როგორ დავუბრუნოთ ბზინვარება ნაზამთრალ კანს

გააზიარე:

ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდია კანისთვის: დაბალი ტემპერატურა, ცივი ქარი, ტენის მკვეთრი დეფიციტი, ტემპერატურის ცვალებადობა უარყოფითად მოქმედებს მის სტრუქტურასა და ჯანმრთელობაზე – ბუნებრივი ბარიერი სუსტდება, კანი შრება, იფიტება და უფერულდება, სახეზე ჩნდება დაღლილობის კვალი.

იმისთვის, რომ ზამთარგამოვლილმა კანმა ელასტიკურობა და ჯანსაღი ფერი დაიბრუნოს, ყოველდღიურ მოვლასთან ერთად საჭიროა კოსმეტოლოგიური და აპარატული პროცედურებიც, რომლებიც უჯრედულ დონეზე მოქმედებს.

როგორ მოვუაროთ კანს ეფექტურად და რომელი პროცედურებია რეკომენდებული გაზაფხულზე? – ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე, არაერთი საერთაშორისო კონგრესის მონაწილე ექიმი-კოსმეტოლოგი მარიკა სიფრაშვილი.

რა ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდის კანი ცივ სეზონზე?

– სიცივე, ქარი, ჰაერის დაბალი ტენიანობა და შენობებში მუდმივად ჩართული გათბობა კანისთვის გამოწვევაა. ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენა ყველაზე მეტად კანის ბარიერულ ფუნქციასა და მიკროსტრუქტურაზე აისახება:

* ირღვევა ლიპიდური ბარიერი – ლიპიდები კანის ბარიერულ ფუნქციას უზრუნველყოფს. სიცივეში იკლებს კანში კერამიდების (ბუნებრივი ცხიმოვანი მოლეკულების) გამომუშავება, რის შედეგადაც წყალი უჯრედებიდან შეუფერხებლად ორთქლდება. ამ პროცესს წყლის ტრანსეპიდერმულ კარგვას ვუწოდებთ.

წყლის აორთქლებას დამატებით აძლიერებს როგორც შენობების გარეთ ჰაერის დაბალი ტენიანობა, ისე შენობებში გამათბობლების მუშაობის შედეგად გამომშრალი გარემოც.

* ნელდება სისხლის მიმოქცევა – სიცივეში კანის ზედაპირთან ახლოს მდებარე სისხლძარღვები ვიწროვდება. ამის გამო სისხლის მიმოქცევა ნელდება, რაც, თავის მხრივ, აფერხებს საკვებითა და ჟანგბადით კანის მომარაგებას. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ზამთარში კანი უფერული და დაღლილი ჩანს.

* იკლებს სებუმის, ბუნებრივი ცხიმის, გამომუშავება. ამის შედეგად კანი კარგავს ბუნებრივ საპოხ ფენას, იმატებს მისი სიმყიფე და მიკროტრავმების (ნახეთქების) გაჩენისკენ მიდრეკილება, განსაკუთრებით – სახესა და ხელებზე.

* ნელდება კანის რეგენერაციის პროცესი – დაბალი ტემპერატურა გავლენას ახდენს იმ ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც კანის განახლებას უზრუნველყოფს. უჯრედების ცვლა უფრო ნელა მიმდინარეობს, მკვდარი ფენა დროულად ვეღარ შორდება კანს და მის გაუხეშებასა და აქერცვლას იწვევს. მკვდარი უჯრედების დაგროვების გამო კანი კარგავს ბუნებრივ ბზინვარებას.

* იმატებს მგრძნობელობა და ანთებითი რეაქციების რისკი – ცივი ქარი და ტემპერატურის ხშირი კონტრასტი ააქტიურებს კანის იმუნურ პასუხს. იმატებს ციტოკინების (ანთებითი ცილების) დონე და ანთებითი რეაქციების ალბათობა. კანი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება.

* ვითარდება მზის უკმარისობით გამოწვეული პროცესები – დღეების სიმოკლე, მზის სხივების ნაკლებობა გავლენას ახდენს D ვიტამინის სინთეზზე, ეს ნივთიერება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის რეგენერაციასა და იმუნურ დაცვაში. მისი დეფიციტის შედეგად შესაძლოა შენელდეს კანის აღდგენითი პროცესები და გამწვავდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი, აკნე.

D ვიტამინის სინთეზთან ერთად მზის შუქი მრავალი მეტაბოლური პროცესის კატალიზატორიც არის, ამიტომ მასთან საკმარისი კონტაქტი მნიშვნელოვანია ორგანიზმის სწორი ფუნქციობისთვის.

