არტთერაპია – განკურნების ხელოვნება

გააზიარე:
“განათლებას და ხელოვნებას შეუძლია ადამიანი საკუთარი თავის საუკეთესოდამხმარედ აქციოს ნებისმიერი სირთულის გადალახვისას” 

იოჰან ჰენრიხ პესტალოცი, შვეიცარიელი პედაგოგი, განათლების თეორეტიკოსი ჩვენი ჟურნალის რუბრიკა, “ალტერნატიული მედიცინა”, ამჯერად არტთერაპიის შესახებ მოგითხრობთ.
რა არის არტთერაპია – ბოლო დროს მოდური მსუბუქი ფსიქოთერაპიული ეფექტის მქონე მეთოდი თუ უნივერსალური წამალი ნებისმიერი დაავადების თანმხლებ უსიამოვნებათა გასაქარწყლებლად? შესაძლებელია თუ არა ხელოვნების – ხატვის ან ძერწვის მეშვეობით ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გამკლავება? საჭიროა თუ არა ამ მეთოდის გამოყენებამდე ხელოვნების ამ დარგებისთვის საჭირო პროფესიული უნარების დაუფლება?
შევეცდებით, შეძლებისდაგვარად ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ თერაპიის ამ მიმართულების შესახებ და შემოგთავაზებთ ინტერვიუს არტთერაპევტ ირაკლი კიკალიშვილთან.
პედაგოგიკის, ფსიქოთერაპიისა და ხელოვნების ინტეგრაციის იდეა გერმანელ ფსიქიატრს არტურ კრონფელდს ეკუთვნის. თავის სამეცნიერო ნაშრომში “ფსიქოგოგიკა ანუ ფსიქოთერაპიული სწავლება აღზრდის შესახებ” (1927 წ.) იგი მიუთითებდა, რომ ადამიანის განკურნებისთვის ისეთი თერაპიული მეთოდების გამოყენებაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომლებიც პიროვნების ჰარმონიულ განვითარებასა და ორგანიზმის შინაგანი ძალების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებად ექიმს ხელოვნებით თერაპია მიაჩნდა და სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პრობლემურ ბავშვებთან ურთიერთობისას ხელოვნების სხვადასხვა დარგს მიმართავდა.
კომპლექსური თერაპიისა თუ სარეაბილიტაციო კურსის აუცილებლობის შემთხვევაში მისი პაციენტები იმ დროისთვის საკმაოდ უჩვეულო “თერაპიული მეთოდებით” მკურნალობდნენ – ხატავდნენ, ძერწავდნენ, უსმენდნენ მუსიკას...
ტერმინი “არტთერაპია”, რომელიც მოგვიანებით ოფიციალურ სამედიცინო ლიტერატურაშიც მოხვდა, პირველად 1938 წელს გამოიყენეს. სიტყვასიტყვით “არტთერაპია” ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედების პროცესის თერაპიულ ეფექტზე.
შესაძლოა, ბევრს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ ეპოქაში, სადაც “აპარატურული”, ტექნიკური მიღწევებით გაჯერებული სამედიცინო მომსახურება და ფარმაკოლოგია წამყვან როლს ასრულებს ავადმყოფის მკურნალობაში, არტთერაპია უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება და მსოფლიოს უამრავ კლინიკაში იმკვიდრებს ადგილს.
ფსიქიკურ აშლილობათა კვლევის, დიაგნოსტირებისა და შემდგომი კორექციისთვის, საოჯახო და ჯგუფური ფსიქოთერაპიული სეანსებისა და სარეაბილიტაციო პერიოდის თანმხლები მკურნალობის დროს ხელოვნებით თერაპია შეუცვლელი მეთოდია და ჯერ კიდევ ფსიქოანალიზის აღმოცენების დროიდან აქტიურად გამოიყენება.
კარლ გუსტავ იუნგი, ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი, ზიგმუნდ ფროიდის მიმდევარი, ანალიტიკური ფსიქიატრიის ფუძემდებელი და “კოლექტიური ცნობიერის” მკვლევარი, თავის ნაშრომებში მიუთითებდა, რომ სიმბოლური ენა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით მეტყველებს, ყველაზე ნათლად გამოხატავს პიროვნების “ შინაარსს” და მის ქვეცნობიერს, ფარულ და ხშირად პიროვნებისთვისვე უცნობ შფოთსა და წუხილს, რაც არაერთი ფსიქიკური პრობლემის მიზეზი ხდება.
ხელოვნებით საკუთარი განცდების გადმოცემას და შემდგომ ამ შინაარსის მიხედვით საკორექციო სამუშაოების ჩატარებას იუნგი “კომპენსატორულ პროცესს” უწოდებდა და საკუთარი პაციენტების შემოქმედებით პოტენციალს ხშირად იყენებდა დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
დღესდღეობით არტთერაპიას სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ რთულ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელი ხდება. თვითგამოხატვის ეს ფორმა საკმაოდ ინფორმაციულია და სპეციალისტს საშუალებას აძლევს, სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მკურნალობის მართებულ გზას დაადგეს.

თავად შემოქმედების და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესი სასიამოვნო, კომფორტული და უსაფრთხოა, ამიტომ ფსიქოკორექციის ამ მეთოდს ძალიან ხშირად იყენებენ ბავშვებისთვის.
– არტთერაპიის სეანსი არ არის უბრალოდ ხატვის გაკვეთილი. სხვადასხვა მეთოდის, მიმართულების, მასალის გამოყენებით პაციენტი უარყოფითი ემოციებისგან, შიშებისა და დაძაბულობისგან თავისუფლდება, – ამბობს არტთე
რაპევტი ირაკლი კოლელიშვილი და ნებას გვრთავს, ერთ-ერთ სეანსს დავესწროთ.
არტ-თერაპიის სეანსი ჯგუფურიც შეიძლება იყოს და ინდივიდუალურიც. გადაწყვეტილებას სპეციალისტი პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ იღებს. ოთახი, სადაც სეანსი მიმდინარეობს, ძალიან ჰგავს მხატვრისა და მოქანდაკის სახელოსნოს. გარემო მშვიდი და საქმიანია. ბავშვები სეანსის დაწყებამდე თავად ირჩევენ სამუშაო მასალას და ყოველგვარი მითითების გარეშე იწყებენ ძერწვას, ხატვას, გაფერადებას… მუშაობის პარალელურას მიმდინარეობს თერაპევტისა და პაციენტის დიალოგი, სხვადასხვა სახე-სიმბოლოს ინტერპრეტირება, მსჯელობა…
სეანსის დასასრულს არტთერაპევტს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– რას ნიშნავს არტთერაპია და რა სამედიცინო ჩვენებით შეიძლება მოგმართონ თქვენ, როგორც არტთერაპევტს?
– არტ-თერაპია მხატვრული შემოქმედების, ხელოვნების მეშვეობით მკურნალობის მეთოდია და მისი გამოყენების სპექტრი პრაქტიკულად შეუზღუდავია. კრიზისული, სარეაბილიტაციო და ტრავმის შემდგომი პერიოდები, ტრავმები, ნევროზული და ფსიქოსომატური ტიპის პრობლემები, განვითარების თავისებურებები ბავშვებთან, ფსიქოლოგიური დარღვევები… სხვადასხვა მძიმე დაავადების თანმხლები ფსიქოემოციური ფონი. ფსიქოთერაპიის ამ მეთოდისთვის არ არსებობს არც ასაკობრივი შეზღუდვა. როგორც კი ბავშვს იმდენად განუვითარდება წვრილი მოტორიკა, რომ ფუნჯის ხელში დაჭერა და თიხის მოზელა შეეძლება, შესაძლებელია მუშაობის დაწყება.
– რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომელსაც სურს, მკურნალობის ამ მეთოდს მიმართოს? მაგალითად, უნდა იცოდეს თუ არა მან გარკვეულ დონეზე ხატვა, ძერწვა?

– ნურავის დააბრკოლებს ის, რომ ან ხატვა არ შეუძლია, ან ძერწვა. არ არის აუცილებელი არავითარი წინასწარი მომზადება და თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შესრულდება ნახატი. მნიშვნელოვანი ისაა, რა ფერებს გამოიყენებს ადამიანი, როგორ ფორმებს, სად განალაგებს ამა თუ იმ ფიგურას, ფურცლის რომელ მხარეს დატვირთავს მეტად.
– მუშაობის დაწყებამდე, როგორც სპეციალისტს, რა ინფორმაცია გჭირდებათ ადამიანის შესახებ?
– ჩემთან სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიმართვით ხვდებიან. უცილებლად ვუკავშირდები ამ ექიმს და დეტალურად ვეცნობი ანამნეზს. ბავშვებთან მუშაობის დაწყებამდე ვცდილობ, მშობლებს გამოვკითხო, რის ცოდნაც აუცილებელია ჩემთვის. გასათვალისწინებელია ბავშვის ფსიქოტიპიც.
– როგორ მიმდინარეობს არტთერაპიის სეანსი?
– ბავშვები თავად ირჩევენ სამუშაო მასალას და იმასაც თვითონ წყვეტენ, რა გამოძერწონ თუ დახატონ. ხატვის გაკვეთილისგან განსხვავებით, აქ მათ არავინ მიუთითებს, როგორ დახატონ “სწორად” და “გამართულად”. ჩვენი მიზანი ეს არ არის. თუმცა ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვი განივი
თარებს ამა თუ იმ უნარს, აღმოჩნდება, რომ იგი კარგად ხატავს ან ძერწავს. ეს მას თვითშეფასებასაც უმაღლებს და კონცენტრირებაშიც ეხმარება.
– რა ასაკზეა გათვლილი მეთოდი და ყოველთვის შეიძლება თუ არა მისი გამოყენება?
– არავითარი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ სეანსები სწორად ჩატარდა, უკუჩვენებებზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. ზრდასრული ადამიანებიც, ხანდაზმულებიც და მცირეწლოვანი ბავშვებიც ერთნაირი ხალისით ერთვებიან პროცესში.

– გარდა ხატვისა და ძერწვისა, ხელოვნების რა დარგებს მიმართავს არტთერაპია?
– აქ ბავშვები ხატავენ, აფერადებენ, ძერწავენ. საზოგადოდ კი არტთერაპიას აქვს სხვა მიმართულებებიც: მუსიკით თერაპია, ზღაპრებისა და ლექსების თხზვა, დრამატურგია, ხელგარჯილობა და გამოყენებითი ხელოვნება. მეთოდი უამრავია, ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობების ადამიანს დააკმაყოფილებს.
– რა კონკრეტულ შედეგებზე შეიძლება საუბარი ხელოვნებით თერაპიის კურსის გავლის შემდეგ?
– არტთერაპია ხშირად კომპლექსური მკურნალობის ნაწილია. თვითგამოხატვისა და თვითკვლევის შედეგად ადამიანს ემატება თავდაჯერება. მისი შინაგანი ძალების მობილიზება საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს. მშვიდ და კომფორტულ გარემოში სასიამოვნო საქმიანობა ერთმნიშვნელოვნად დადებით გავლენას ახდენს ნერვული და ფსიქიკური დაძაბულობის დროს. მძიმე დაავადებების, მაგალითად, სიმსივნის შემთხვევაში პაციენტებს საშუალება ეძლევათ, მოეშვან და შემაწუხებელი, მშფოთვარე ფიქრებისგან გათავისუფლდნენ. საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება განვითარების ახალ საფეხურს სთავაზობს ადამიანს, მისი ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება, დადებითი ემოციებით მდიდრდება. საკუთარ ემოციებსა და ქცევაზე კონტროლის მოპოვება უმნიშვნელოვანესი უნარია და ცხოვრებისეული სირთულეების დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. სწორედ ამას ვუსურვებ თქვენს მკითხველს. ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე არ მოგკლებოდეთ.

გააზიარე: