გამელოტების საფრთხის პირისპირ

გააზიარე:
 

გიფიქრიათ, როგორები ვიქნებოდით უთმოდ? ამას წინათ ჩემი წლობით ნაზარდ-ნალოლიავები თმა შევიჭერი. უნდა ვაღიარო, ეს ნაბიჯი ძვირად დამიჯდა. იმიტომ კი არა, რომ თვითონვე ვინანე საკუთარი საქცელი – პირიქით, ჩემი ახალი ვარცხნილობა ძალიანაც მომწონდა; ჩემმა გადაწყვეტილებამ მეგობრები და ნათესავები აღაშფოთა. ლამის მთელი კვირა თავის მართლებაში გავატარე. ვუხსნიდი, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თმაა, რომელიც მალე გაიზრდება... თუმცა ეს ბანალური ცხოვრებისეული ეპიზოდიც მოწმობს, რომ თმა მხოლოდ თმა არ არის. ჩვენთვის ის უფრო მეტია, ვიდრე სიცივისგან თავის დაცვის საშუალება.
იცოდით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ასზე მეტ თმის ღერს კარგავს? დაკარგულის ადგილს უმეტესად ახალამოსული იკავებს. ასაკთან ერთად გაცვენილ და ახალამოსულ ღერებს შორის ბალანსი ირღვევა. ასაკობრივი თმის ცვენა ბუნებრივი რამაა; როგორ მოვიქცეთ, როცა თმა ახალგაზრდობაშივე იწყებს ცვენას?
ერთი მეგობარი მყავს, ათიოდე წელია ვიცნობ, ყოველთვის ერთნაირ, მოკლე ვარცხნილობას ატარებს, თანაც გამუდმებით ჩემს გრძელ თმას შენატრის. დავინტერესდი, რატომ არ იზრდიდა თმას. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ არ ეზრდება, უფრო სწორად, ისეთი ინტენსივობით სცვივა, რომ გაზრდას ვერ ასწრებს. ჰოდა, გავაწყვიტე, ამ საკითხს ჩავღმავებოდი. მიზეზი აუცილებლად იარსებებს და მისი აღმოფხვრის შემთხვევაში ჩემი მეგობარიც შეძლებს გრძელი და ლამაზი თმით თავის მოწონებას.
მხოლოდ ქალები როდი ვართ ამ დღეში – არც მამაკაცები განიცდიან ნაკლებად გამელოტების პერპექტივას. სადღაც წავიკითხე, საჭურისებს თმა არ სცვივათო. არა, ეს გზა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ნამდვილად არ გამოგვადგება, თუმცა ერთი რამ ცხადია – პრობლემის თავიდათავი მამაკაცური ჰორმონები უნდა იყოს. ჰიპოკრატე, რომელსაც თურმე თვითონაც აწუხებდა თმის ცვენა, ამ საკითხით ძლიერ ყოფილა დაინტერესებული. პირველს სწორედ მას ამოუცვნია კავშირი სიმელოტესა და მამაკაცის სასქესო ჰორმონებს შორის. იულიუს კეისარი და ნაპოლეონი უკნიდან წინ ივარცხნიდნენ თმას შემელოტებული შუბლის დასაფარავად. ამგვარ შემთხვევებს ჩვენს დროშიც უხვად წააწყდებით.
რატომ ვკარგავთ თმას
მოდი, იმ მიზეზების შესახებ გიამბობთ, რომელთა გამოც ყველაზე ხშირად ვკარგავთ თმას. როცა თმის ცვენა უცაბედად იწყება, მიზეზი შეიძლება იყოს:
• რომელიმე დაავადება;
• დიეტა;
• მედიკამენტები;
• ბავშვის გაჩენა.
ხოლო თუ თმა თანდათანობით იწყებს ცვენას და წლიდან წლამდე უფრო და უფრო თხელდება, საქმე, სავარაუდოდ, გენეტიკურ თმის ცვენასთან გვაქვს. ექიმები მას ანდროგენურ ალოპეციას უწოდებენ. გაგიკვირდებათ და თმის ცვენა თურმე ზოგიერთმა თმის მოვლის საშუალებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს. 
ყველაზე გავრცელებული
თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმა სწორედ ანდროგენული ალოპეციაა. მის წილად შემთხვევათა 95% მოდის. სტატისტიკა შემაშფოთებელია – დღეისათვის ყოველი მეორე მამაკაცი და მეოთხე ქალი ამ ტიპის ალოპეციას უჩივის. ანდროგენული, იგივე მამაკაცური ტიპის თმის ცვენა ძლიერ გავრცელებულია 20-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებში. მისთვის უპირატესად შუბლისა და თხემის არეების გამელოტებაა დამახასიათებელი. შემაშფოთებელია მონაცემები იმის თაობაზეც, რომ ბოლო წლებში ანდროგენური ალოპეცია გახშირდა და გაახალგაზრდავდა. როგორც უკვე გითხარით, ის ქალებშიც გვხვდება, თუმცა შედარებით იშვიათად.
მაინც რატომ მელოტდებიან ასე ხშირად ძლიერი სქესის წარმომადგენლები ახალგაზრდა ასაკში? ჰიპოკრატე, როგორც ყოველთვის, მართალი აღმოჩნდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ტიპის თმის ცვენას ორი ფაქტორი განაპირობებს: მემკვიდრეობა და მამაკაცური ჰორმონები. ისე ნუ გაიგებთ, თითქოს, ვისაც თმა სცვივა, მოჭარბებულ მამაკაცურობას “უჩიოდეს” ან პირიქით; თუ მემკვიდრეობითი ფაქტორი არსებობს, ზომიერი ჰორმონული ფონის შემთხვევაშიც კი ვერ აცდებიან ჩვენი ძვირფასი მამაკაცები გამელოტებას. ამ მდგომარეობის მიზეზად თმის ძირებზე, ფოლიკულებზე, ჰორმონ ტესტოსტერონის დამაზიანებელი მოქმედებაა მიჩნეული. ანდროგენების პერმანენტული ზემოქმედებით მათდამი მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან პატარავდება, ჯანსაღი თმის წარმოქმნის უნარს კარგავს, ატროფირდება და საბოლოოდ გაიწოვება კიდეც. ჰორმონული ფონი ყველა მამაკაცს აქვს, თმას კი მხოლოდ ისინი კარგავენ, ვინც გენეტიკურადაც არის განწყობილი. 
ბუდობრივი ალოპეცია
ანდროგენული ალოპეციის შემდეგ თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი ბუდობრივი ალოპეციაა. ის მოსახლეობის 1,7%-ს აწუხებს. ამ აუტოიმუნური დაავადების დროს თმა შეიძლება სხეულის ნებისმიერ სხვა უბანზე გაცვივდეს. ამის მიზეზი იმუნური სისტემის გაუკუღმართებული მუშაობაა. იგი ფოლიკულებს თავს ესხმის როგორც უცხოებს და აზიანებს. ბუდობრივი ალოპეცია შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. მისთვის თმის ბღუჯა-ბღუჯა ცვენაა დამახასიათებელი.