ჩამოთვლილი მიზეზების გამო ზამთრის მიწურულს ბევრი ამჩნევს, რომ კანი:

  • მშრალი და დაჭიმულია;
  • ადვილად წითლდება და ღიზიანდება;
  • ეშვება, კარგავს ბზინვარებას;
  • იქერცლება, უჩნდება წვრილი ნაოჭები;
  • უფრო მგრძნობიარეა და მიდრეკილია ატოპიური დერმატიტისკენ.

სეზონური ფაქტორების გავლენას ყველაზე მეტად ემორჩილება მშრალი და მგრძნობიარე კანი.

– საჭიროა თუ არა სეზონის ცვლილებასთან ერთად მოვლის რუტინის შეცვლაც?

– დიახ, ზამთრის შემდეგ კანის მოვლა ინტენსიურ დატენიანებაზე, აღდგენასა და დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. იმის გამო, რომ ცივი სეზონის განმავლობაში კანი შრება და უფრო მგრძნობიარე ხდება, მისი ლიპიდური ბარიერი სუსტდება, კერატინიზაციის პროცესი კი არათანაბრად მიმდინარეობს, გაზაფხულზე მას დამატებით უნდა მივაწოდოთ ტენი, ანტიოქსიდანტები და აღმდგენი კომპონენტები.

წელიწადის ამ დროს რეკომენდებულია:

* ნაზი გამწმენდი საშუალებები (PH 5.5-7.0, ალკოჰოლის შემცველობის გარეშე), რათა უკვე დასუსტებული ლიპიდური ბარიერი უფრო მეტად არ დაზიანდეს;

* მსუბუქი პილინგი სახლის პირობებში რქოვანა შრის ნაზი ექსფოლიაციისთვის. სასურველია AHA და PHA მჟავების შემცველი საშუალებები, რადგან ეს ნივთიერებები მსუბუქად, ტრავმის გარეშე აშორებს მკვდარ უჯრედებს.

* აღმდგენი შრატები და კრემები, რომლებიც ხელს უწყობს ლიპიდური ბარიერის აღდგენას, ღრმა დატენიანებას და ელასტიკურობის მომატებას;

* მზისგან დამცავი კრემები SPF 30-50 ფილტრით (ყოველდღიურად), რადგან გაზაფხულზე მზის ულტრაიისფერი სხივები აქტიურია, ხოლო კანი – პიგმენტაციის მიმართ უფრო მგრძნობიარე.

ვინაიდან ცივი სეზონის შემდეგ მთავარი ამოცანა კანის ღრმა დატენიანება და აღდგენაა, უმჯობესია, მოვლის საშუალებები შეიცავდეს ისეთ აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, კერამიდები, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები, ნიაცინამიდი, პანთენოლი, ჟოჟობას ზეთი, შის კარაქი, ნუშის ზეთი.

– რომელ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს გვირჩევდით კანის გამოსაცოცხლებლად?

– ზამთარგამოვლილი კანის გამოცოცხლება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.

როგორც უკვე ვთქვით, ზამთრის განმავლობაში კანზე გროვდება მკვდარი უჯრედები, რაც ხელს უშლის აქტიური ნივთიერებების შეწოვას. კანის სრულფასოვანი ფუნქციობის აღსადგენად, უპირველეს ყოვლისა, რეკომენდებულია მისი პროფესიული გაწმენდა.

აპარატურული და კომბინირებული წმენდის დროს კანის ზედაპირს სცილდება მკვდარი უჯრედები, კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენები და გარემოს დამაბინძურებელი ნაწილაკები. ამ პროცედურის შემდეგ ფორები სუფთაა, კანი უკეთესად სუნთქავს და მზად არის შემდგომი მოვლისთვის.

სასურველია, ჩატარდეს ქიმიური ან ფერმენტული პილინგიც: მკვდარი უჯრედები მოშორდება, პიგმენტური ლაქები გაუფერულდება, ფორები ვიზუალურად დავიწროვდება და კანი უფრო გლუვი, ნათელი და ერთგვაროვანი გახდება. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია პილინგის სწორად შერჩევა. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მსუბუქ და საშუალო სიღრმის პილინგებს, რომლებიც ზედმეტი სტრესის გარეშე აახლებს კანს. მთავარი პრინციპები ზომიერება, ინდივიდუალური მიდგომა და მზისგან დაცვაა.

ინექციური პროცედურები

ბიორევიტალიზაცია

– ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ინექციები ღრმად ატენიანებს კანს, ამაღლებს მის ელასტიკურობას, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ამცირებს დაღლილობის ნიშნებს. განსაკუთრებით რეკომენდებულია მშრალი, დეჰიდრატირებული და ასაკობრივი ცვლილებებისკენ მიდრეკილი კანისთვის. ტარდება 3-4 სეანსი ორკვირიანი შუალედებით.

მეზოთერაპია და ბიორეპარაცია

– მეზოთერაპიის დროს კანში შეჰყავთ ვიტამინების, ამინმჟავებისა და ანტიოქსიდანტების თხევადი კოქტეილი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კვებავს უჯრედებს და ჯანსაღ ფერს უბრუნებს სახეს. სასურველია, ჩატარდეს 4-5 სეანსი ორკვირიანი შუალედებით.

ბიორეპარაცია უფრო მაღალტექნოლოგიური და მიზნობრივი მეთოდია. აქ გამოიყენება სტაბილიზებული ჰიალურონის მჟავა, რომელიც დაკავშირებულია ბიოაქტიურ ნივთიერებებთან –ამინმჟავებთან, ვიტამინებთან, პეპტიდებთან. მისი უპირატესობა ის არის, რომ პრეპარატი დიდხანს რჩება კანში და აიძულებს უჯრედებს, თავად დაიწყონ დაზიანებული სტრუქტურის აღდგენა.

ბიორეპარაცია მიმართულია:

  • კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულაციისკენ;
  • კანის ელასტიკურობისა და სიმკვრივის ამაღლებისკენ;
  • წვრილი ნაოჭების შემცირებისკენ;
  • კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენისკენ.

რეკომენდებულია 35-40 წლიდან, როდესაც კანის თვითაღდგენის რესურსი მცირდება, იწყება ფტოზი (კანის დაშვება), ჩნდება ღრმა ნაოჭები და პიგმენტური ლაქები. ტარდება 3-4 სეანსი ორკვირიანი შუალედებით.

როდესაც ჩვენი მიზანი მხოლოდ დაღლილობის ნიშნების გაქრობა და კანისთვის ბზინვარების დაბრუნებაა, საკმარისად მივიჩნევთ მეზოთერაპიას, ხოლო თუ საჭიროა კანის სტრუქტურის აღდგენა, ელასტიკურობის ამაღლება და ხანგრძლივი დატენიანება, უპირატესობას ბიორეპარაციას ვანიჭებთ.

ბუსტერიზაცია

– ეს პროცედურა იდეალურია გამოფიტული კანის აღსადგენად. კანში შეჰყავთ სპეციალურად შექმნილი პრეპარატი, რომელიც შეიცავს მაღალმოლეკულური სტაბილიზებული და არასტაბილიზებული ჰიალურონის მჟავების კომბინაციას, ზოგჯერ კი, დამატებით, ამინმჟავებსა და ანტიოქსიდანტებსაც.

მისი მთავარი მიზანია:

  • კანის ღრმა და ხანგრძლივი დატენიანება;
  • მისი ელასტიკურობისა და სიმკვრივის ამაღლება;
  • კანის სტრუქტურის გაუმჯობესება და მისთვის ბუნებრივი ბზინვარების დაბრუნება;
  • წვრილი ნაოჭების შემცირება;
  • ლიფტინგი.

ტარდება 6 თვეში ერთხელ და აქვს ხანგრძლივი შედეგი.

ბუსტერიზაცია საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც კლინიკაში ხშირი ვიზიტისთვის ვერ იცლის, მაგრამ სურს, მუდამ ტენიანი და ბზინვარე კანი ჰქონდეს.

აპარატული პროცედურები

– აპარატული პროცედურებიდან რეკომენდაციას ვუწევ კარბოქსითერაპიას და ლაზერულ გაახალგაზრდავებას.

კარბოქსითერაპიის დროს სპეციალური აპარატის საშუალებით კანის ქსოვილებში ხელოვნურად შეჰყავთ ნახშირორჟანგი. აპარატი ზედმიწევნით აკონტროლებს აირის წნევას, ტემპერატურასა და დოზას. როდესაც კანის კონკრეტულ უბანში ჩO2-ის კონცენტრაცია იმატებს, ტვინი ამას ჰიპოქსიის (ჟანგბადის დეფიციტის) სიგნალად აღიქვამს, რის შემდეგაც:

* ჰემოგლობინი იწყებს ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოთავისუფლებას;

*ართოვდება სისხლძარღვები და ჩქარდება სისხლის მიმოქცევა, რათა ჟანგბადი დროულად მივიდეს დაზიანებულ უბნამდე;

* აქტიურდება მეტაბოლიზმი – იწყება უჯრედების სწრაფი განახლება, უმჯობესდება ლიმფოდრენაჟი, ინტენსიურად მიმდინარეობს ტოქსინების გამოდევნა.

კარბოქსითერაპია ეფექტურია დაღლილი, უფერული და გამოფიტული კანისთვის. ის აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს, ამცირებს სიშავეს თვალების ირგვლივ, ამაღლებს ელასტიკურობას, ხელს უწყობს რეგენერაციას, ამცირებს ანთებით პროცესებს.

ლაზერული გაახალგაზრდავება ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი უჯრედების ზრდას და ხელს უწყობს კანის განახლებას, ააქტიურებს ფიბრობლასტებს – კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაზე პასუხისმგებელ უჯრედებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ხელს უწყობს პიგმენტაციის ალაგებას და ბზინვარებას ანიჭებს კანს.

ამ პროცედურის ჩატარება სასურველია ზამთარში და გაზაფხულის დამდეგს, როდესაც მზის სხივები ჯერ კიდევ სუსტია. საზოგადოდ, ლაზერული პილინგი და აპარატული გამაახალგაზრდავებელი პროცედურები გაზაფხულზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ პაციენტი მკაცრად დაიცავს წესებს და მოერიდება მზეს, რადგან ახალგანახლებული კანი ძალიან მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

მზისგან დაცვა

– გაზაფხულზე, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე ჯერ არ იგრძნობა, UVA სხივები უკვე აქტიურია. სწორედ ეს სხივებია პასუხისმგებელი პიგმენტაციაზე, ნაადრევ დაბერებასა და კოლაგენის დაშლაზე. კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ კი კანი ბევრად უფრო დაუცველი და მგრძნობიარეა, რადგან დროებით დარღვეულია მისი ბარიერული ფუნქცია. ამის გამო პროცედურის შემდგომ პერიოდში მზისგან დაცვა კანის ჯანმრთელობისა და პროცედურის წარმატების აუცილებელ პირობად მიიჩნევა.

* 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდის განმავლობაში (პროცედურის შესაბამისად) გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები მაღალი ინდექსით – SPF 50+.

* დღის განმავლობაში განიახლეთ დამცავის ფენა.

* ერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს 11:00-დან 16:00 საათამდე.

* დამატებითი დაცვისთვის გამოიყენეთ ქუდი და სათვალე.

სასარგებლო რჩევები

გაწმენდა, დატენიანება, კვება და დაცვა – მოვლის ეს ოთხი საფეხური კანის ჯანმრთელობის საფუძველია.

სწორი მოვლა

– ინდივიდუალურად, კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ მოვლის საშუალებები. პრაქტიკაში ხშირად ვხვდები ერთ გავრცელებულ შეცდომას: პაციენტებს ჰგონიათ, რომ ცხიმიანი კანი აქვთ, სინამდვილეში კი ძლიერ გაუწყლოებული ორგანიზმი რთავს თავდაცვის მექანიზმს – სებუმის ჰიპერსეკრეციას. ბევრი ასეთ დროს შეცდომით იყენებს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილ აგრესიულ საშუალებებს, რითაც პრობლემას უფრო მეტად ამწვავებს.

მსუბუქი პილინგი

– კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩაიტარეთ მსუბუქი პილინგი. ნუ გამოიყენებთ უხეშ სკრაბს.

ეტაპობრივი დატენიანება

– ტენს მოწყურებულ კანს მხოლოდ კრემი არ ეყოფა.

სასურველია, ჯერ წაისვათ დამატენიანებელი ტონერი, შემდეგ – ჰიალურონის შრატი და ბოლოს – მსუბუქი კრემი (ემულსია).

ანტიოქსიდანტების კოქტეილი

– მოვლის რუტინაში ჩართეთ C ვიტამინისა და გლუტათიონის შემცველი შრატი. ის მხოლოდ ცოცხალ ფერს კი არ უბრუნებს, არამედ კოლაგენის გამომუშავებაშიც ეხმარება და გარემოს მავნე ზემოქმედებისგანაც იცავს კანს.

წყლის ტემპერატურა

– ცხელი წყალი კანის ლიპიდურ ბარიერს ანადგურებს, ამიტომ მიიღეთ არა ცხელი, არამედ თბილი შხაპი.

დაიბანეთ პირი ოთახის ტემპერატურის ან ნელთბილი წყლით – ცხელი წყალი კაპილარებს აფართოებს და ტენის აორთქლებას ზრდის.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: