ბედნიერი დასვენება: საზაფხულო რჩევები

გააზიარე:

ყველა ბავშვი მოუთმენლად ელის ზაფხულს – მზეს, სითბოს, დასვენებასა და გართობას, უფროსებმა კი ვიცით, რომ სწორად გატარებული საზაფხულო არდადეგები ხშირად მთელი წლის ჯანმრთელობის საწინდარია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ზედმიწევნით გამოვიყენოთ ამ სეზონის სიკეთეები.

საზაფხულო რჩევებს “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ობგაიძე შემოგთავაზებთ.

 

– ჰაერი, რომელშიც მეტი ჟანგბადია და ნაკლები მავნე მინარევი, აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს ორგანიზმის ყველა ორგანოს ფუნქციობას, ასუფთავებს სასუნთქ გზებს, დადებითად მოქმედებს სისხლმბად, სისხლის მიმოქცევისა და იმუნურ სისტემებზე. მზის სხივების ზემოქმედებით კანში წარმოიქნება D ვიტამინი, რომელიც კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებს და ამით ხელს უწყობს ბავშვის ძვალსახსროვანი სისტემის სწორ განვითარებას. ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა ასევე აუცილებელია ფიზიკური განვითარებისთვის, გაკაჟებისთვის.

– რას ნიშნავს გაკაჟება და როგორ გავაკაჟოთ ბავშვი?

– გაკაჟება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს თბორეგულაციის პროცესების გავარჯიშებას, მათ სრულყოფას, რაც ზრდის ორგანიზმის მედეგობას გარეგანი ფაქტორების, ინფექციების მიმართ. გაკაჟება შეიძლება წყლით, ჰაერით. გასაკაჟებლად საჭიროა ცივი და თბილი პროცედურების მონაცვლეობა, მაგალითად, კონსტრასტული (თბილი და გრილი) შხაპი, ხელ-ფეხის კონსტრასტული აბაზანა, წყლის შემდეგ – ჰაერის აბაზანა და სხვა. გაკაჟების დასაწყებად საუკეთესო დრო სწორედ ზაფხულია, რადგან ბუნება ამ დროს თავად გვთავაზობს გაკაჟების ოპტიმალურ პირობებს.

– სამწუხაროდ, ყველა ოჯახს ვერ გაჰყავს ბავშვები ქალაგქარეთ. რისი გაკეთება შეიძლება ქალაქში მათი დასვენება-გაკაჟებისთვის?

– მართალი ბრძანდებით, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის მხოლოდ 54% ახერხებს ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანას. უნდა ვეცადოთ, ქალაქში დარჩენილები ხშირად გავასეირნოთ ქალაქის შემოგარენში, ტბაზე, ტყე-პარკში, სარეკრეაციო ზონაში – იქ, სადაც ჰაერი შედარებით სუფთაა და გაჯერებულია ჟანგბადით.

მაგრამ არ დაივიწყოთ სიფრთხილე – მცირეწლოვან ბავშვს ნუ დატოვებთ უმეთვალყურეოდ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით წყალსატევთან.

მზე, როგორც აღვნიშნე, აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ – მზეზე დიდხანს ყოფნამ შესაძლოა მზის დაკვრა, სითბური დაკვრა ან კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად შინიდან გასვლისას ბავშვი პატარა საზაფხულო, ღია ფერის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლითა და ქუდით შემოსეთ – ღია ფერი მზის სხივებს ირეკლავს და სიცხეც ადვილი ასატანი ხდება. განსაკუთრებით მოარიდეთ მზეს შუადღის 12-დან საღამოს 5 საათამდე. საზოგადოდ, მზეზე დიდხანს ყოფნა არც ერთი ასაკის ადამიანისთვის არ არის სასარგებლო – გარდა დამწვრობისა, მზესთან ასოცირდება კანის ავთვისებიანი დაავადებებიც. ბავშვის კანი გაცილებით ნაზია და თხელი, რის გამოც მზის სხივების დამაზიანებელი მოქმედება უფრო სწრფად გამოიხატება, ამიტომ აუცილებლად წაუსვით მზისგან დამცავი საბავშვო კრემი.

– რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ კრემი?

– დააკვირდით ეტიკეტზე მითითებულ შPF-ის – მზისგან დამცავი ფაქტორის – ინდექსს. რაც უფრო მაღალია შPF, მით უფრო მეტხანს და ეფექტურად დაიცავს კრემი თქვენს პატარას. თუ ბავშვი შავგვრემანია, 15-30 ინდექსიანი კრემიც ეყოფა, თუ თეთრი – 30-50 ინდექსიანი გამოიყენეთ. კრემის ერთჯერადი წასმა არ კმარა, მისი ფენა ორ საათში ერთხელ უნდა განვაახლოთ.

აუცილებელია ბავშვისთვის ადეკვატური რაოდენობის სითხის მიწოდება, რადგან გარემოს ტემპერატურასთან ერთად ოფლის გამოყოფაც იმატებს. სიცხეში ბავშვმა უფრო მეტი სითხე უნდა მიიღოს, უმეტესად – წყალი, ასევე – ხილის წვენი, კომპოტი, ჩაი, რათა თავიდან ავიცილოთ გაუწყლოება.

– დაახლოებით რამდენი სითხე სჭირდება ბავშვს ზაფხულში?

– თუ ჩვილი მხოლოდ ძუძუს წოვს, წყალი არ დასჭირდება; გააგრძელდეთ ძუძუთი კვება მოთხოვნისამებრ ზაფხულის თვეებშიც. ხელოვნური კვების შემთხვევაში, ასევე – დამატებითი კვების დაწყების შემდეგ 4-დან 6 თვემდე ასაკის ჩვილებს დღეში დაახლოებით 250 მლ წყალი უნდა დავალევინოთ, 6-დან 11 თვემდე – 500 მილილიტრი, 1-დან 4 წლამდე ასაკის პატარებს – 1 ლიტრი, 4 წელს გადაცილებულებს კი – 1-1,5 ლიტრი.

ჭარბმა ოფლიანობამ შესაძლოა ნასიცხის გაჩენა გამოიწვიოს, რაც კანის გაწითლებით, წვრილი გამონაყარით ვლინდება. ამის თავიდან ასაცილებლად ბავშვი ყოველდღე აბანავეთ, ცხელ დღეებში კი უფრო ხშირადაც მიაღებინეთ აბაზანა ან შხაპი.

– როგორ ავიცილოთ ნაწლავთა აშლილობა – ზაფხულის თანმხლები მოვლენა?

– ზაფხულობით მართლაც აქტიურდება ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციური აგენტები. სწორედ ამიტომ ხშირდება ნაწლავთა აშლილობა. ამ ინფექციათა გადაცემის გზა მეტწილად ფეკალურ-ორალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჭუჭყიანი ხელების, დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ ხშირად დაბანეთ პატარას ხელები, ყურადღება მიაქციეთ, რომ დაბანილი ხელებით ჭამამდე აღარაფერს შეეხოს, ხარისხიანი და ახალი საკვები შესთავაზეთ, დარწმუნდით, რომ წყალი, რომელსაც ასმევთ, სასმელად ვარგისი და სუფთაა. თუ სასმელი წყლის ვარგისობაში არ ხართ დარწმუნებული, უმჯობესია, აადუღოთ, გააგრილოთ და ისე დაალევინოთ პატარას. ხორცი, რძე და კვერცხი თერმულად კარგად დაამუშავეთ, რათა გამოირიცხოს ინფექციური სნეულებების გადატანა, მათ შორის – სალმონელოზისაც, რომელიც მძიმე დიარეით მიმდინარეობს. ამავე მიზეზით ნუ აჭმევთ ბავშვს თოხლოდ მოხარშულ კვერცხს და გოგლიმოგლს. ყურადღება მიაქციეთ საკვების შენახვის წესებს. მალფუჭებადი პროდუქტები – ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, ნამცხვრები – აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 8 გრადუსზე.

ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ ჭამის წინ.

ნუ გამოიყენებთ ავადმყოფის პირადი ჰიგიენის ნივთებს.

ზაფხულში იმატებს მიწასთან კონტაქტი, ამიტომ ხშირდება ჰელმინთებით – პარაზიტი ჭიებით – დასნებოვნებაც. ნუ აბანავებთ ბავშვს უცნობ წყალსატევში – ის შესაძლოა ინფექციური აგენტებით ან ჰელმინთებით დაბინძურებული აღმოჩნდეს.

ზაფხულში იმატებს ცხოველებთან კონტაქტიც. თუ პატარა ცხოველმა დაკბინა, დაკაწრა ან დადორბლა, რაბიოლოგს უნდა მიაკითხოთ, რათა ცოფი აიცილოთ თავიდან.

– რითია საშიში მწერის ნაკბენი და როგორ დავიცვათ ბავშვები ამ გზით გავრცელებული დაავადებებისაგან?

– მწერების მომრავლება ზაფხულისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო მოვლენაა. მათმა ნაკბენმა შესაძლოა არა მხოლოდ უმნიშვნელო უსიამოვნებები, არამედ სერიოზული დაავადებებიც გამოიწვიოს.

მწერის ნაკბენი ვლინდება წვით, ქავილით, კანის შეწითლებითა და ამობურცვით. ფუტკრის, კრაზანას, ბუზანკლის ნაკბენი ძალზე მტკივნეულია და მკვეთრი შესივება და სიწითლე ახასიათებს. შესაძლოა, ზოგადი ალერგიული რეაქციებიც მოჰყვეს. მიზეზი იმ შხამის აუტანლობაა, რომელსაც მწერები კბენისას ორგანიზმში უშვებენ. ყველაზე საშიში ალერგიული შეშუპება ანაფილაქსიური შოკია, რომელიც დროული სამედიცინო დახმარების გარეშე შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს.

კოღოს ნაკბენს კანის გაღიზიანება და ქავილი მოჰყვება, რაც მწერის ნერწყვის ორგანიზმში მოხვედრის შედეგია. კოღო გავრცელებულია ნესტიან გარემოში, წყალსატევის, მდინარის, გუბურას შემოგარენში. ის საღამოობით აქტიურდება, ამიტომ ჯობს, პატარა შებინდების შემდეგ შინ შევიყვანოთ. კოღოს უამრავი სახეობიდან ყველაზე საშიშია ანოფელესი, რომელსაც მალარიის გამომწვევი გადააქვს და ამ მძიმე დაავადებას ავრცელებს.

კიდევ ერთი სისხლისმწოველი მწერი, რომელიც ადამიანს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ფლებოტომუსია – ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტის გადამტანი.

რწყილებსა და ტკიპებს მძიმე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების გადატანა შეუძლიათ. ყველაზე საშიშია ტკიპა, რომელიც სისხლით იკვებება. მისი გადამტანები შინაური და გარეული ცხოველები არიან, ამიტომ საფრთხე უმთავრესად მათ ემუქრებათ, ვინც სასოფლო-სამეურნო საქმიანობას მისდევს. ტკიპა შესაძლოა ტყეში ან მინდორში სეირნობიდანაც მოიყოლოთ შინ. ტკიპა 7-10 დღე რჩება კანზე მიკრული და სისხლით იკვებება, იმავდროულად სისხლში სხვადასხვა დავადების გამომწვევს უშვებს, მათ შორის – რიკეტსიებს, ბორელიებს, ვირუსებს.

მწერის ნაკბენზე პატარას ცივი კომპრესი ან ყინული დაადეთ. ძლიერი ქავილისას ექიმის დანიშნულებით შეშუპებისა და ქავილის საწინააღმდეგო მალმოც შეიძლება გამოიყენოთ. ნესტრიანი მწერის ნაკბენზე სპირტიანი საფენი ან ზეთში დასველებული ტამპონი დააფინეთ – ასე ნესტარი ადვილად ამოვარდება. ასევე უნდა მოიქცეთ კანზე ტკიპის აღმოჩენისას. ტკიპის ხელით მოცილება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა მისი ხორთუმი კანში დარჩეს.

ბავშვი მწერებისგან რომ დაიცვათ:

* ნუ ასეირნებთ შებინდების შემდეგ.

* ფანჯრებზე ააკარით მწერებისგან დამცავი ბადეები.

* თუ ფანჯრები ღია გაქვთ, საღამოს ოთახში ნუ აანთებთ სინთალეს.

* თუ ირგვლივ ბევრი მწერია, გამოიყენეთ რეპელენტები, ბავშვს კი გრძელსახელოებიანი და გრძელტოტებიანი ტანსაცმელი ჩააცვით, რომ მწერებმა არ დაკბინონ.

თუ შეამჩნიეთ, რომ კბენის შემდეგ პატარას სუნთქვა ან ყლაპვა უჭირს, ნაკბენ ადგილას კანი მკვეთრად შეუშუპდა, დაეწყო თავბრუხვევა, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ!

გარდა ამისა, ქალაქიდან გასვლამდე იზრუნეთ საოჯახო აფთიაქის შევსებაზე. არ დაგავიწყდეთ შემდეგი ნივთები და წამლები:

* თერმომეტრი;

* სპირტი, ბამბა, დოლბანდი, ერთჯერადი პლასტირები;

* რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარი ჭრილობების დასამუშავებლად (იოდის ხსნარი, ბრილიანტის მწვანე, წყალბადის ზეჟანგი);

* ორალური სარეჰიდრატაციო მარილი პაკეტებით – ფხვნილი, რომელიც წყალში იხსნება და გამოიყენება დიარეის დროს დაკარგული სითხისა და მარილების შესავსებად;

* სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები – პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. მედიკამენტი გამოიყენება 38,5 0ც და უფრო მაღალი ცხელების დროს;

* დამწვრობის საწინააღმდეგო რომელიმე მალამო;

* საშუალებები, რომლებიც პატარას უკვე დაუნიშნა ექიმმა.

ბავშვების გარეთ ყოფნის თანამდევ მცირე ტრავმებს თავადაც გაუმკლავდებით – ჭრილობა ჩამობანეთ წყლით, წაუსვით ანტისეპტიკური ხსანარი და დააკარით პლასტირი, დაჟეჟილ ადგილებზე დააწყვეთ ცივი საფენები (შეიძლება ყინულის დადებაც). სერიოზული დაზიანებისას კი მიმართეთ ექიმს.

– დაბოლოს, ვამეცადინოთ თუ არა ბავშვი ზაფხულში?

– მრავალი კვლევით დასტურდება, რომ არდადეგების პერიოდში სწავლის პროცესისგან დასვენება ხელს უწყობს იმ ცოდნის დიდი ნაწილის დაკარგვას, რომელიც ბავშვმა სასწავლო წლის განმავლობაში მიიღო. განსაკუთრებით აისახება ეს მათემატიკური უნარების განვითარებაზე. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ სამთვიანი დასვენების შემდეგ გამოთვლით მათემატიკაში ბავშვი ერთი თვით უკან იხევს. გარკვეულწილად უქვეითდება მეხსიერებაც. ამიტომ მეცნიერთა დიდი ნაწილი გვირჩევს, არდადეგებზე ბავშვები მსუბუქად ვამეცადინოთ. თუმცა ამ მოსაზრებას მცირერიცხოვანი ოპონენტებიც ჰყავს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბავშვი არდადეგების დროს არ უნდა დავტვირთოთ, სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ის თავისთავად აღიდგენს ცოდნას და დასწავლის უნარს. შეიძლება ოქროს შუალედის პოვნა და დაკარგულის რამდენადმე კომპენსირება მხატვრული ლიტერატურის კითხვით, რითაც ბავშვებს უფრო მეტად გავულამაზებთ არდადეგებს.

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: