ოლაჟონი 1მგ/მლ 5მლ თვ.წვ
გააზიარე:
ოლაჟონი 1მგ/მლ თვალის წვეთები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ოლოპატადინი.
ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ ოლოპატადინს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა (E507) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
გამოყენება
ოლაჟონი თვალის ალერგიული მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატია. ის მოქმედებს ალერგიული რეაქციის ინტენსივობის შემცირების გზით.
ოლაჟონი გამოიყენება სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
ალერგიული კონიუნქტივიტი
ზოგიერთმა მასალამ (ალერგენებმა), როგორიცაა ყვავილის მტვერი, სახლის მტვერი ან ცხოველის ბეწვი, შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს და შედეგად განვითარდეს თვალის ქავილი, სიწითლე, აგრეთვე შეშუპება.
უკუჩვენება
ოლაჟონი არ გამოიყენება
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოლაჟონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია შემადგენლობაში).
- ოლაჟონი არ უნდა გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ოლაჟონის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ოლაჟონის გამოყენების წინ თვალებიდან უნდა ამოიღოთ კონტაქტური ლინზები.
ბავშვები
არ გამოიყენოთ ოლაჟონი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და ოლაჟონი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი.
თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს ან მალამოს, პრეპარატების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამო გამოიყენება ყველაზე ბოლოს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ოლაჟონი ძუძუთი კვების დროს, პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ოლაჟონის გამოყენების შემდეგ გარკვეული პერიოდი შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხედველობის დაბინდვას. არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, ვიდრე ეს მოვლენა არ გაივლის.
ოლაჟონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და ცნობილია, რომ იგი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას. ამიტომ მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან პრეპარატის შეხებას. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთეთ სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.
გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი თვალში ან თვალებში, დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.
რეკომენდებულია ამგვარი დოზირება, თუ ექიმის მიერ სხვაგვარი დოზირება არ არის დანიშნული. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ოლაჟონი გამოიყენება მხოლოდ როგორც თვალის წვეთი.
გამოყენების წესი
- აიღეთ ოლაჟონის ბოთლი და სარკე.
- დაიბანეთ ხელები.
- აიღეთ ბოთლი და მოხსენით თავსახური.
- დაიჭირეთ ბოთლი ცერა და შუა თითებს შორის მიმართულებით ქვემოთ.
- თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით ქუთუთო ქვემოთ ჩამოწიეთ ისე, რომ ქუთუთოსა და თვალს შორის წარმოიქმნას „ჯიბე“. წვეთი ამ ადგილას ჩავარდება (სურათი 1).
- ბოთლის თავი მიიტანეთ თვალთან ახლოს. საჭიროებისას გამოიყენეთ სარკე.
- არ შეახოთ საწვეთური თვალს ან ქუთუთოს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს, რადგან შეიძლება მოხდეს ბოთლში დარჩენილი წვეთების დაინფიცირება.
- ბოთლის ძირს მსუბუქად დააწექით ერთ ჯერზე ოლაჟონის ერთი წვეთის გამოსაშვებად.
- არ მოუჭიროთ ბოთლს, ის შექმნილია ისე, რომ საკმარისია მსუბუქი დაჭერა ბოთლის ძირზე (სურათი 2).
- თუ წვეთებს ორივე თვალში იყენებთ, გაიმეორეთ იგივე ეტაპები მეორე თვალის შემთხვევაშიც.
- გამოყენების შემდეგ მაშინვე მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ბოთლს.
თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, სცადეთ კიდევ.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, კარგად ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით. შემდეგი დოზის ჩაწვეთებამდე წვეთები აღარ ჩაიწვეთოთ.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი, როგორც კი გაგახსენდებათ, და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმით გამოყენება.
თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით ჩვეულ დოზირების რეჟიმს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ოლაჟონის გამოყენების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ოლაჟონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ოლაჟონის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, თვალის სიმშრალე, უჩვეულო შეგრძნება თვალში, თვალში დისკომფორტი.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხვირის სიმშრალე, ცუდი გემო.
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში
ეფექტები თვალის მხრივ: მხედველობის დაბინდვა, დაქვეითება ან დარღვევა, რქოვანას დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება ზედაპირის დაზიანებით ან მის გარეშე, კონიუნქტივის ანთება ან ინფექცია, თვალებიდან გამონადენი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ცრემლის წარმოქმნის გაზრდა, თვალების ქავილი, თვალის სიწითლე, ქუთუთოს დაზიანება, ქავილი, სიწითლე, შეშუპება ან ქუთუთოს ქერქით დაფარვა.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: უჩვეულო შეგრძნებები ან შერძნებების დაქვეითება, თავბრუსხვევა, ცხვირიდან გამონადენი, კანის სიმშრალე, კანის ანთება.
ცნობილი არ არის: სიხშირისშეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
ეფექტები თვალის მხრივ: თვალის შეშუპება, რქოვანას შეშუპება, თვალის გუგის ზომის ცვლილება.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: ქოშინი, ალერგიული სიმპტომების მომატება, სახის შეშუპება, ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, გულისრევა, ღებინება, სინუსური ინფექცია, კანის სიწითლე და ქავილი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თვალის წინა გამჭვირვალე შრის (რქოვანას) მძიმე დაზიანება, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო შეიძლება განვითარდეს ბუნდოვანი ლაქები რქოვანაზე.
საეჭვო უარყოფითი რეაქციების ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტისა, რომელიც ზემოთ მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ:
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
8 “დამიან გრუევის” ქ.
1303 სოფია
ტელ.: +359 28903417
website: www.bda.bg.
გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ25°C-ზე ზემოთ.
შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ თავდახურული.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ბოთლსა და კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღის განმავლობაში არა უმეტეს 25°C-ზე.
პრეპარატები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ოლაჟონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ოლაჟონი არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
მზა პროდუქტი შეფუთულია 5 მლ-იან დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებში ტუჩით და დამცავ რგოლიანი ხრახნიანი თავსახურით.
ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
შპს „მედექსპორტი“
№264 ომარ ხიზანიშვილის ქ.
გლდანის რაიონი, 0167, საქართველო
მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD
68 “აპრილსკო ვასტანიე“ ბლვდ.
7200 რაზგრადი, ბულგარეთი.