ადისონის დაავადება - კანი ბრინჯაოს ეფექტით
Поделитесь:
ადისონის დაავადება ერთგვარი ჰორმონული დეფიციტია: თირკმელზედა ჯირკვლები ვეღარ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობის კორტიზოლსა და ალდოსტერონს. ეს ორი ნივთიერება ჩვენს გამძლეობასა და მინერალურ ბალანსზეა პასუხისმგებელი. მათი ნაკლებობა ორგანიზმს აიძულებს, მუშაობის სრულიად სხვა რეჟიმზე გადაერთოს.
დაავადებას სახელი ინგლისელი ექიმის თომას ადისონის პატივსაცემად ეწოდა – მან ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ 1855 წელს აღწერა სამედიცინო ლიტერატურაში.
რა იწვევს
ადისონის დაავადებას თირკმელზედა ჯირკვლის პირველად უკმარისობასაც უწოდებენ და ბრინჯაოს დაავადებასაც. საინტერესოა, რომ მისი სიმპტომები მანამდე არ ვლინდება, სანამ ჯირკვლის ქერქის 90% არ დაზიანდება. ორგანიზმი, სანამ ძალა არ გამოელევა, დეფიციტის კომპენსირებას ცდილობს.
ძირითადი მიზეზებია:
* ავტოიმუნური რეაქცია (შემთხვევათა 75%). ამ დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით ესხმის თავს საკუთარ ჯანსაღ უჯრედებს და აზიანებს თირკმელზედა ჯირკვალს.
* ინფექციები. წინათ მთავარ ინფექციურ ფაქტორად ტუბერკულოზი მიიჩნეოდა. დღესდღეობით ადისონის დაავადება შესაძლოა სოკოვანმა ინფექციებმაც გამოიწვიოს.
* მედიკამენტური ზემოქმედება. არსებობს წამლები (მაგალითად, სოკოს საწინააღმდეგო და საანესთეზიო საშუალებები), რომლებსაც შეუძლია, დაბლოკოს ორგანიზმში გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) ბუნებრივი წარმოება.
* სხვა ფაქტორები – სისხლჩაქცევა თირკმელზედა ჯირკვალში, სიმსივნის გავრცელება ორგანიზმში ან გენეტიკური განწყობა.
რითია საშიში ჰორმონების უკმარისობა
იმის გასაგებად, რატომ გრძნობს თავს ცუდად ადამიანი ადისონის დაავადების დროს, უნდა ვიცოდეთ, რა ფუნქცია აკისრია ჰორმონებს, რომლებიც ორგანიზმს აკლდება.
კორტიზოლი სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება. ის არეგულირებს სისხლის წნევას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და სისხლში შაქრის დონეს. როცა კორტიზოლი ცოტაა, ორგანიზმი დაუცველია ნებისმიერი დაძაბულობის წინაშე.
ალდოსტერონი აკონტროლებს ორგანიზმში მარილისა (ნატრიუმის) და კალიუმის ბალანსს. სწორედ ალდოსტერონის ნაკლებობა აიძულებს თირკმელებს სხეულიდან მარილისა და წყლის გამოდევნას, რაც წნევის ვარდნას და “მარილის შიმშილს” იწვევს.
ანდროგენები პასუხს აგებს სხეულზე თმის ზრდასა და ლიბიდოზე (სექსუალურ ლტოლვაზე). მამაკაცის ორგანიზმში მათ ძირითადად სათესლე ჯირკვლები გამოიმუშავებს, ამიტომ ადისონის დაავადების დროს კაცებთან ამ მხრივ ცვლილებები ნაკლებად შეიმჩნევა, ქალებთან კი, ვინაიდან მათთვის ანდროგენების მთავარი წყარო თირკმელზედა ჯირკვალია, დეფიციტი უფრო თვალსაჩინოა.
ვის ემუქრება
ადისონის დაავადება ქალებსა და კაცებთან თანაბრად გვხვდება, თუმცა, საზოგადოდ, საკმაოდ იშვიათია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ის აღენიშნება 100 000 ადამიანიდან ერთს. ვარაუდობენ, რომ ყოველ მილიონ ადამიანზე 40-დან 60-მდე შემთხვევა მოდის, თუმცა ზუსტი რიცხვების დასახელება ძნელია, რადგან სიმპტომების ბუნდოვანების გამო მრავალი შემთხვევა დიაგნოზის გარეშე რჩება.
დაავადება შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, თუმცა ყველაზე ხშირად 30-დან 50 წლამდე ასაკის პირებთან გვხვდება.
