მენოპაუზა: როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი დიდი ცვლილებებისთვის
გააზიარე:
მენოპაუზაზე საუბრისას უმეტესობას “წამოხურებები” და ღამის ოფლიანობა ახსენდება. სინამდვილეში მენოპაუზა გაცილებით მეტია, ვიდრე უსიამოვნო სიმპტომების კომპლექსი. მასთან დაკავშირებული მითებისა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების შესახებ ექიმი, ანტრეპრენერი, კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის დოქტორანტი, Medea Health-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან შავლიაშვილი გვესაუბრა:
— ერთ-ერთი ყველაზე ფესვგადგმული და საზიანო მითია, თითქოს მენოპაუზა ერთ კონკრეტულ დღეს იწყებოდეს. სინამდვილეში ჩვენი ორგანიზმი ამ ცვლილებისთვის წლობით ემზადება. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა:
* პრემენოპაუზა — 35-40 წლამდე ქალის ჰორმონული ფონი შედარებით სტაბილურია.
* პერიმენოპაუზა — 40-იანი წლების შუა პერიოდიდან ქალი შედის ყველაზე ტურბულენტურ ფაზაში. სწორედ ამ დროს იჩენს თავს წამოხურებები, უძილობა, "ტვინის ნისლი" (კოგნიტიური ფუნქციების დროებითი დაქვეითება) და სახსრების ტკივილი, რასაც ხშირად ნეირობიოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული დეპრესიის სიმპტომებიც ემატება.
* მენოპაუზა — მედიცინის ენაზე ეს არის კალენდარზე მონიშნული კონკრეტული დღე ბოლო მენსტრუაციიდან ზუსტად 12 თვის შემდეგ (საშუალოდ — 51-52 წლის ასაკში).
* პოსტმენოპაუზა — იწყება მენოპაუზის შემდეგ და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ამ პერიოდში იმატებს ძვლის სიმყიფის, კოგნიტიური უნარების დაქვეითებისა და ვისცერული (შინაგანი ორგანოების გარშემო) ცხიმის დაგროვების რისკი.
უნდა გვესმოდეს, რომ მენოპაუზა ორგანიზმის დიდი გარდაქმნაა. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის ტრაექტორიის შეცვლა 35-40 წლიდანვე უნდა დავიწყოთ: ვაკონტროლოთ ინსულინის დონე, ვიზრუნოთ ნაწლავის მიკრობიომსა და კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებაზე, რათა ორგანიზმს მძლავრი დამცავი ჯავშანი შევუქმნათ. თუ წინათ კუნთები მხოლოდ ფიზიკურ ძალასთან, მოძრაობასა და სილამაზესთან ასოცირდებოდა, დღეს მეცნიერები მათ ხანგრძლივი სიცოცხლისა და მეტაბოლური სიჯანსაღის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევენ. კვლევების თანახმად, ხანდაზმულ ასაკში სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი განმსაზღვრელი სწორედ კუნთოვანი მასა და კუნთის ძალაა. მეტიც: რაც უფრო დიდია კუნთოვანი მასა, მით უფრო მაღალია ინსულინის მიმართ მგრძნობელობა. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს ნაკლებად ემუქრება ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და ცხიმის დაგროვება.
— რა როლი აკისრიათ ჰორმონებს პრემენოპაუზის პერიოდში?
— კიდევ ერთი მცდარი აზრია, თითქოს ესტროგენი და პროგესტერონი მხოლოდ შვილოსნობისთვის იყოს საჭირო. სინამდვილეში ესტროგენი მეტაბოლური პროცესების მთავარი მარეგულირებელია: ის პირდაპირ მოქმედებს გლუკოზის ცვლაზე, იცავს სისხლძარღვების ამომფენ შრეს, უნარჩუნებს ტვინს ნეიროპლასტიკურობას და არეგულირებს ძვლის მინერალიზაციას, პროგესტერონი კი დამამშვიდებელი ნეიროჰორმონია, რომელიც აბალანსებს ძილ-ღვიძილის ციკლს და გადატვირთვისგან იცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
საქმე ის არის, რომ ჰორმონულ ციკლს არეგულირებს თავის ტვინი, რომელიც გამუდმებით აკონტროლებს სისხლში ესტროგენის დონეს და თავადვე ასტიმულირებს საკვერცხეებში ჰორმონების გამომუშავებას. თუმცა 35-40 წლიდან ქალის ჰორმონული ჯანმრთელობის გასაღები მის ნაწლავებში ინახება. როცა ნაწლავები არასწორად მუშაობს, ესტროგენის დონე ხან კატასტროფულად ეცემა, ხან კი, პირიქით, ყალბად იმატებს. საქმე ის არის, რომ ესტრობოლომი, ნაწლავის მიკრობიომის ჯგუფი, რომელიც ესტროგენის დაშლა-გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი, საჭიროა იმისთვის, რომ სხეულმა ჰორმონების ნარჩენები მოიცილოს და გარეთ გამოაძევოს. მას შემდეგ, რაც ესტროგენი სხეულში თავის საქმეს დაასრულებს, ღვიძლი მას "ფუთავს" და ნაღვლის მეშვეობით ნაწლავებისკენ გზავნის. თუ ნაწლავის მიკრობიომი ჯანსაღია, ესტროგენის ზედმეტი მასა უსაფრთხოდ ტოვებს სხეულს, მაგრამ თუ ნაწლავში დისბიოზია, ბაქტერიები გამოყოფენ სპეციალურ ფერმენტს, რომელიც ამ "შეფუთულ" ესტროგენს კვლავ ააქტიურებს. შედეგად ჰორმონი ორგანიზმიდან გამოსვლის ნაცვლად ნაწლავის კედლიდან ხელახლა შეიწოვება სისხლში.
პერიმენოპაუზა — ჰორმონული ქაოსი
— როგორ იცვლება ამ დროს ორგანიზმის რეზერვები?
— პერიმენოპაუზის ფაზაში კვერცხუჯრედების რაოდენობა კრიტიკულ მინიმუმს აღწევს. ამ დროს საკვერცხეები ტვინიდან წამოსულ ბრძანებებზე რეაგირებას წყვეტენ. ძველი, შეთანხმებული კავშირი ტვინსა და საკვერცხეებს შორის ირღვევა. ამ დროს ტვინი ერთგვარ პანიკაში ვარდება: ის ხედავს, რომ საკვერცხეები აღარ პასუხობენ, ამიტომ უფრო და უფრო ძლიერ სიგნალებს გზავნის და მკვეთრად ზრდის ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის, FშH-ის, გამოყოფას, რათა საკვერცხეებს როგორმე ოვულაცია აიძულოს.
შედეგად ორგანიზმში ნამდვილი ქაოსი იწყება:
- ოვულაცია ყოვნდება და ირღვევა მენსტრუალური ციკლი;
- პროგესტერონის დონე კატასტროფულად ეცემა და საჭირო ნიშნულს ვეღარ აღწევს;
- ესტროგენის მაჩვენებლები კი უკონტროლოდ მერყეობს.
ჰორმონების ასეთი მერყეობა იწვევს ფიზიკურ და ემოციურ დისკომფორტს, რის გამოც ქალს აქვს მუდმივი განცდა, რომ მის ორგანიზმში რაღაც ვერ არის რიგზე.
— ბევრი ქალი პერიმენოპაუზის სიმპტომებს, მაგალითად, გულის ფრიალს ან კონცენტრაციის დაკარგვას, სხვა დაავადებებს მიაწერს. როგორ მივხვდეთ, რომ ეს სწორედ მენოპაუზის გარდამავალი პერიოდია?
— ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. როდესაც ქალები უჩივიან წამოხურებას, ღამის ოფლიანობას, უძილობას, დეპრესიულ განწყობას, შფოთვასა და “ტვინის ნისლს”, ეს არ არის უბრალოდ “ემოციური ფონი” ან გადაღლა — ეს მკაფიო ნევროლოგიური სიმპტომებია, რომლებსაც ტვინში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები იწვევს. ეს მდგომარეობა სავსებით რეალურია და სამედიცინო საზოგადოების მხრივ აღიარებასა და ყურადღებას იმსახურებს.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, სისხლისა და ნერწყვის ჰორმონული ანალიზი პერიმენოპაუზის დასადგენად სრულიად არასანდოა, რადგან ჰორმონები ამ დროს ქაოსურად მერყეობს და ანალიზმა შესაძლოა მცდარი სურათი გვაჩვენოს.
თანამედროვე, მართებული სამედიცინო მიდგომა ასეთია:
- ექიმი უსმენს პაციენტს და სჯერა მისი სიმპტომების;
- კლინიკური გამოკვლევით გამორიცხავს სხვა შესაძლო დაავადებებს (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს);
- პაციენტს მარტივად უხსნის მის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს და მასთან ერთად გეგმავს მდგომარეობის შემსუბუქების გზებს.
— რაზეა დამოკიდებული პერიმენოპაუზის ხანგრძლივობა?
— ნეიროენდოკრინული ტრანზიციის პერიოდი ზოგ ქალს 4-5 წელი უგრძელდება, ზოგს — 7-8 წელი, ზოგთან კი 10 წელსაც აჭარბებს. მეტიც: ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამერიკული კვლევის (შჭAN) თანახმად, პერიმენოპაუზის სიმპტომები (მაგალითად, ალები) შესაძლოა მენოპაუზის დადგომიდან 14 წელიც კი შენარჩუნდეს.
ზუსტი მედიცინის პერსპექტივიდან, ეს უპირველესად ეპიგენეტიკისა და მეტაბოლური მოქნილობის შედეგია. უდიდეს როლს ასრულებს:
- ნაწლავის მიკრობიომის სტატუსი, განსაკუთრებით — ზემოთ ნახსენები ესტრობოლომისა;
- უჯრედული და მიტოქონდრიული ჯანმრთელობა;
- ინსულინრეზისტენტობა, ანუ რამდენად სწორად ამუშავებს ორგანიზმი შაქარს.
რაც უფრო სუსტია ეს მეტაბოლური საყრდენები (მაგალითად, ქალს აქვს ჭარბი წონა, კვების არასწორი რეჟიმი, სისხლში შაქრის მაღალი დონე და ქრონიკული სტრესი), მით უფრო ხანგრძლივი, ქაოსური და მძიმეა გარდამავალი პერიოდი.
მედიცინაში არსებობს საერთაშორისო STRAW+10 კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც პერიმენოპაუზის პირველი და მთავარი ნიშანია მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის სტაბილური ცვლილება 7 ან მეტი დღით. ეს პროცესი ორ მთავარ ეტაპად იყოფა:
* ადრეული პერიმენოპაუზა — თუ თქვენი ციკლი მკაცრად 28-დღიანი იყო, ახლა კი ზედიზედ რამდენიმე თვეა 21 დღემდე შემცირდა ან, პირიქით, 35 დღემდე გაიზარდა, ეს არის ორგანიზმის პირველი მკაფიო სიგნალი, რომ გარდამავალ ფაზაში შეხვედით.
* გვიანი პერიმენოპაუზა — ამ ეტაპზე ჰორმონული ქაოსი ძლიერდება და ფიქსირდება ციკლის ხანგრძლივი, 60-დღიანი ან უფრო ხანგრძლივი გამოტოვება (როდესაც მენსტრუაცია თვეების განმავლობაში საერთოდ ქრება).
— რა კავშირი აქვს ჰორმონულ ცვლილებებს ქალის მენტალურ ჯანმრთელობასთან?
— თანამედროვე ნეირომეცნიერება, თავის ტვინის უახლესი კვლევებისა და სკანირების (PET და MRI) საფუძველზე, ერთხმად ამტკიცებს, რომ მენოპაუზა არა მხოლოდ რეპროდუქციული, არამედ ნერვული სისტემის დიდი გარდაქმნაც არის.
მთავარი ქალური ჰორმონი, ესტროგენი, ტვინის მცველისა და ერთგვარი ენერგეტიკული ძრავის როლს ასრულებს. ის ხელს უწყობს ნერვული უჯრედების მიერ გლუკოზის გამოყენებას და ააქტიურებს მიტოქონდრიებს, რომლებიც გლუკოზას უჯრედული ენერგიის წყაროდ გარდაქმნიან. გარდა ამისა, ესტროგენი ბედნიერებისა და მოტივაციის ჰორმონების — სეროტონინისა და დოფამინის — გამომუშავებაშიც მონაწილეობს.
როდესაც პერიმენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა, სეროტონინის რეცეპტორების მგრძნობელობა იკლებს. ამას ერთვის ნაწლავის მიკრობიომის დარღვევა და შედეგად სეროტონინის სინთეზის დაქვეითება. დისბიოზი იწვევს სისტემურ ანთებას, რომელიც სისხლის მიმოქცევით ტვინამდე აღწევს და იქ ნეიროანთებას უდებს სათავეს. დეპრესია და შფოთვა ამ დროს უბრალო “ემოციური სისუსტე” კი არ არის, არამედ მკაფიოდ გამოხატული ნეირომეტაბოლური დისბალანსის შედეგია.
— საიდან იღებს ორგანიზმი ესტროგენს პოსტმენოპაუზის ფაზაში და რატომ მწვავდება ფარული პრობლემები?
— პოსტმენოპაუზის ფაზაში, როდესაც საკვერცხეები ფუნქციონირებას წყვეტს, ესტროგენის ალტერნატიულ წყაროდ თირკმელზედა ჯირკვლები გვევლინება. აქ გამომუშავებული ანდროგენები ცხიმოვან ქსოვილში ესტროგენის უფრო სუსტ ფორმად — ესტრონად გარდაიქმნება.
ესტროგენის დონის დაქვეითება ყველა ორგანოზე ახდენს გავლენას: იცვლება თავის ტვინი, გული, ძვლები, კუნთები და მეტაბოლიზმი.
საშოს, შარდსადენისა და შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსები ესტროგენის რეცეპტორებით ყველაზე მდიდარი ზონებია. ჰორმონის დეფიციტის გამო ვითარდება მენოპაუზის უროგენიტალური სინდრომი (GშM), რომელიც გახშირებული შარდვით, მყისიერი მოშარდვის სურვილით, შარდის შეუკავებლობით, ღამით შარდვის მოთხოვნილებით, საშარდე გზების ხშირი ინფექციით, საშოს სიმშრალით, წვით, ქავილით ან საშოსა და ვულვის არეში გაღიზიანებით ვლინდება. ეს პრობლემა თავისთავად არასდროს გაივლის, ის აუცილებლად მოითხოვს ექიმის ჩარევას, მაგალითად, ვაგინალური ესტროგენის გამოყენებას.
გარდა ამისა, ესტროგენის დონის დაქვეითების გამო იცვლება ლიპიდური პროფილი, იმატებს ინსულინრეზისტენტობა და ჩქარდება ძვლის რეზორბცია (დაშლა).
კვლევები აჩვენებს, რომ მენოპაუზის პერიოდში ზოგჯერ მცირდება ტვინის მოცულობა, განსაკუთრებით — მეხსიერებასა და კოგნიტიურ ფუნქციებთან დაკავშირებულ ზონებში.
მენოპაუზის შემდეგ კუნთების განლევა ჩქარდება. ძალისმიერი ვარჯიშის გარეშე ქალებს კუნთოვანი მასის 30-მდე პროცენტის დაკარგვა ემუქრებათ, რაც სისუსტეს და ოსტეოპოროზს იწვევს.
მენოპაუზა გავლენას ახდენს ნაწლავის მიკრობიოტაზეც. ესტროგენი არეგულირებს მიკრობიომს. ჰორმონის დეფიციტის დროს იცვლება მონელება, ვითარდება შებერილობა და საკვებისადმი გადაჭარბებული მგრძნობელობა.
ესტროგენისა და პროგესტერონის დონის დაქვეითება არღვევს ძილის სტრუქტურას, რაც შეუძლებელს ხდის ხარისხიან დასვენებას.
— რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა გადიან ამ პერიოდს, რამდენად მართვადია ეს სიმპტომები თანამედროვე მედიცინის პირობებში?
— მინდა, თითოეულ ქალს ვუთხრა, რომ მენოპაუზა არ არის ჯანმრთელობისა და სილამაზის დასასრული. ეს უბრალოდ ცხოვრების ახალი ეტაპია, რომელიც ახალი წესების სწავლას მოითხოვს. არასდროს შეეგუოთ ტკივილს, უძილობას, ენერგიის ნაკლებობასა თუ ზედმეტ წონას იმ მოტივით, რომ “მენოპაუზის გამო ასეც უნდა იყოს”.
თანამედროვე პრეცისიული (ზუსტი) მედიცინის, ლაბორატორიული ბიომარკერების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნუტრიციისა და ჰორმონული ოპტიმიზაციის პირობებში თითოეული ეს სიმპტომი 100%-ით მართვადია. თუ არ არსებობს მენოპაუზური ჰორმონული თერაპიის უკუჩვენება (მაგალითად, ცნობილი ან საეჭვო ძუძუს კიბო, აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა, თრომბოემბოლიური გართულებების მაღალი რისკი, ღვიძლის აქტიური დაავადება ან ახლახან გადატანილი ინსულტი/ინფარქტი), ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განხილულ უნდა იქნეს თანამედროვე, ბიოიდენტური, დაბალდოზიანი ტრანსდერმული ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (HRT/MHT). ეს ოსტეოპოროზისა და კარდიოვასკულური დაავადებების პრევენციაის საუკეთესო გზაა.
რეკომენდაციები
— კუნთოვანი მასის გასაძლიერებლად საჭიროა ძალოვანი ვარჯიშის კვირაში ორი-სამი სესია — ვარჯიშისა, რომელიც მთელ სხეულზეა ორიენტირებული. ნუ შეგეშინდებათ სიმძიმეების აწევის — სწორი ტექნიკა და პროგრესული დატვირთვა საუკეთესო სტიმულია კუნთების, ძვლებისა და თქვენი თავდაჯერებისთვის. თუ დიდხანს ჯდომა გიწევთ, დანარჩენი დღეები შეავსეთ დაბალი ინტენსივობის მოძრაობით და მოკლე შესვენებებით.
კვება
* მიირთვით ფრუქტოოლიგოსაქარიდებითა და ინულინით მდიდარი პრებიოტიკური საკვები ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების გამოსაკვებად. ასეთია, მაგალითად, ვარდკაჭაჭა, ასპარაგუსი (სატაცური), ნიორი, ხახვი და არტიშოკი.
* მიირთვით პრობიოტიკებით მდიდარი ფერმენტირებული საკვები: მჟავე კომბოსტო, კიმჩი, კეფირი, კომბუჩა, — რომელიც სასარგებლო ბაქტერიების შტამების, Lაცტობაცილლუს-ისა და Bიფიდობაცტერიუმ-ის, გამრავლებას შეუწყობს ხელს.
* მიირთვით ბევრი ბოჭკოვანი მცენარეული საკვები: თხილეული, თესლეული, პარკოსნები, ლობიო და ბოსტნეული. ეს ხელს შეუწყობს ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნებას.
* რაციონში ჩართეთ ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო. ეს ბოსტნეული შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობს ესტროგენის დეტოქსიკაციას და ესტრობოლომის სიჯანსაღეს.
* ერიდეთ ანტიბიოტიკების გამოყენებას, როცა ამის აუცილებლობა არ დგას, რადგან მათ შეუძლიათ, დააზიანონ ნაწლავის მიკრობიომი.
მარი მარღანია









