ქსტანდი 40მგ #112კაფს(თურქ)
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ქსტანდი 40 მგ რბილი კაფსულა
მიიღება პერორალურად.
- · მოქმედი ნივთიერება: თითოეული კაფსულა შეიცავს 40 მგ ენზალუტამიდს
- · დამხმარე ნივთიერებები: კაპრილოკაპროილ მაკროგოლ-8 გლიცერიდები, ბუტილჰიდროქსიანიზოლი (E320) და ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321). კაფსულის გარსი: ჟელატინი (ცხოველური ჟელატინი), სორბიტანის ხსნარი (იხ.: ნაწილი 2), გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და გამოხდილი წყალი. მარკერი: შავი რკინის ოქსიდი (E172) და პოლივინილაცეტატის ფტალატი.
ეს პრეპარატი დამატებით მონიტორინგს ექვემდებარება. ეს სამკუთხედი უზრუნველყოფს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფ იდენტიფიკაციას. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მოწოდებით დაგვეხმარებით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით იხილეთ მე-4 ნაწილის დასასრული.
|
პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას, რადგან თქვენთვის მნიშნველოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
ინსტრუქციის სარჩევი:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ქსტანდი?
2. რა უნდა გაითვალისწინოთ ქსტანდის გამოყენებამდე?
3. ქსტანდის გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ქსტანდის შენახვის წესი.
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ქსტანდი?
ქსტანდი შეიცავს პრეპარატს, რომელსაც ენზალუტამიდი ეწოდება.
ქსტანდის 28 კაფსულა მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში და თითოეულ ყუთში არის 4 ცალი ასეთი შეფუთვა (112 რბილი კაფსულა).
ქსტანდი გამოიყენება სხეულის სხვა ორგანოებზე გავრცელებული პროსტატის კიბოს მქონე ზრდასრული მამაკაცების სამკურნალოდ, რომლებსაც ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია და რომლებშიც, სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენით (PSA) და ვიზუალიზაციის მეთოდებით, დაფიქსირდა დაავადების პროგრესირება; რომლებსაც არ გამოუყენებიათ აქტიური ინგრედიენტის აბირატერონის შემცველი პროდუქტი; რომელთა სისხლშიც ტესტოსტერონის დონე შესაბამისად დათრგუნულია (ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში, რომლებმაც ამოიღეს სათესლე ჯირკვლები) ან რომლებისთვისაც ტესტოსტერონის დამთრგუნველი მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა; რომლებიც არ არიან ქიმიოთერაპიისთვის თავსებადნი; არ აქვთ ძვლის ტვინის საკმარისი მარაგი ან/და აქვთ დიაბეტი.
ქსტანდი არის პრეპარატი, რომელიც ტესტოსტერონის მსგავსი ანდროგენების მოქმედების შეჩერების ხარჯზე მოქმედებს. მამაკაცის სასქესო ჰორმონების მოქმედების შეწყვეტით, ენზალუტამიდი აჩერებს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.
2. რა უნდა გაითვალისწინოთ ქსტანდის გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ ქსტანდი ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში
თუ:
- · გაქვთ ალერგია ქსტანდის მოქმედ ნივთიერება ენზალუტამიდზე ან ქსტანდის შემცველობაში შემავალ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე (ჩამონათვალი წარმოდგენილია მე-6 ნაწილში);
- · ორსულად ხართ ან არსებობს დაორსულების შანსი.
ყურადღებით გამოიყენეთ ქსტანდი ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი აღგენიშნებათ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
ეპილეპტიური გულყრა:
იმ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ქსტანდის, 1000-დან 5-ში, ხოლო იმ ადამიანებიდან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, 1000-დან ერთზე ნაკლებში ეპილეპტიური გულყრა დაფიქსირდა (იხილეთ „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში უფრო ძლიერი შეტევა არის მოსალოდნელი:
- წარსულში შეტევა გქონდათ;
- მიღებული გაქვთ სერიოზული დაზიანება ან ტრავმა თავის არეში;
- გქონდათ გარკვეული ტიპის ინსულტი;
- გქონდათ ტვინის სიმსივნე ან სიმსივნე, რომელიც გავრცელდა ტვინში;
- რეგულარულად ან დროდადრო იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
- იღებთ ისეთ მედიკამენტს, რომელიც იწვევს ეპილეპტიურ გულყრას ან ზრდის შეტევის შესაძლებლობას (იხ.:„ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
მკურნალობის პერიოდში ეპილეპტიური გულყრის შემთხვევაში, შეწყვიტეთ ქსტანდის მიღება. შეძლებისდაგვარად, უმოკლეს დროში მიმართეთ ექიმს.
გარდამავალი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომი (თავის ტვინის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ეპილეპტიური გულყრა და თავის ტკივილი, გონების არევა, სიბრმავე და მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები)
პაციენტებში ქსტანდით მკურნალობისას, დაფიქსირდა მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება გარდამავალი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომი. ეს არის თავის ტვინის იშვიათი დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, გონების არევა და მხედველობის დარღვევის სიმპტომები. ეპილეპტიური გულყრის, მზარდი თავის ტკივილის, გონების არევის, სიბრმავის ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, უმოკლეს დროში მიმართეთ ექიმს.
- სისხლის შედედების თავიდან ასარიდებლად იღებთ ისეთ მედიკამენტს, როგორიცაა ვარფარინი, აცენოკუმაროლი;
- გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;
- გაქვთ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები.
ქსტანდის მიღებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე რომელიმე გეხებათ, მიმართეთ ექიმს:
თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულის რიტმთან დაკავშირებული ისეთი პრობლემა, როგორიც არის არითმია, ან თუ იღებთ მედიკამენტებს ამ დაავადებებისთვის. ქსტანდის გამოყენებისას არსებობს გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემების მატების რისკი.
თუ ამ გაფრთხილებებში არსებული მონაცემები ნებისმიერ ეტაპზე თქვენზეც ვრცელდება, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ქსტანდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან:
ქსტანდის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
გამოყენება ბავშვებში:
ეს პრეპარატი ბავშვებსა და მოზარდებში არ გამოიყენება.
ორსულობის დროს
ქსტანდი ქალებში არ გამოიყენება. ორსულების მიერ ამ პრეპარატის მიღებამ შესაძლოა ნაყოფის დაზიანება გამოიწვიოს. დაუშვებელია ქსტანდის გამოყენება ორსულ ან პოტენციურ ორსულებში.
ლაქტაციის დროს
დაუშვებელია ქსტანდის გამოყენება ლაქტაციის დროს.
ნაყოფიერება
ეს პრეპარატი სავარაუდოდ გავლენას მოახდენს მამაკაცის ნაყოფიერებაზე.
თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელიც შეიძლება დაორსულდეს, პრეპარატით მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში, გამოიყენეთ პრეზერვატივი ან კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. თუ თქვენ გაქვთ სქესობრივი კავშირი ორსულ ქალთან, ნაყოფის დაცვის მიზნით, გამოიყენეთ პრეზერვატივი.
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატმა შესაძლოა გარკვეულწილად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ამის მიზეზი, ქსტანდის გვერდით მოვლენებს შორის ეპილეპტიური გულყრის არსებობაა. ეპილეპტიური გულყრის რისკის არსებობის შემთხვევაში (იხ.: ნაწილი 2), მიმართეთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქსტანდის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:
ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს (ერთგვარი შაქარი). თუ წარსულში ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს. ამ პრეპარატების ქსტანდისთან ერთად მიღება ზრდის ეპილეპტიური გულყრის რისკს:
- ასთმისა და სუნთქვასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული კონკრეტული მედიკამენტები (მაგ.: ამინოფილინი, თეოფილინი);
- დეპრესიისა და შიზოფრენიის მსგავსი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: კლოზაპინი, ოლანზაპინი, თიორიდაზინი, ზიპრასიდონი, ბუპროპიონი, ლითიუმი, ქლორპრომაზინი, მეზორიდაზინი, თიორიდაზინი, ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, დოქსეპინი, იმიპრამინი, მაპროტილინი, მირტაზაპინი);
- ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი (მაგ.: პეტიდინი).
ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს. ამ მედიკამენტებმა შეიძლება იმოქმედონ ქსტანდის ეფექტურობაზე ან პირიქით:
მათ შორის არის კონკრეტული მედიკამენტები, რომელთა დანიშნულებაც ქვემოთ არის ჩამოთვლილი:
- ტკივილგამაყუჩებლები (მაგ.: ფენტალინი, ტრამადოლი);
- სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: კაბაზიტაქსელი);
- ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: კარბამაზეპინი, კლონაზეპამი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ვალპროის მჟავა);
- ძლიერი შფოთვის და შიზოფრენიის მსგავსი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: დიაზეპამი, მიდაზოლამი, ჰალოპერიდოლი);
- ძილის აშლილობის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: ზოლპიდემი);
- გულის დაავადებების სამკურნალოდ ან არტერიული წნევის შესამცირებლად გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: ბისოპროლოლი, დიგოქსინი, დილთიაზემი, ფელოდიპინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, პროპრანოლოლი, ვერაპამილი);
- ანთებითი მდგომარეობით გამოწვეული სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი);
- შიდსის გამომწვევი აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: ინდინავირი, რიტონავირი);
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: კლარითრომიცინი, დოქსიციკლინი);
- ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: ლევოთიროქსინი);
- პოდაგრის (ნიკრისის ქარის) სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. კოლხიცინი);
- გულის დაავადების ან ინსულტის თავიდან ასარიდებლად გამოყენებული მედიკამენტები (დაბიგატრან ეტექსილატი).
იმ შემთხვევაში, თუ ახლა ან ბოლო პერიოდის განმავლობაში რომელიმე რეცეპტიან უნ ურეცეპტო პრეპარატს იყენებთ/იყენებდით, გთხოვთ, ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ.
3. ქსტანდის გამოყენების წესი
გამოყენების მეთოდი და დოზები/სიხშირე:
პრეპარატის ნორმალური დოზა ოთხი კაფსულაა, რაც ჯამში შეადგენს 160 მგ-ს. უნდა მიიღოთ ყოველდღე, დღეში ერთხელ ერთსა და იმავე დროს.
პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი:
- მიიღეთ მთლიანი კაფსულა წყალთან ერთად;
- გადაყლაპვამდე კაპსულები არ დაღეჭოთ, არ გააზავოთ ან არ გახსნათ;
- ქსტანდის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
ქსტანდთან ერთად ექიმმა შესაძლოა სხვა მედიკამენტებიც გამოგიწეროთ.
გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში:
გამოყენება ბავშვებში:
ქსტანდი ბავშვებში არ გამოიყენება.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში დოზის შეცვლა საჭირო არ არის. გამოიყენება ნორმალური დოზა.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
ქსტანდი გამოყენება შესაძლებელია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზის შეცვლა საჭირო არ არის. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია სიფრთხილე.
ღვიძლის უკმარისობა:
ქსტანდის გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მწვავე უკმარისობით. დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ,რომ ქსტანდისეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირება
- თუ ქსტანდის დროულად მიღება დაგავიწყდათ, გახსენებისთანავე მიიღეთ განსაზღვრული დოზა.
- თუ დღის განმავლობაში ქსტანდის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ ჩვეული დოზა მეორე დღეს.
- თუ ქსტანდის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგავიწყდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გამოტოვებული დოზის დასაბალანსებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ .
ქსტანდით მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:
ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის მიღება არ შეწყვიტოთ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ქსტანდიმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობა აქვთ.
