რა ვიღონოთ კუდუსუნის ტრავმის დროს

გააზიარე:

ამას წინათ ჩემი მეგობარი მძიმედ დაშავდა სამარშრუტო მიკროავტობუსში. არა, არ შემშლია, სწორედ იქ. ვიდრე დაჯდებოდა, მძღოლს მანქანა დაუძრავს და ჩემი მეგობარი სავარძლებს შორის ამოჩრილ ღვედის სამაგრს კუდუსუნით დასკდომია. რამდენიმე დღე საერთოდ ვერ ჯდებოდა, მერე კი თანდათანობით გაუარა.

სადაც კი ამ ამბავს მოვყევი, ათიდან რვამ მაინც მითხრა, ასეთი რამ მეც შემმთხვევიაო. არ მეგონა, კუდუსუნის ტრავმა ასეთი აქტუალური თუ იყო და ისიც – სამარშრუტო მიკროავტობუსების წყალობით. სხვა საქმეა, რატომ უნდა იყოს სალონში ღვედის უსარგებლო ბუდე, რომელიც მხოლოდ უსიამოვნებების წყაროა. რა ვქნა, მანქანისაა და ვერ მოვაშორებო, – ასე უპასუხა მძღოლმა ჩემს მეგობარს, რომელმაც, კეთლშობილური მიზნით – კიდევ არავინ დაშავდესო, მოკრძალებულად მოახსენა მომხდარის შესახებ.

პრობლემა აშკარაა, მაგრამ, მოდი, ამჯერად ჩვენი კომპეტენციით შემოვიფარგლოთ და კვალიფიციურ ტრავმატოლოგთან გავარკვიოთ, რა ვიღონოთ კუდუსუნისა და ხერხემლის სხვა ნაწილების ტრავმის დროს.

გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ტრავმატოლოგია-ორთოპედიის სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ლუხუმ ჭანტურია.

 

  • – რა არის კუდუსუნი და უმთავრესად რა იწვევს მის დაზიანებას?

– კუდუსუნი ხერხემლის ყველაზე ქვედა ზონაა, რომელიც 4-5 განუვითარებელი, უმოძრაო მალისგან შედგება. ამ ძვლის დაზიანება მხოლოდ ტრავმულად, სახელდობრ, მაღალენერგეტიკული ან დაბალენერგეტიკული ძალის პირდაპირი ზემოქმედებით არის შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ჯდომით დაცემის ან ავტოსაგზაო შემთხვევისას კუდუსუნის დარტყმის შემთხვევაში.

  • – რა სახის დაზიანებაა მოსალოდნელი ასეთ დროს?

– როგორც დაჟეჟილობა და დაჭიმულობა, ისე მოტეხილობაც. საზოგადოდ, ტრავმის ასიდან 45 შემთხვევა დაჟეჟილობითა და დაჭიმულობით სრულდება. არც კუდუსუნის ტრავმებია გამონაკლისი. მსუბუქი ტრავმის დროს დაზიანება უმეტესად ამ ფორმით ვლინდება, ძლიერი ტრავმის დროს კი – მოტეხილობით.

  • – რა ნიშნებით გამოიხატება დაჟეჟილობა და მოტეხილობა?

– დაჟეჟილობასაც და მოტეხილობასაც ერთი და იგივე კლინიკური ნიშნები ახასიათებს – დისკომფორტი და ტკივილი კუდუსუნის ძვლის საპროექციო არეში მცირე შესივებით. შესაძლოა მცირედი იმბიბიციაც (ქსოვილების სისხლით გაჟღენთა).

  • – თუ ტკივილი ორივე სახის დაზიანებას სდევს თან, როგორ მივხვდეთ, რომ ტრავმა მძიმეა და ექიმის ჩარევას მოითხოვს?

– ყველაზე მარტივი სადიაგნოზო მეთოდია რენტგენოგრაფია. ტკივილი საკმარისია, რომ კუდუსუნის დაზიანება ვიეჭვოთ, ხოლო რენტგენოლოგიური გამოკვლევა დაზიანების ხარისხის შეფასების ყველაზე მოკლე გზაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ექიმთან მისვლა საეჭვო ნიშნის გაჩენისთანავეა საჭირო – მხოლოდ ასეა შესაძლებელი ყველა იმ გართულების თავიდან აცილება, რომელმაც შეიძლება გაუთვალისწინებელი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

  • – ამბობენ, რომ კუდუსუნის განსხვავებული ფორმების გამო მისი მოტეხილობის რენტგენოდიაგნოსტიკა ზოგჯერ ჭირს.

– დიახ, დამატებით შეიძლება ტომოგრაფიის ჩატარებაც, მაგრამ პირველადი დიაგნოსტიკისთვის რენტგენოგრაფია საკმარისიცაა და აუცილებელიც. მით უმეტეს, ტომოგრაფიისგან განსხვავებით, ეს გამოკვლევა ყველასათვის ხელმისაწვდომია. თუ მოტეხილობის კუთხე დიდი არ არის, შესაძლოა, რენტგენოგრამაზე არც კი გამოჩნდეს, მაგრამ ეს მკურნალობის ტაქტიკას არ ცვლის. საჭიროა დრო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

  • – ჩივილები რამდენ ხანს შეიძლება გაგრძლედეს?

– ეს ტრავმის სიმძიმეზეა დამოკიდებული. საზოგადოდ, დაჟეჟილობა-დაჭიმულობის მკურნალობა 2-3 კვირას მაინც მოითხოვს, მოტეხილობისა – თითქმის თვე-ნახევარს.

  • – როგორ მოვიქცეთ მსუბუქი დაზიანებისას?

– ჯდომისას დავიდოთ რბილი ბალიში და შევარჩიოთ მოხერხებული პოზა, რომ ტკივილმა არ შეგვაწუხოს. ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც დიდხანს ჯდომას მოითხოვს, ხშირად კუდუსუნის ძვლის პერიოსტალური რეაქცია (პერიოსტიტი) უვთარდებათ. ამ დროს მცირე ტრავმაც საკმარისია, რომ ტკივილები დაიწყოს ან განახლდეს.

ექიმის რეკომენდაციით შეიძლება ყველა იმ სამკურნალო საშუალების გამოყენებაც, რომლებიც ხელს შეუწყობს ტკივილის კუპირებას.

  • – როგორ მკურნალობენ კუდუსუნის მოტეხილობას?

– თუ მოტეხილობა შეცილების გარეშეა, ისევე მკურნალობენ, როგორც დაჟეჟილობას. თუ მას თან ახლავს ცდომა, გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: პირველი – ხომ არ არსებობს სწორი ნაწლავის დაზიანების საფრთხე და მეორე – თუ პაციენტი ქალია და აპირებს შვილის გაჩენას, დეფორმირებული კუდუსუნი ხომ არ შეუშლის ხელს ფიზიოლოგიური მშობიარობისას ნაყოფის დაბადებას. თუ საფრთხე აშკაარაა, კუდუსუნს ან ჩავასწორებთ, ან, ძლიერი დეფორმაციის შემთხვევაში, ბოლო ორ მალას ქირურგიული წესით ამოვიღებთ.

  • – როგორია დეფორმაციის დროს შორეული გართულებების რისკი?

– თუ არ გავითვალისწინებთ იმ ორ ფაქტორს, რომლებიც ზემოთ ვახსენე, სხვა საშიშროება პაციენტს არ ემუქრება.

  • – რამდენ ხანს მოითხოვს რეაბილიტაცია, რას უჩივის ამ პერიოდში პაციენტი?

– რეაბილიტაციის პერიოდის მთავარი სირთულეა ხანგრძლივი ზეწოლა ჯდომის დროს, ამიტომ პაციენტმა უნდა შეარჩიოს პოზა, რომელიც შეუმსუბუქებს ზეწოლას კუდუსუნის ძვალზე, არ იჯდეს დიდხანს და გაუნძრევლად, დაიდოს რბილი ბალიში და ა.შ.

  • – ხერხემლის სხვა ნაწილებიდან ყველაზე ხშირად რომელი ზიანდება და რომელი ტრავმა უქადის ყველაზე მეტ საფრთხეს ჯანმრთელობას?

– ხერხემლის ტრავმების დროს ყველაზე ხშირად ზიანდება გულმკერდისა და კისრის მალები. საზოგადოდ, ხერხემლის დაზიანება ხშირია ძლიერი, მაღალენერგეტიკული ტრავმის – ავტოკატასტროფის, სიმაღლიდან ჩამოვარდნის დროს. ყველაზე საშიში ტრავმა პოლიტრავმაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ხერხემლის მალებთან ერთად ზურგის ტვინი და მისგან გამომავალი მამოძრავებელი ნერვებიც ზიანდება.

  • – რა სიმპტომებით ვლინდება ხერხემლის დაზიანება?

– უწინარესად – ზურგისა და ხერხემლის ტკივილით, ასევე – სპეციფიკური პერიფერიული ნევროლოგიური ნიშნებითაც, რომლებსაც ნევროლოგები აფასებენ. თუმცა ზოგიერთი დაზიანების, მაგალითად, ხერხემლის განივი მორჩების მოტეხილობის დროს კლინიკურმა ნიშნებმა შესაძლოა არც კი იჩინოს თავი, მოძრაობაც კი არ შეიზღუდოს. თუ არ დაზიანდა ზურგის ტვინი ან მისგან გამომავალი რომელიმე ნერვი ან ფესვი, ხერხემლის დაზიანება შესაძლოა კლინიკურად არც კი განსხვავდებოდეს ნებისმიერი სხვა ტრავმისგან. ამრიგად, მხოლოდ კლინკური ნიშნების გათვალისწინებით, სრულფასოვანი გამოკვლევის გარეშე, ხერხემლის დაზიანების დიაგნოზს ვერ დავსვამთ.

  • – როგორ იქცევით ასეთ დროს?

– ვატარებთ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას და დიაგნოზს ამ გზით მიღებული მონაცემების საფუძველზე ვსვამთ.

  • – რა ვიღონოთ, თუ უბედურ შემთხვევას შევესწარით და ხერხემლის დაზიანებას ვეჭვობთ?

– სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე დაშავებულს უნდა მოვაცილოთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს (რადიაცია, ელექტროდენი და სხვა), მთავარი კი ის არის, არ დავძრათ დაშავებული ადგილიდან, ვიდრე მის მდგომარეობას სპეციალისტი არ შეაფასებს, რადგან შესაძლოა, დახმარების ნაცვლად მდგომარეობა დავუმძიმოთ, ზურგის ტვინი დავუზიანოთ. ყველაზე გონივრული იქნება, დაველოდოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომელიც აღჭურვილია ფიქსატორებით, სხვა აუცილებელი ატრიბუტებით და დაშავებულს გადაუდებელ დახმარებას გაუწევს.

  • – როგორ მკურნალობენ ხერხემლის დაზიანებებს?

– მკურნალობის მეთოდები სტანდარტულია – მოტეხილი მალების ოპერაციული ფიქსაცია და სტაბილიზაცია. მთავარია, მოტეხილი ფრაგმენტები დაფიქსირდეს და ეს მდგომარეობა შეინარჩუნოს, რათა არ დააზიანოს ზურგის ტვინი ან ნერვი. ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს. ამგვარ ოპერაციებს უმთავრესად ნეიროქირურგები ატარებენ.

  • – რამდენ ხანს მოითხოვს რეაბილიტაცია?

– რეაბილიტაციის პერიოდი ხანგრძლივია. პოსტოპერაციულ პერიოდში არასასურველია ფიზიკური დატვირთვა, ამიტომ პაციენტს განსაზღრული შეზღუდვები უწესდება.

  • – ხშირდება თუ არა ტრავმები ზამთრის პერიოდში?

– ვინაიდან თბილისში საკმაოდ რბილი ზამთარი იცის და თოვლი კვირაზე მეტხანს არ გასტანს, ზამთრობით ტრავმების რაოდენობა მხოლოდ 10-15%-ით თუ იმატებს.

  • – როგორ შეიძლება ტრავმების პრევენცია?

– ტრავმების პრევენცია გულისხმობს უსაფრთხოების, მათ შორის – საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, სიფრთხილეს და სიფხიზლეს – ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობისას წონასწორობას იოლად ვკარგავთ, რასაც დაცემამდე და დაშავებამდე მივყავართ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: