მელდოზი 70მგ #4ტ
გააზიარე:
მელდოზი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 70 მგ ალენდრონის მჟავას ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის სახით.
სხვა ინგრედიენტები: სორბიტოლი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.
გამოყენება
მელდოზის ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ალენდრონის მჟავას (ფართოდ ცნობილია, როგორც ალენდრონატი) და მიეკუთვნება არაჰორმონალური მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. ბისფოსფონატებს. მელდოზი ახდენს ძვლის დაკარგვის პრევენციას ქალებში მენოპაუზის შემდეგ და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას; ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობების რისკს.
ჩვენებები
მელდოზი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. მელდოზი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობის რისკს.
მელდოზი სამკურნალოდ მიიღება კვირაში ერთხელ.
ინფორმაცია ოსტეოპოროზის შესახებ
ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და შესუსტება, რაც ხშირია ქალებში მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის დროს საკვერცხეები წყვეტს ქალის ჰორმონის, ესტროგენის გამომუშავებას, რომელიც მნიშვნელოვანი ჰორმონია ქალის ჩონჩხის ჯანმრთელობისათვის. შედეგად, ხდება ძვლის დაკარგვა და ძვლები სუსტდება. რაც უფრო ადრეულ ასაკში აღწევს ქალი მენოპაუზას, მით მეტია ოსტეოპოროზის რისკი.
ადრეულ ეტაპზე, ოსტეოპოროზი არ ავლენს სიმპტომებს. მკურნალობის გარეშე ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ამ დროს აღინიშნება ტკივილი, ხერხემლის ძვლების მოტეხილობები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ არ გამოიწვევს სიმაღლეში შემცირებას. ძვლების მოტეხილობა შეიძლება მოხდეს ნორმალური, ყოველდღიური აქტივობის დროს, როგორიცაა საგნების აწევა, ან მცირე ტრავმის შედეგად, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ხდება ძვლების მოტეხილობა. ძვლების მოტეხილობები, როგორც წესი, ვითარდება ბარძაყის, ხერხემლის ან მაჯის არეში და შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა მოხრილობა („ქვრივის კუზი“) და მობილობის დაკარგვა.
ოსტეოპოროზის მკურნალობა
მელდოზის გამოყენებასთან ერთად ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს ცვლილებებს ცხოვრების წესში, როგორიცაა
მოწევის შეწყვეტა
როგორც ჩანს, მოწევა ზრდის ძვლის დაკარგვის სიჩქარეს და, შესაბამისად, შეიძლება გაზარდოს ძვლების მოტეხილობის რისკი.
ვარჯიში
კუნთების მსგავსად, ძვლებსაც სჭირდებათ ვარჯიში მათი სიმტკიცისა და სიჯანსაღისთვის. ნებისმიერი სავარჯიშო პროგრამის დაწყებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
დაბალანსებული კვება
ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალოს კვების ან რაიმე საკვები დანამატების (განსაკუთრებით კალციუმი და ვიტამინი D) მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია.
უკუჩვენებები
მელდოზი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
- საყლაპავთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, როგორიცაა შევიწროება ან ყლაპვის გაძნელება;
- თუ არ შეგიძლიათ დგომა ან ჯდომა ვერტიკალურად მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში;
- სისხლში კალციუმის დაბალი დონე.
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ, არ მიიღოთ ტაბლეტები. პირველ რიგში გაესაუბრეთ ექიმს და მიჰყევით მოცემულ რჩევებს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მელდოზის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს
მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს მელდოზის მიღებამდე, თუ:
- გაქვთ თირკმელების პრობლემები,
- გაქვთ ყლაპვის ან საჭმლის მონელების პრობლემები,
- ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ბარეტის საყლაპავი (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია საყლაპავის ქვედა ნაწილში არსებული უჯრედების ცვლილებებთან),
- გითხრეს, რომ გაქვთ სისხლში კალციუმის დაბალი დონე,
- გაქვთ ცუდი სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ღრძილების დაავადება, დაგეგმილი გაქვთ კბილის ამოღება ან არ იტარებთ რუტინულ სტომატოლოგიურ თერაპიას,
- გაქვთ კიბო,
- გადიხართ ქიმიოთერაპიას ან რადიოთერაპიას,
- იღებთ ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს (როგორიცაა ბევაციზუმაბი, ან ტალიდომიდი)
- იღებთ კორტიკოსტეროიდებს (როგორიცაა პრედნიზონი ან დექსამეტაზონი),
- ხართ ან იყავით მწეველი (რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სტომატოლოგიური პრობლემების რისკი).
მელდოზით მკურნალობამდე შესაძლოა, საჭირო გახდეს სტომატოლოგიური შემოწმების გავლა.
მნიშვნელოვანია პირის ღრუს კარგი ჰიგიენის დაცვა მელდოზით მკურნალობისას.
მკურნალობის დროს უნდა გაიაროთ რუტინული სტომატოლოგიური შემოწმება და დაუკავშირდეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს პირის ღრუში ან კბილებში, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება.
შეიძლება განვითარდეს საყლაპავის გაღიზიანება, ანთება ან წყლული ხშირად ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები წამლის მიღებისას არ სვამენ სრულ ჭიქა წყალს და/ან თუ ისინი წვებიან მელდოზის მიღებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში. ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება გაუარესდეს, თუ პაციენტები განაგრძობენ მელდოზის მიღებას ამ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
მელდოზი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და მელდოზი
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
მოსალოდნელია, რომ კალციუმის დანამატებმა, ანტაციდებმა და ზოგიერთმა პერორალურმა მედიკამენტმა შეაფერხოს მელდოზის შეწოვა მათთან ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ინფორმაცია „მელდოზის მიღების წესი“.
რევმატიზმის ან ხანგრძლივი ტკივილის სამკურნალო ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან იბუპროფენი), შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ინფორმაცია „მელდოზის მიღების წესი“.
მელდოზის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მოსალოდნელია, რომ საკვები და სასმელი (მათ შორის მინერალური) შეამცირებს მელდოზის ეფექტიანობას მათი ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ინფორმაცია „მელდოზის მიღების წესი“.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მელდოზი განკუთვნილია მხოლოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში გამოსაყენებლად. არ უნდა მიიღოთ მელდოზი, თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან თუ ძუძუთი კვებავთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
გვერდითი ეფექტები (მათ შორის დაბინდული ხედვა, თავბრუსხვევა და ძვლების, კუნთების ან სახსრების ძლიერი ტკივილი) დაფიქსირდა მელდოზის გამოყენებისას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. ინდივიდუალური პასუხები მელდოზზე შეიძლება განსხვავდებოდეს.
მელდოზის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ მელდოზი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ.
მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.
მიჰყევით ამ ინსტრუქციებს ყურადღებით, რათა დარწმუნდეთ, რომ მელდოზის მიღებით სარგებელს მიიღებთ.
1) აირჩიეთ კვირის დღე, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრაფიკს. ყოველ კვირას მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი თქვენს მიერ არჩეულ დღეს.
ძალიან მნიშვნელოვანია 2), 3), 4) და 5) ინსტრუქციების დაცვა, რაც დაეხმარება ტაბლეტის სწრაფად მიღწევას კუჭში და საყლაპავის გაღიზიანების შემცირებას.
2) დილით ადგომის შემდეგ და ნებისმიერი საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებამდე, გადაყლაპეთ მელდოზის ტაბლეტი მთლიანად სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით (არ მიიღოთ მინერალური წყალი) (არანაკლებ 200 მლ ან 7 უნცია).
- არ მიიღოთ მინერალურ წყალთან ერთად (დამდგარ ან გაზიან წყალთან ერთად).
- არ მიიღოთ ყავასთან ან ჩაისთან ერთად.
- არ მიიღოთ წვენთან ან რძესთან ერთად.
არ დატეხოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ მის პირში გახსნა.
3) არ დაწვეთ - დარჩით ვერტიკალურ მდგომარეობაში (ჯდომისას, დგომისას ან სიარულისას) - ტაბლეტის გადაყლაპვიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. არ დაწვეთ დღის პირველი კვების შემდეგ.
4) არ მიიღოთ მელდოზი ძილის წინ ან დილით ადგომამდე.
5) ყლაპვის გაძნელებისას ან ყლაპვისას ტკივილის განვითარებისას, გულმკერდის ტკივილისას, ან გულძმარვის განვითარებისას ან გამწვავებისას, შეწყვიტეთ მელდოზის მიღება და მიმართეთ ექიმს.
6) მელდოზის ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ, დაიცადეთ მინიმუმ 30 წუთი, ვიდრე მიიღებთ პირველ საკვებს, სასმელს ან დღის განმავლობაში მისაღებ სხვა პრეპარატებს, მათ შორის ანტაციდებს, კალციუმის დანამატებს და ვიტამინებს. მელდოზი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი ცარიელია.
დოზის გადაჭარბება
თუ შეცდომით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დალიეთ სავსე ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არ გამოიწვიოთ ღებინება და არ დაწვეთ.
დოზის გამოტოვება
თუ გამოტოვებთ დოზას, გახსენების შემდეგ მიიღეთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი დილით, არ მიიღოთ ორი ტაბლეტი ერთ დღეს. დაუბრუნდით კვირაში ერთხელ ერთი ტაბლეტის მიღებას, თქვენს მიერ არჩეულ დღეს.
მკურნალობის შეწყვეტა
მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ მელდოზი ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში.
ვინაიდან უცნობია, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ მელდოზი, პერიოდულად უნდა განიხილოთ ექიმთან ამ პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობა, რათა დადგინდეს, არის თუ არა მელდოზი შესაფერისი პრეპარატი.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
- გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი ყლაპვისას, საყლაპავის წყლული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):
- ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, კანის მძიმე რეაქციები;
- პირის ღრუს და/ან ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაზიანებები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის მიდამოში, ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი), რომელიც ზოგადად ასოცირებულია დაგვიანებულ შეხორცებასთან და ინფექციასთან, ჩვეულებრივ კბილის ამოღების შემდეგ. თუ გაქვთ ასეთი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს და სტომატოლოგს;
- ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, განსაკუთრებით, პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის გამო ხანგრძლივ მკურნალობას, შეიძლება იშვიათად განვითარდეს. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის მოტეხილობის ადრეული ნიშანი;
- ძვლების, კუნთების და/ან სახსრების ძლიერი ტკივილი.
სხვა გვერდითი ეფექტებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
- ძვლების, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ზოგჯერ ძლიერი.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
- სახსრების შეშუპება;
- მუცლის ტკივილი, კუჭის არეში დისკომფორტი ან ბოყინი ჭამის შემდეგ, ყაბზობა, სისავსის ან შებერილობის შეგრძნება, დიარეა, მეტეორიზმი;
- თმის ცვენა, ქავილი;
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
- დაღლილობა, ხელების ან ტერფების შეშუპება.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში):
- გულისრევა, ღებინება;
- ხახის/საყლაპავის ან კუჭის გაღიზიანება ან ანთება;
- შავი ან კუპრისებრი განავალი;
- მხედველობის დაბინდვა, ტკივილი ან თვალის სიწითლე;
- გამონაყარი, კანის სიწითლე;
- გრიპის მსგავსი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების ტკივილი, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება და ზოგჯერ ცხელება, როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში;
- გემოვნების დარღვევა.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):
- სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს სისხლში კალციუმის დაბალ დონეზე, მათ შორის კუნთების კრუნჩხვები ან სპაზმები და/ან ჩხვლეტის შეგრძნება თითებში ან პირის ირგვლივ;
- კუჭის ან პეპტიური წყლულები (ზოგჯერ მძიმე ან სისხლდენით);
- საყლაპავის შევიწროება;
- გამონაყარი, რომელიც მწვავდება მზის სხივების ზემოქმედებისას;
- პირის ღრუს წყლულები ტაბლეტების ღეჭვის ან დაწუწვნისას.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში):
- მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ყურის ძვლის დაზიანების ნიშნები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ ეფექტსაც, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ საბერძნეთის მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის მეშვეობით (284 Mesogeion Av., GR-15562 Xolargos, www.eof.gr).
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
მელდოზის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მელდოზის ტაბლეტები შეფუთულია ალუმინის ფოლგის ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად. ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომებში:
- BT x 2 (ბლისტერი 1x 2 ტაბლეტი).
- BT x 4 (ბლისტერი 1x 4 ტაბლეტი).
- BT x 8 (ბლისტერი 2x 4 ტაბლეტი).
- BT x 12 (ბლისტერი 3 x 4 ტაბლეტი).
- BT x 40 (ბლისტერი 10 x 4 ტაბლეტი).
შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
ADELCO – CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS S.A.,
37 PIREOS STR., 183 46 MOSCHATO, ATHENS-GRECE
ტელ.:(0030) 210 4819311- 4, ფაქსი: (0030) 210 4816790.
მწარმოებელი
RAFARM SA
Pharmaceuticals & Cosmetics Industry
37 Piraeus str, 18346 Moschato, ტელ. 210 4819311-4
ელ. ფოსტა: [email protected] www.adelco.gr