ვიზიტი ფსიქოთერაპევტთან - რა უნდა ვიცოდეთ პირველ სესიამდე
გააზიარე:
ფსიქოთერაპევტთან მისვლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ ნაბიჯის გადასადგმელად ხშირად დიდი შინაგანი სიმამაცეა საჭირო.
იმის შესახებ, რა ხდება თერაპევტის კაბინეტში ფსიქოანალიზის დროს, ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი, ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გიგა მამინაშვილი გვესაუბრა.
მითების შესახებ
_ ფსიქოანალიზის შესახებ ჩვენი წარმოდგენა უმეტესად კინოსა და ლიტერატურას ემყარება და ხშირად ცოტა რამ აქვს აქვს საერთო სინამდვილესთან. ხელის შემშლელი ხომ არ არის ფსიქოთერაპევტისთვის ის მითები და მოლოდინები, რომლებიც თერაპიაზე მოსულ პაციენტს მოაქვს თან?
_ ვიტყოდი, რომ სწორედ ეს მითები და მოლოდინები უბიძგებს ადამიანს, დახმარებისთვის მოგვმართოს. ფსიქოთერაპიისა და ფსიქოთერაპევტის შესახებ წინასწარი, თუნდაც მცდარი წარმოდგენა, კლიენტის გონებაში არსებული ფანტაზმი, წარმოსახვითი კონსტრუქტი, ის ქვაკუთხედია, რომელსაც ეყრდნობა ადამიანი, როდესაც გადაწყვეტს, თავისი ტანჯვა სხვას გაუზიაროს.
მოლოდინი ყოველთვის ინდივიდუალურია. ჩვენთან არ მოდის ორგანიზმი კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა ან ნერვული სისტემის სახით; ჩვენთან მოდის სუბიექტი თავისი უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილებით: ბავშვობით, მშობლებთან ურთიერთობის ისტორიით, ფსიქიკური წარსულით, განუმეორებელი კულტურითა და ენით. შესაბამისად, ფსიქოანალიტიკოსთან ყოველი მიმართვა უკიდურესად სუბიექტურია.
ამ კონტექსტში “კარგად მომზადებული” პაციენტი, რომელმაც წინასწარ ყველაფერი “დასერჩა”, ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხა და ინფორმაციით აღიჭურვა, პრობლემაც კია. ხშირად რამდენიმე სეანსიც კია საჭირო, რომ ასეთი ადამიანი ალაპარაკდეს როგორც სუბიექტი თავისი ავთენტური მითებითა და ფანტაზმებით.
შეხვედრა თერაპევტთან
_ ბევრს ეშინია, რომ საკუთარ თავზე სალაპარაკოდ გამბედაობა არ ეყოფა ან, პირიქით, მეტისმეტად ბევრს ილაპარაკებს...
_ ეს შიში ნორმალურია. ადამიანისთვის, რომელმაც ფსიქოანალიტიკოსთან მისვლა გადაწყვიტა, შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სურს, ნამდვილად მოუსმინონ. ხანდახან სუბიექტს პირველ შეხვედრებზე უჩნდება განცდა, რომ ცხოვრებაში პირველად უსმენენ ასე.
პაციენტებს, რომლებიც ფსიქოანალიზზე მოდიან, ერთი სიტყვის ქვეშ ვერ გავაერთიანებთ. მათ აქვთ სრულიად სხვადასხვა ფსიქიკური სტრუქტურა, სხვადასხვა ფსიქოპათოლოგია, პიროვნული წყობა თუ ისტორია. შესაბამისად, თერაპევტთან მათი შეხვედრაც სრულიად სხვადასხვანაირია. ზოგს ლაპარაკი უჭირს, ზოგი ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ზოგი შფოთავს, ზოგს აქვს აკვიატებული სურვილი, პირველივე შეხვედრაზე თქვას ყველაფერი და ანალიტიკოსს საკუთარი ცხოვრების მაქსიმალურად დასრულებული სურათი დაუხატოს. ფსიქოთერაპევტთან ურთიერთობის რაიმე ტიპური, ნორმატიული ფორმა არ არსებობს.
_ როგორია პირველი სესიების სტრუქტურა?
_ ფსიქოანალიზში პირველი შეხვედრები ემსახურება იმას, რომ პაციენტმა შეძლოს საკუთარი მოთხოვნის ფორმულირება, განისაზღვროს, რატომ მოვიდა და როგორია მისი ტანჯვის ბუნება _ რა ვერ მიდის მის ცხოვრებაში კარგად, სად აწყდება სირთულეებს და საიდან იღებს სათავეს ეს სირთულეები.
ფსიქოანალიზის ფუნდამენტური წესი
_ მას შემდეგ, რაც მუშაობის დაწყებაზე შევთანხმდებით (ეს შეიძლება მოხდეს არა პირველივე, არამედ მეორე-მესამე შეხვედრაზე), პაციენტს ვაცნობთ იმას, რასაც ფსიქოანალიზში უწოდებენ ფუნდამენტურ წესს. ეს წესი ჯერ კიდევ ფროიდისგან იღებს სათავეს: ვთხოვთ პაციენტს, თქვას ყველაფერი, რაც თავში მოუვა, ისიც კი, რაც შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ ან პრობლემასთან დაუკავშირებლად მოეჩვენოს, რისი თქმისაც შესაძლოა ეშინოდეს ან რცხვენოდეს.
იმ ფორმალურ ასპექტებთან ერთად, რომლებიც ქმნის ფსიქოანალიტიკურ ჩარჩოს (გადასახადი, დრო, სეანსების რაოდენობა), აუცილებელია აღნიშნული წესის დაცვაც, რათა მუშაობა ფსიქიკური რეალობის სიბრტყეში დარჩეს.
ამ მეთოდს თავისუფალი ასოციაციების მეთოდი ეწოდება და არაცნობიერი ფსიქიკური შინაარსების კვლევის ყველაზე ეფექტური გზაა. პაციენტი ლაპარაკობს, ერთი თემიდან მეორეზე გადადის; მისი დისკურსი შეიძლება იყოს ხან ძალიან მწყობრი, ხანაც _ დანაწევრებული და წყვეტილი; ხშირად ამბობს არა იმას, რისი თქმაც უნდოდა, არამედ სხვა რამეს, იბნევა და ა.შ. ყველა ეს წყვეტა, შეფერხება თუ ენობრივი ნიუანსი ფსიქოანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია _ მათ თავიანთი დაფარული საზრისები აქვთ, რომელთა ამოკითხვაც უნდა შეძლოს ანალიტიკოსმა.
მას შემდეგ, რაც პაციენტს ამ წესს გავაცნობთ, ვიწყებთ მოსმენას. პირველი სესიები ემსახურება პაციენტის ცხოვრების მასტრუქტურირებელი მოვლენების კვლევას. მნიშვნელოვანია დროის ფიქსაცია: როდის დაქორწინდა, როდის შეეძინა შვილი, როდის დაშორდა მეუღლეს, როდის გარდაეცვალა ახლობელი...
ამ დეტალების გარკვევით ერთგვარად ვათავისუფლებთ ტერიტორიას, რათა ფსიქიკური ცხოვრების სცენაზე ფსიქოანალიტიკური პროცესი შედგეს.
ამ პროცესში პაციენტი ვალდებულია, თქვას ყველაფერი, რაც თავში მოუვა, სიზმრებსა და ფანტაზმურ შინაარსებსაც კი მოჰყვეს, ანალიტიკოსს კი ევალება, მოისმინოს ყველაფერი სრულიად ნეიტრალურად, ყოველგვარი მორალური, იდეოლოგიური, რელიგიური, პოლიტიკური თუ კულტურული პრიზმის გარეშე.
ეს დავალება როგორც პაციენტისთვის, ისე ანალიტიკოსისთვისაც საკმაოდ რთულია, თუმცა ფსიქოანალიზში სწორედ ეს არის წარმატების საწინდარი.
ტრანსფერი
_ პირველ შეხვედრას ყოველთვის ახლავს თან შფოთვა და შფოთავს არა მხოლოდ პაციენტი, არამედ ანალიტიკოსიც, რადგან მის წინაშე ჯერ კიდევ უცნობი ადამიანია. ხშირად პირველივე კონტაქტის დროს ჩნდება იმის ჩანასახი, რასაც ფსიქოლოგიაში ტრანსფერს (გადატანას) ვუწოდებთ.
_ რა არის ტრანსფერი?
_ ტრანსფერის დროს პაციენტს ანალიტიკოსის ფიგურაზე გადააქვს თავისი ემოციები, განდევნილი შინაარსები და ლტოლვები. ანალიტიკოსმა ამ პროცესში შეიძლება დაიკავოს დედის, მამის, იდეალის ან იმ ადამიანის ადგილი, რომელთანაც პაციენტს გადაუჭრელი კონფლიქტი ან ტრავმული გამოცდილება აკავშირებს. სწორედ ტრანსფერის ფარგლებში მიმდინარეობს ანალიზი, რადგან პაციენტი ამ დროს ხელახლა აცოცხლებს წარსულ ურთიერთობებს, ოღონდ ამჯერად ეძლევა შესაძლებლობა, ეს ძველი სცენარები ანალიტიკოსთან ერთად ახლებურად გაიაზროს და გადაამუშაოს. იმისთვის, რომ ეს რთული ფსიქიკური პროცესი განმტკიცდეს, საჭიროა პირველი სეანსების ზედმიწევნით კორექტული მართვა.
შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერი ჯერ კიდევ პაციენტისა და ანალიტიკოსის პირისპირ შეხვედრამდე არსებობს. პაციენტი წინასწარ იქმნის განსაზღვრულ მოლოდინს. სწორედ ეს მოლოდინია ღერძი, რომელზეც შემდეგ მთელი ფიქოანალიზი იგება.
ამიტომ არის, რომ პირველ სატელეფონო ზარსაც კი ენიჭება მნიშვნელობა: როგორ ლაპარაკობს პაციენტი, რას ითხოვს? ზოგი ამბობს: “მზად ვარ, ნებისმიერ დროს მოვიდე”; ზოგი კითხულობს: “რა ღირს ვიზიტი?” ზოგი კი მხოლოდ განსაზღვრულ დღეს შეხვედრას ითხოვს. ეს პირველი კონტაქტი უკვე უქმნის ერთგვარ (ხშირად მცდარ) წარმოდგენას ორივე მხარეს.
შესაბამისად, პირველი შეხვედრა არასოდეს არის ნეიტრალური, რაც ძალიან კარგია, რადგან გვაძლევს მასალას შემდგომი ინტერპრეტაციისთვის.
_ აქვს თუ არა პაციენტს უფლება, თავად დაგისვათ კითხვები თქვენს განათლებაზე, გამოცდილებაზე ან მუშაობის მეთოდებზე?
_ რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა ტრანსფერში ფსიქოანალიტიკოსის ადგილი არ გულისხმობს პაციენტისთვის საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლას. ასეთ კითხვებს შეიძლება ძალიან მოკლედ ვუპასუხოთ: “დიახ, განათლება მივიღე აქა და აქ”.
პაციენტს შეიძლება გავაცნოთ მეთოდი ან ტექნიკა, რომლითაც ვმუშაობთ, მაგრამ ამ ინფორმაციით გადატვირთვა ხშირად არღვევს პირველი შეხვედრების სპონტანურ ფსიქიკურ პროცესს. როდესაც ვთხოვთ: "თქვით ყველაფერი, რაც თავში მოგივათ", _ ამით უკვე ვეუბნებით, რომ ჩვენი მუშაობის მეთოდი სწორედ ეს არის.
სხვა დეტალები ფსიქოანალიტიკოსის შიდა სამზარეულოა და მათი განხილვა არათუ არ არის რეკომენდებული, არამედ, ვიტყოდი, მავნებელიც კია პირველი თერაპიული კავშირის სტრუქტურული ჩამოყალიბებისთვის.
თერაპიული ჩარჩო
_ რას ნიშნავს თერაპიული შეთანხმება და როდის იდება ის?
_ თერაპიული შეთანხმება შესაძლოა პირველსავე შეხვედრაზე არ შედგეს. ის უმეტესად რამდენიმე სეანსის შემდეგ ფორმდება, როდესაც ორივე მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას: ანალიტიკოსმა უნდა განსაზღვროს, შეუძლია თუ არა ამ ადამიანთან მუშაობა, პაციენტმა კი უნდა იგრძნოს, არის თუ არა მზად, სწორედ ამ თერაპევტთან ერთად გაიაროს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული გზა.
იმავდროულად, ანალიტიკოსმა უნდა გაიგოს პაციენტის ფსიქიკური სტრუქტურა.
პირველ შეხვედრებზე ყალიბდება ჩარჩოს კონსტრუქცია: განისაზღვრება სეანსების რაოდენობა, დრო, გადასახადი და სხვა. მე პირადად ფიქსირებული ტარიფის წინააღმდეგი ვარ _ სეანსების ღირებულება შეთანხმების საგანი უნდა იყოს. თუ ანალიზი ძალიან ძვირია, ანალიტიკოსი რისკავს, რომ მასთან მხოლოდ ერთი და იმავე ფინანსური სექტორის ადამიანები მივლენ, რაც კლინიკური პრაქტიკისთვის დიდი დანაკარგია.
ჩარჩო საჭიროა იმისთვის, რომ ანალიზი გაიმიჯნოს პაციენტის ყველა სხვა აქტივობისგან. უნდა შეიქმნას სპეციფიკური სივრცე _ ფსიქიკური რეალობა, სადაც წარიმართება ურთიერთობა პაციენტსა და ანალიტიკოსს შორის. ამ სივრცის გარეთ ნებისმიერი გადაკვეთა რთული და არასასურველია.
ანალიტიკოსის გემოვნება, მისი პირადი ცხოვრება და პიროვნება მაქსიმალურად უნდა იყოს დაფარული. ტრანსფერში ანალიტიკოსმა უნდა დაიკავოს “დაულაქავებელი სარკის” ადგილი, რომელზეც პაციენტის ფსიქიკური ცხოვრების პროეცირება მოხდება. ჩარჩო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ პროცესი მკაცრად შემოისაზღვროს ფსიქიკური რეალობით და არცერთი სუბიექტი ამ საზღვრებს გარეთ არ გავიდეს.
მაგალითად, ყოველთვის წარმოიშობა უხერხულობა, როდესაც მარკეტში ხართ და ხედავთ, რომ თქვენი პაციენტიც იქვე, სალაროსთან, რიგში დგას. რატომ? იმიტომ, რომ ეს ორივე სუბიექტს აგდებს იმ ფაქიზად დაცული ფსიქიკური სივრციდან, რომელშიც ისინი მუშაობენ.
_ ფსიქოთერაპიული ეთიკა კონფიდენციალურობას გულისხმობს?
_ სადავო არ არის, რომ კონფიდენციალურობა ფსიქოთერაპიის ღერძია, თუმცა, ჩემი გაგებით, ფსიქოთერაპიული ეთიკა, უპირველესად, გულისხმობს ანალიტიკოსის ვალდებულებას, დარჩეს ფსიქიკურ რეალობაში. მან უნდა უსმინოს სწორედ ამ რეალობას, რადგან, ფსიქოანალიზის მიხედვით, ტანჯვას უწინარესად ფსიქიკური რეალობა განსაზღვრავს და არა ბიოგრაფიული ფაქტები. სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს იდენტური მოვლენები, მაგრამ ერთს განუვითარდეს ნევროზი, მეორეს კი _ არა. ამიტომ ჩვენი ინტერესის სფერო სუბიექტის შინაგანი, ფსიქიკური აღქმაა.
თერაპევტის შეცდომები
_ პირველი სესიის შემდეგ ზოგი პაციენტი ამბობს, რომ თავი ცუდად იგრძნო. რატომ ხდება ასე?
_ ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, ეს დამოკიდებულია პაციენტის ფსიქიკის სტრუქტურაზე, მეორე მხრივ _ თერაპევტზე. ხშირად პაციენტებს ძალიან მტკივნეულ თემებთან უწევთ შეხება, ამიტომ ანალიტიკოსი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ ნაადრევად არ დაიწყოს ისეთი პროცესები, რომელთა გადამუშავება ან ატანა პაციენტს ჯერ არ შეუძლია.
არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფსიქოთერაპევტი ზედმეტად ფამილარული ან ზედმეტად დირექტიულია, იკავებს დამსჯელი ან, პირიქით, თავზე ხელის გადამსმელი მშობლის როლს, ეძლევა თვითტკბობას და ა.შ. ეს ცუდია არა იმიტომ, რომ თერაპევტი ზიანს მიაყენებს პაციენტის ფსიქიკას (ეს შიში გაზვიადებულია), არამედ იმიტომ, რომ მისი შეცდომების გამო პაციენტმა შესაძლოა აღარასოდეს მოინდომოს თერაპიაზე მისვლა.
წარმატების ნიშანი
_ რა შეიძლება ჩაითვალოს პირველი სესიის წარმატებულ შედეგად?
_ ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: წარმატებაა, თუ პაციენტი მეორე სესიაზეც მოვიდა.
_ როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ თერაპია მუშაობს?
_ ეს ძალიან რთული კითხვაა. ზოგთან პროცესი პირველივე სესიიდან იწყება, ზოგთან კი შეიძლება ერთი წელიც არ განვითარდეს ღრმა ფსიქოდინამიკური პროცესები. ხანდახან წლები გადის ისე, არაფერი იცვლება და უცებ რომელიმე ერთი სეანსი ხდება გარდამტეხი.
ფსიქიკური დრო განსხვავდება კალენდარულისგან. ფსიქიკური ტემპორალურობა წყვეტილია და გარდამტეხ მომენტებს გულისხმობს. როდის დადგება ასეთი მომენტი, წინასწარ ვერავინ იტყვის.
_ რა მიგვახვედრებს, რომ დინამიკა დაიწყო?
_ დინამიკა იგრძნობა მაშინ, როდესაც იცვლება კლინიკური სურათი:
- უმჯობესდება სიმპტომატიკა ან ერთი სიმპტომი მეორით იცვლება;
- ხდება ტრანსფერი ანალიტიკოსის მიმართ (პოზიტიური, ნეგატიური ან სხვა ტიპის დამოკიდებულება);
- პაციენტი იწყებს ცხოვრების რეორგანიზაციას (სამსახურში, სახლში);
- იწყებს რეფლექსიას (თვითდაკვირვებასა და გააზრებას) იმაზე, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდა;
- იცვლება მისი ყოველდღიურობა: უფრო გემრიელად სადილობს, უფრო ღრმად სძინავს, უფრო მეტად უყვარს შვილი...
დინამიკის მანიშნებელია სიმპტომების გამწვავებაც. თუ პაციენტი არ შფოთავდა სესიაზე, თუ არ წარმოიშვა ფსიქოლოგიური კონფლიქტი მასა და ანალიტიკოსს შორის, შეიძლება ითქვას, რომ ანალიზი არ მომხდარა. გამწვავება იმის ნიშანია, რომ ფსიქიკური პროცესები მოქმედებაში მოვიდა.
_ სჭირდება თუ არა პაციენტს თეორიული ცოდნა? მაგალითად, საჭიროა თუ არა, ესმოდეს, რა არის ტრანსფერი?
_ არა, ასეთი ცოდნა მას არ სჭირდება. ფსიქოანალიზი არ არის ინტელექტუალური პროცესი ან რთული კოგნიტიური ოპერაციების სივრცე. პირიქით, ასეთი ოპერაციები ხშირად ხელს უშლის იმ თავისუფალი ასოციაციების წარმოშობას, რომლებსაც არაცნობიერთან მივყავართ.
წარმოდგენა, თითქოს განათლებული ადამიანები უკეთესად გადიან ფსიქოანალიზს, მცდარია. მყოლია პაციენტები უმაღლესი განათლების გარეშე, რომლებსაც წარმატებით დაუსრულებიათ ანალიზი. იმავდროულად, ფილოსოფიის დოქტორმა შესაძლოა წლების განმავლობაში ნაბიჯიც ვერ გადადგას წინ.
მათთვის, ვინც ვერ ბედავს
_ რატომ არის თერაპევტთან მისვლის გადაწყვეტილება ასეთი რთული და რას ურჩევთ ადამიანს, რომელიც ვერ ბედავს თერაპიაზე მისვლას?
— რთულია იმიტომ, რომ თერაპია პირად ცხოვრებასა და ტანჯვასთან არის დაკავშირებული. ადამიანი არა მხოლოდ ეჩვევა თავის ტანჯვას ("შეჩვეული ჭირი"), არამედ ხშირად გაუცნობიერებელ სიამოვნებასაც კი იღებს ამ მდგომარეობისგან. ის ეჭიდება თავის სიმპტომს, რომელიც არ ეთმობა.
მიუხედავად ამ შინაგანი წინააღმდეგობისა, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას. მათ, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს, ვურჩევ, უპირველეს ყოვლისა, მოძებნონ კვალიფიციური ფსიქოთერაპევტი, გაარკვიონ, სად მიიღო განათლება, რომელი პროფესიული ასოციაციის ან საზოგადოების წევრია, უწევენ თუ არა მას რეკომენდაციას არა მხოლოდ კლიენტები, არამედ პროფესიონალებიც, მერე კი აუცილებლად დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე შეუთანხმდნენ.
თუ ფსიქოთერაპევტთან, ფსიქოანალიტიკოსსა თუ ფსიქიატრთან ურთიერთობა არ აეწყო, აუცილებლად სცადონ მეორედ, მესამედ და მეოთხედაც, სანამ არ იპოვიან ადამიანს, რომელიც მათ კორექტულ მოსმენასა და დახმარებას შეძლებს.
მარი აშუღაშვილი









