წიწმატი — პიკანტური გემო ჯანმრთელობის მხარდასაჭერად
გააზიარე:
წიწმატი ჯანსაღი კვების მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა. მისი ხასხასა მწვანე ფოთლები ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი საბადოა. რეგულარული მიღების შემთხვევაში წიწმატი მხოლოდ იმუნურ სისტემას კი არ აძლიერებს, არამედ მძლავრი ანტიოქსიდაციური დაცვითაც უზრუნველყოფს ორგანიზმს. ასე რომ, რაციონში მისი ჩართვა საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის მარტივი და ეფექტური გზაა.
კიდევ რა გავლენას ახდენს წიწმატი ჯანმრთელობაზე და როგორ შეიძლება მისი სწორად გამოყენება ყოველდღიურ კვებაში?
კვებითი ღირებულება
კვებითი ღირებულების თვალსაზრისით წიწმატი ნამდვილი სუპერპროდუქტია. მისი მცირე რაოდენობით მიღებაც კი საკმარისია ზოგიერთ ნუტრიენტზე დღიური მოთხოვნის მნიშვნელოვანი წილის დასაფარავად.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (UშDA) ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, 100 გრამი ქორფა წიწმატის კვებითი მაჩვენებლები ასეთია (პროცენტებში ნაჩვენებია შეფარდება ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულ დღიურ ნორმასთან):
ენერგეტიკული ღირებულება და მაკრონუტრიენტები
ცილა — 2.6 გ
ნახშირწყლები — 5.5 გ
ბოჭკო — 1.1 გ
ცხიმი — 0.7 გ
კალორიულობა — 32 კკალ
ვიტამინოვანი შემადგენლობა
ვიტამინი K — 542 მკგ ≈ 452%
ვიტამინი C — 69 მგ ≈ 77%
ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) — 346 მკგ ≈ 38%
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) — 0.26 მგ ≈ 20%
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) — 80 მკგ ≈ 20%
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) — 0.25 მგ ≈ 19%
ვიტამინი E — 0.7 მგ ≈ 4-5%
მინერალოვანი შემადგენლობა
მანგანუმი — 0.55 მგ ≈ 24%
სპილენძი — 0.17 მგ ≈ 19%
კალიუმი — 606 მგ ≈ 13%
რკინა — 1.3 მგ ≈ 16%
მაგნიუმი — 38 მგ ≈ 9-10%
კალციუმი — 81 მგ ≈ 8%
ფოსფორი — 76 მგ ≈ 11%
შესაძლოა მცირე ვარიაციები ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.
მცენარეული ნივთიერებები
წიწმატი მდიდარია ფიტოქიმიკატებით — მცენარეული ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას მძლავრ ბიოლოგიურ აქტივობას ავლენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
წიწმატის სიცხარეს გლუკოზინოლატები განაპირობებს. მექანიკური ზემოქმედებისას (დაჭრისას ან დაღეჭვისას) ეს ნივთიერებები გარდაიქმნება იზოთიოციანატებად — ბიოაქტიურ ნაერთებად, რომლებიც ანტიკანცეროგენული მოქმედებით გამოირჩევა. იზოთიოციანატები ხელს უწყობს კანცეროგენების გაუვნებლებას, აფერხებს დაზიანებული უჯრედების გამრავლებას, ავლენს ანტიოქსიდაციურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
წიწმატი მდიდარია ფენოლური ნაერთებით, მათ შორის ფლავონოიდებით (კვერცეტინით, კაემპფეროლით), რომლებსაც ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობა ახასიათებს. ეს ნაერთები ამცირებს ოქსიდაციურ სტრესსა და ქრონიკულ ანთებით პროცესებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და სხვა ქრონიკული პათოლოგიების, ასევე ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
გარდა ამისა, წიწმატი შეიცავს ბეტა-კაროტინსა და სხვა კაროტინოიდებს — A ვიტამინის წინამორბედებს. ისინი ასევე უზრუნველყოფენ ანტიოქსიდანტურ დაცვას, ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მხედველობის ხარისხის შენარჩუნებაში — იცავენ ბადურას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ანელებენ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების განვითარებას.
წიწმატის გავლენა ჯანმრთელობაზე
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
წიწმატის რეგულარული მოხმარება დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც განპირობებულია მცენარის ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა ტონუსის მარეგულირებელი თვისებებით.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოქსიდაციური სტრესი, რომელიც აზიანებს ენდოთელიუმს — სისხლძარღვების შიგნითა შრეს, იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL-ის, ცუდი ქოლესტეროლის) ოქსიდაციას (ჟანგვას) და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. ოქსიდაციური სტრესი ვითარდება მაშინ, როდესაც თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის ბალანსი ირღვევა. წიწმატის ანტიოქსიდანტები ამცირებს თავისუფალი რადიკალების მოქმედების ეფექტს, დაზიანებისგან იცავს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ცუდი ქოლესტეროლის ოქსიდაციას.
ამასთან, წიწმატის შემადგენლობაში შემავალი ფიტოქიმიური ნაერთები, განსაკუთრებით გლუკოზინოლატები, ხელს უწყობს ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებას — LDL-ის შემცირებას და HDL-ის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, კარგი ქოლესტეროლის) დონის შენარჩუნებას, რაც ამცირებს ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნის რისკს.
კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის კონტროლში, ვიტამინი B9 კი ამინმჟავა ჰომოცისტეინის დაშლაში მონაწილეობს. სისხლში ჰომოცისტეინის მაღალი დონე არტერიების შიგნითა კედლებს აზიანებს და პირდაპირ კავშირშია ინსულტისა და ინფარქტის მომატებულ რისკთან.
გაითვალისწინეთ: მიუხედავად უამრავი სასარგებლო თვისებისა, K ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო წიწმატის ჭარბი მოხმარება სახიფათოა მათთვის, ვინც სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს (მაგალითად, ვარფარინს) იღებს — აუცილებელია ზომიერება და მკურნალ ექიმთან კონსულტირება.
ძვლები
წიწმატი შეიცავს კალციუმსა და მაგნიუმს — მინერალებს, რომლებიც აუცილებელია ძვლების სიმტკიცისა და სტრუქტურული მთლიანობის შესანარჩუნებლად. მათი ერთობლივი მოქმედება ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გაძლიერებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
K ვიტამინი ძვლის მეტაბოლიზმშიც მონაწილეობს. ის ააქტიურებს ცილა ოსტეოკალცინს, რომელიც უზრუნველყოფს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩაშენებას და ამით ხელს უწყობს ძვლის მინერალიზაციას.
იმუნური სისტემა
C და A ვიტამინები და ფიტოქიმიური ნაერთები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური პასუხის რეგულაციასა და ორგანიზმის დაცვითი მექანიზმების გაძლიერებაში.
C ვიტამინის მაღალი შემცველობა ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) წარმოქმნასა და აქტიურობას, რითაც სხეულს ინფექციებთან გამკლავებაში ეხმარება. ამასთან, ის მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.
ბუნებრივ ანტიმიკრობულ და ანტიბაქტერიულ თვისებებს ავლენს წიწმატში არსებული გლუკოზინოლატებიც.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ბოჭკო და ბიოაქტიური ნაერთები დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე:
- აუმჯობესებს პერისტალტიკას, რითაც უზრუნველყოფს მონელებული საკვების უფრო ეფექტურ გადაადგილებას და ამცირებს შეკრულობის რისკს;
- ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას და, ამგვარად, ხელს უწყობს ნუტრიენტების ათვისებას.
გარდა ამისა, წიწმატს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისებაც, რითაც სხეულს ზედმეტი სითხისა და მეტაბოლური ნარჩენების გამოდევნაში ეხმარება.
სხვა ეფექტები
ფიტოქიმიკატები, მათ შორის გლუკოზინოლატები და პოლიფენოლები, ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს, ქრონიკული ანთება კი მრავალი დაავადების, მათ შორის მეტაბოლური სინდრომის, დიაბეტი ტიპი 2-ისა და დეგენერაციული პათოლოგიების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევა.
წიწმატი რკინისა და ფოლიუმის მჟავას (ვიტამინ B9-ის) კარგი წყაროც არის, ეს ნივთიერებები კი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებისთვის.
დაბალკალორიული და ნუტრიენტებით მდიდარი მწვანილი აადვილებს წონის კონტროლს, აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ამცირებს მეტაბოლური დარღვევების განვითარების რისკს.
გაითვალისწინეთ: იზოთიოციანატები გავლენას ახდენს იოდის ათვისებაზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ბევრ წიწმატს შეჭამთ, შესაძლოა, ოდნავ იკლოს ორგანიზმის მიერ იოდის ათვისებამ, რაც ფარისებრი ჯირკვლისთვის ცუდია. თუ იოდის დეფიციტი არ გაქვთ, დაბალანსებულად იკვებებით და საკმარის იოდს იღებთ, შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ, რამდენიც გსურთ.
წიწმატის მიკრომწვანილი: როგორ მოვიყვანოთ შინ
მიკრომწვანილი მცენარის განვითარების ადრეულ სტადიას წარმოადგენს. დათესვიდან 7-10 დღეში მცენარე ნიადაგიდან ამოიწვერება და ორი-სამი ფოთოლი გამოაქვს. ამ ეტაპზე ის ჯერ კიდევ პატარა და ნაზია, თუმცა ბიოაქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. კვლევების თანახმად, ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების შემცველობა მიკრომწვანილში 4-ჯერ და მეტჯერ, ზოგ შემთხვევაში 40-ჯერაც კი აღემატება ზრდასრული მცენარისას.
განვითარების ამ ფაზაში მცენარის ფერმენტული აქტივობაც მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ბევრად უფრო ადვილად და ეფექტურად ითვისებს მასში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს.
მიკრომწვანილს, წესისამებრ, ზრდის ხანმოკლე ციკლი აქვს, ამიტომ ქიმიური სასუქისა და პესტიციდების გამოყენებას არ მოითხოვს (მავნებლები უბრალოდ ვერ ასწრებენ მცენარის დაზიანებას). ამრიგად, სწორ პირობებში მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა.
წიწმატის მიკრომწვანილს უფრო ინტენსიური, პიკანტური და ოდნავ წიწაკისებრი გემო აქვს, რასაც მასში ეთერზეთებისა და სხვა არომატული ნაერთების შედარებით მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს. ეს ნაერთები მხოლოდ გემოს კი არ აძლევს მწვანილს, არამედ ანტიმიკრობულ აქტივობასაც ავლენს და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი პროცესების გააქტიურებას.
წიწმატის მოყვანა სახლის პირობებში ძნელი არ არის: მცენარეს არ სჭირდება ღრმა ნიადაგი ან განსაკუთრებული მოვლა. მის გასაზრდელად არც აივანია აუცილებელი და არც საკუთარი ბაღი — საკმარისია ფანჯრის რაფა და მინიმალური ინვენტარი.
დაგჭირდებათ:
* წიწმატის თესლი (შეიძენთ ნებისმიერ აგრომაღაზიაში);
* კონტეინერი (გამოგადგებათ გადაჭრილი რძის პაკეტი, პლასტმასის საბავშვო ვედრო, ძველი თასი, თუნდაც ცელულოიდის კვერცხების ჩასაწყობი);
* სპეციალური ნიადაგი, ქოქოსის სუბსტრატი, სელის ან ჯუთის საფენი, უკიდურეს შემთხვევაში — ბამბა ან ქაღალდის ხელსახოცი (წიწმატის თესლი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა, ამიტომ მისი მოყვანა ნიადაგის გარეშეც შესაძლებელია);
* წყლის საფრქვეველა (პულვერიზატორი) ნაზად და თანაბრად მორწყვისთვის.
თუ ადგილი ცოტა გაქვთ, გამოგადგებათ თიხის ან პლასტმასის რამდენიმეიარუსიანი კონტეინერები, რომლებიც ერთმანეთზე თავსდება — მათი წყალობით მცირე ფართობზე მეტ მიკრომწვანილს მოიყვანთ.
პირველი დღე: დათესვა
კონტეინერის ძირზე დააფინეთ ბამბა ან ქაღალდის ხელსახოცი (1-2 სმ სისქისა) და კარგად დაასველეთ. თესლი თანაბრად გაანაწილეთ ზედაპირზე — მჭიდროდ, მაგრამ არა ერთმანეთზე დახვავებული. მსუბუქად დანამეთ წყლით და თავსახური დაახურეთ ან ცელოფნის პარკი გადააფარეთ, რომ ტენიანი გარემო შეიქმნას (სათბურის ეფექტი).
მეორე-მესამე დღე: გაღივება
კონტეინერი სითბოსა და სიბნელეში მოათავსეთ. ჰაერის ცირკულაციისთვის დღეში ერთხელ მოხადეთ თავსახური და საჭიროების შემთხვევაში დაუტენიანეთ ზედაპირი. რამდენიმე დღეში პირველი თეთრი ყლორტები გამოჩნდება.
მეოთხე-მეხუთე დღე: სინათლეზე გამოტანა
როგორც კი ყლორტები 1-2 სმ-მდე გაიზრდება, მოხადეთ თავსახური და კონტეინერი განათებულ ადგილას, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე გადადგით. სინათლის ზემოქმედებით დაიწყება ფოტოსინთეზი და მცენარე თანდათან დამახასიათებელ მწვანე ფერს მიიღებს.
მეექვსე-მეშვიდე დღე: მოსავლის აღება
როდესაც ღეროების სიმაღლე 5-7 სმ-ს მიაღწევს და პირველი ორი ფოთოლი მთლიანად გაიშლება, მიკრომწვანილი მზად არის მოსაკრეფად. აიღეთ სამზარეულოს მაკრატელი და ფრთხილად მოჭერით ყლორტები ძირთან ახლოს.
ვიტამინებისა და ბიოაქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია წიწმატში ყველაზე მაღალია მოჭრიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, ამიტომ უმჯობესია, მიკრომწვანილი უშუალოდ მოხმარების წინ მოკრიფოთ. ამ შემთხვევაში ის მაქსიმალურად შეინარჩუნებს კვებით ღირებულებასაც და არომატსაც. მიირთვით უმი და არა თერმულად დამუშავებული.
წიწმატის მიკრომწვანილი შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივ მულტივიტამინად, რომელსაც იოლად ჩართავთ ყოველდღიურ რაციონში — დაამატებთ სალათებს, სენდვიჩებს, სმუზებს, თუმცა მიკრომწვანილით ჩვეულებრივი მწვანილის მთლიანად ჩანაცვლება არ არის მიზანშეწონილი. მიუხედავად იმისა, რომ მიკრომწვანილი უფრო მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ჩვეულებრივ მწვანილსაც აქვს თავისი ღირსებები. უპირველეს ყოვლისა, მასში უფრო მეტი ბოჭკოა, ხოლო ზოგიერთი ფიტონუტრიენტი, რომელსაც მწვანილი შეიცავს, მიკრომწვანილში შესაძლოა არ იყოს. მეორე: მიკრომწვანილი თერმული დამუშავებისთვის არ გამოდგება — თუ ცხელ წვნიანში ჩაყრით, სტრუქტურაც დაერღვევა და სასარგებლო თვისებებსაც დაკარგავს. ის სერვირების წინ უმად უნდა დაემატოს კერძს. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია ჩვეულებრივი მწვანილისა და მიკრომწვანილის კომბინირება.
ჯილდა გაჩეჩილაძე