სიმპტომები
ადისონის დაავადების სიმპტომები ხშირად ძალიან ნელა, თვეობით ან წლობით ვითარდება. ვინაიდან ამგვარი კლინიკური ნიშნები ბევრ სხვა მდგომარეობასაც ახასიათებს, სწორი დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება, თუმცა ორგანიზმი გვიგზავნის რამდენიმე მკაფიო სიგნალს:
ბრინჯაოსფერი კანი და უჩვეულო ლაქები
ერთ-ერთი ყველაზე ტიპობრივი ნიშანია კანის გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია). კანი გარუჯულს ჰგავს, თუმცა “რუჯი” იმ უბნებზეც ჩნდება, რომლებზეც მზის სხივები არ მოქმედებს:
* ნაწიბურებზე;
* მუხლებზე და ხელის თითების სახსრებზე;
* ღრძილებსა და პირის ღრუს ლორწოვანზე.
გვხვდება შემთხვევებიც, როცა სხეულზე ჩნდება თეთრი ლაქები (ვიტილიგო) ან მუქი ხალები შუბლსა და მხრებზე.
მუდმივი დაღლილობა და სისუსტე
ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ძლიერი დაღლილობაა, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გაივლის. შესაძლოა, ერთვოდეს კუნთების სისუსტე, ტკივილი, სპაზმები, სახსრების ტკივილი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
პაციენტებს ხშირად აწუხებთ გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი. ტიპობრივი სიმპტომია უმადობა და წონის უმიზეზო კლება. საინტერესო ნიშანია მარილისადმი განსაკუთრებული ლტოლვა – ორგანიზმი დაჟინებით ითხოვს მლაშე საკვებს. გარდა ამისა, ადისონის დაავადების მქონე პირებს შესაძლოა დაქვეითებული ჰქონდეთ სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე, რაც ხშირად ძლიერი ოფლიანობით, კანკალითა და შფოთვით გამოიხატება.
წნევის ვარდნა და ემოციური ცვლილებები
არტერიული წნევის დაცემის გამო ადამიანს შესაძლოა თავბრუ დაეხვეს წამოდგომისას, ზოგჯერ კი გონებაც დაკარგოს. დაავადება გავლენას ახდენს ხასიათზეც: ხშირია გაღიზიანებადობა, დეპრესია და კონცენტრაციის დაქვეითება.
სპეციფიკური სიმპტომები ქალებთან
ადისონის დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რაც ორგანიზმის საერთო ჰორმონული დისბალანსის შედეგია. გარდა ამისა, ანდროგენების ნაკლებობა ხშირად იქცევა სხეულზე თმის ცვენისა და სექსუალური ლტოლვის დაქვეითების მიზეზად.
ადისონური კრიზი
არის შემთხვევები, თუმცაღა იშვიათად, როცა სიმპტომები ელვისებურად ვითარდება. ამ მდგომარეობას ადისონური კრიზი ეწოდება და სიცოცხლისთვის საშიშია.
კრიზის ნიშნებია:
* ძალების უცაბედი დაკარგვა;
* წელის, მუცლის ან ფეხების გაუსაძლისი ტკივილი;
* შეუკავებელი ღებინება და დიარეა, რაც გაუწყლოებას იწვევს;
* წნევის კატასტროფული ვარდნა და გონების დაკარგვა.
კრიზი, წესისამებრ, გამოწვეულია ძლიერი სტრესით: ტრავმით, ოპერაციით ან მწვავე ინფექციით. ეს არის სამედიცინო ფორსმაჟორი, რომელიც დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, რადგან მკურნალობის გარეშე შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.
თირკმელზედა ჯირკვლების მეორეული უკმარისობა
ეს მდგომარეობა გაცილებით ხშირია, ვიდრე ადისონის დაავადება. ის მაშინ ვითარდება, როდესაც ჰიპოფიზი (ორგანიზმის მთავარი მმართველი ჯირკვალი) ვეღარ აიძულებს თირკმელზედა ჯირკვლებს კორტიზოლის გამომუშავებას.
რა შეიძლება იქცეს ამის მიზეზად?
* ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე;
* ჰიპოფიზზე ჩატარებული ოპერაცია ან სხივური თერაპია;
* თავის ტვინის ტრავმა;
* კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების (მაგალითად, პრედნიზოლონის) მიღების მოულოდნელი შეწყვეტა.
რით განსხვავდება თირკმელზედა ჯირკვლების მეორეული უკმარისობა ადისონის დაავადებისგან?
ამ დროს:
* არ მუქდება კანი, არ ჩნდება ფერადი ლაქები;
* იშვიათია ძლიერი გაუწყლოება და არტერიული წნევის დაცემა.
სამაგიეროდ, უფრო ხშირად ვითარდება ჰიპოგლიკემია – სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაქვეითება.
დიაგნოსტიკა
ადისონის დაავადებას ხშირად სრულიად შემთხვევით, რუტინული კვლევის დროს აღმოაჩენენ – სისხლში ფიქსირდება ნატრიუმის დონის დაქვეითება ან კალიუმის დონის მომატება, თუმცა საბოლოო დიაგნოზისთვის სხვა კვლევებიც ტარდება:
სისხლის ანალიზით მოწმდება კორტიზოლისა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) დონე, ავტოიმუნური მიზეზის დასადგენად კი ეძებენ სპეციფიკურ ანტისხეულებს.
ACTH-ის სტიმულაციის ტესტით საზღვრავენ, რამდენად კარგად მუშაობს თირკმელზედა ჯირკვალი. პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ AჩთH, რომელიც ჯირკვლებს კორტიზოლის წარმოებისკენ უბიძგებს. თუ სისხლში კორტიზოლის დონე მაინც დაბალი დარჩა, ეს ნიშნავს, რომ ჯირკვლები დაზიანებულია.
ინსულინით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის ტესტი გამოიყენება იმის გასარკვევად, პრობლემა თირკმელზედა ჯირკვალშია თუ ჰიპოფიზში (ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ბრძანებებს გასცემს). ინსულინის შეყვანის შემდეგ შაქრის დონე ეცემა, რამაც ნორმაში კორტიზოლის მატება უნდა გამოიწვიოს. თუ ასე არ მოხდა, სავარაუდოა ჰიპოფიზთან დაკავშირებული პრობლემა (მეორეული უკმარისობა).
კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) საშუალებით ექიმი აკვირდება თირკმელზედა ჯირკვლების ზომას და ამოწმებს, ხომ არ არის მათზე კალციფიკაციის (გამაგრების) ნიშნები ან სხვა დაზიანებები. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც (MRI).
მკურნალობა
ადისონის დაავადების მკურნალობა გულისხმობს იმ ჰორმონების ხელოვნურ ჩანაცვლებას, რომლებსაც ორგანიზმი ვეღარ აწარმოებს. ეს პროცესი მთელი სიცოცხლე გრძელდება და დისციპლინას მოითხოვს.
მედიკამენტური თერაპია
ჰორმონების ბუნებრივი ბალანსის აღსადგენად პაციენტი ყოველდღიურად იღებს კორტიკოსტეროიდებს:
• ჰიდროკორტიზონს, პრედნიზოლონს ან მეთილპრედნიზოლონს კორტიზოლის ჩასანაცვლებლად. ექიმი ადგენს მიღების ზუსტ განრიგს, რათა წამლის მოქმედება მაქსიმალურად ეთანადებოდეს ორგანიზმის 24-საათიან ბუნებრივ რიტმს;
* ფლუდროკორტიზონს ალდოსტერონის ჩასანაცვლებლად.
კვება და მარილი
ადისონის დაავადების დროს ორგანიზმი მარილს კარგავს, ამიტომ პაციენტებს ხშირად სჭირდებათ ნატრიუმით მდიდარი რაციონი. მარილის დამატებითი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ვარჯიშის დროს, სიცხეში და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების (მაგალითად, დიარეის) დროს.
დოზის კორექცია სტრესის დროს
ნებისმიერი სტრესი (ინფექცია, ავადმყოფობა, ოპერაცია) კორტიზოლის დამატებით ულუფას მოითხოვს. ასეთ დროს, ექიმის რეკომენდაციით, წამლის დოზა დროებით იზრდება. თუ პაციენტი ღებინების გამო აბების მიღებას ვერ ახერხებს, ჰორმონი ნემსით შეჰყავთ, ამიტომ ადისონის დაავადების მქონე ადამიანს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს გლუკოკორტიკოიდების საინექციო ნაკრები გადაუდებელი (ადისონური კრიზის) შემთხვევისთვის.
ადისონური კრიზისის მკურნალობა
კრიზი გადაუდებელი მდგომარეობაა და მას მხოლოდ სტაციონარში, ვენური გადასხმებით მკურნალობენ. მკურნალობის სქემა მოიცავს კორტიკოსტეროიდებს, ფიზიოლოგიურ ხსნარს (მარილის აღსადგენად), შაქარს (გლუკოზის დონის ასაწევად).
უსაფრთხოების წესები
იმისათვის, რომ პაციენტმა თავი დაცულად იგრძნოს, მან რამდენიმე წესი უნდა დაიცვას:
* ატაროს სამედიცინო სამაჯური (ან სამედიცინო ბარათი) წარწერით “ადისონის დაავადება”, რათა კრიტიკულ სიტუაციაში მედიკოსებმა იცოდნენ, რა სახის დახმარება გაუწიონ.
* არასოდეს გამოტოვოს წამლის მიღება – ერთი დღით გამოტოვებაც კი სახიფათოა. სამსახურში ან სამოგზაუროდ წასვლის დროს თან უნდა წაიყოლოს მარაგი.
* ჰქონდეს საინექციო ნაკრები ექსტრემალური შემთხვევებისთვის.
* წელიწადში, სულ მცირე, ერთხელ მიმართოს ენდოკრინოლოგს ჰორმონების დონის შესამოწმებლად და სხვა ავტოიმუნური დაავადებების სკრინინგისთვის.
მარი აშუღაშვილი