ქსტანდის კლინიკურ კვლევებში, იმ პაციენტებში, რომელიც იღებდნენ ქსტანდის, ყოველი 1000 ადამიანიდან 5-ს, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ყოველი 1000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს ეპილეპტიური გულყრა დაუფიქსირდა.
ეპილეპტიური გულყრის ალბათობა მაღალია, თუ იღებთ ამ პრეპარატის რეკომენდებულზე მეტ დოზას, თუ იღებთ ზოგიერთ სხვა მედიკამენტს, ან თუ გაქვთ ეპილეპტიური გულყრის ნორმაზე მაღალი რისკი (იხ.: ნაწილი 2).
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი გამოგივლინდათ, ქსტანდის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი სამედიცინო დაწესებულების სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- ეპილეფტიური გულყრა, ძვლის მოტეხილობა, სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობა, გულის ელექტროლიტების ცვლილებები (QT გახანგრძლივება ეკგ-ში), გარდამავალი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომი (თავის ტვინის დაავადება, რომლის მახასიათებლებია ეპილეპტიური გულყრა, ძლიერი თავის ტკივილი, გონების არევა, სიბრმავე და მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები).
ზემოთაღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებად იყოფა:
ძალიან ხშირი (≥1/10)
ხშირი (≥ 1/100, <1/10)
არახშირი (≥ 1/1000, <1/100)
იშვიათი (≥ 1/10 000, <1/1000)
ძალიან იშვიათი (<1/10 000)
უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს:
ძალიან ხშირი
- დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, სისხლის მაღალი წნევა.
ხშირი
- წაქცევა, ძვლის მოტეხილობა, მოუსვენრობის შეგრძნება, კანის სიმშრალე, ქავილი, მახსოვრობის სირთულე, მამაკაცებში მკერდის ზრდა (გინეკომასტია), მოუსვენარი ფეხების სინდრომის გამომხატველი სიმპტომი (სხეულის ნაწილის, ჩვეულებრივ ფეხის მოძრაობის უკონტროლო სურვილი), კონცენტრაციის დაქვეითება, გულმავიწყობა.
არახშირი
- ჰალუცინაციები, აზროვნების სირთულე, დაბალი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა.
უცნობია
კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ზურგის ტკივილი, კარდიოგრამაზე (ეკგ) ცვლილებები (QT გახანგრძლივება), კუჭის გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, გამონაყარი, ღებინება, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპება, თრომბოციტების დონის დაქვეითება, (ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს), დიარეა
იმ შემთხვევაში, თუ შეხვდებით ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება
გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული ან აღუნიშნავი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, თერაპევტს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, თქვენს მიერ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად შებრძანდით ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr და დააკლიკეთ სიმბოლოს -„პრეპარატის გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება“ ან დაუკავშირდით თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TÜFAM) ცხელ ხაზსს ნომერზე 0 800 314 00 08. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. ქსტანდის შენახვის წესი
შეინახეთ ქსტანდი ორიგინალი შეფუთვით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 250-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ კაფსულა, რომელიც ჟონავს, დაზიანებული ან გაფუჭებულია.
ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატი არ გადააგდოთ!
გადაეცით პრეპარატი გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ქსტანდი არ გამოიყენოთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. „ასტელლას ფარმა ილაჩ თიჯარეთ ვე სანაი“
მასლაქ ლინკ პლაზა
მასლაქ მაჰ. ესქი ბუიუქდერე ჯად. #3-5 ბ:14
34398 მასლაქი, სარიერი, სტამბოლი
ტელეფონი: 0212 440 08 00
ფაქსი: 0212 438 36 71
წარმოების ადგილი:
Astellas Pharma Europe BV, Leiden, Hollanda-ს სახელით
Catalent Pharma Solutions, LLC
St. Petersburg, FL 33716, ABD
ტელეფონი: + 1 727 803 2706
ფაქსი: + 1 727 803 2315
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამოწმებულია 11.01.2018 წელს.










