კვება გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს

გააზიარე:

ყოველ მეორე ადამიანს ერთხელ მაინც გამოუცდია გასტროეზოფაგური რეფლუქსისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმჟავე, გულძმარვა ან დისკომფორტი მუცლის არეში.

მართალია, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (შემოკლებით გერდის) მართვაში მედიკამენტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ სიმპტომები კვებით ჩვევებზეც არის დამოკიდებული. ზოგიერთ საკვებს კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, კუჭის მჟავიანობის გაძლიერება ან საჭმლის მონელების პროცესის შენელება შეუძლია, რითაც უფრო მეტად ამძაფრებს ჩივილებს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიკვებოთ გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს, რომელმა საკვებმა შეიძლება გაამწვაოს სიმპტომები ან როდის არის საჭირო ამა თუ იმ პროდუქტის დროებით შეზღუდვა.

სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და “ავერსის კლინიკის” ექიმ გასტროენტეროლოგს თამარ გიგიშვილს .

- როგორია გასტროეზოფაგური რეფლუქსის განვითარების ძირითადი მექანიზმი და რა როლს ასრულებს ამაში კვება?

- გასტროეზოფაგური რეფლუქსი არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის შიგთავსი, უმეტესად მჟავა, პერიოდულად უკან, საყლაპავში ბრუნდება. ამის ძირითადი მიზეზი საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული კუნთოვანი სარქვლის, საყლაპავის ქვედა სფინქტერის, ფუნქციის მოშლაა.

ნორმალურ პირობებში სფინქტერი ლუკმის გადაყლაპვისას დროებით იღება, მერე კი მჭიდროდ იხურება, რათა კუჭის შიგთავსი უკან ვეღარ დაბრუნდეს. რეფლუქსის დროს ეს დამცავი მექანიზმი ირღვევა:

  • სფინქტერი ხშირად ან ნაადრევად დუნდება;
  • მისი ტონუსი დაქვეითებულია;
  • იმატებს მუცელშიდა წნევა, რაც კუჭის შიგთავსს საყლაპავისკენ უბიძგებს. ასეთი რამ ხშირად ხდება ჭარბი წონის, ორსულობის, მუცლის შებერილობის, ყაბზობის დროს.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია გულძმარვა (წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რომელიც ძლიერდება ჭამის შემდეგ, წინ დახრისას ან წოლისას), კუჭის მჟავე შიგთავსის ამოსვლა პირის ღრუში, ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას (რაც ლორწოვანის ანთებაზე, ეროზიასა და საყლაპავის შევიწროებაზე მიანიშნებს), გულისრევა, შედარებით იშვიათად - ღებინება. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება ატიპურადაც ვლინდება, მაგალითად, გულმკერდის არეში ტკივილით, ქრონიკული ხველით, ხმის ჩახლეჩითა და ასთმის მსგავსი სიმპტომებით - მჟავას ასპირაციამ (სასუნთქ გზებში გადაცდენამ) შესაძლოა ბრონქოსპაზმი და სასუნთქი სისტემის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

გასტროეზოფაგურ რეფლუქსს პროვოცირებას უწევს მავნე კვებითი ჩვევები და ცალკეული პროდუქტებიც. ეს ორი ძირითადი მექანიზმით ხდება:

* ბიოქიმიურით (სარქველსა და ლორწოვანზე ზემოქმედებით) - ზოგიერთი პროდუქტი აქვეითებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს ან აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვანს;

* მექანიკურით (მუცელშიდა წნევის აწევით) - ზომაზე მეტად დანაყრებისას და მუცლის შებერილობისას (ნაწლავებში აირების დაგროვებისას) კუჭის კედლები მექანიკურად იჭიმება, რაც ზრდის მუცელშიდა წნევას და კუჭის შიგთავსს საყლაპავში დაბრუნებას აიძულებს.

საკვები, რომელიც ხელს უწყობს რეფლუქსის განვითარებას და სიმპტომების გამწვავებას

- გთავაზობთ საკვების იმ ჯგუფების ჩამონათვალს, რომელთა მიმართაც საჭიროა სიფრთხილე გასტროეზოფაგური რეფლუქსის მართვისას:

. ცხიმიანი , შემწვარი , შებოლილი: ფასტფუდი (კარტოფილი ფრი, ბურგერები, პიცა, შაურმა), ჩიფსები, ღორის ან ცხვრის ცხიმიანი ხორცი, შაშხი, ლორი, ძეხვეული, მაიონეზი, ცხიმიანი რძე, ცხიმიანი (30-40 პროცენტზე მაღალი ცხიმიანობის) ყველი, ნაღები, კარაქი, ნაყინი.

ცხიმი ანელებს კუჭის დაცლას და საკვები კუჭში დიდხანს რჩება. ამის გამო იმატებს მუცელშიდა წნევა, რაც, როგორც უკვე ვთქვით, ხელს უწყობს კუჭის შიგთავსის საყლაპავში დაბრუნებას. გარდა ამისა, ცხიმიანი საკვები ასტიმულირებს ქოლეცისტოკინინის (CCK) გამოყოფას - ჰორმონისა, რომელიც პასუხისმგებელია საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნებაზე.

. ცხარე და არომატული: ჩილი, აჯიკა, მწარე წიწაკა, პილპილი, მდოგვი, უმი ნიორი და ხახვი, პრასი, ბულგარული წიწაკა.

. ციტრუსები და მჟავე ხილი: ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი, კივი, ალუბალი, მათი წვენი და ჩირი, ასევე - პომიდორი , კეტჩუპი , პომიდვრის პასტა და საწებელი , ძმრიანი კერძები და მწნილეული .

* ტკბილეული და ცომეული, მათ შორის - ახალი პური და ფუნთუშეული. ამ ჯგუფის საკვები ზოგიერთ ადამიანში კუჭის გადავსებას და მუცლის შებერილობას იწვევს, რაც ხელს უწყობს რეფლუქსის სიმპტომების გაძლიერებას.

* შოკოლადი. როგორც შავი, ისე რძიანი შოკოლადი შეიცავს მეთილქსანთინებს, უმთავრესად თეობრომინს, რომელიც იწვევს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითებას და რეფლუქსის სიმპტომების გახშირებას.

* პიტნა და მენთოლის შემცველი ნაწარმი. მიუხედავად იმისა, რომ პიტნა კუჭის დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევა, მის შემადგენლობაში შემავალი მენთოლი ხელს უწყობს სფინქტერის მოდუნებას, ამიტომ დიდი ოდენობით მიღებამ შესაძლოა რეფლუქსის სიმპტომები გააძლიეროს. ეს ეხება როგორც პიტნის ჩაის, ისე საღეჭ რეზინსა და მენთოლიან კანფეტებს.

* ალკოჰოლი. ის მხოლოდ საყლაპავის ქვედა სფინქტერს კი არ ადუნებს, არამედ მის ლორწოვან გარსსაც აღიზიანებს.

* კოფეინის შემცველი სასმელები. ყავა, ჩაი, ასევე - კოკა–კოლა და სხვა ენერგეტიკები ხელს უწყობს სფინქტერის მოდუნებას.

* გაზიანი სასმელები: მინერალური წყალი, ლიმონათი და სხვა, - ზრდის კუჭში არსებულ წნევას. გაზის ბუშტუკები იწვევს ბოყინს, რომლის დროსაც კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლის ალბათობა იმატებს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი სრულიად ან სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, ყველაზე სწორი მიდგომა ინდივიდუალური დაკვირვებაა. პაციენტი უნდა დააკვირდეს, რომელი საკვები უძლიერებს სიმპტომებს და პირველ ეტაპზე სწორედ მათი შეზღუდვა ან დროებით გამორიცხვა სცადოს.

- ბევრს მიაჩნია, რომ უგაზო მინერალური წყალი გულძმარვას ამსუბუქებს.

- ზოგიერთ მინერალურ წყალს ტუტე რეაქცია აქვს და დროებით მართლაც აქვეითებს კუჭის წვენის აგრესიულობას, მაგრამ მათი სისტემატური გამოყენება არ არის სასურველი, რადგან კუჭის არეალის მკვეთრი გატუტიანების საპასუხოდ ორგანიზმი კომპენსატორულად იწყებს უფრო მეტი მარილმჟავას გამოყოფას და ხანმოკლე შვების შემდეგ გულძმარვა ორმაგი ინტენსივობით ბრუნდება. ამდენად, მინერალური წყალი შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ ერთჯერადი დახმარებისთვის და არა ყოველდღიურად.

მნიშვნელოვანია, მინერალური წყალი აუცილებლად უგაზო ან გაზგასული იყოს. ამასთან, არ არის სასურველი მისი დალევა უშუალოდ ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, რადგან ხელს უშლის საკვების მონელებას. მინერალური წყლის სმა რეკომენდებულია მხოლოდ ჭამიდან ჭამამდე შუალედში.

სწორი კვების პრინციპები

- რა ტიპის კვებაა რეკომენდებული გერდის დროს?

- მთავარი პრინციპია, საკვები დაბალცხიმიანი, მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი იყოს. ამგვარი მიდგომა საგრძნობლად ამცირებს კუჭის გადავსებას, კუჭის წვენის აგრესიულობასა და კუჭის შიგთავსის საყლაპავში დაბრუნების რისკს.

აქცენტი დაისმის მჭლე ცილაზე, მაგალითად, ქათმის ფილეზე, კანგაცლილ ინდაურის ხორცზე, ხბოს ნაკლებცხიმიან ხორცზე, თეთრ თევზზე.

საზოგადოდ, რეკომენდებულია ნაკლებცხიმიანი საკვები, მაგალითად, 1,5% ან ამაზე დაბალი ცხიმიანობის მქონე რძის ნაწარმი, ოღონდ არც ცხიმების სრულიად გამორიცხვაა სასურველი. ზომიერი რაოდენობის ჯანსაღ ცხიმს (ზეითუნის ზეთს, გოგრის თესლის ზეთს, სელის ზეთს, რაფსის ზეთს, ყურძნის წიპწის ზეთს, ნიგვზის ზეთს, ავოკადოს, დაუმარილებელ თხილეულს) ორგანიზმი უმეტესად კარგად იტანს.

პაციენტები, წესი სამებრ , უკეთ იტანენ ნეიტრალურ და შედარებით ტუტე თვისებების მქონე საკვებს. ასეთია:

* მარცვლეული: შვრია, ამარანტი, კინოა, წიწიბურა, მთლიანი ხორბლის მაკარონი, ბრინჯი, მწვავე ფაზაში - წყალზე ან მცენარეულ რძეზე მომზადებული ფაფები;

* ბოსტნეული: ბადრიჯანი, გოგრა, სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, კიტრი, სატაცური, ისპანახი, ყაბაყი, ოხრახუში, სალათის ფურცლები და სხვა;

* ხილი: ბანანი, ნესვი, საზამთრო, პაპაია, მარწყვი, მოტკბო ვაშლი.

ბოლო წლებში გერდის მართვისას ხშირად განიხილება ხმელთაშუა ზღვის ტიპის კვების მოდელიც, რომელიც ბოსტნეულს, მარცვლეულს, თევზს, ზეითუნის ზეთსა და ნაკლებად გადამუშავებულ პროდუქტებს მოიცავს. კვლევების თანახმად, ამგვარი დიეტით ზოგიერთ პაციენტს რეფლუქსის სიმპტომები შეუმცირდა.

გერდის დროს რეკომენდებულია თბილი ან ოთახის ტემპერატურის საკვები, რადგან როგორც ზედმეტად ცხელმა, ისე ზედმეტად ცივმა სუბსტანციამ შესაძლოა სიმპტომების პროვოცირება გამოიწვიოს. დაავადების მწვავე ფაზაში სასურველია მიირთვათ რბილი ან პიურესებრი კონსისტენციის კერძები, ჭამოთ აუჩქარებლად და საკვები გულდასმით დაღეჭოთ. ამასთან, უპირატესობა ენიჭება მოხარშულ, ჩაშუშულ, ორთქლზე მომზადებულ, გრილზე ან ღუმელში გამომცხვარ კერძებს.

კვების რეჟიმი

- კვების რეჟიმი გერდის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სასურველია კვება მცირე ულუფებით და ხშირად, დღეში 4–5-ჯერ. დიდი ულუფები კუჭში წნევას და რეფლუქსის განვითარების ალბათობას ზრდის.

დიდი მნიშვნელობა აქვს დროსაც. ვახშმობა რეკომენდებულია დაძინებამდე, სულ მცირე, 3-4 საათით ადრე. ჭამისთანავე ნუ დაწვებით. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომების შესუსტებას ხელს უწყობს საწოლის თავის ოდნავ აწევა ან მაღალ ბალიშზე ძილი.

რეფლუქსის მართვისას მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის კორექციაც: თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, თამბაქოს შეზღუდვა, სტრესის შემცირება და წონის კონტროლი.

ჭარბი წონა და რეფლუქსი

- რა გავლენას ახდენს ჭარბი წონა სიმპტომების მართვაზე? როგორია ამ შემთხვევაში რეკომენდაციები?

- ჭარბი წონა, განსაკუთრებით აბდომინალური (მუცლის არეში) სიმსუქნე, გასტროეზოფაგური რეფლუქსის განვითარების ერთ-ერთი წამყვანი რისკფაქტორია და ხშირად საგრძნობლად ამძიმებს მდგომარეობას.

მუცლის არეში ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება მკვეთრად ზრდის მუცელშიდა წნევას. ეს უკანასკნელი მექანიკურად აწვება კუჭს და მის შიგთავსს საყლაპავისკენ უბიძგებს. შედეგად საყლაპავის ქვედა სფინქტერს ორმაგი დატვირთვით უწევს მუშაობა. დროთა განმავლობაში ბარიერი ტონუსს კარგავს და ყოველი ჭამის შემდეგ მჟავა თავისუფლად გადადის საყლაპავში. ამასთანავე, ჭარბი წონა ხშირად აფერხებს კუჭის ფიზიოლოგიურ დაცლას, რაც კუჭში საკვების შეგუბებას იწვევს.

ასეთი პაციენტებისთვის არ შეიძლება ჭამის შემდეგ დაწოლა, წინ დახრა და მძიმე ფიზიკური დატვირთვა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მცირე ულუფებით კვება.

ჭარბწონიან პაციენტებს ხშირად უდასტურდებათ ძილის ობსტრუქციული აპნოე (სუნთქვის ხანმოკლე გაჩერება ძილში). ამ დროს გულმკერდის ღრუში წარმოქმნილი უარყოფითი წნევა ხელს უწყობს კუჭის შიგთავსის ზემოთ ამოსვლას. ამ ტიპის პაციენტებისთვის განსაკუთრებით საჭიროა საწოლის თავის 15–20 სმ-ით აწევა, რათა გრავიტაციამ კუჭის შიგთავსის ამოსვლას ხელი შეუშალოს. ვახშმობა კი რეკომენდებულია დაძინებამდე, სულ მცირე, 3-4 საათით ადრე.

ჭარბწონიან პაციენტებთან მხოლოდ მედიკამენტური თერაპია ხშირად ნაკლებეფექტურია - პარალელურად საჭიროა ცხოვრების წესისა და კვებითი ჩვევების კორექციაც . კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ სხეულის მასის ზომიერი კლებაც კი საგრძნობლად ამცირებს რეფლუქსის ეპიზოდებს და ხშირად მედიკამენტების დოზის შემცირების ან მათი საერთოდ მოხსნის საშუალებას იძლევა.

თუმცა გერდის დროს წონის კლება არ უნდა იყოს გამოწვეული მკაცრი, შიმშილთან ასოცირებული დიეტით, რადგან ხანგრძლივი შიმშილი უფრო მეტად ზრდის კუჭის წვენის აგრესიულობას. ნაცვლად ამისა, რეკომენდებულია დაბალანსებული, ფრაქციული კვება, ინდივიდუალური კვებითი ტრიგერების შეზღუდვა და რეგულარული, ზომიერი ფიზიკური აქტივობა.

სტრესი და რეფლუქსი

- რა როლს ასრულებს ფსიქოემოციური ფაქტორები და სტრესი გერდის სიმპტომების გამოვლენაში?

- სტრესი გასტროეზოფაგური რეფლუქსის უშუალო მიზეზად არ მიიჩნევა, თუმცა შეუძლია, საგრძნობლად გააძლიეროს ავადმყოფობის სიმპტომები და გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა.

ქრონიკული ნერვული დაძაბულობა იწვევს პერიფერიული ნერვული სისტემის ჰიპერმგრძნობელობას. შედეგად იმატებს საყლაპავის მგრძნობელობაც - პაციენტი უფრო მძაფრად აღიქვამს იმავე ინტენსივობის რეფლუქსის ეპიზოდებს და მჟავას მინიმალურ პროვოკაციაზეც კი მწვავე ტკივილითა და გულძმარვით რეაგირებს.

ფსიქოემოციური დაძაბულობის დროს ირღვევა კუჭის მოტორიკაც და შესაძლოა, შენელდეს კუჭის ფიზიოლოგიური დაცლაც.

გარდა ამისა, სტრესის ფონზე ხშირად იცვლება კვებითი ქცევა. ადამიანი ჭამს უფრო სწრაფად, არარეგულარულად, მეტად ეტანება ყავას, ტკბილეულს, ცხიმიან საკვებს ან ალკოჰოლს, რაც ხელს უწყობს სიმპტომების გამწვავებას.

აღსანიშნავია, რომ შფოთვა და ქრონიკული სტრესი მხოლოდ გულძმარვის ინტენსივობას კი არ ზრდის, არამედ შესაძლოა, მკურნალობის ეფექტიანობაზეც უარყოფითად აისახოს.

კონსულტაცია ექიმთან

- როდის შეიძლება ვიეჭვოთ გასტროეზოფაგური რეფლუქსი და როდის მივმართოთ ექიმს?

- გულძმარვის, მჟავე ამოღებინების, ბოყინის ან დისკომფორტის ერთეული ეპიზოდები, განსაკუთრებით - გადაძღომის ან მძიმე საკვების მიღების შემდეგ, ყოველთვის დაავადებას არ ნიშნავს. გასტროეზოფაგურ რეფლუქსზე ეჭვი შეიძლება მივიტანოთ მაშინ, როცა ეს სიმპტომები კვირაში რამდენჯერმე მეორდება და დიდხანს გრძელდება.

თუ სიმპტომებმა სისტემატური ხასიათი შეიძინა და ცხოვრების ხარისხის გაუარესება გამოიწვია, მაგალითად, გულძმარვის გამო დაგერღვაYთ ძილი ან იძულებული ხართ, მკაცრად შეზღუდოთ თითქმის ყოველგვარი საკვები, ეცადეთ, მალევე მიმართოთ გასტროენტეროლოგს.

არსებობს საგანგაშო სიმპტომებიც, რომელთა დროსაც ექიმთან ვიზიტის გადადება ან თვითმკურნალობა არაფრით არ შეიძლება.

დაუყოვნებლივ მიდით სპეციალისტთან, თუ შეამჩნიეთ:

  • ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი;
  • საყლაპავში საკვების გაჭედვის შეგრძნება;
  • წონის აუხსნელი კლება;
  • მუდმივი გულისრევა ან ღებინება;
  • სისხლიანი ღებინება;
  • შავი განავალი;
  • ძლიერი ან გახანგრძლივებული ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ანემია ან გამოხატული სისუსტე.

ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დამატებითი გამოკვლევა, რადგან მსგავსი სიმპტომები არა მხოლოდ გერდს, არამედ სხვა დაავადებებსაც ახასიათებს.

- რატომ უნდა ვერიდოთ თვითმკურნალობას?

- ხშირად პაციენტები წლების განმავლობაში დამოუკიდებლად, ექიმის დანიშნულების გარეშე იღებენ სხვადასხვა წამალს სიმპტომების შესამსუბუქებლად, მაგრამ ხშირი და ხანგრძლივი ჩივილების თვითნებურად მართვა არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა, გასტროეზოფაგური რეფლუქსის უკან სხვა, უფრო სერიოზული დარღვევა იმალებოდეს.

რეფლუქსის მსგავსი ჩივილები ზოგჯერ თან ახლავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ნაღვლის ბუშტის პრობლემებს, ფუნქციურ დისპეფსიას, Helicobacter pylori-თ გამოწვეულ ინფექციას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც კი, ამიტომ დიაგნოზის დასმის გარეშე სიმპტომების დათრგუნვამ შესაძლოა პრობლემის აღმოჩენა დააგვიანოს.

განსაკუთრებით საშიშია მჟავიანობის დამთრგუნველი მედიკამენტების ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად სწრაფად ამცირებენ სიმპტომებს, არასწორად ან ზომაზე მეტხანს მიღებამ შესაძლოა გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს - ვიტამინებისა და მინერალების შეწოვის დარღვევა, ნაწლავის მიკრობიოტის ცვლილება, ინფექციების გახშირება და სხვა.

თვითმკურნალობის თანმხლები კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ პაციენტები ხშირად მხოლოდ მედიკამენტებზე ამყარებენ იმედს და უგულებელყოფენ ცხოვრების წესისა და კვების კორექციას, რომელიც გერდის მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

ასე რომ, თუ გულძმარვა, ბოყინი ან სხვა სიმპტომები რეგულარულად მეორდება, მიბრძანდით ექიმთან კონსულტაციისთვის, რათა დადგინდეს ჩივილების ზუსტი მიზეზი და შეირჩეს ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობისა და კვების გეგმა.

გასტროეზოფაგური რეფლუქსის მართვისა და პრევენციისთვის

* მიირთვით მცირე ულუფებით და ხშირად - კუჭის გადავსება რეფლუქსის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

* ჭამეთ ნელა და ზედმიწევნით დააქუცმაცეთ საკვები.

* ერიდეთ გვიან ვახშამს - ბოლო კვება სასურველია დაძინებამდე მინიმუმ 3-4 საათით ადრე.

* ნუ დაწვებით და ნუ დაიხრებით ჭამის დასრულებისთანავე.

* უსმინეთ საკუთარ სხეულს და ერიდეთ იმ პროდუქტებს, რომლებიც სიმპტომებს გიძლიერებთ. მათ დადგენაში კვების დღიური დაგეხმარებათ.

* შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა - ჭარბი წონა მნიშვნელოვნად ზრდის რეფლუქსის რისკს.

* ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი, განსაკუთრებით - მუცლის მიდამოში.

* თავი შეიკავეთ მოწევისგან, რადგან თამბაქო საყლაპავის ქვედა სფინქტერის ფუნქციას ასუსტებს.

* ერიდეთ სტრესს.

* რეფლუქსის მართვას ხელს უწყობს სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტიურობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

* საჭიროების შემთხვევაში აამაღლეთ საწოლის თავი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმპტომები ღამით ძლიერდება.

* თვითნებურად ნუ მიიღებთ მედიკამენტებს. თუ გულძმარვა, მჟავას ამოსვლა, ბოყინი ან სხვა ჩივილები ხშირად მეორდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: