სენოდოპი იზიტაბი 5მგ#28ტ
გააზიარე:
1. ადამიანისთვის განკუთვნილი სამკურნალო პრეპარატის დასახელება
სენოდოპი იზიტაბი 5 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი
სენოდოპი იზიტაბი 10 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ყოველი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.
ყოველი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე კომპონენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 პუნქტში.
3. ფარმაცევტული ფორმა
ოროდისპერგირებადი ტაბლეტი
სენოდოპი იზიტაბი, 5 მგ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი
თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტები, 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის შემცველობით.
სენოდოპი იზიტაბი, 10 მგ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი
თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტები, 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის შემცველობით.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 თერაპიული ჩვენებები
სენოდოპი იზიტაბი ნაჩვენებია შემდეგი დაავადების სიმპტომატური მკურნალობისთვის:
- მსუბუქიდან ზომიერად მძიმე ალცჰაიმერის ტიპის დემენცია.
4.2 დოზირება და მიღების წესი
დოზირება
მოზრდილები/ხანდაზმულები:
მკურნალობა იწყება 5 მგ-ით დღეში (დღეში ერთჯერადი დოზირებით). 5 მგ/დღეში დოზა უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ ერთი თვე, რათა მოხდეს მკურნალობის მიმართ ყველაზე ადრეული კლინიკური რეაქციების შეფასება და დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მდგრადი კონცენტრაციების მიღწევა. 5 მგ/დღეში დოზით ერთთვიანი კლინიკური შეფასების შემდეგ, სენოდოპი იზიტაბის დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში (დღეში ერთჯერადი დოზირება). მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს. დღეში 10 მგ-ზე მაღალი დოზა კლინიკურ კვლევებში შესწავლილი არ არის.
მკურნალობა შეიძლება დაიწყოს და გაკონტროლდეს ალცჰაიმერის ტიპის დემენციის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ. დიაგნოზი უნდა დაისვას აღიარებული გაიდლაინების შესაბამისად (მაგალითად, DSM IV, ICD 10). დონეპეზილით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი იქნება მომვლელი, რომელიც რეგულარულად გააკონტროლებს პრეპარატის მიღებას პაციენტის მიერ. შემანარჩუნებელი მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ აღინიშნება თერაპიული სარგებელი პაციენტისთვის. ამიტომ, დონეპეზილის კლინიკური სარგებელი რეგულარულად უნდა გადაფასდეს. პრეპარატის მიღების შეწყვეტა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ თერაპიული ეფექტი უკვე აღარ არსებობს. დონეპეზილზე ინდივიდუალური რეაქციის პროგნოზირება შეუძლებელია.
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება სენოდოპი იზიტაბის დადებითი ეფექტების თანდათანობითი შემცირება.
პედიატრიული პოპულაცია
სენოდოპი იზიტაბის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება დოზირების ანალოგიური რეჟიმის გამოყენება, ვინაიდან აღნიშნული მდგომარეობა გავლენას არ ახდენს დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კლირენსზე.
ღვიძლის მსუბუქიდან ზომიერი უკმარისობის დროს შესაძლო გაზრდილი ზემოქმედების გამო (იხილეთ პუნქტი 5.2), დოზის გაზრდა ხდება ინდივიდუალური ამტანობის შესაბამისად. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
პრეპარატის მიღების წესი:
სენოდოპი იზიტაბი მიიღება პერორალურად, საღამოს, ძილის წინ. ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ენაზე და დაიშალოს გადაყლაპვამდე წყლით ან წყლის მიყოლების გარეშე, პაციენტის არჩევანისამებრ.
4.3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, პიპერიდინის წარმოებულების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
4.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მძიმე დემენციის, სხვა ტიპის დემენციის ან მეხსიერების სხვა ტიპის დარღვევების (მაგალითად, ასაკთან დაკავშირებული კოგნიტიური დაქვეითება) მქონე პაციენტებში დონეპეზილის გამოყენება არ არის შესწავლილი.
ანესთეზია: სენოდოპი იზიტაბმა, როგორც ქოლინესტერაზას ინჰიბიტორმა, შეიძლება გააძლიეროს სუქცინილქოლინის ტიპის კუნთების მოდუნება ანესთეზიის დროს.
მოვლენები გულ-სისხლძარღვთა მხრივ: მათი ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო, ქოლინესტერაზას ინჰიბიტორებს შეიძლება ჰქონდეს ვაგოტონიური მოქმედება გულის რითმზე (მაგალითად, ბრადიკარდია). აღნიშნული მოქმედების პოტენციალი შეიძლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყოს „სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის“ ან გულის სუპრავენტრიკულური გამტარობის სხვა დარღვევების, მაგალითად, სინოატრიული ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადის მქონე პაციენტებში.
ფიქსირდება სინკოპეს და კრუნჩხვების შემთხვევები. ასეთი პაციენტების გამოკვლევისას, გასათვალისწინებელია გულის ბლოკადის ან ხანგრძლივი სინუსური პაუზების შესაძლებლობა.
მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: წყლულების განვითარების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, წყლულოვანი დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტები, რომლებიც ასევე არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ღებულობენ, აუცილებელია სიმპტომების მონიტორინგი.
თუმცა დონეპეზილით ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა, პლაცებოსთან შედარებით, პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების შემთხვევების ზრდა არ აჩვენა.
მოვლენები შარდ-სასქესო ორგანოების მხრივ: მიუხედავად იმისა, რომ დონეპეზილის კლინიკურ კვლევებში არ ფიქსირდება, ქოლინომიმეტურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტიდან შარდის გადინების ობსტრუქცია.
ნევროლოგიური მოვლენები:
კრუნჩხვები: ქოლინომიმეტურმა საშუალებებმა მოსალოდნელია, რომ გარკვეული ხარისხით გამოიწვიოს გენერალიზებული კრუნჩხვები. თუმცა, კრუნჩხვების აქტივობა ასევე შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების გამოვლინება იყოს. ქოლინომიმეტურმა საშუალებებმა შეიძლება გააძლიეროს ან გამოიწვიოს ექსტრაპირამიდული სიმპტომები.
ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი (NMS)
ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი(NMS), სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ჰიპერთერმიით, კუნთების რიგიდულობით, ავტონომიური არასტაბილურობით, შეცვლილი ცნობიერებითა და შრატში კრეატინფოსფოკინაზას დონეების მომატებით, შეიძლება ძალიან იშვიათად აღინიშნოს დონეპეზილის გამოყენებისას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე ღებულობენ ანტიფსიქოზურ საშუალებებს. დამატებითი ნიშნები შეიძლება იყოს მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობა. ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომის (NMS) მანიშნებელი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ან თუ აღინიშნება გაურკვეველი ეტიოლოგიის მაღალი ცხელება ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომის (NMS) დამატებითი კლინიკური გამოვლინების გარეშე, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ფილტვის მხრივ მოვლენები: მათი ქოლინომიმეტური მოქმედების გამო, ასთმის ან ფილტვების ობსტრუქციული დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები სიფრთხილით ინიშნება.
სენოდოპი იზიტაბის გამოყენება აცეტილქოლინესტერაზას სხვა ინჰიბიტორებთან, ქოლინერგული სისტემის აგონისტებთან ან ანტაგონისტებთან ერთად თავიდან უნდა იქნა აცილებული.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა: ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ასპარტამი: სენოდოპი იზიტაბი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ფენილალანინის წყაროს წარმოადგენს. ის შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პირებში.
სიკვდილიანობა ვასკულარული დემენციის კლინიკურ კვლევებში
6-თვიანი ხანგრძლივობის სამი კლინიკური კვლევა ჩატარდა, რომლებშიც გამოიკვლიეს ის პირები, რომლებიც სავარაუდო ან შესაძლო ვასკულარული დემენციის (VaD) NINDS-AIREN კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. NINDS-AIREN კრიტერიუმები შექმნილია იმ პაციენტების გამოსავლენად, რომელთა დემენცია სავარაუდოდ გამოწვეულია მხოლოდ ვასკულარული მიზეზებით და ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების გამოსარიცხად. პირველ კვლევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 2/198 (1.0%) 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში, 5/206 (2.4%) - 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში და 7/199 (3.5%) - პლაცებოს ჯგუფში. მეორე კვლევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 4/208 (1.9%) 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში, 3/215 (1.4%) - 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში და 1/193 (0.5%) - პლაცებოს ჯგუფში. მესამე კვლევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 11/648 (1.7%) 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში და 0/326 (0%) - პლაცებოს ჯგუფში. სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამი VaD კვლევისათვის კომბინირებული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში (1.7%) რიცხობრივად უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (1.1%), თუმცა, აღნიშნული სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ ყოფილა. გარდაცვალების შემთხვევათა უმრავლესობა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს ან პლაცებოს, გამოწვეული იყო სისხლძარღვებთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, რაც შეიძლება მოსალოდნელი იყოს ხანდაზმულ პოპულაციაში თანმხლები სისხლძარღვთა დაავადებებით. ყველა მძიმე არაფატალური და ფატალური ვასკულარული მოვლენის ანალიზმა არ აჩვენა გამოვლენის სიხშირის მხრივ სხვაობა დონეპეზილის ჰიდროქლორიდისა და პლაცებოს ჯგუფებში.
ალცჰაიმერის დაავადების გაერთიანებულ კვლევებში (n=4146) და ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებით ჩატარებული აღნიშნული კვლევების გაერთიანებისას სხვა ტიპის დემენციის კვლევებთან, ვასკულარული დემენციის კვლევების ჩათვლით (n=6888), სიკვდილიანობის მაჩვენებელი პლაცებოს ჯგუფებში რაოდენობრივად აღემატებოდა დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.
4.5 სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი ნებისმიერი მეტაბოლიტი ადამიანებში არ აინჰიბირებს თეოფილინის, ვარფარინის, ციმეტიდინის ან დიგოქსინის მეტაბოლიზმს. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმზე არ მოქმედებს დიგოქსინის ან ციმეტიდინის თანმხლები გამოყენება. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომა P450 იზოფერმენტები 3A4 და მცირე ხარისხით 2D6 მონაწილეობენ დონეპეზილის მეტაბოლიზმში. პრეპარატების ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით in vitro ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კეტოკონაზოლი და ქინიდინი, CYP3A4 და 2D6 ინჰიბიტორები შესაბამისად, აინჰიბირებს დონეპეზილის მეტაბოლიზმს. შესაბამისად, ამ და CYP3A4-ის სხვა ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და ერითრომიცინი, და CYP2D6-ის ინჰიბიტორებს, როგორებიცაა ფლუოქსეტინი, შეუძლიათ დონეპეზილის მეტაბოლიზმის ინიჰიბირება. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში, კეტოკონაზოლმა გაზარდა დონეპეზილის საშუალო კონცენტრაციები დაახლოებით 30%-ით.
ფერმენტების სტიმულატორებმა, როგორიცაა რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ალკოჰოლი, შეიძლება შეამციროს დონეპეზილის დონეები. ვინაიდან მაინჰიბირებელი ან მასტიმულირებელი ეფექტის ხარისხი უცნობია, ასეთი კომბინაციების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა. დონეპეზილის ჰიდროქლორიდს გააჩნია უნარი, ხელი შეუშალოს ანტიქოლინერგული აქტივობის მქონე პრეპარატებს. ასევე შესაძლებელია სინერგიული მოქმედება ისეთ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, რომლებიც მოიცავს სუქცინილქოლინს, სხვა ნეიროკუნთოვან ბლოკატორებს ან ქოლინერგულ აგონისტებსა თუ ბეტა-ბლოკატორებს, რომლებიც გულის გამტარობაზე მოქმედებენ.
4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში დონეპეზილის გამოყენების შესახებ ადექვატური ინფორმაცია არ არსებობს.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენური ეფექტი, თუმცა აჩვენა პერი- და პოსტნატალური ტოქსიკურობა (იხილეთ პუნქტი 5.3 „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). პოტენციური რისკი ადამიანებისათვის უცნობია. სენოდოპი იზიტაბის გამოყენება ორსულობისას შეიძლება მხოლოდ აშკარა აუცილებელობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
დონეპეზილის გამოყოფა მოხდა ვირთხების რძეში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ადამიანის რძეში და მეძუძურ დედებში კვლევები არ ჩატარებულა. შესაბამისად, დონეპეზილით მკურნალობის დროს ქალებმა უნდა შეაჩერონ ძუძუთი კვება.
4.7 ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
დონეპეზილი უმნიშვნელოდ ან ზომიერად ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. დემენციამ შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარის დარღვევა. გარდა ამისა, დონეპეზილმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა და კუნთების სპაზმი, ძირითადად მკურნალობის დაწყების ან დოზის გაზრდის დროს. მკურნალმა ექიმმა რუტინულად უნდა შეაფასოს დონეპეზილით ნამკურნალები პაციენტის უნარი, განაგრძოს ავტომობილის მართვა ან კომპლექსურ მანქანა-დანადგარებთან მუშაობა.
4.8 გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ფაღარათი, კუნთების სპაზმი, დაღლილობა, გულისრევა, პირღებინება და უძილობა.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირებულია ცალკეულ შემთხვევებზე მეტად, მოცემულია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში, ორგანოთა სისტემებისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1,000, <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (≥10,000) და უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
|
ორგანოთა სისტემების კლასი |
ძალიან ხშირი |
ხშირი |
არახშირი |
იშვიათი |
ძალიან იშვიათი |
|
ინფექციები და ინვაზიები |
ზოგადი გაციება |
||||
|
მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები |
ანორექსია |
||||
|
ფსიქიატრიული დარღვევები |
ჰალუცინაციები** აჟიტირება** აგრესიული ქცევა** უჩვეულო სიზმრები და კოშმარები** |
||||
|
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
სინკოპე*, თავბრუსხვევა, უძილობა |
კრუნჩხვები* |
ექსტრაპირამიდული სიმპტომები |
ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი |
|
|
გულის მხრივ დარღვევები |
ბრადიკარდია |
სინოატრიალური ბლოკადა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა |
|||
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ |
ფაღარათი, გულისრევა |
პირღებინება, აბდომინალური დარღვევები |
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია |
||
|
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები |
ღვიძლის დისფუნქცია ჰეპატიტის ჩათვლით*** |
||||
|
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები |
გამონაყარი, ქავილი |
||||
|
ჩონჩხკუნთვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების დარღვევები |
კუნთების სპაზმი |
რაბდომიოლიზი**** |
|||
|
თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ დარღვევები |
შარდის შეუკავლობა |
||||
|
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მოვლენები |
თავის ტკივილი |
დაღლილობა ტკივილი |
|||
|
გამოკვლევები |
კუნთის კრეატინკინაზას კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება შრატში |
||||
|
ტრავმა და მოწამვლა |
უბედური შემთხვევა |
* გულის წასვლის ან კრუნჩხვების გამოკვლევისას პაციენტებში, გასათვალისწინებელია გულის ბლოკადისა ან ხანგრძლივი სინუსური პაუზების შესაძლებლობა (იხილეთ პუნქტი 4.4).
** ჰალუცინაციების, უჩვეულო სიზმრების, კოშმარების, აჟიტირებისა და აგრესიული ქცევის შემთხვევები ალაგდა დოზის შემცირებით ან მკურნალობის შეწყვეტით.
*** ღვიძლის აუხსნელი დისფუნქციის შემთხვევების დროს, მიზანშეწონილია სენოდოპი იზიტაბის შეწყვეტა.
**** რაბდომიოლიზი განვითარდა ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომისგან დამოუკიდებლად ან დროებით მჭიდრო კავშირშია დონეპეზილის დაწყებასთან ან დოზის მომატებასთან.
4.9 ჭარბი დოზირება
დონეპეზილის ჰიდროქლორიდის სავარაუდო საშუალო ლეთალური დოზა ერთჯერადი პერორალური დოზის მიცემისას ვირთაგვებსა და ვირთხებში, შესაბამისად, არის 45 და 32 მგ/კგ, ან ადამიანის მაქსიმალური რეკომენდებული დოზის 10 მგ/დღეში დაახლოებით 225 და 160-ჯერ მეტი. ქოლინერგული სტიმულაციის დოზა-დამოკიდებული ნიშნები აღინიშნა ცხოველებში და მოიცავდა შემცირებულ სპონტანურ მოძრაობებს, მუცელზე მწოლიარე მდგომარეობას, ბარბაცით სიარულს, ცრემლდენას, კლონურ კრუნჩხვებს, სუნთქვის დათრგუნვას, ნერწყვდენას, მიოზს, ფასციკულაციას და სხეულის ზედაპირის დაბალ ტემპერატურას.
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლინერგული კრიზი, რომელიც ხასიათდება მძიმე გულისრევით, პირღებინებით, სალივაცით, ოფლიანობით, ბრადიკარდიით, ჰიპოტენზიით, სუნთქვის დათრგუნვით, კოლაფსითა და კრუნჩხვებით. შესაძლებელია კუნთების სისუსტის მომატება და, სასუნთქი კუნთების ჩართვის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
ისევე, როგორც ჭარბი დოზირების ნებისმიერი შემთხვევის დროს, გამოყენებულ უნდა იქნას ზოგადი დამხმარე ზომები. სენოდოპი იზიტაბით ჭარბი დოზირების ანტიდოტის სახით შეიძლება მესამეული ანტიქოლინერგული საშუალების, მაგალითად, ატროპინის გამოყენება. რეკომენდებულია ინტრავენური ატროპინის სულფატი ტიტრირებული ეფექტამდე: 1.0-2.0 მგ საწყისი ინტრავენური დოზით შემდგომი დოზირებით კლინიკური რეაქციის მიხედვით. სხვა ქოლინომიმეტური საშუალებების შემთხვევაში აღინიშნა ატიპიური რეაქციები არტერიული წნევისა და გულის რითმის მხრივ მეოთხეულ ანტიქოლინერგულ საშუალებებთან, მაგალითად, გლიკოპიროლატთან გამოყენებისას. არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი მეტაბოლიტები დიალიზის (ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის ან ჰემოფილტრაციის) გზით.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დემენციის საწინააღმდეგო პრეპარატები; ანტიქოლინესთერაზები
ათქ კოდი: N06DA02
მოქმედების მექანიზმი
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს აცეტილქოლინესთერაზას, თავის ტვინში მთავარი ქოლინესთერაზას სპეციფიკურ და შექცევად ინჰიბიტორს. In vitro დონეპეზილის ჰიდროქლორიდი აღნიშნული ფერმენტის 1000-ჯერ უფრო ძლიერი ინჰიბიტორია, ვიდრე ბუთირილქოლინესთერაზა, ფერმენტი, რომელიც ძირითადად ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ გვხვდება.
ალცჰაიმერის ტიპის დემენცია
ალცჰაიმერის ტიპის დემენციის მქონე პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობენ კლინიკურ კვლევებში, დონეპეზილის 5 მგ ან 10 მგ ერთჯერადი დღიური დოზების გამოყენებამ გამოიწვია აცეტილქოლინესთერაზას აქტივობის მდგრადი ინჰიბირება (გაზომილი ერითროციტების მემბრანებში) 63.6% და 77.3%-ით, შესაბამისად, გაზომილი დოზირების შემდეგ. აცეტილქოლინესთერაზას (AChE) ინჰიბირება სისხლის წითელ უჯრედებში დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მიერ კორელირებს ADAS-cog ცვლილებებთან, მგრძნობიარე შკალასთან, რომელიც შემეცნების შერჩეულ ასპექტებს იკვლევს. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის უნარი - შეცვალოს ძირითადი ნეიროპათოლოგიის მიმდინარეობა - არ არის შესწავლილი. ამრიგად, დონეპეზილს სავარაუდოდ არ გააჩნია არანაირი ზეგავლენა დაავადების პროგრესირებაზე.
ალცჰაიმერის ტიპის დემენციის დონეპეზილით მკურნალობის ეფექტიანობა შეისწავლეს ოთხ პლაცებო-კონტროლირებად კვლებაში, 6-თვიანი ხანგრძლივობის 2 კვლევაში და 1-წლიანი ხანგრძლივობის 2 კვლევაში.
6-თვიან კლინიკურ კვლევაში, ანალიზი ჩატარდა დონეპეზილით მკურნალობის შეჯამებით ეფექტიანობის სამი კრიტერიუმის კომბინაციის გამოყენებით: ADAS-Cog (კოგნიტიური ფუნქციის საზომი), კლინიკური ინტერვიუ, დაფუძნებული ცვლილებებზე, მომვლელის მონაწილეობით (გლობალური ფუნქციის საზომი) და დემენციის კლინიკური შეფასების შკალის ყოველდღიური ცხოვრების ქვეშკალა (საზოგადოებრივ საქმეებში, სახლის, ჰობისა და პერსონალური მოვლის საქმეებში).
პაციენტებმა, რომლებმაც დააკმაყოფილეს ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები, მიჩნეულ იქნენ, რომ უპასუხეს მკურნალობას.
საპასუხო რეაქცია = ADAS-Cog-ის გაუმჯობესება მინიმუმ 4 ქულით
CIBIC+ გაუარესება არ აღინიშნება
დემენციის კლინიკური შეფასების შკალის ყოველდღიური ცხოვრების ქვეშკალის აქტივობების გაუარესება არ აღინიშნება
|
% პასუხი |
||
|
სამკურნალო პოპულაცია n = 365 |
შესაფასებელი პოპულაცია n = 352 |
|
|
პლაცებოს ჯგუფი |
10% |
10% |
|
5 მგ დონეპეზილის ჯგუფი |
18%* |
18%* |
|
10 მგ დონეპეზილის ჯგუფი |
21%* |
22%** |
* p < 0.05
** p < 0.01
დონეპეზილმა გამოიწვია იმ პაციენტების პროცენტული მაჩვენებლის, რომლებიც წარმოადგენდნენ სათანადო მკურნალობის რესპონდენტებს, დოზა-დამოკიდებული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მომატება.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა: მაქსიმალური პლაზმური დონეები მიიღწევა პრეპარატის პერორალური მიღებიდან დაახლოებით 3-4 საათში. პლაზმური კონცენტრაცია და მრუდის ქვეშ ფართობი იზრდება დოზის პროპორციულად. ნახევრადგამოყოფის საბოლოო დრო შეადგენს დაახლოებით 70 საათს, შესაბამისად, მრავალჯერადი, დღეში ერთხელ დოზების გამოყენება იწვევს მდგრად მდგომარეობამდე ეტაპობრივ მიახლოებას. სტაბილური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ, დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია პლაზმაში და შესაბამისი ფარმაკოდინამიკური აქტივობა მცირედით იცვლება დღის განმავლობაში.
საკვები ზეგავლენას არ ახდენს დონეპეზილის ჰიდროქლორიდის შეწოვაზე.
განაწილება: დონეპეზილის ჰიდროქლორიდი დაახლოებით 95%-ით უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს. აქტიური მეტაბოლიტის 6-O-დესმეთილდონეპეზილის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უცნობია. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის განაწილება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში არ არის კარგად შესწავლილი. თუმცა, მასის ბალანსის კვლევაში, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელ, მამრობითი სქესის მოხალისეებში, ერთჯერადი 14C-მარკირებული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ერთჯერადი 5 მგ დოზის შეყვანიდან 240 საათის შემდეგ, მარკირების დაახლოებით 28% დარჩა აღუდგენელი სახით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი მეტაბოლიტები შეიძლება ორგანიზმში 10 დღეზე მეტ ხანს დარჩეს.
ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა: დონეპეზილის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით და მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 სისტემით მრავალ მეტაბოლიტებად, რომელთაგან ყველა არ არის იდენტიფიცირებული. 14C-მარკირებული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ერთჯერადი 5 მგ დოზის შეყვანის შემდეგ, პლაზმური რადიოაქტივობა, გამოსახული მიღებული დოზის პროცენტის სახით, ძირითადად წარმოდგენილი იყო ინტაქტური დონეპეზილის ჰიდროქლორიდის (30%), 6-O-დესმეთილდონეპეზილის (11% - ერთადერთი მეტაბოლიტი, რომელიც ავლენს დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მსგავს აქტივობას), დონეპეზილ-ცის-N-ოქსიდის (9%), 5-O-დესმეთილდონეპეზილის (7%) და 5-O-დესმეთილდონეპეზილის გლუკურონიდის კონიუგატის (3%) სახით. ჯამში მიღებული რადიოაქტივობის დაახლოებით 57% აღდგა შარდში (17% უცვლელი დონეპეზილის სახით) და 14.5% აღდგა განავალში, რაც მიუთითებს, რომ ბიოტრანსფორმაცია და შარდში ექსკრეცია არის ელიმინაციის ძირითადი გზა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება ვივარაუდოთ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის და/ან მისი ნებისმიერი მეტაბოლიტის ენტეროჰეპატური რეცირკულაცია.
პლაზმაში დონეპეზილის კონცენტრაციები მცირდება დაახლოებით 70-საათიანი ნახევრადგამოყოფის პერიოდით.
სქესი, რასა და სიგარეტის მოწევის ისტორია კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს დონეპეზილის ჰიდროქლორიდის პლაზმურ კონცენტრაციებზე. დონეპეზილის ფარმაკოკინეტიკა ფორმალურად არ შესწავლილა ჯანმრთელ ხანდაზმულ სუბიექტებში ან ალცჰაიმერის ან ვასკულარული დემენციის მქონე პაციენტებში. თუმცა, საშუალო დონე სისხლის პლაზმაში ისეთივე იყო, რაც ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.
ღვიძლის მსუბუქიდან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა დონეპეზილის მომატებული სტაბილური კონცენტრაციები; საშუალო AUC 48%-ით და საშუალო Cmax 39%-ით (იხილეთ პუნქტი 4.2).
5.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ნაერთი იწვევს რამდენიმე ეფექტს, გარდა სავარაუდო ფარმაკოლოგიური ეფექტებისა, რაც შეესაბამება მის მოქმედებას ქოლინერგული სტიმულატორის სახით (იხილეთ პუნქტი 4.9).
დონეპეზილს არ გააჩნია მუტაგენური მოქმედება ბაქტერიებისა და ძუძუმწოვრების უჯრედების მიმართ მუტაციების ანალიზის დროს. რამდენიმე კლასტოგენური ეფექტი აღინიშნა in vitro უჯრედებისათვის აშკარად ტოქსიკურ კონცენტრაციებზე, აგრეთვე იმ კონცენტრაციებზე, რომლებიც 3000-ჯერ აღემატებოდა სტაციონარულ კონცენტრაციებს პლაზმაში. კლასტოგენური ან სხვა გენოტოქსიკური ეფექტები არ აღინიშნა ვირთაგვის მიკრობირთვის მოდელში in vivo. კანცეროგენობის გრძელვადიან კვლევებში ონკოგენური პოტენციალის მტკიცებულებანი არც ვირთხებსა და არც ვირთაგვებში არ აღინიშნებოდა.
დონეპეზილის ჰიდროქლორიდს არ გააჩნია ეფექტი ვირთხების ფერტილობაზე, აგრეთვე არ ჰქონდა ტერატოგენური ეფექტი არც ვირთხებსა და არც ბოცვრებში, თუმცა უმნიშვნელო ზეგავლენა ჰქონდა მკვდრადშობადობასა და ნაშიერის სიცოცხლისუნარიანობაზე ორსულ ვირთხებში ადამიანის დოზაზე 50-ჯერ მაღალი დოზების გამოყენებისას (იხილეთ პუნქტი 4.6).
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1 დამხმარე კომპონენტების ჩამონათვალი
ფარმაბურსტი C1*
პროსოლვი SMCC HD 90**
კოლიდონი CL
ნატრიუმის მეტაბისულფიტი
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (აეროსილი 200)
ასპარტამი
კოლიდონი CL-F
ნატრიუმის სტეარილფუმარატი
მაგნიუმის სტეარატი
* ფარმაბურსტი Cl შეიცავს 75-90% მანიტოლს, 6-20% სორბიტოლს, 7-15% კროსპოვიდონს, 0.1-1.5% კოლოიდურ ჰიდრატირებულ სილიციუმს.
** პროსოლვი SMCC HD90 არის ნარევის სავაჭრო დასახელება, რომელიც შედგება 98% მიკროკრისტალური ცელულოზისა და 2% კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდისაგან.
6.2 არათავსებადობა
არ არის შესაბამისი.
6.3 ვარგისობის ვადა
2 წელი
6.4 შენახვის განსაკუთრებული პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5 შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
პვქ/ოპა/ალ/პვქ ალუმინით - ალუმინის ფოლგის (ფოლგის სტრიპების) ბლისტერები
ბლისტერული შეფუთვა 28 ტაბლეტის შემცველობით
28 ტაბლეტი/4 ბლისტერი/1 კოლოფი
(7 ტაბლეტი/1 ბლისტერი)
6.6 ადამიანისთვის განკუთვნილი სამკურნალო პრეპარატების ნარჩენი მასალის უტილიზაცია და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Cad. No: 14 34768
უმრანიე / სტამბოლი, თურქეთი
ტელ.: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
8. სავაჭრო ლიცენზიის ნომერი (ნომრები)
სენოდოპი იზიტაბი 5 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი
2015/759 (წარმოშობის ქვეყანა - თურქეთი)
სენოდოპი იზიტაბი 10 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი
2015/758 (წარმოშობის ქვეყანა - თურქეთი)
9. პირველი ლიცენზიის გაცემის / ლიცენზიის განახლების თარიღი
14/09/2015 წ. (წარმოშობის ქვეყანა - თურქეთი)
10. ტექსტის გადახედვის თარიღი
ოქტომბერი, 2020 წ.










