შერეული მეგობრობა

გააზიარე:

მშობელი ამჩნევს, რომ მისი შვილი საპირისპირო სქესის თანატოლებთან თამაშს ამჯობინებს და უჩნდება კითხვა: ნორმალურია თუ არა ეს?

სათამაშო მოედანზე ბავშვი ირჩევს იმ ჯგუფს, რომელთანაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს, განურჩევლად იმისა, შეესაბამება თუ არა მისი არჩევანი საზოგადოების მოლოდინს. სწორედ ამ დროს დგება მშობელი არჩევანის წინაშე: ჩაერიოს თუ უბრალოდ დააკვირდეს?

ბავშვები ირჩევენ არა სქესს, არამედ ენერგიას

უმეტესად საქმე საერთოდ არ ეხება სქესს ― საქმე ეხება ენერგიას.

ზოგ ბავშვს იზიდავს მოძრაობა, ხმაური და აქტიურობა. მათ სურთ სირბილი, ძრომიალი, დევნა. წესები მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მათ უბრალოდ უნდათ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ თამაში.

ასეთი ბავშვი ბუნებრივად უერთდება იმ ჯგუფს, სადაც მსგავსი თამაშებით ერთობიან. ბაღის ასაკში ასეთი აქტივობები უფრო ბიჭებს იტაცებს, ამიტომ აქტიური ხასიათის გოგოები სწორედ ბიჭების წრეში გრძნობენ თავს კომფორტულად.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ: ეს არჩევანი არ ნიშნავს, რომ ბავშვს მეორე სქესის თანატოლებთან თამაში არ მოსწონს. უბრალოდ, ის იმ გარემოს ირჩევს, რომელიც მის ინტერესებს ემთხვევა.

რატომ აკეთებს ბავშვი ამ არჩევანს?

მშობლისთვის მნიშვნელოვანია არა ის, ვისთან თამაშობს ბავშვი, არამედ ის, რატომ აკეთებს ამ არჩევანს.

თუ ბავშვს აქვს საკუთარი თავის რწმენა, აქტიურად ერთვება თამაშებში, თამამად გამოხატავს აზრს და აშკარა სიამოვნებას იღებს ამ პროცესით, ეს ნიშნავს, რომ ის არჩევანს საკუთარი კომფორტისა და ინტერესების მიხედვით აკეთებს.

მაგრამ თუ ის სხვა ჯგუფებს თავს არიდებს დისკომფორტის, გაუბედაობის ან უარყოფის გამო, აქ უკვე სხვაგვარი ყურადღებაა საჭირო.

ამ განსხვავების დანახვა შესაძლებელია ყოველდღიურ დეტალებში ― იმაში, თუ როგორ უახლოვდება ბავშვი სხვებს, როგორ გიყვებათ თავს გადამხდარ ამბებს, როგორ იქცევა თანატოლებთან.

რა აშფოთებთ მშობლებს

სინამდვილეში მშობლები დღევანდელი ვითარების კი არა, მომავლის გამო შფოთავენ: შეძლებს თუ არა ბავშვი სხვადასხვა სოციალურ გარემოში ადაპტაციას? გაუჭირდება თუ არა თანატოლებთან ურთიერთობა მომავალში?

სოციალური განვითარება არ არის მკაცრად რეგლამენტირებული პროცესი. ბავშვები, რომლებიც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, დროთა განმავლობაში ბუნებრივად აფართოებენ სოციალურ წრეს და სხვადასხვანაირ ადამიანებთან ურთიერთობას სწავლობენ.

ამ ეტაპზე ის უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა მიიღოს დადებითი სოციალური გამოცდილება, ვიდრე ის, რამდენად შეესაბამება მისი მეგობრების წრე სტერეოტიპულ მოლოდინებს.

შერეული მეგობრობის დადებითი გავლენა

სხვადასხვანაირი ამხანაგების ყოლა ბავშვს განვითარებაში ეხმარება. ბიჭებთან ერთად აქტიურ თამაშებში ჩაბმული გოგოები ხშირად უფრო თავდაჯერებულები არიან, უფრო თამამად გამოხატავენ საკუთარ სურვილებს და ნაკლებად უფრთხიან გამოწვევებს.

იმავდროულად, სხვადასხვანაირი კომუნიკაციის გამოცდილება ზრდის ბავშვის სოციალურ მოქნილობას. ის სწავლობს სხვადასხვა ხასიათისა და ქცევის მქონე ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია და მთელი სიცოცხლე გამოადგება.

როდის არის საჭირო ჩარევა

არის შემთხვევები, როცა მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს სიტუაციას. თუ ბავშვი სისტემატურად არიდებს თავს ამხანაგების გარკვეულ ჯგუფს, უჭირს მათთან კონტაქტი, დაძაბულია - საჭიროა მისი დახმარება.

დახმარება მშვიდი და ეტაპობრივი უნდა იყოს. მაგალითად, შეიძლება ერთი ბავშვის მიწვევა შინ, რათა თქვენი პატარა მას უსაფრთხო, კომფორტულ გარემოში გაეცნოს და ეთამაშოს. მთავარია, ეს არ იყოს იძულებითი პროცესი.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწორად

პირდაპირი მითითებები, როგორიცაა “გოგოებს ეთამაშე”, ბავშვმა შესაძლოა მისი არჩევანის კრიტიკად აღიქვას.

ნაცვლად ამისა, ეცადეთ, გამოცდილების გაფართოებაში დაეხმაროთ, შესთავაზოთ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა ბავშვებთან ერთად სხვადასხვა ფორმით თამაში. თუ მისი არჩევანის თავისუფლებას პატივს ვცემთ, ბავშვი თვითონვე იპოვის თავისთვის კომფორტულ სოციალურ სივრცეს.

მშობლებს შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში. მაგალითად, დიდი და ხმაურიანი წვეულების ნაცვლად დავგეგმოთ თამაში ერთ თანატოლთან. ვიწრო წრეში ბავშვებს ხშირად უფრო ეადვილებათ ურთიერთობის დაწყება და საკუთარი თავის გამოხატვა.

მშობლები ზედმეტად არ ჩაერიოთ თამაშის პროცესში, მაგრამ იყავით ახლოს: ზოგჯერ ბავშვს მხოლოდ იმის ცოდნა სჭირდება, რომ თუ გაუჭირდა, იქვე ხართ. ეს გრძნობა მას თავდაჯერებას მატებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ბავშვის ემოციების მიღება შეფასების გარეშე. თუ ის ამბობს, რომ ერთ ჯგუფთან თამაში უფრო მოსწონს, ნუ ეცდებით მის გადარწმუნებას. უმჯობესია, ინტერესი გამოხატოთ, რბილად გამოჰკითხოთ, რატომ მოსწონს ეს ბავშვები, რას გრძნობს მათთან თამაშის დროს. ასეთი საუბრები თქვენს შვილს საკუთარი გამოცდილების უკეთ გააზრებაში დაეხმარება.

დაბოლოს, კარგი მაგალითიც დიდ როლს ასრულებს. როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობლები ურთიერთობენ სხვადასხვანაირ ადამიანებთან და არ ხელმძღვანელობენ სტერეოტიპებით, ისიც უფრო თავისუფლად აღიქვამს მეგობრობის სხვადასხვა ფორმას და ისწავლის, როგორ იპოვოს თავისი ადგილი სხვადასხვა გარემოში.

როცა შფოთვა ნელ-ნელა ქრება

დრო გადის და მშობელი თანდათან ხედავს რეალურ სურათს.

ბავშვი არ არის გარიყული, არ არის დაბნეული, არ ცდილობს, შეიცვალოს. ის უბრალოდ თავისი სურვილების მიხედვით აკეთებს არჩევანს. ხშირად სწორედ მისი ბუნებრივი თავდაჯერება გვაკვირვებს. ბავშვის მეგობრობის სტილი არ არის ის, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ― ეს ის არის, რაც უნდა გავიგოთ.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, მშობელმა საკუთარ თავსაც დაუსვას კითხვა: მისი შფოთვა ბავშვის რეალურ საჭიროებებს ეხება თუ უფრო იმ მოლოდინებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა? ხშირად აღმოჩნდება, რომ ბავშვი ჰარმონიულად ვითარდება, შფოთვა კი განსხვავებულის მიმართ ჩვენი ჭარბი მგრძნობელობიდან მოდის.

როდესაც ამას გავაცნობიერებთ, უფრო ადვილად მივცემთ თავს უფლებას, ჩარევა არ ვიჩქაროთ, მხოლოდ დავაკვირდეთ, მაშასადამე, მივცეთ ბავშვს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: უფლება, იყოს ისეთი, როგორიც არის.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: