ადრეული ასაკის ბავშვთა კვების პრიორიტეტები

გააზიარე:

ბავშვის ჰარმონიული ზრდა-განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ და რაციონალურ კვებას. განსაკუთრებით რთულია საკვების შერჩევა შერეულ და ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის.

ბავშვთა ჰემატოლოგ-პედიატრი, პროფესორი ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე, საკუთარ გამოცდილებასა და თვალსაზრისს გვიზიარებს.

 

– ბავშვის კვების ინდუსტრიის მზარდმა განვითარებამ ადაპტირებული საკვების შექმნით რევოლუციური მასშტაბის გავლენა მოახდინა ნუტრიციულ პროცესებზე.

დაბადებიდანვე ბავშვის უალტერნატივო საკვებია დედის რძე. მისი მეშვეობით ახალშობილი ეგუება გარემოს. ძუძუთი კვება თანმიმდევრულ გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე. დედის რძეში მრავლად არის ყველა ის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერება, რომლებიც მრავალმხრივ უწყობს ხელს ტვინის, მხედველობისა და ინტელექტუალური ფუნქციების განვითარებას. დედის რძის მეშვეობით ბავშვის ნაწლავებში იქმნება ბიოცენოზისთვის ოპტიმალური გარემოც. მრავალი ცდის მიუხედავად, მეცნიერებმა დღემდე ვერ შექმნეს მასავით სრულყოფილი საკვები. დედის რძე კვების პრიორიტეტად არის აღიარებული.

ბოლო ხანს ძუძუთი კვების წესებმაც განიცადა განსაზღვრული ცვლილება. მაგალითად, ამჟამად მიღებულია, ახალშობილს დაბადებისთანავე მიეცეს ძუძუ, რათა მის ნაწლავებში წარმოიქმნას მყარი ფიზიოლოგიური ბიოცენოზი და ნორმალური მიკროფლორის ნაცვლად იქ არ დამკვიდრდნენ სამშობიარო სახლებში მუდმივად არსებული პათოლოგიური მიკრობები.

  • – როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვილი ძუძუს ვერ წოვს?

– ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც ექიმი იძულებულია ურჩიოს, ბავშვს აწოვონ ძუძუდან გამოწველილი რძე. საზოგადოდ, ადრეული ასაკის ბავშვები ძუძუს წოვასთან მიმართებით შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

  • ახალშობილები, რომლებიც დაბადებისთანავე ცუდად წოვენ ძუძუს (დღენაკლულები, ტრავმირებულები);
  • ზარმაცი მწოველები;
  • კარგი მწოველები, რომლებიც პერიოდულად უარს ამბობენ რძეზე.

თუ ბავშვი ცუდად წოვს ძუძუს, აუცილებელია, მას ხშირად გამოვაწოვინოთ ორივე ძუძუ. თუ ბავშვი მძიმედაა ავად და ძუძუს ვერ წოვს, გამოწველილი რძე ბოთლით უნდა ვაწოვოთ, თუ ვერც ამგვარად იღებს – ზონდით მივაწოდოთ.

სუსტი მწოველები და მუდმივი ძილისკენ მიდრეკილი ბავშვები უნდა გამოვაფხიზლოთ, ძუძუ ვაწოვოთ, მერე კი დამატებით მივცეთ გამოწველილი რძე.

ზოგი ახალშობილი ძუძუს ცუდად წოვს, გამოწველილ რძეს კი კარგად. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას დაქვეითებული აქვს წოვისა და ყლაპვის რეფლექსი. ასეთი ბავშვის კვება, ვიდრე მდგომარეობა არ შეიცვლება, ამგვარადვე უნდა გაგრძელდეს.

  • – რა ვიღონოთ, თუ ბავშვმა უეცრად უარი თქვა ძუძუს წოვაზე?

– თუ ბავშვმა, რომელიც ორ-სამ თვემდე კარგად წოვდა ძუძუს, ერთბაშად უარი თქვა ძუძუს წოვაზე, მაგრამ ეტყობა, რომ შიმშილი აწუხებს, უნდა გაირკვეს, დედამ ხომ არ მიირთვა ხახვი, ნიორი, ხომ არ მიიღო რამე წამალი – ეს ყველაფერი რძეს სუნსა და გემოს უცვლის. ამ შემთხვევაში ბავშვს ჯერ გამოწველილი რძე უნდა შევთავაზოთ. თუ ესეც უშედეგო აღმოჩნდა, რამდენიმე დღით ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანოთ.

ზოგჯერ წოვის გაუკუღმართება გამოწვეულია ენის ლაგამის სიმოკლით, რომელიც ხელს უშლის პირის ღრუში ვაკუუმის შექმნას და სრულყოფილ წოვას. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლაგამის ჩაჭრა ქირურგიული გზით.

  • – გამართლებულია თუ არა თავისუფალი რეჟიმით კვება?

– თანამედროვე პედიატრიულ პრაქტიკაში ძუძუზე მყოფი ბავშვებისთვის მყარადაა დამკვიდრებული კვების თავისუფალი რეჟიმი, ანუ რამდენიც უნდა და როცა უნდა. დედების უმრავლესობა ბავშვს უწყვეტად აწოვებს ძუძუს. კვების ასეთი რეჟიმი გამართლებულია ჯანმრთელი ბავშვებისთვის, რომლებსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ არავითარი პრობლემა არ აქვთ. მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც მიზეზთა გამო ვერ უძლებენ ასეთ ხშირ კვებას და ნაწლავის ფუნქციური უკმარისობის ნიშნები – დისპეპსია, შეკრულობა, ჭარბი აირები, მუცლის კოლიკა და სხვა – გამოაჩნდებათ.

  • – როგორ დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს?

– შევუდგინოთ კვების ახალი, მოქნილი, საათობრივი რეჟიმი ძილისა და სიფხიზლის პერიოდების მონაცვლეობით. ზოგჯერ ძუძუს წოვის შემდეგ ბავშვს აქვს ამოქაფება (საყლაპავ-კუჭის რეფლუქსი). ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ ამოქაფების სიხშირეს და, რაც მთავარია, წონის ინტენსიური მატების შეფერხებას.

სწორი, გონივრული კვების რეჟიმი და რაციონი თავიდან აგვაცილებს სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესს – შაქრიან დაიბეტს, სიმსუქნეს და სხვა. ამ კუთხით ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის გემოვნების ჩამოყალიბება. ნაყოფი მუცლად ყოფნის პერიოდშივე ეცნობა იმ საჭმლის გემოს, რომელსაც დედა მიირთმევს. საჭმლის სუნით იჟღინთება სანაყოფე წყლებიც. დედამ თუ ნიორი ან ხახვი მიირთვა, 45 წუთის შემდეგ მისი სანაყოფე წყლები მათი სუნით იქნება გაჟღენთილი.

ბავშვს გემოვნება დაბადებისთანავე საკმაოდ აქვს განვითარებული. ტკბილი საკვები უფრო მოსწონს, ვიდრე მწარე (ეს უკანასკნელი აღიზიანებს). ახალი გემოვნების ჩამოყალიბება კი იმაზეა დამოკიდებული, რით იკვებებოდა ბავშვი ერთ თვემდე. ძუძუზე მყოფი ბავშვები უფრო ადვილად გადადიან შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე, რადგან რძის წყალობით უკვე იცნობენ იმ საკვების გემოს, რომელსაც დედა მიირთმევდა.

  • – როდის გადაგვყავს ბავშვი ხელოვნურ კვებაზე?

– მას შემდეგ, რაც დედის რძე ნაწილობრივ ან მთლიანად ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და ბავშვს საკვები აღარ ჰყოფნის, ბავშვი გადაგვყავს შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე, რომლის დროსაც ფართოდ გამოიყენება ადაპტირებული ნარევები. თუ დედის რძე აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას, შეგვიძლია, ექვს თვემდე მხოლოდ ძუძუ ვაწოვოთ. ადაპტირებული ნარევების შემადგენლობა სავსებით შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს და ბავშვის სრულფასოვანი განვითარების გარანტიას იძლევა.

ბავშვის ავადმყოფობის – ნაწლავთა აშლილობის, ალერგიის, ამოქაფების – დროს თანამედროვე ადაპტირებული საკვები შეიძლება შეიცვალოს სამკურნალო საკვებით, რომლის შემადგენლობაც საგანგებოდაა კორექტირებული.

ბავშვის კვების ინდუსტრიის მზარდი განვითრების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი საკამათო საკითხი. მაგალითად, დასადგენია ადაპტირებულ ნარევებში ცხიმოვანი მჟავების (ქოლესტეროლის) და ნუკლეოტიდების რაოდენობა. ეს უკანასკნელი ძროხის რძისგან მიღებულ ადაპტირებულ ნარევებში უფრო ნაკლებია, ვიდრე დედის რძეში.

  • – ხშირად ჩვილი უარს ამბობს ახალ საკვებზე...

– შესაძლოა, ბავშვმა იმთავითვე არ მიიღოს ახალი საკვები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ ამოვიღოთ ბავშვის რაციონიდან. მეტი მოთმინებაა საჭირო – შესაძლოა ხუთი, ათი ცდაც დაგვჭირდეს... საზოგადოდ, ბავშვები მრავალფეროვან საკვებს უფრო ადვილად იღებენ, ვიდრე ერთგვაროვანს. განსაკუთრებით იოლად ეგუებიან იმას, რასაც დედა ორსულობის დროს მიირთმევდა.

  • – რატომ არ შეიძლება ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ძროხის რძე?

– წლამდე ბავშვის კვებაში სუფთა ძროხის რძის ჩართვა დაუშვებელია. საქმე ის არის, რომ ძროხის რძეში ცილის ოდენობა 30-35 გ`ლ-ს აღწევს, მაშინ როდესაც დედის რძეში მხოლოდ 9-10 გ`ლ-ია. ამ განსხვავებას შეუძლია, უარყოფითი მეტაბოლური პროცესი გამოიწვიოს. ამასთან, კაზეინმა, ძროხის რძის ცილამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს რკინის შეწოვას. დაბოლოს, ძროხის რძე ნაწლავებში სისხლჩაქცევებს იწვევს, რის გამოც ორგანიზმიდან იკარგება რკინის მარაგი – დღე-ღამეში 0.53 მგ. ძროხის რძის შემცველი ადაპტირებული ნარევების მიცემისას რკინის დანაკარგი მხოლოდ 0.3 მგ-ია.

ამ პროცესების მექანიზმი დღემდე დაუდგენელია.

ერთი წლის შემდეგ ძროხის რძე ნაწლავებიდან სისხლდენას აღარ იწვევს.

  • – როგორ გავიგოთ, ნორმალურად ითვისებს თუ არა ახალ საკვებს ბავშვის ორგანიზმი?

– შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა ნაწლავთა მოქმედების მხრივ დისკომფორტს იწვევს. ბავშვები ამაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. ეს მჭიდროდ უკავშირდება საკვების შეწოვასა და მონელებას. მათი ხარისხის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს ბავშვის წონის მატების დინამიკა. თუ ბავშვი წონას არ იმატებს, აუცილებელია გაირკვეს ამის მიზეზი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განავლის გამოკვლევას, მის ფორმას, შეფერილობას, კუჭის მოქმედების სიხშირეს. ნორმალური განავლოვანი მასა მოყვითალო-მოყავისფროა, რადგან ნაწლავში ნორმალური სიჩქარით გადაადგილდება და ნაღველიც სწრაფად ერევა მასში. მომწვანო განავლოვანი მასა იმაზე მიანიშნებს, რომ ის სწრაფად გადაადგილდება ნაწლავში და ნაღვლის წვენით გაჯერებას ვერ ასწრებს. ამ უბრალო ტესტის მეშვეობით პედიატრი ადვილად დაადგენს, ნორმალურად რეაგირებს თუ არა ბავშვის კუჭ-ნაწლავი ახალ საკვებზე.

ბავშვის კვებისას მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა, რადგან პატარების ანატომიურ-ფიზოლოგიური თავისებურებები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან.

საქართველოს პედიატრიული საზოგადოების სახელით ვიტყვი, რომ ჩვენ დიდი ხანია ველოდებით კვების საკუთარი ინდუსტრიის განვითარებას, რადგან ჩვენს ქვეყანაში საამისო რესურსი მრავლადაა. ამით მხოლოდ საქართველოს მრავალი ოჯახი კი არ მიიღებს დიდ შეღავათს, არამედ მოგვარდება გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებული სირთულეებიც.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: