პანიკის საფუძველი არ არსებობს

გააზიარე:

 დადგება თუ არა ზაფხული, ენტეროვირუსებიც გვახსენებენ თავს, თუმცა წელს ისინი დროზე ადრე გააქტიურდნენ, თანაც ისე, რომ დაავადების ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა – ენტეროვირუსული მენინგიტი გამოიწვიეს. 2014 წლის მაისი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის მძიმე თვე აღმოჩნდა – ქვეყანაში ენტეროვირუსული მენინგიტის 350-მდე შემთხვევა აღირიცხა. სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. მშობლები შფოთავენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს კი ყოველდღე უამრავ ჟურნალისტთან უწევთ შეხვედრა და მოსახლეობის დამშვიდება, ახსნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რომ ენტეროვირუსული მენინგიტის შემთხვევები გასულ წლებშიც მრავლად იყო, მაგრამ სერიოზული ზიანი მოსახლეობისთვის არასოდეს მიუყენებია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალ “ავერსის” მკითხველისთვისაც გამონახა დრო და ჩვენს კითხვებს უპასუხა.
– ბატონო პაატა, რამ გამოიწვია პანიკა და არსებობს თუ არა ამის რეალური საფუძველი?
– პანიკის საფუძველი, რასაკვირველია, არ არსებობს. ზაფხულის მოახლოებისას ვირუსული მენინგიტის გახშირება ბუნებრივია. ვირუსულ მენინგიტს მრავალი გამომწვევი ჰყავს. ლუგარის ლაბორატორიაში მოლეკულური და სეროლოგიური მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა კლინიცისტთა ვარაუდი, რომ ამჯერად საქმე გვაქვს ენტეროვირუსულ ინფექციასთან, რომელიც არ მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვს და სერიოზულ გართულებებს არ იწვევს. წლევანდელი აფეთქება იმიტომ მოექცა მასმედიის ყურადღების ცენტრში, რომ სასწავლო პროცესი ჯერ არ იყო დამთავრებული. ენტეროვირუსული მენინგიტის უკანასკნელი აფეთქებისას, 2010 წელს, მთელი წლის განმავლობაში სამასამდე შემთხვევა აღვრიცხეთ, მაგრამ ვინაიდან პიკი ზაფხულის თვეებს დაემთხვა, ის შეუმჩნეველი დარჩა. გარდა ამისა, ჩვენთან ყოველწლიურად აღირიცხება ენტეროვირუსული მენინგიტის 150-170 შემთხვევა. ამ დაავადებას 4-5-წლიანი ციკლურობა ახასიათებს. 4-5 წელიწადში ერთხელ შემთხვევათა რიცხვი დაახლოებით ორჯერ იმატებს. ასეთივე რამ მოხდა 2006 და 2010 წლებში, აქედან გამომდინარე, წელს მორიგ ტალღას ველოდით.
სადღეისოდ რეგისტრირებული შემთხვევების შესწავლამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი პაციენტი თბილისში აღირიცხა, თუმცა ავადობის მაჩვენებლი (100 000 კაცზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა) ყველაზე მაღალი ქუთაისშია. უნდა ითქვას ისიც, რომ დაავადების გავრცელებას არ აქვს კონცენტრული და ფართო ხასიათი.
– რა არის ენტეროვირუსი, რას იწვევს ის და რამდენად ხშირად რთულდება ინფექცია მენიგიტით?
– ენტეროვირუსული ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნოზოლოგიაა. დაავადება წლის ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, თუმცა საქართველოს მსგავსი კლიმატის ქვეყნებში ალბათობა თბილ სეზონზე უფრო მეტია. ციკლური მატების წლებში საქართველოში შემთხვევათა რიცხვის მაისიდან ნოემბრამდე მატებაა აღწერილი.
ენტეროვირუსების ჯგუფი მიეკუთვნება პიკორნავირუსების გვარს და მოიცავს ადამიანისთვის პათოგენურ 67 სეროტიპს. ეს ვირუსები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მრავლდებიან (სახელწოდება “ენტეროვირუსიც” სწორედ ამას უკავშირდება), თუმცა დიარეას ძალზე იშვიათად იწვევენ. მოსახლეობა დიარეის ნებისმიერ შემთხვევას ენტეროვირუსად ნათლავს. ეს შეცდომაა. სინამდვილეში ამ ვირუსისთვის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება უფროა ნიშნეული. ენტეროვირუსული ინფექციით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა ჩვილები, ბავშვები და მოზარდები უფრო ხშირად ინფიცირდებიან და ხდებიან ავად. წლევანდელი მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა სკოლამდელი ასაკის ბავშვების წილად მოდის, სიხშირით მეორე ადგილზე კი დაწყებითი კლასების მოსწავლეები დგანან, თუმცა რამდენიმე მოზრდილის დაავადების შემთხვევაც აღირიცხა. 
ენტეროვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი კლინიკური მიმდინარეობა, თუმცა ინფიცირებულთა უმრავლესობა ავად არ ხდება ან გამოაჩნდება მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები. მძიმე ფორმა იშვიათია. მძიმედ დაავადებისა და გართულების მაღალი რისკი აქვთ ჩვილებს და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებს. აქვე დავძენ, რომ, საბედნიეროდ, წელს აღრიცხული არც ერთი შემთხვევა მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩეოდა.
ერთ-ერთი იშვიათი გართულებაა მენინგიტი. მისი კლინიკური სურათიც მრავალფეროვანია. ტემპერატურის უეცარი მატება (38-39 0ჩ, თავის ძლიერი ტკივილი და გულისრევა ღებინებით – აი, ის სამი ძირითადი სიმპტომი, რომლებიც წელს ძალზე აქტუალურია და რომელთა გამოვლენისას პაციენტის ჰოსპიტალიზაციაა მიზანშეწონილი. ამ ტრიადას შესაძლოა დაერთოს ცნობიერების შეცვლა და კისრის კუნთების რიგიდულობა, იშვიათად – დიარეა. მენინგიტის სიმპტომებია ფოტოფობია – სინათლის შიში, სიწითლე, გამონაყარი, მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტი, უმადობა, ძილიანობა. 
ვირუსული მენინგიტის კლინიკური სურათი ხშირად ასაკზეა დამოკიდებული. ჩვილებთან დაავადება ვლინდება:
• ცხელებით;
• გაღიზიანებადობით;
• უმადობით;
• ძილიანობით.
მოზრდილებთან:
• მაღალი ტემპერატურით;
• ძლიერი თავის ტკივილით;
• კისრის დაჭიმვით;
• სენსიტიურობით მკვეთრი სინათლის მიმართ;
• ძილიანობით;
• გულისრევით, ღებინებით;
• უმადობით.
ენტეროვირუსული მენინგიტი, ჩვეულებრივ, 7-10 დღე გრძელდება. ნორმალური იმუნიტეტის მქონე პირები სავსებით გამოჯანმრთელდებიან.
– როგორ გადაედება ენტეროვირუსული ინფექცია?
– ენტეროვირუსის გადაცემის ძირითადი მექანიზმი ფეკალურ-ორალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირება შესაძლებელია ფეკალიებით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების შემდეგ ცხვირის, პირის, თვალების ლორწოვანთან დაუბანელი ხელის შეხებით. ცუდი ის არის, რომ ინფექცია გადაეცემა არა მხოლოდ დაავადებულისგან, არამედ ენტეროვირუსის მატარებლისგანაც. მეტიც – მთავარი გამავრცელებლები სწორედ ეს უკანასკნელები არიან. დაავადების მატარებლები დაავადებულებს დაახლოებით 10-ჯერ აღემატებიან რიცხობრივად, მათი გამოვლენა კი შეუძლებელია, ვინაიდან ჯანმრთელი იერი აქვთ და არაფერს უჩივიან.
ავადმყოფისგან ენტეროვირუსული ინფექცია შეიძლება წვეთოვანი გზითაც გადმოგედოთ, მაგრამ ასე იშვიათად ხდება, ვინაიდან ავადმყოფი, წესისამებრ, მალევე ხვდება საავადმყოფოში. 
ენტეროვირუსული ინფექციის მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია და ინტოქსიკაციის მოსხნას ისახავს მიზნად. ჩვეულებრივ, ინიშნება ანთებისა და ღებინების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი პრეპარატები.
ხშირად მეკითხებიან, არსებობს თუ არა დაავადების გადატანის შემდეგ მეორედ დასნებოვნების საფრთხე. სამწუხაროდ, არსებობს. ამქვეყნად ენტეროვირუსის იმდენი სეროტიპია, რომ არ არის გამორიცხული, პაციენტს მეორედ სხვა ვირუსი შეხვდეს, რომლის მიმართაც მას იმუნიტეტი არ გააჩნია.
– როგორ შეიძლება ენტეროვირუსული ინფექციისგან თავის დაცვა?
– ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევის, არაპოლიომიელიტური ენტეროვირუსის, საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ მისი გავრცელების პრევენციისთვის რეკომენდებულია:
* მივაჩვიოთ ბავშვები პირად ჰიგიენას, ვასწავლოთ, დაუბანელი ხელი პირში არ ჩაიდონ;
* ხშირად ვიბანოთ ხელები, მათ შორის – პამპერსის გამოცვლის, საპირფარეშოთ სარგებლობის შემდეგ, ჭამის წინ;
* ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ვეხებით (კარის სახელურები და სხვა) დავასუფთაოთ სველი წესით ან დეზინფექტანტის შემცველი სითხით.
* ბავშვები ხშირად სარგებლობენ ერთმანეთის სათამაშოებით, ამიტომ დროდადრო ისინიც საყოფაცხოვრებო დეზინფექციური საშუალებებით გავწმინდოთ.
თამარ არქანია

გააზიარე: