იამაყეთ თქვენი დღენაკლებით

გააზიარე:

თამამად შეიძლება, განაყოფიერებას უდიდესი ამქვეყნიური სასწაული ვუწოდოთ. ეს არის მოვლენა, რომელიც სრულიად ცვლის ჩვენს ცხოვრებას, გეგმებს, მიზნებსა და ღირებულებებს. აღმოაჩენს თუ არა ქალი, რომ მის სხეულში ახალი სიცოცხლე ჩაისახა, ყველაფერი იცვლება – ამიერიდან მისი ყოველი საათი, ყოველი წუთი პატარას მოლოდინითაა სავსე. სულ რაღაც ცხრა თვე და მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის დროც დადგება. ამ შეხვედრისთვის ემზადებიან დედა, მამა და, რაღა თქმა უნდა, თავად ბავშვიც: მან ხომ შეუძლებელი უნდა შეძლოს – რამდენიმე თვეში ერთი უჯრედისგან სრულყოფილ ადამიანად ჩამოყალიბდეს. ამისთვის ნაყოფის “დღის წესრიგი” მკაცრადაა გაწერილი. “წესდებას” ემორჩილება ყველა ორგანო თუ ორგანოთა სისტემა. მაგრამ ხდება ისეც, რომ პატარა დროზე ადრე გადაწყვეტს ხოლმე ამქვეყნად მობრძანებას...

დღენაკლ ახალშობილებზე, დღენაკლულობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ნაადრევად დაბადებული პატარების მოვლის თანამედროვე პრინციპებზე პედიატრი-ნეონატოლოგი მარიკა პეტრიაშვილი გვესაუბრა:

 

– დღენაკლი ეწოდება ორსულობის 37-ე კვირამდე დაბადებულ ახალშობილს. რაც უფრო მცირე ვადაზე დაიბადება ბავშვი, მით უფრო აშკარაა დღენაკლულობასთან დაკავშირებლი პრობლემები და მით უფრო ინტენსიური მზრუნველობა და მეთვალყურეობა სჭირდება პატარას. მსოფლიოში ყოველწლიურად 15 მილიონი დღენაკლი ახალშობილი იბადება, რაც იმას ნიშნავს რომ ათიდან ერთი ახალშობილი დღენაკლია.

დღენაკლულობაზე საუბრისას თვალწინ წარმოგვიდგება ახალშობილი, რომელსაც სხეულის სიგრძე, წონა, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა დროულთან შედარებით შესამჩნევად ნაკლები აქვს. მაგრამ მთავარი პრობლემა ეს პარამეტრები კი არა, ორგანოთა ფუნქციური და მორფოლოგიური უმწიფრობაა. დღენაკლი ახალშობილები “მცირე მასშტაბის” ჩვეულებრივი ბავშვები არ არიან; მათი ორგანოები და ორგანოთა სისტემები არასრულყოფილია. სწორედ ეს წარმოშობს ყველა სირთულეს, რომლებსაც ნაადრევად დაბადებულ ბავშვებთან ვხვდებით.

  • – სახელდობრ, რა სირთულეები შეიძლება წარმოშვას ორგანოთა უმწიფრობამ?

– პრობლემა შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ორგანოსა და ორგანოთა სისტემას, მაგრამ, უპირველესად, სასუნთქ სისტემას გამოვყოფდი. დღენაკლ ახალშობილებს ყველაზე ხშირად სუნთქვთი პრობლემები აღენიშნებათ და სტაციონარშიც უმეტესად ამის გამო ხვდებიან. მიზეზი, ერთი მხრივ, ფილტვის ქსოვილისა და სასუნთქი სისტემის შემადგენელი ელემენტების უმწიფრობაა, მეორე მხრივ კი ამ სისტემის ძირითადი სტრუქტურული ელემენტების, ალვეოლების, არასაკმრისი რაოდენობა და მათი ალვეოლების შლადობის განმაპირობებელი მთავარი ნივთიერების, სურფაქტანტის, დეფიციტი. ამ ბავშვებს სჭირდებათ დამხმარე ვენტილაცია, დამატებითი ოქსიგენთერაპია (ჟანგბადით მკურნალობა), ვიტალური პარამეტრების მუდმივი კონტროლი; მათთვის დამახასიათებელია სუნთქვის უნებლიე შეჩერება, რაც საკმაოდ მძიმე გართულებაა. თუმცა რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, მით უფრო იმატებს ასეთი ახალშობილების პატარების გადარჩენის შანსიც. მთავარია, პატარა თავიდანვე მაღალტექნოლოგიურ დაწესებულებაში, მაღალკვალიფიციური გუნდის ხელში მოხვდეს.

 

მარტივი სამუშაოს სირთულეები

* დღენაკლებს ჯეროვნად არ აქვთ გამოხატული წოვის რეფლექსი. წოვა თავისთავად არცთუ მარტივი პროცესია – ახალშობილმა ერთდროულად უნდა მოახერხოს წოვაც, ყლაპვაც და სუნთქვაც. დღენაკლებისთვის კი ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ ხშირად გვიწევს საკვების ზონდის მიწოდება. უფრო ღრმა დღენაკლებს საკვებ ნივთიერებებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, – პარენტერალურად, სისხლძარღვშიდა გზით, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გადასხმის საშუალებით ვაწვდით.

* უმწიფრობის გამო პრობლემებისგან არც გულ-სისხლძარღვთა სისტემაა დაზღვეული.

* მუცლად ყოფნის პერიოდში სისხლის მიმოქცევა განსხვავდება დაბადების შემდგომი სისხლის მიმოქცევისგან. დროზე ადრე დაბადებული ახალშობილის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ახალ პირობებზე გადაწყობას ვერ ასწრებს. არცთუ იშვიათად საჭირო ხდება კარდიოქირურგიული ჩარევაც. საბედნიეროდ, ოპერაცია უმეტესად წარმატებით სრულდება, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც პროცესი ქრონიკულ ხასიათს იღებს. ასეთ პაციენტებს ხანგრძლივი, აქტიური მეთვალყურეობა სჭირდებათ.

 

ცენტრალური პრობლემები

 

– ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც დღენაკლებთან ვაწყდებით, ცენტრალური ნერვული სისტემის არასრულყოფილი ფუნქციობაა. ამ მდგომარეობას განსაკუთრებული მონიტორინგი სჭირდება, ვინაიდან შესაძლოა, საქმე შორეულ გართულებამდე მივიდეს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, შორეული გართულებები ყველაზე ხშირად სწორედ ორგანოთა ამ სისტემის მხრივ გვხვდება.

  • – რა შეიძლება იყოს შორეული გართულება?

– ფიზიკური და მენტალური უნარშეზღუდულობა, ზრდასა და განვითარებაში ჩამორჩენა, ბავშვთა ცერებრული დამბლა, მენტალური რეტარდაცია... რაც უფრო ღრმაა დღენაკლი, მით უფრო მაღალია შორეული გართულებების განვითარების რისკი. ამ მდგომარეობებს სპეციალისტების გუნდი მართავს. შექმნილია განვითარების ცენტრები, სადაც ასეთი ბავშვები აღრიცხვაზე არიან და რეგულარულად ამოწმებენ, თავსდება თუ არა მათი განვითარება ასაკობრივი ნორმის ფარგლებში.

 

ფრთხილად, მხედველობა!

  • – შესაძლოა თუ არა, ამ გართულებებმა დროულ ახალშობილებთანაც იჩინოს თავი?

– დღენაკლებთან ალბათობა, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდია, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გართულება შეიძლება დროულ ახალშობილებთანაც შეგვხვდეს. მაგრამ არსებობს პათოლოგიაც, რომელიც მხოლოდ დღენაკლებისთვის არის დამახასიათებელი. ეს გახლავთ დღენაკლთა რეტინოპათია – ბავშვთა სიბრმავის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მთელ მსოფლიოში. დაავადება დაბადებიდან 4-6 კვირის შემდეგ მჟღავნდება. მისი მიზეზი ბადურას სისხლძარღვების ჩამოუყალიბებლობაა. ბადურას სისხლძარღვების წარმოქმნა მუცლად ყოფნის 4 თვის შემდეგ იწყება. რაც უფრო ნაადრევად იბადება ახალშობილი, მით უფრო ნაკლები სისხლძარღვი აქვს ბადურაზე. შემდგომ სისხლძარღვები ქაოსურად ვითარდება და მათ ადგილს შემაერთებელი ქსოვილი იკავებს. გარდა ამისა, დღენაკლ ახალშობილებს უმეტესად ჟანგბადის დამატებითი მიწოდება სჭირდებათ, ჟანგბადის ხანგრძლივი ჭარბი კონცენტრაცია კი რეტინოპათიის ხელშემწყობი და დამამძიმებელი ფაქტორია. თუ ოფთალმოლოგებმა დროულად არ იმოქმედეს, საქმე სიბრმავემდე მივა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები საკმაოდ წინ წავიდა, ეს პრობლემა ბოლომდე დღესაც არ არის მოგვარებული.

უნდა ითქვას, რომ დღენაკლულობა ყოველთვის სიბრმავით არ მთავრდება, მაგრამ განსაკუთრებით ღრმა დღენაკლებთან, რომლებსაც ხანგრძლივად მკურნალობენ ჟანგბადით, რეტინოპათიის განვითარების რისკი ძალიან მაღალია. მაგალითად, აშშ-ი ყოველწლიურად 500-დან 1000-მდე ბავშვი სწორედ დღენაკლთა რეტინოპათიის გამო ბრმავდება.

  • – სიბრმავის თავიდან აცილების გზა თუ არსებობს?

– ოფთალმოლოგი რეგულარულად უნდა ნახულობდეს დღენაკლ ბავშვს, უთვალიერებდეს თვალს, ბადურა გარსს. თუ კორექციაა საჭირო, დროულად უნდა ჩატარდეს. ამჟამად დაავადების მკურნალობის სამი მეთოდია ცნობილი: ლაზერული კორექცია, კრიოთერაპია – ე.წ. სიცივით მკურნალობა – და მედიკამენტური თერაპია, რომლის დროსაც მედიკამენტი უშუალოდ თვალში შეჰყავთ. ყველაზე ეფექტურად ლაზერული კორექცია მიიჩნევა. მართალია, საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურაა, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

 

  • პრევენცია და ისევ პრევენცია

– თითოეულ ზემოხსენებულ პრობლემასთან ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, ნაადრევი მშობიარობის პრევენციას გულისხმობს. ყველა ორსული უნდა იმყოფებოდეს აქტიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მეტიც – სასურველია, ქალსაც და მის პარტნიორსაც ბავშვის ჩასახვამდე ჩაუტარდეთ სათანადო გამოკვლევები და წყვილი ორსულობას მომზადებული შეხვდეს. რაც შეეხება მკურნალობას, საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად იძლევა დღენაკლი ახალშობილებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების საშუალებას. დღეისთვის ეს აღარც მიიჩნევა საბოლოო მიზნად. მთავარი მიზანი სამომავლოდ გამოზრდილი დღენაკლი ახალშობილების სიცოცხლის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.

 

დამნაშავის ძიებაში

  • – მიზეზის ცოდნის გარეშე პრობლემის თავიდან აცილება, ცხადია, შეუძლებელია. რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას?

– მიზეზი მრავალგვარია, ხშირად – კომპლექსურიც. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ სოციალური და გარეგანი ფაქტორები, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნაყოფთან დაკავშირებული პრობლემები.

სოციალური ფაქტორები გულისხმობს, რა პირობებში ცხოვრობს დედა, როგორია მისი ეკონომიკური თუ ოჯახური მდგომარეობა, კვების ხასიათი, ცხოვრების წესი (აქვს თუ არა მავნე ჩვევები და სხვა).

ძალიან მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაც:

* თანმხლები ქრონიკული დაავადებები ორსულობის პერიოდში შესაძლოა გამწვავდეს და ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინული სისტემის, განსაკუთრებით – ფარისებრი ჯირკვლის, დაავადებები, იმ სასქესო ჰორმონების ნაკლებობა, რომლებმაც ორსულობის ბოლომდე მიყვანა უნდა უზრუნველყოს.

* ნაადრევი მშობიარობის მიზეზი ხშირად არის ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექცია. ხშირად ორსულს ინფექციის ნიშნები არც კი აქვს, მაგრამ ორსულობისას იმუნური სისტემა იმდენად მგრძნობიარე ხდება, რომ თავს იჩენს პათოლოგიური იმუნური რეაქციები, რომლებიც მშობიარობის ვადაზე ადრე დაწყებას აძლევს ბიძგს.

* ზოგჯერ ნაადრევ მშობიარობას საშვილოსნოს ანატომიური თავისებურებებიც იწვევს.

* დღენაკლულობა შესაძლოა გენეტიკური ფაქტორებითაც იყოს განპირობებული. თუ დედა ნაადრევად დაიბადა, ალბათობა, რომ დღენაკლი ბავშვი ეყოლოს, უფრო დიდია. შეინიშნება განსხვავება სქესის მიხედვითაც – მიიჩნევა, რომ ვაჟები უფრო ხშირად იბადებიან ვადაზე ადრე, ვიდრე გოგონები და დღენაკლულობასთან დაკავშირებული პრობლემებიც უფრო მძიმედ აქვთ გამოხატული.

* შემჩნეულია, რომ დღენაკლი ბავშვები უფრო ხშირად უჩნდებათ აფროამერიკული წარმოშობის ქალებს.

* დღენაკლულობას დედის ასაკთანაც აქვს კავშირი – ორსულობა 18 წლამდე და 35 წლის შემდეგ დღენაკლულობის ერთ-ერთი რისკფაქტორია. რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება მრავალნაყოფიანი ორსულობაც.

* აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნაყოფის განვითარების პროცესში მომხდარი ქრომოსომული და გენეტიკური დარღვევები – ნაადრევი მშობიარობისა თუ ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ხშირად სწორედ ისინი გახლავთ.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ნაადრევი მშობიარობის მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

 

სახლიდან სახლში

  • – დღენაკლი ბავშვები სიცოცხლის პირველ დღეებს, ზოგჯერ კვირებსაც კი, უმეტესად ინკუბატორში ატარებენ. რას წარმოადგენს ეს მოწყობილობა და რა საჭიროა ის?

– ინკუბატორი ტექნოლოგიური მცდელობაა, დღენაკლ ახალშობილს საშვილოსნოსთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო შევუქმნათ. როგორც ითქვა, ყველა პრობლემა, რომელიც დღენაკლებთან გვხვდება, იმით არის გამოწვეული, რომ ბავშვი დროზე ადრე ტოვებს საშვილოსნოს, სადაც ნაყოფის ზრდისა და განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია, ამიტომ დღენაკლთა მკურნალობის მთავარი პრინციპი ახალშობილისთვის ისეთი გარემოს შექმნაა, როგორშიც ის მუცლად ყოფნის პერიოდში იმყოფებოდა. ინკუბატორი სწორედ საშვილოსნოს ტექნოლოგიური იმიტაციაა.

როგორი გარემო აქვს ნაყოფს საშვილოსნოში? ის სანაყოფე სითხეში ტივტივებს, არ აწუხებს ხმაური, სინათლე, არავითარი გარეგანი გამღიზიანებელი... ასეთივე გარემოა ინკუბატორშიც – მას შეუძლია, შეინარჩუნოს სასურველი ტემპერატურა და უზრუნველყოს ბავშვისთვის თერმონეიტრალური კომფორტული გარემო. თანამედროვე ინკუბატორებს საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად მაღალი ტენიანობის შენარჩუნების უნარიც შესწევს (რაც უფრო დღენაკლია ახალშობილი, მით უფრო ტენიანი გარემო სჭირდება მას). ყველაფერთან ერთად, ეს მოწყობილობა ბავშვს სინათლისა და ხმაურისგანაც იცავს, აწვდის ჰაერის საჭირო ნაზავს, ჟანგბადს აუცილებელი კონცენტრაციით. უახლესი მოდელები აღჭურვილია ვიდეომონიტორებით, რათა ახალშობილისთვის თვალის დევნება დახურულ ინკუბატორშიც შეგვეძლოს. მედპერსონალი სწორედ მონიტორზე აკვირდება ბავშვის მოძრაობას, საჭიროებებსა და სასიცოცხლო პარამეტრებს.

 

მოვლის თანამედროვე პრინციპები

 

– დღეს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებები მშობლებისთვის დახურული აღარ არის. ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. იყო დრო, როდესაც მშობლებს რეანიმაციაში შესვლა ეკრძალებოდათ. დღეს, პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ ურთიერთობა ჰქონდეთ შვილთან. ეს ძალზე დადებითად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფსიქოლოგიურ ზეგავლენაზე, რომელიც ამ ურთიერთობას ორივე მხარისთვის მოაქვს.

ცნობილი მეთოდია კენგურუს მეთოდი, როდესაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ღრმა დღენაკლიც კი, თუ მისი ზოგადი მდგომარეობა ამის საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად რამდენიმე ხნით გამოგვყავს ინკუბატორიდან (რა თქმა უნდა, მონიტორინგი უწყვეტად გრძელდება) და დედის ან მამის გულმკერდზე ვაწვენთ. ეს ბავშვისთვის პოზიტიური ენერგიის მძლავრი წყაროა. გარდა ამისა, კენგურუს მეთოდი თავიდან გვაცილებს შვილითან მშობლის გაუცხოებას. ერთი სიტყვით, მაქსიმალურად ვცდილობთ, აღვადგინოთ მშობლისა და შვილის ბუნებრივი მიჯაჭვულობა, რომელიც დღენაკლულობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წყდება.

  • – რამდენ ხანს რჩება ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაში?

– ეს დამოკიდებულია ბავშვის საერთო მდგომარეობაზე, დღენაკლობის ხარისხზე. ზოგჯერ რამდენიმე დღეც საკმარისია, ზოგჯერ კი რენიმაციულ განყოფილებაში ახალშობილი თვეობით რჩება. შესაძლოა, მას აღარ სჭირდებოდეს მაღალტექნოლოგიური ჩარევა, მართვითი სუნთქვა, აღარ ჰქონდეს კუჭ-ნაწლავისა თუ კარდიოლოგიური პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი უკვე მზად არის გასაწერად. მას გამოზრდა სჭირდება – უნდა ისწავლოს კვება და სხვა. ბევრი რამის სწავლა უწევთ მშობლებსაც, რათა შვილს სწორად მოუარონ. იმასაც დავძენ, რომ ყველა დღენაკლი რეანიმაციის განყოფილებაში არ ხვდება, თუმცა განსაკუთრებული მეთვალყურეობა დროზე ადრე დაბადებულ ყველა პატარას სჭირდება.

 

მოგვაწოდეთ რძე!

– ყველა ახალშობილის, მეტადრე დღენაკლის, ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვებას. საუკეთესო შედეგს ვიღებთ, როდესაც სტაციონარში მყოფი დღენაკლი ძუძუს წოვს ან დედის გამოწველილი რძით იკვებება, რადგან დედის რძე შეუცვლელია  ბავშვის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისთვის. დედასაც ყოველნაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სანამ პატარა სტაციონარშია, რძის გამოწველა განაგრძოს და ლაქტაცია შეინარჩუნოს. დედები აღნიშნავენ, რომ მათთვის ყველაზე ბედნიერი ის წუთებია, როდესაც ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებიდან შემოუთვლიან: “მოგვაწოდეთ რძე”.

 

დღენაკლულობა სიცოცხლის ბოლომდე?

  • – რამდენად განსხვავდება დღენაკლი ბავშვი დროულისაგან სიცოცხლის მომდევნო თვეებსა თუ წლებში?

– დაახლოებით ორ წლამდე ასეთი ბავშვები დროულ ბავშვებს ჩამორჩებიან ზრდით, წონით, განსაზღვრული უნარ-ჩვევების განვითარებით, მაგრამ განსხვავებები თანდათან მცირდება და სასკოლო ასაკისთვის, ფაქტობრივად, ქრება, თუ, ცხადია, ქრონიკულ ნარჩენ გართულებებთან არ გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში პრობლემები შესაძლოა მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. მაგრამ მშობლები ნუ შეშინდებიან – თუ საქმე ქრონიკულ დაავადებამდე არ მივიდა, დღენაკლულობა მომავალში არავითარ პრობლემას არ იწვევს.

გაწერის შემდეგ რეგულარულად უნდა ფასდებოდეს ბავშვის განვითარების შესაბამისობა ასაკობრივ ნორმასთან და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მოხდეს მათი კორექცია, საჭიროა პედიატრისა და ფსიქონეიროგანვითარების სპეციალისტის მუდმივი მეთვალყურეობა. ასე პრობლემებს გაცილებით იოლად ავიცილებთ თავიდან.

  • – დაბოლოს, რას ეტყოდით დღენაკლთა მშობლებს?

– დღენაკლულობა განაჩენი არ არის, მსოფლიო იცნობს არაერთ გენიალურ მეცნიერს, ხელოვანსა თუ სპორტსმენს, რომლებიც ნაადრევად დაიბადნენ, მაგრამ კაცობრიობა არაერთხელ გააოცეს ნიჭითა და გამორჩეული უნარებით. ასე რომ, იამაყეთ თქვენი დღენაკლებით!

გვანცა გოგოლაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: