ხერხემლის ოპერაციები
Share:
თემაზე მუშაობისას გაწეული კონსულტაციისთვის მადლობას ვუხდით “ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსს, ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძეს.
ადამიანის ხერხემალი რთული ბიომექანიკური სტრუქტურაა, რომელიც ერთდროულად ორ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს: ის წარმოადგენს სხეულის მთავარ ვერტიკალურ საყრდენს და უზრუნველყოფს ზურგის ტვინის – ნერვული იმპულსების მთავარი მაგისტრალის – დაცვას. სწორედ ხერხემლის მეშვეობით ხორციელდება კავშირი თავის ტვინსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის, რაც სხეულის გამართულ მუშაობას განაპირობებს.
ხერხემლის სტრუქტურულ მთლიანობასთან პირდაპირი კავშირი აქვს ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. ამ სისტემაში მომხდარ ნებისმიერ დარღვევას შეუძლია, გამოიწვიოს არა მხოლოდ ლოკალური ტკივილი, არამედ მძიმე ნევროლოგიური პრობლემებიც, რომლებიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს პაციენტის ფიზიკურ აქტიურობასა და შრომისუნარიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტიურობა და ტანდეგობაზე ზრუნვა ხერხემლის მოქნილობის შენარჩუნებაში გვეხმარება, დაზიანებათა პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ხერხემლის პათოლოგია მრავალნაირია. ზოგი მათგანი თანდაყოლილია, ზოგი კი დროთა განმავლობაში, სხეულის ასაკობრივი ცვლილებების, ტრავმების, ხანგრძლივი ყოველდღიური დატვირთვის შედეგად ვითარდება. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად ვებრძოლოთ ამ პრობლემებს. განვითარებული დიაგნოსტიკა და მაღალტექნოლოგიური ქირურგია გვთავაზობს ოპერაციების ფართო სპექტრს, რომელთა მიზანია, აღადგინოს სხეულის დაზიანებული ფუნქციები და პაციენტი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნოს.
ხერხემალი: ნორმა და დაღვევები
ხერხემლის მალები შეიძლება შევადაროთ ერთმანეთზე დალაგებულ სამშენებლო ბლოკებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია მტკიცე, მოქნილი იოგებით, ხოლო მათ შორის რბილი “ბალიშები” – დისკოებია მოთავსებული. ეს სტრუქტურა, გარდა იმისა, რომ ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნებაში გვეხმარება, სხეულის წონასაც ზიდავს და ფორმასაც აძლევს სხეულს.
ხერხემალი ინფორმაციის მთავარი მაგისტრალიცაა. ზურგის ტვინის ნერვები შეიძლება შევადაროთ მავთულების კონას, რომლებსაც სიგნალები გადააქვს ტვინიდან სხეულის დანარჩენი ნაწილებისკენ და პირიქით. მაგალითად, როდესაც ხელის გატოკება გსურთ, თავის ტვინი ზურგის ტვინის გავლით უგზავნის სიგნალს ხელის ნერვებს. როდესაც რამე ცხელს ეხებით, ზურგის ტვინის გავლით ამჯერად შეტყობინებას იღებს თავის ტვინი, რომელიც მყისვე აფასებს ვითარებას და გკარნახობთ, ხელი გასწიოთ, სანამ დაიწვებით.
სტრუქტურა
ხერხემალი რამდენიმე ძირითადი ნაწილისგან შედგება და თითოეული მათგანი შეუცვლელ როლს ასრულებს ამ სტრუქტურის ფუნქციობაში.
* მალები ხერხემლის ძვლოვანი საფუძველია. თითოეული მალის შუაგულში ხვრელია. ერთმანეთზე დალაგებისას ისინი წარმოქმნიან მილს – ხერხემლის არხს, რომელიც საიმედოდ იცავს ზურგის ტვინს.
* დისკოები მალებს შორის მოთავსებული რბილი, ბალიშისებრი სტრუქტურებია. ისინი ასრულებენ ამორტიზატორის ფუნქციას, მოქნილობას ანიჭებენ ხერხემალს და უზრუნველყოფენ მის მდგრადობას.
* ზურგის ტვინი არის ნერვების გრძელი კონა, რომელიც თავის ტვინის ღეროდან იწყება და ხერხემლის არხში გაივლის. ზურგის ტვინი არის ცენტრალური გზა, რომლის მეშვეობითაც ხდება სენსორული (მგრძნობიარე) და მოტორული (მამოძრავებელი) სიგნალების გადაცემა ტვინსა და სხეულს შორის.
* ფასეტური (რკალ-მორჩთაშუა) სახსრები მცირე ზომის სახსრებია, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მალებს. სწორედ ეს სახსრები უზრუნველყოფს ხერხემლის სვეტის მობილურობასა და სტაბილურობას.
* იოგები – შემაერთებელი ქსოვილის მტკიცე, ბოჭკოვანი ზოლები – მალების ფიქსაციასა და სტაბილიზაციაში მონაწილეობს.
ხერხემლის სვეტი 33 მალისგან შედგება. თუმცა ერთი შეხედვით მალები ნაკლები მოგეჩვენებათ, რადგან ხერხემლის ქვედა ნაწილში რამდენიმე მალა შეზრდილია ერთმანეთთან და ქმნის ორ მყარ სტრუქტურას – გავასა და კუდუსუნს. თითოეულ ძვალსა თუ სექციას თავისი ანატომიური თავისებურება და ფუნქცია აქვს.
ხერხემალი პირობითად ხუთ ნაწილად იყოფა:
* კისრის ნაწილი – ხერხემლის ზედა პირველი შვიდი მალა;
* გულმკერდის ნაწილი – ზურგის შუა ნაწილის თორმეტი მალა, რომლებზეც მიმაგრებულია ნეკნები;
* წელის ნაწილი – ზურგის ქვედა ნაწილის ხუთი მალა. სწორედ ამ ზონას ადგება ყველაზე დიდი დატვირთვა;
* გავა – ხერხემლის ფუძე. აქ ხუთი მალაა შეზრდილი. ეს ძვალი ატარებს სხეულის მთელ წონას და მასზე მიმაგრებულია მენჯის ღრუს კუნთები და იოგები;
* კუდუსუნი – მცირე ზომის სამკუთხა ძვალი, რომელიც უმეტესად ოთხი (შესაძლოა, 3 ან 5) ერთმანეთთან შეზრდილი მალისგან შედგება.
კისრის ნაწილი
ხერხემლის კისრის ნაწილი ძვლების, ნერვების, კუნთებისა და იოგების საოცრად აწყობილი სტრუქტურაა. მიუხედავად იმისა, რომ მასში ზურგის ტვინი გადის, ის ძალიან მტკიცე და მოქნილია და საშუალებას გვაძლევს, თავი ყველა მიმართულებით ვამოძრაოთ.
კისრის ნაწილი შედგება შვიდი მალისგან (C-1-დან C-7-ის ჩათვლით). პირველ მალას “ატლანტი” ჰქვია, ხოლო მეორეს – “აქსისი”. გვერდიდან თუ შევხედავთ, დავინახავთ მის ბუნებრივ S-ებურ ნადრეკს, რასაც ანატომიურად უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავის წონის სწორად გასანაწილებლად.
გულმკერდის ნაწილი
ეს ხერხემლის ყველაზე გრძელი და, გარკვეული თვალსაზრისით, ყველაზე რთული ნაწილია. ის ერთმანეთთან აკავშირებს კისრისა და წელის ნაწილებს, მას კი ნეკნები უერთდება. მისი მთავარი დანიშნულებაა ზურგის ტვინის დაცვა და ნეკნების ფიქსაცია. თუ კისრისა და წელის ნაწილები მოძრაობაზეა ორიენტირებული, გულმკერდის ნაწილი უფრო მეტად სტაბილურობისთვის არის შექმნილი.
წელის ნაწილი
ხერხემლის წელის ნაწილი ზურგის ქვედა არეში მდებარეობს და ხუთი მალისგან (L-1-დან L-5-მდე) შედგება. ეს მალები ყველაზე დიდია, რადგან მათ აწვება სხეულის ზედა ნაწილის ძირითადი წონა. წელის მალებს შორის გამოდის ნერვული ფესვები, რომლებიც ე.წ. წელის წნულს ქმნის. სწორედ ეს ნერვები უზრუნველყოფს ფეხების მგრძნობელობასა და მოძრაობას. წელის არე უმეტესად სიმძიმეების აწევის, დიდხანს ჯდომის, შეუფერებელი ფეხსაცმლის ტარების გამო ზიანდება. წელის ტკივილი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომლის გამოც ადამიანები დროებით კარგავენ შრომის უნარს.
გავა
გავა სამკუთხა ძვალია, რომელიც ხერხემლის ფუძეს წარმოადგენს. ის წელსა და კუდუსუნს შორის მდებარეობს და მენჯის ღრუს შემადგენელი ნაწილია. გავა ხუთი მალის (S-1-დან S-5-მდე) შეზრდის შედეგად ყალიბდება. შეზრდა, ჩვეულებრივ, მოზარდ ასაკში სრულდება. მას გადამწყვეტი როლი ეკისრება სხეულის წონის მენჯზე გადანაწილებასა და ქვედა ნერვების დაცვაში.
კუდუსუნი
კუდუსუნიც ხერხემლის სვეტის ბოლოში მდებარე სამკუთხა ძვალია, ოღონდ შედარებით პატარა. ის სამიდან ხუთამდე ერთმანეთთან შეზრდილი მალისგან შედგება. კუდუსუნი მენჯის არეში არსებული მრავალი კუნთისა და იოგის მიმაგრების წერტილია და გვეხმარება წონის გადანაწილებაში ჯდომის დროს. მისი ტრავმა, მაგალითად, დაცემისას, ხშირად იწვევს ხანგრძლივ დისკომფორტსა და ტკივილს.
ძირითადი ფუნქციები
ხერხემალი ორგანიზმში მრავალ ფუნქციას ასრულებს. მათგან უმთავრესია:
* დაცვა – ხერხემალი წარმოადგენს საიმედო ჯავშანს ზურგის ტვინის, ნერვული ფესვებისა და შინაგანი ორგანოებისთვის.
* მოქნილობა, მოძრაობა და სხეულის ფორმა – სწორედ ხერხემალი განსაზღვრავს ჩვენი სხეულის პროპორციებს და გვაძლევს სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობის საშუალებას.
* სტრუქტურული საყრდენი და ბალანსი – ხერხემალი უზრუნველყოფს სხეულის სიმყარესა და წონასწორობას ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას.
დარღვევები
ხერხემლის ანატომიის ნებისმიერ დარღვევას, ხერხემლის ნებისმიერ ტრავმას შეუძლია, მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი მის მუშაობას და სხვადასხვა ტიპის საყრდენ-მამოძრავებელი თუ ნევროლოგიური პრობლემა გამოიწვიოს. დაზიანებული, ტრავმირებული, ართრიტით დაავადებული ხერხემალი კარგავს მოქნილობას და მტკივანი ხდება. ძვლები შესაძლოა დასუსტდეს და განვითარდეს ოსტეოპოროზი.
ტკივილის ლოკალიზაცია
ჯანსაღი ხერხემლის მქონე ადამიანები არ განიცდიან ზურგის ან კისრის ქრონიკულ ტკივილს. მათ შეუძლიათ, ისე შეასრულონ ყოველდღიური საქმიანობა, რომ დისკომფორტმა მათი ცხოვრების ხარისხი არ დააქვეითოს.
ხერხემლის ტკივილს მჭიდრო კავშირი აქვს მისავე ანატომიასთან.
როდესაც ხერხემლის რომელიმე კომპონენტი, მალა იქნება ეს, დისკო, იოგი თუ სახსარი, ფუნქციურ მთლიანობას კარგავს, ორგანიზმი ამას ტკივილის სიგნალით გვამცნობს. ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელი ნაწილია დაზიანებული ან დეგენერირებული. ტკივილის ლოკალიზაცია და ტიპი ექიმს მიანიშნებს, კონკრეტულად სად უნდა ეძებოს პრობლემა:
* დისკოგენური ტკივილი – როდესაც მალათაშუა დისკოა დაზიანებული, ტკივილი ხშირად ღრმა და ყრუა.
* ნევროლოგიური ტკივილი – თუ დაზიანებული სტრუქტურა ნერვულ ფესვს აწვება, ტკივილი ხდება მწვავე, დენის დარტყმის მსგავსი, და ხშირად კიდურებში გადაეცემა.
* სახსროვანი ტკივილი – რკალმორჩთაშუა (ფასეტური) სახსრების პრობლემები ხშირად იწვევს ლოკალურ ტკივილს, რომელიც მოძრაობისას ან გადახრისას ძლიერდება.
ტკივილის ძირითადი მიზეზებია:
* ტრავმები. ხერხემლის ტრავმულმა დაზიანებამ – მოტეხილობამ, ამოვარდნილობამ, იოგების დაჭიმვამ – შესაძლოა მწვავე და გაუსაძლისი ტკივილი გამოიწვიოს.
* ანომალიები – ხერხემლის სტრუქტურული დარღვევები, მაგალითად, გამრუდება (სკოლიოზი ან კიფოზი) – იწვევს კუნთოვან დისბალანსს, გადაძაბვასა და ქრონიკულ დისკომფორტს.
* კუნთოვანი დაჭიმულობა. ვინაიდან კუნთები მჭიდროდ ურთიერთქმედებენ ხერხემლის სტრუქტურასთან, არასწორმა ტანდეგობამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთოვანი წარმოშობის ზურგის ტკივილი.
* ნერვული კომპრესია (მოჭყლეტა). ხერხემლის არხიდან ნერვული ფესვები მცირე ზომის ხვრელების მეშვეობით გამოდის. თუ ეს ნერვები მოიჭყლიტა ან გაღიზიანდა (მაგალითად, მალათაშუა თიაქრის ან ძვლოვანი წანაზარდების გამო), თავს იჩენს ლოკალური ან გადაცემითი ტკივილი, რისი ნათელი მაგალითიცაა იშიაზი (ტკივილი ფეხის გასწვრივ).
* ასაკობრივი ცვლილებები. ასაკთან ერთად ხერხემლის ელემენტები ბუნებრივად განიცდის დეგენერაციას და ცვდება. ოსტეოართრიტი, დისკოს დეგენერაცია და სპინალური სტენოზი პირდაპირ კავშირშია დაბერებასთან. მაგრამ თუ ხერხემლის ჯანმრთელობაზე მთელი სიცოცხლე ვიზრუნებთ, ასაკობრივი ცვლილებების ფონზეც კი იოლად ავიცილებთ თავიდან ქრონიკულ ტკივილს.
***
როგორ შევინარჩუნოთ ხერხემლის სიჯანსაღე
ჯანმრთელ ხერხემალს აქვს მტკიცე მალები, მოქნილი იოგები, ელასტიკური (ამორტიზაციის უნარის მქონე) დისკოები, ძლიერი ზურგის კუნთები და მობილური მალათაშუა სახსრები. ყველაზე მთავარი ნიშანი კი ის არის, რომ ჯანმრთელი ხერხემალი არ გვტკივა.
ძვლის მაღალი სიმკვრივე
ძვლის სიმკვრივის შენარჩუნება კვებისა და ძალისმიერი ვარჯიშების კომბინაციით არის შესაძლებელი. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც სიმძიმეებით ან წინაღობით ვარჯიშობენ, გაცილებით მაგარი ძვლები აქვთ.
ძვლების ჯანმრთელობისთვის ასევე აუცილებელია ვიტამინები, განსაკუთრებით D ვიტამინი, რომელიც ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება.
მოქნილი იოგები
ფიზიკური აქტიურობა, რომელიც მოიცავს გაწელვებსა და კუნთების გამაძლიერებელ ვარჯიშებს (მაგალითად, “ფიცარს”), იოგების სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია იზომეტრიული გაჭიმვა (როდესაც გარკვეულ ხანს გაჭიმული ვრჩებით).
იოგებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია მოძრაობა და სწორი კვება. თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცილა, რომელიც იოგების “სამშენებლო მასალას” წარმოადგენს.
მალათაშუა დისკოები
მალათაშუა დისკოების ერთ-ერთი საინტერესო თავისებურება ის გახლავთ, რომ მათში არ გაივლის სისხლძარღვები, მაშასადამე, არ ხდება სისხლით მათი მომარაგება. საკვები ნივთიერებების უდიდესი ნაწილი დისკომდე აღწევს ზედა და ქვედა მალებიდან დიფუზიის გზით. მოძრაობა კი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ამიტომ ფიზიკური აქტიურობა გადამწყვეტია დისკოების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
ვინაიდან დისკოები (ისევე როგორც იოგები) კოლაგენისგან შედგება, მათი ჯანმრთელობისთვისაც იგივე ნუტრიენტებია საჭირო, რაც იოგებისთვის.
ძლიერი კუნთები
კუნთები მხოლოდ სიმძიმეების ასაწევად ან გადასატანად არ არის საჭირო – ძლიერი კუნთოვანი კორსეტი საშუალებას გვაძლევს, სხეულის წონა თანაბრად გავანაწილოთ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე და ხერხემალს დატვირთვა შევუმსუბუქოთ.
როდესაც მუცლისა და ზურგის კუნთები ძლიერია, ყოველი მოხრის, მობრუნების, მოძრაობის დროს სამუშაოს ძირითად ნაწილს სწორედ ისინი ასრულებენ და ხერხემალი ზედმეტად აღარ იტვირთება.
ფასეტური სახსრები
როგორც უკვე ვთქვით, ფასეტური სახსრები ხერხემლის სვეტის უკანა ნაწილში მდებარე მცირე ზომის წყვილი სახსრებია. ვიდრე მათი ზედაპირი გლუვია და არ ეტყობა ართრიტისთვის დამახასიათებელი ცვეთა, ეს სახსრები საუკეთესოდ უზრუნველყოფს ხერხემლის სტაბილურობასა და მდგრადობას. ფასეტური მათი ტკივილი ზურგისა და კისრის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ხშირად სხეულის სხვა ნაწილებშიც გადაეცემა.
ფასეტური სახსრების დასაცავად აუცილებელია მოძრაობისა და მოქნილობის შენარჩუნება, კუნთოვანი კორსეტის გაძლიერება.
***
მედიცინის თანამედროვე მიდგომები
ხერხემლის ქირურგია ზურგის ტკივილის მკურნალობის ერთ-ერთი გზაა, თუმცა პაციენტთა უმრავლესობას ოპერაცია არ სჭირდება – მათთვის ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლებით, ფიზიოთერაპიით, ინექციებით (ბლოკადები) და ფსიქოლოგიური თერაპიითაც კი. ქირურგიულ ჩარევას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ჩამოთვლილი მეთოდები უშედეგოა და ექიმი დარწმუნებულია, რომ ოპერაცია პაციენტის მდგომარეობას გააუმჯობესებს.
არაქირურგიული მეთოდები
ტკივილის შესამსუბუქებლად და მოსახსნელად ხშირად საკმარისია მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები. შეგიძლიათ მოსინჯოთ:
* სითბო და ყინული – სათბური და ყინულის პაკეტები მონაცვლეობით (ყინული თითო ჯერზე მხოლოდ 15-20 წუთი გაიჩერეთ);
* მედიკამენტური მკურნალობა – ტკივილის მართვა შესაძლებელია აფთიაქში თავისუფლად ხელმისაწვდომი პრეპარატებით (მაგალითად, პარაცეტამოლით, იბუპროფენით) ან უფრო ძლიერი მედიკამენტებით, რომლებსაც ექიმი გამოგიწერთ. გახსოვდეთ: ნებისმიერ ძლიერმოქმედ პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები, ამიტომ მათი მიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით არის რეკომენდებული.
* ეპიდურალური სტეროიდული ინექციები – თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ინექცია ხერხემლის არეში. ეს პროცედურა ხელს უწყობს ანთების შემცირებას დაზიანებულ ზონაში.
* ელექტროსტიმულაცია – ტარდება მცირე ზომის მოწყობილობით, რომლის ელექტროდები მტკივან ადგილზე მაგრდება. აპარატი უშვებს მსუბუქ ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც ამცირებს ტკივილის შეგრძნებას.
* ცხოვრების წესის შეცვლა – ხშირად ტკივილის მიზეზი ჩვენივე ჩვევებია. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ წონის დაკლება, მოწევისთვის თავის დანებება, ვარჯიში ტანდეგობის გასაუმჯობესებლად ან ფიზიკური აქტიურობის მოდიფიცირება. მაგალითად, ისეთი აქტივობებისგან თავის შეკავება, რომლებიც ხერხემალს ზედმეტად ტვირთავს.
