და დექსტრანს. როდესაც დაწყებულია პერორალური ანტიკოაგულაციური თერაპია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნადროპარინს, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INღ) არ დასტაბილურდება სამიზნე მნიშვნელობამდე.

ჭარბი დოზირება
სისხლდენა არის დოზის გადაჭარბების მთავარი კლინიკური ნიშანი. უნდა გაიზომოს თრომბოციტების რაოდენობა და კოაგულაციის სხვა პარამეტრები. მცირე სისხლდენა იშვიათად საჭიროებს სპეციფიურ თერაპიას და ჩვეულებრივ საკმარისია ნადროპარინის შემდგომი დოზების შემცირება ან დროებით შეწყვეტა.
პროტამინის სულფატის გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ სერიოზულ შემთხვევებში. ის დიდწილად ანეიტრალებს ნადროპარინის ანტიკოაგულანტურ ეფექტს, მაგრამ გარკვეული ანტი-Xა აქტივობა ნარჩუნდება. 6 მგ პროტამინის სულფატი ანეიტრალებს დაახლოებით 0.1 მლ (950 სე ანტი-Xა) ნადროპარინს. ინექციური პროტამინის რაოდენობა უნდა ითვალისწინებდეს ნადროპარინის ინექციიდან გასულ დროს და შეიძლება იყოს შესაძლებელი პროტამინის დოზის შემცირება.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს კლინიკური კვლევები ნადროპარინის გავლენის შესახებ ფერტილობაზე.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე ტერატოგენული ეფექტი. არსებობს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები ორსულ ქალებში ნადროპარინის ტრანსპლაცენტური გავლის შესახებ. დიფრედი არ უნდა იყოს გამოყენებული ორსულ ქალებში, თუ თერაპიული სარგებელი პაციენტებისთვის არ აღემატება შესაძლო რისკებს.
არ არის ცნობილი გადადის თუ არა ნადროპარინი დედის რძეში, ამიტომ ნადროპარინის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:
ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია
ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის იშვიათი შემთხვევები, ზოგჯერ მძიმე, შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიულ ან ვენურ თრომბოზებთან. ასეთი დიაგნოზი სავარაუდოა შემდეგ სიტუაციაში:
- თრომბოციტოპენია;
- თრომბოციტების დონის მნიშვნელოვანი შემცირება (30-50% საწყის მაჩვენებელთან შედარებით);
- საწყისი თრომბოზის გაუარესება თერაპიის დროს;
- მკურნალობის დროს წარმოქმნილი თრომბოზი;
- დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია.
ამ შემთხვევაში დიფრედით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ეს ეფექტი, სავარაუდოდ, იმუნო-ალერგიულ ხასიათს ატარებს და პირველი მკურნალობის შემთხვევაში აღინიშნება ძირითადად თერაპიის მე-5-დან 21-ე დღეებს შორის, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ბევრად უფრო ადრეც, თუ არსებობს ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის ისტორია.
თუ ანამნეზში არსებობს თრომბოციტოპენია, რომელიც განვითარდა ჰეპარინთან ერთად (სტანდარტული ან დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინი), გასათვალისწინებელია თერაპიის სხვა ანტითრომბოზული კლასით ჩანაცვლება. ასეთ შემთხვევაში თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს მინიმუმ ყოველდღიურად და მკურნალობა უნდა შეწყდეს რაც შეიძლება მალე, ვინაიდან აღწერილია საწყისი თრომბოციტოპენიის შემთხვევები, რომლებიც ნარჩუნდება განსხვავებული ანტითრომბული კლასის პრეპარატით ნადროპარინის ჩანაცვლების შემდეგ.

სისხლდენა
სიფრთხილეა საჭირო ნადროპარინის გამოყენებისას შემდეგ სიტუაციებში, რადგან ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლდენის გაზრდილ რისკთან;
- ღვიძლის უკმარისობა;
- მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;
- ანამნეზში პეპტიური წყლული ან სხვა ორგანული დაზიანება სისხლდენის ალბათობით;
- ქორიო-რეტინული სისხლძარღვების დაზიანებები;
- თავის ტვინის, ზურგის ან თვალის ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

თირკმლის უკმარისობა
ცნობილია, რომ ნადროპარინი ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით, რაც იწვევს ნადროპარინის ექსპოზიციის გაზრდას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს აქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი და მათი მკურნალობა სიფრთხილით უნდა მიმდინარეობდეს.
გადაწყვეტილება დოზის შემცირების მიზანშეწონილობის შესახებ პაციენტებისთვის კრეატინინის კლირენსით 30-დან 50 მლ/წთ-მდე უნდა ეფუძნებოდეს ექიმის შეფასებას სისხლდენის ინდივიდუალური რისკის შესახებ თრომბოემბოლიის რისკთან შედარებით.

ჰიპერკალემია
ჰეპარინმა შეიძლება დათრგუნოს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის სეკრეცია, რაც იწვევს ჰიპერკალემიას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კალიუმის მომატებული დონე პლაზმაში ან პლაზმაში კალიუმის დონის გაზრდის რისკი, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, უკვე არსებული მეტაბოლური აციდოზი ან პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰიპერკალემიის გამომწვევ პრეპარატებს (მაგ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).
როგორც ჩანს, ჰიპერკალემიის რისკი იზრდება თერაპიის ხანგრძლივობასთან ერთად, მაგრამ იგი ჩვეულებრივ შექცევადია. რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში საჭიროა პლაზმაში კალიუმის დონის მონიტორინგი.

სპინალური/ეპიდურული ჰემატომები
სპინალური/ეპიდურული ჰემატომების განვითარების რისკი იზრდება ეპიდურული კათეტერების ან სხვა პრეპარატების ერთრდოული გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ჰემოსტაზზე, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, თრომბოციტების ინჰიბიტორებთან სხვა ანტიკოაგულანტებთან. რისკი ასევე იზრდება ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან სპინალური პუნქციის დროს.
ამიტომ, ნეიროაქსიალური ბლოკადისა და ანტიკოაგულაციური თერაპიის ერთდროული დანიშვნა უნდა გადაწყდეს ინდივიდუალური სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების საფუძველზე შემდეგ სიტუაციებში:
- პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, ნეიროაქსიალური ბლოკადის უპირატესობა სათანადოდ უნდა იყოს დაბალანსებული რისკებთან.
- პაციენტებში, რომლებშიც გეგმავენ ნეიროაქსიალური ბლოკადის არჩევით ქირურგიულ ჩარევას, ანტიკოაგულაციური თერაპიის სარგებელი სათანადოდ უნდა იყოს დაბალნსებული რისკებთან.
სპინალური ლუმბალური პუნქციის, სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის შემთხვევებში, პაციენტებში კათეტერის ჩადგმის ან ამოღების შემდეგ უნდა გავიდეს სულ მცირე 12 საათი დიფრედის პროფილაქტიკური დოზების ინექციიდან ან 24 საათი სამკურნალო დოზების გამოყენებიდან. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს უფრო გრძელი ინტერვალები.
უნდა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი ნევროლოგიური დარღვევის ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად. ხერხემლის ჰემატომის ნიშნების ან სიმპტომების ეჭვის გაჩენისას სასწრაფოდ უნდა დაიწყოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა ზურგის ტვინის დეკომპრესიის ჩათვლით.

კანის ნეკროზი
ძალიან იშვიათად აღინიშნება კანის ნეკროზი. მას წინ უძღვის პურპურა ან ინფილტრირებული ან მტკივნეული ერითემატოზული მაკულა ზოგადი მახასიათებლებით ან მის გარეშე. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ლატექსზე ალერგია
წინასწარ შევსებული შპრიცის ნემსის თავსახური შეიძლება შეიცავდეს მშრალ ბუნებრივ ლატექსის კაუჩუკს, რომელსაც აქვს პოტენციალი გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ლატექსის მიმართ მგრძნობიარე პირებში.

დიფრედი არ შეიძლება გამოიყენებოდეს არაფრაქციული ჰეპარინის ან სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების შემცვლელად (ერთეული ერთეულზე), რადგან ისინი განსხვავდებიან მათი წარმოების პროცესით, მოლეკულური წონის განაწილებით, ანტი-Xა და ანტი-IIA აქტივობით, ერთეულებითა და დოზებით. მკურნალობის ნებისმიერი ცვლილების წინ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება და ინსტრუქციების დაცვა, თითოეული კონკრეტული პროდუქტის გამოყენებისას.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ავტოტრასპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

შეფუთვა:
2 შპრიცი ბლისტერში. 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25 ºჩ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალურად დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა № 3 რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს „ავერსი-რაციონალი“.

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძე ქ. 33.
წწწ.რატიონალ.გე