გარდა ანდროგენული და ბუდობრივი ალოპეციისა, თმის ცვენა 30-მდე სხვადასხვა დაავადებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი. მათგან ყველაზე გავრცელებულია: 
• რკინადეფიციტური ანემია;
• ჰიპოთირეოზი;
• სიმსივნის საწინააღმდეგოდ მიმართული რადიო- და სხივური თერაპია – მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს თმის ცვენა დროებითია, პაციენტები მას ძალზე ტრაგიკულად აღიქვამენ;
• თმის მკრეჭელი ლიქენი – გადამდები სოკოვანი დაავადებაა, უმთავრესად ბავშვებშია გავრცელებული; ეფექტური მკურნალობის გარეშე მან შესაძლოა გამელოტება და თავის მიდამოს კანის აქერცვლა გამოიწვიოს;
• ტრიქოტილომანია – ფსიქოპათოლოგიური სინდრომია, რომელიც საკუთარი თმის ამოგლეჯის დაუძლეველი სურვილით ვლინდება. დაავადებულები თმას იგლეჯენ თავის თმიანი ნაწილიდან, წარბებიდან, წამწამებიდან და სხეულის სხვა უბნებიდან. იგი ყველაზე ხშირად 11-13 წლის გოგონებში გვხვდება. ტრიქოტილომანიას ფსიქოთერაპიით მკურნალობენ. 
რა გზას დავადგეთ
ჩამოთვლილ სიტუაციებში თმის ცვენის შეჩერება მხოლოდ ძირითადი დაავადების მკურნალობით არის შესაძლებელი. როგორ მოვიქცეთ ანდროგენური ალოპეციის დროს – მემკვიდრეობით მიღებულ გენეტიკურ ინფორმაციას ხომ ვერაფერს მოვუხერხებთ? მეცნიერებმა არც ამ პრობლემის წინაშე დაგვტოვეს შიშველი ხელების ამარა. თმის გადანერგვის შესახებ ალბათ ყველას გაგიგონიათ, მაგრამ ვიდრე ამ ძვირად ღირებული პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტდეთ, სხვა მეთოდებიც სცადეთ, მაგალითად, მედიკამენტური მკურნალობა. დღეს ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ (FDA) ანდროგენური ალოპეციის სამკურნალოდ ორი ძირითადი პრეპარატია მოწოდებული:
• ფინასტერიდი (პროპეცია) – აბების სახით მიიღება. იგი ბლოკავს ტესტოსტერონის აქტიურ (ფოლიკულისთვის მავნე) ფორმაში გადასვლას, რის შედეგადაც თმის ძირებზე ტესტოსტერონის დამაზიანებელი გავლენა მცირდება. თუმცა ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს წამალი პროსტატის კიბოს განვითარების რისკს ზრდის და ზოგიერთ შემთხვევაში მამაკაცის სქესობრივ დისფუნქციასაც კი იწვევს. 
• მეორე პრეპარატი, მინოქსიდილი (როგეინი), ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კონცენტრაციის (2-15%-იანი) ხსნარი ან ქაფია. მისი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა ერთი რამ ცხადია – ეფექტი საკმაოდ კარგია. დღეში ორჯერ შეზელაც საკმარისია. ახალი თმის ამოსვლას დაახლოებით 12 კვირა დასჭირდება. ცნობილია, რომ ამ პრეპარატების სისტემატური გამოყენება ხშირად გამოიღებს ხოლმე სასურველ შედეგს და საგრძნობლად აუმჯობესებს თავის თმიანი საფარველის მდგომარეობას.
გარდა ამისა...
მკურნალობის ალტერნატიული, თანამედროვე მეთოდებიც არსებობს. თუ ერთმა არ გიშველათ, ფარ-ხმალს ნუ დაყრით, მედიცინის არსენალში კიდევ ბევრი საშუალებაა. მოდი, თითოეული მათგანი მიმოვიხილოთ:
• ლაზეროთერაპია – ამ პროცედურის დროს დასუსტებულ თმის ფოლიკულზე მცირე ინტენსივობის ლაზერული გამოსხივების მეშვეობით ზემოქმედებენ და ააქტიურებენ მას – ლაზერული გამოსხივება ხომ მიკროცირკულაციას, შესაბამისად, ფოლიკულის კვებას აუმჯობესებს.
• მეზოთერაპიის დროს უშუალოდ დაზიანების კერაში უწვრილესი ნემსებით სამკურნალო პრეპარატების, ვიტამინების, ამინმჟავებისა და მიკროელემენტების მცირე დოზები შეჰყავთ, რასაც საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს.
• პლაზმოლიფტინგი – ამ დროს დაზიანებულ უბანში პაციენტის სისხლისგან დამზადებულ თრომბოციტებით მდიდარ პლაზმას უშვებენ. აღნიშნული პროცედურა მიკროცირკულაციის, უჯრედული მეტაბოლიზმის გაძლიერებას და აღდგენითი პროცესების დაჩქარებას იწვევს, რის შედეგადაც თმის ფოლიკულებიდან ისევ იწყება თმის ზრდა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურა მხოლოდ ჯერ კიდევ არსებული თმის მდგომარეობას აუმჯობესებს, ცვენას აჩერებს და მათ გამოყენებას აზრი მხოლოდ პათოლოგიური პროცესის ადრეულ ეტაპზე აქვს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომელიც ფოლიკულების რეგენერაციას ანუ უკვე დაღუპული თმის ძირების აღდგენას და გამელოტებულ ადგილებში ახალი თმის ამოსვლას გამოიწვევდა. დაკარგული თმის აღდგენის ერთადერთი ეფექტური საშუალება ოპერაციული მკურნალობა – თმის გადანერგვაა. 
ძვირი, მაგრამ ეფექტური
ორი სიტყვით სწორედ ასე შეიძლება თმის გადანერგვის პროცედურის დახასიათება. პირველად თმის გადანერგვის ოპერაცია იაპონელმა ექიმმა შოჯი ოკუდამ ჩაატარა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე თმის ტრანსპლანტაციის მამად ამერიკელი დერმატოლოგი ნორმან ორიენტრაიხია მიჩნეული. ეს იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომის ქაოსის გამო ოკუდას ნაშრომებმა საკმაოდ დიდხანს ვერ დაიმსახურა სამედიცინო საზოგადოების სათანადო ყურადღება.
ალბათ შეგიმჩნევიათ, თმაგაცვენილ მამაკაცებს ძალიან ხშირად თმა კეფისა და საფეთქლის არეში შენარჩუნებული აქვთ. მეცნიერებმა ამის მიზეზიც გაარკვიეს: აღმოჩნდა, რომ კეფისა და საფეთქლის ზონაში განლაგებულ თმის ფოლიკულებს არ გააჩნია ტესტოსტერონის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები, რის გამოც ისინი თმის ცვენისადმი რეზისტენტულები რჩებიან. ამ არეებში ფოლიკულები თითქმის სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ თავიანთ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს. სწორედ მათ იყენებენ თმის გადანერგვის დროს. ამრიგად, ქირურგი ერთი ადგილიდან, სადაც მრავლადაა ჯანსაღი ფოლიკულები, იღებს მათ და უთმო არეში ნერგავს. გადანერგვის შემდეგ ფოლიკულები ჩვეულებრივ აგრძელებენ ფუნქციობას და მათგან ჯანსაღი, ნორმალური თმა ამოდის.  სრულიად მელოტი პაციენტებისთვისაც არსებობს გამოსავალი. ზოგიერთი ფირმა ხელოვნურ, სინთეზურ თმას (მიკროფირებს) აწარმოებს. უნდა გაგაფრთხილოთ: აღნიშნული მეთოდი გვერდითი მოვლენების მთელი წყების გამო იშვიათად გამოიყენება. მოგეხსენებათ, ხელოვნური თმა არ იზრდება, გარდა ამისა, შემაწუხებელ ქავილს და სხვა ტიპის გართულებებს იწვევს, ამიტომ, ცხადია, ეფექტურობით ეს მეთოდი აუტოტრანსპლანტაციას ვერ შეედრება. 
ამრიგად, თუ შეამჩნიეთ, რომ ბოლო ხანს თმის ცვენა თვალში საცემი გახდა, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. გახსოვდეთ, ალოპეციის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ დროულად დაწყებულ მკურნალობას აქვს.

თამარ არქანია

გააზიარე: