მწვანე ხახვი — კვებითი პროფილი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები
Share:
მწვანე ხახვი (Allium fistulosum) გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ არომატული საკაზმი. თანამედროვე კვლევები მოწმობს, რომ ეს მცენარე ბიოაქტიური ნაერთების მდიდარი წყაროა — ნაერთებისა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად და მრავალმხრივ ზემოქმედებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მასში K და C ვიტამინების მაღალი კონცენტრაცია, ასევე — იმ გოგირდოვანი ნაერთებისა და მიკროელემენტების შემცველობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰემატოლოგიურ, იმუნოლოგიურ და მეტაბოლურ პროცესებში.
მოდი, უფრო დაწვრილებით გავიცნოთ მწვანე ხახვის სასარგებლო პოტენციალი.
ნუტრიციული პროფილი
მწვანე ხახვი დაბალი ენერგეტიკული ღირებულებითა და მაღალი მიკრონუტრიენტული სიმკვრივით გამოირჩევა. 100 გრამში სულ 30-32 კილოკალორიაა, რაც წყლის მაღალი შემცველობით (დაახლოებით 89-90%) არის განპირობებული.
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანახმად, 100 გრამი ნედლი მწვანე ხახვის შემადგენლობა ასეთია:
მაკრონუტრიენტები
- ცილა — 1.8 გ
- ცხიმი — 0.2 გ
- ნახშირწყლები — 7.3 გ (შაქრები — 2.3 გ)
- ბოჭკო — 2.6 გ
ვიტამინები და მინერალები
ვიტამინი K (ფილოქინონი) — 207 მკგ (≈173%)
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) — 18.8 მგ (≈21%)
ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) — 50 მკგ (≈6%)
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) — 64 მკგ (≈16%)
კალიუმი — 276 მგ (≈ 6%)
კალციუმი — 72 მგ (≈ 6%)
რკინა — 1.48 მგ (≈ 8%)
მაგნიუმი — 20 მგ (≈ 5%)
მანგანუმი — 0.16 მგ (≈ 7%)
ფოსფორი — 37 მგ (≈ 3%)
ფრჩხილებში მოცემულია ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულ დღიურ ნორმასთან პროცენტული მიმართება.
შესაძლოა მცირე ვარიაციები ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.
ბიოაქტიური ნაერთები
მწვანე ხახვი ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული ნაერთების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
გოგირდოვანი ნაერთები
მწვანე ხახვის სპეციფიკური არომატი და სასარგებლო თვისებები მნიშვნელოვანწილად გოგირდოვანი ნაერთებით არის განპირობებული.
ხახვის უჯრედული სტრუქტურის დარღვევისას (დაჭრა, დაქუცმაცება, ღეჭვა) ამ ნაერთების წინამორბედები ფერმენტ ალიინაზის ზემოქმედებით გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებად, მათ შორის — თიოსულფინატებად.
თიოსულფინატებს მიეწერება:
* ანტიმიკრობული მოქმედება;
* ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
* ანტიოქსიდაციური მოქმედება;
* კარდიოპროტექტორული მოქმედება (ახდენს ლიპიდური პროფილის მოდულაციას (ქოლესტეროლის რეგულაცია), ხელს უწყობს ვაზოდილატაციას — სისხლძარღვის დაჭიმული კედლის მოდუნებას და სანათურის გაფართოებას, რაც არტერიული წნევის რეგულირების და ათეროსკლეროზის პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია).
კვერცეტინი და კაემპფეროლი
მწვანე ხახვი შეიცავს ფლავონოიდურ ნაერთებს, მათ შორის — კვერცეტინსა და კაემპფეროლს, ბიოაქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ანტიოქსიდაციური თვისებებით გამოირჩევა. ეს ნაერთები უმთავრესად მცენარის მწვანე ნაწილშია თავმოყრილი. რაც უფრო ინტენსიურია მწვანე ფერი, მით უფრო მეტია მასში დამცავი ნივთიერება, თუმცა მათი რაოდენობა დამოკიდებულია ჯიშზე, ზრდის პირობებსა და აგროტექნიკურ ფაქტორებზეც.
თანამედროვე ექსპერიმენტული და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებს, რომ ეს ნაერთები:
* ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს — ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რითაც დაზიანებისგან იცავს უჯრედებს;
* ავლენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს — თრგუნავს პროანთებითი ციტოკინების აქტივობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული ანთებითი პროცესების პრევენციისთვის (ეს პროცესები უდევს საფუძვლად მრავალ პათოლოგიას, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ დარღვევებს).
გასათვალისწინებელია, რომ ფლავონოიდების ბიოშეღწევადობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის — საკვების თერმული დამუშავება, ნაწლავის მიკრობიოტა და თანმხლები ნუტრიენტები. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მათი ეფექტი კომპლექსურ პროცესებზეა დამოკიდებული.
ქლოროფილი და კაროტინოიდები
ხახვის მწვანე ნაწილი შეიცავს ქლოროფილსაც და მცირე ოდენობით კაროტინოიდებსაც, მათ შორის — ბეტა-კაროტინს. ეს პიგმენტები მხოლოდ მცენარის ფერზე კი არ არის პასუხისმგებელი, არამედ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ფუნქციებს ასრულებს ადამიანის ორგანიზმშიც, მაგალითად, მონაწილეობს ანტიოქსიდაციურ დაცვასა და უჯრედული სტრუქტურის სტაბილიზაციაში.
ყურადსაღებია, რომ მწვანე ხახვის მარგებლობას განაპირობებს არა ცალკეული ნაერთები, არამედ მათი სინერგიული მოქმედება (როცა ერთი ნივთიერება აძლიერებს მეორის ეფექტს).
სასარგებლო თვისებები
***
ონკოპრევენციული ეფექტი
მწვანე ხახვში არსებული ბიოაქტიური ნაერთების მრავალფეროვნება იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მწვანე ხახვს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
სამეცნიერო ჟურნალ ჟოურნალ ოფ ტჰე Nატიონალ ჩანცერ Iნსტიტუტე-ში გამოქვეყნებული კვლევების მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ხახვისებრთა ოჯახის ბოსტნეულს (ხახვს, ნიორს, მწვანე ხახვს და სხვა), კუჭის, საყლაპავისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი შედარებით დაბალი აქვთ.
ჩინეთში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის მიხედვით, მწვანე ხახვისა და ნივრის ხშირი მოხმარებისას 50-70%-ით იკლებს პროსტატის კიბოს რისკი.
ამ ეფექტს მეცნიერები სამი ძირითადი მიზეზით ხსნიან: სულფიდური ნაერთები შესაძლოა ხელს უშლიდეს ორგანიზმში მოხვედრილი პოტენციური კანცეროგენების აქტივაციას, ხელს უწყობდეს აპოპტოზის (უჯრედების თვითგანადგურების) სტიმულაციას და ანთებითი პროცესების რეგულირებას (ვინაიდან ხანგრძლივი ქრონიკული ანთება მრავალი ონკოლოგიური დაავადების რისკფაქტორად მიიჩნევა).
ეს დასკვნა უმთავრესად ეპიდემიოლოგიურ და ექსპერიმენტულ მტკიცებულებებს ეფუძნება, უშუალო კლინიკური ეფექტის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი მაღალი ხარისხის, რანდომიზებული კლინიკური კვლევები ადამიანებზე.
მნიშვნელოვანია მწვანე ხახვის მომზადების წესიც. როგორც უკვე ვთქვით, ბიოაქტიური თიოსულფინატები მცენარეში მზა სახით არ არის — ფერმენტ ალიინაზის მონაწილეობით წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც ხახვის უჯრედები დაზიანდება. ალიინაზის სრული აქტივაციისა და სასარგებლო ნაერთების მაქსიმალური კონცენტრაციის მისაღწევად რეკომენდებულია, დაჭრილი ხახვი 3-5 წუთს გააჩეროთ თერმულ დამუშავებამდე. გაითვალისწინეთ, რომ ამაზე მეტხანს დაყოვნებისას შესაძლოა ნაწილობრივ დაიკარგოს სხვა სასარგებლო ნივთიერებები და ეთერზეთები.
60°C-ზე მაღალი ტემპერატურა იწვევს ალიინაზის დენატურაციას. სულფიდური ნაერთების შესანარჩუნებლად მწვანე ხახვი უმად უნდა მიიღოთ ან დაამატოთ კერძს ქურიდან აღებამდე 1-2 წუთით ადრე.
საინტერესო ფაქტი: ფერმენტ ალიინაზის აქტივობა შესაძლოა მჟავა გარემომაც დააქვეითოს, ამიტომ უმჯობესია, დაჭრილი ხახვი 2-3 წუთით დავაყოვნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავამატოთ მჟავე ინგრედიენტები, მაგალითად, ლიმონის წვენი ან ძმარი.
ოსტეოპოროზის პრევენცია
ვარაუდობენ, რომ მწვანე ხახვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებაში. მცენარე ვიტამინ K1-ის (ფილოქინონის) ერთ-ერთი მდიდარი წყაროა. ეს ვიტამინი წარმოადგენს კოფაქტორს ოსტეოკალცინის (ცილა, რომელიც ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩაშენებას) აქტივაციისთვის.
შესაბამისად, K ვიტამინის ადეკვატური მიღება პირდაპირ კავშირშია ძვლის მინერალური სიმკვრივის გაზრდასა და პათოლოგიური მოტეხილობების რისკის შემცირებასთან.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 38-დან 63 წლამდე ასაკის 72 000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც ადეკვატური ოდენობის K ვიტამინს იღებდნენ, ოსტეოპოროზის რისკი დაახლოებით 30 პროცენტით ნაკლები ჰქონდათ. ეს ურთიერთდამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერიმენოპაუზისა და პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის, როდესაც ესტროგენების დონის კლებასთან ერთად მკვეთრად იმატებს ოსტეოპოროზის (ძვლის გამოფიტვის) რისკი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ ეფექტს განაპირობებს არა K ვიტამინი იზოლირებულად, არამედ ბიოაქტიური ნაერთების კომპლექსური, სინერგიული მოქმედება.
რჩევა: ვინაიდან K ვიტამინი ლიპოფილურ (ცხიმში ხსნად) ნაერთებს მიეკუთვნება, მისი ბიოშეღწევადობის ასამაღლებლად რეკომენდებულია, მწვანე ხახვი ჯანსაღ ცხიმთან (მაგალითად, ზეითუნის ზეთთან, ავოკადოსთან ან ნიგოზთან) ერთად მიირთვათ.
მეხსიერების გაუმჯობესება
მართალია, არ არსებობს პირდაპირი კლინიკური მტკიცებულებები, რომ მწვანე ხახვი მეხსიერებას აუმჯობესებს, მაგრამ მისი ნუტრიენტული შემადგენლობა იძლევა საფუძველს, ვიმსჯელოთ მის შესაძლო ნეიროპროტექციულ (ტვინის დამცავ) ეფექტზე.
ტვინის ქსოვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ოქსიდაციური სტრესის მიმართ, რომელიც ნეირონების დაზიანებასა და კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებას იწვევს. მწვანე ხახვში არსებული ფლავონოიდები, კვერცეტინი და კაემპფეროლი, ექსპერიმენტულ კვლევებში ავლენს ნეიროპროტექტორულ თვისებებს: იცავს ნეირონებს ოქსიდაციური დეგრადაციისგან და ხელს უწყობს სინაფსური კავშირების შენარჩუნებას.
კოგნიტიური ფუნქცია მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად მიეწოდება ტვინს სისხლი და ჟანგბადი. მწვანე ხახვში შემავალი გოგირდოვანი ნაერთები ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობისა და კარგი ლიპიდური პროფილის შენარჩუნებას. ეს, თავის მხრივ, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც შესაძლოა დადებითად აისახოს მეხსიერებაზე.
მწვანე ხახვი მდიდარია ფოლიუმის მჟავათი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციობასა და ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის რეგულაციაში, ჰომოცისტეინის მაღალი დონე კი კოგნიტიური უნარების დაქვეითების რისკთან ასოცირდება. მცირე რაოდენობით შეიცავს ქოლინსაც, აცეტილქოლინის — უმნიშვნელოვანესი ნეიროტრანსმიტერის — წინამორბედს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, სწავლის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
ქოლინისა და ფოლიუმის მჟავის კომბინაციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კოგნიტიური ფუნქციების დიდხანს შენარჩუნებას და ხელი შეუშალოს ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებას, როგორიცაა დემენცია და ალცჰაიმერი.
თვალის ჯანმრთელობა
მწვანე ხახვის შემადგენლობაში შემავალი კაროტინოიდები, კერძოდ, ლუთეინი და ზეაქსანთინი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მათი ადეკვატური მიღებისას მცირდება მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის განვითარების რისკი — პათოლოგიისა, რომელიც ხანდაზმულებთან მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
სისტემური გავლენა
ბიოაქტიური კომპონენტების სინერგიული მოქმედების წყალობით მწვანე ხახვი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციურ სისტემაზე.
დაბალანსებული კვების კონტექსტში მისმა რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს:
- იმუნური სისტემის გაძლიერებას და ნაწლავის ჯანსაღი ფლორის შენარჩუნებას;
- მეტაბოლურ ჯანმრთელობას და წონის კონტროლს;
- სისხლძარღვების ჯანმრთელობას, რაც მნიშვნელოვანია არტერიული წნევის სტაბილიზაციისა და კარდიოვასკულური დაავადებების პრევენციისთვის.
შეძენა და შენახვა
მწვანე ხახვი საკმაოდ მგრძნობიარეა ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. სწორი შერჩევა და შენახვა აუცილებელია მისთვის გემოსა და კვებითი ღირებულების შესანარჩუნებლად.
შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ვიზუალურ მახასიათებლებს:
* ღეროებს უნდა ჰქონდეს ინტენსიური მწვანე, ერთგვაროვანი ფერი, მკვრივი და წვნიანი ტექსტურა. ნუ იყიდით შეყვითლებულ, შემჭკნარ და შემხმარ ღეროებს. ძირები უნდა იყოს მკვრივი, თეთრი (ლაქების გარეშე) და ტენიანი.
შესანახად:
* ჩააწყვეთ წყლიან ჭიქაში (წყალი მხოლოდ ფესვებს უნდა ფარავდეს), გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი და შედგით მაცივარში. ასე 1-2 კვირა კვირა შეინახება.
* მშრალი (გაურეცხავი) გაახვიეთ ოდნავ ნესტიან ქაღალდის ხელსახოცში, ჩადეთ პარკში და შედეთ მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში. ხელსახოცი შეინარჩუნებს საჭირო ტენს და ხელს შეუშლის ჭკნობას.
* თუ ხახვის დიდი მარაგის შენახვა გსურთ, შეგიძლიათ, დაჭრათ და გაყინოთ. მართალია, გაყინვა ნაწილობრივ შეამცირებს ჩ ვიტამინის შემცველობას, მაგრამ K ვიტამინი და სულფიდური ნაერთების მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნდება.
* ხახვი გარეცხეთ და კარგად გააშრეთ, შემდეგ მაკრატლით ან ბასრი დანით დაჭერით.
* ეცადეთ, არ დაჭყლიტოთ ღეროები, რათა არომატი და წვენი შეინარჩუნოს. ჩაყარეთ ჰერმეტულ კონტეინერში ან საყინულე პარკში და გაყინეთ. საყინულეში მწვანე ხახვი რამდენიმე თვეს ძლებს.
* კერძში ჩამატებამდე ხახვის გალღობა არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ, პირდაპირ ჩაყაროთ.
* გამლღვალი ხახვი კარგავს სიმკვრივეს, ამიტომ სალათებისა და სხვა ცივი კერძებისთვის არ გამოგადგებათ — მხოლოდ ისეთისთვის, რომელიც თერმულ დამუშავებას მოითხოვს.
რჩევა: გარეცხეთ ხახვი უშუალოდ გამოყენების წინ. შენახვისას ზედმეტი ტენი ლპობას აჩქარებს.
ჯილდა გაჩეჩილაძე