* ფიზიოთერაპია - თუ ტკივილი 2-6 კვირაა გრძელდება, ფიზიოთერაპია საუკეთესო გამოსავალია. სპეციალისტი შეგირჩევთ გაჭიმვასა და კუნთების გამაძლიერებელ ვარჯიშებს, რომლებიც სპეციფიკურად თქვენს პრობლემაზე იქნება ორიენტირებული.
ოპერაციის ჩვენება
ექიმების რეკომენდაციით, ოპერაციაზე ფიქრი მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოთ, თუ, სულ მცირე, სამთვიანმა კონსერვატიულმა მკურნალობამ (ფიზიოთერაპიამ, მედიკამენტებმა, ინექციებმა) შედეგი არ გამოიღო. მისი მიზანია მწვავე ტკივილის, დაბუჟების, ჩხვლეტის შეგრძნებისა და კუნთების სისუსტის აღმოფხვრა, ნერვული ფესვების გათავისუფლება დისკოს თიაქრის, სიმსივნის, კისტის ან ძვლოვანი წანაზარდების (ოსტეოფიტების) მოცილების გზით, ხერხემლის სიმყარის აღდგენა ტრავმული დაზიანების ან მალების გადაადგილების შემდეგ.
მდგომარეობები, რომელთა დროსაც ინიშნება ქირურგიული ჩარევა:
* მალათაშუა დისკოს თიაქარი, როდესაც დაზიანებული დისკო აწვება ნერვს და იწვევს აუტანელ ტკივილს (მაგალითად, იშიაზს);
* დისკოების დეგენერაციული დაავადება – ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს ხერხემლის სტრუქტურის რღვევას;
* სპინალური სტენოზი – ხერხემლის არხის დავიწროება, რომელიც ზურგის ტვინსა და ნერვულ ფესვებზე მუდმივ ზეწოლას იწვევს;
* სპონდილოლისთეზი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ერთი ან მეტი მალა ნორმალური პოზიციიდან იძვრის და გადაადგილდება (ცურდება);
* ოსტეოპოროზული მოტეხილობები – ოსტეოპოროზით გამოწვეული მალების კომპრესიული დაზიანებები, რომლებიც მალის გამაგრებას ითხოვს.
* ინფექციები და აბსცესები – საჭიროების შემთხვევაში ინფექციური კერის დრენირება და გასუფთავება.
* სკოლიოზი და ხერხემლის სხვა დეფორმაციები – ხერხემლის სვეტის გვერდითი გამრუდება ან სხვა სტრუქტურული დარღვევები, რომლებიც იწვევს ტკივილს, სუნთქვის გაძნელებას ან ესთეტიკურ დისკომფორტს. ოპერაციის მიზანია ხერხემლის გასწორება და მისი შემდგომი დეფორმაციის პრევენცია.
სანამ საოპერაციო მაგიდაზე დაწვებით, აუცილებლად დაუსვით ქირურგს შემდეგი კითხვები:
1. რა რისკები ახლავს ჩემთვის ამ ოპერაციას?
2. რა მოხდება, თუ ოპერაციას არ გავიკეთებ? როგორი იქნება გრძელვადიანი შედეგი?
3. რა მოხდება, თუ ოპერაციას გავიკეთებ? როგორია გრძელვადიანი პერსპექტივა?
4. რამდენ ხანს გაგრძელდება რეაბილიტაცია და რას მოიცავს ის?
5. რამდენი ხნით მომიწევს სამსახურის მიტოვება?
6. მსგავსი ოპერაციების რამდენად დიდი გამოცდილება გაქვთ?
7. როგორია ამ ოპერაციის წარმატების მაჩვენებელი ჩემი დიაგნოზის დროს?
8. ხომ არ არსებობს სხვა, უფრო ნაკლებად ინვაზიური ალტერნატივა?
9. რა ტიპის ტკივილგამაყუჩებლები დამჭირდება ოპერაციის შემდეგ?
ხერხემლის ოპერაცია ჯადოსნური ჯოხი არ არის, მაგრამ სწორი დიაგნოზისა და კვალიფიციური მკურნალობის შედეგად შეძლებთ, დაიბრუნოთ მოძრაობის თავისუფლება და ცხოვრების ხარისხი. გახსოვდეთ: მთავარია არა ოპერაცია, არამედ ის, თუ როგორ მოუვლით ზურგს გამოჯანმრთელების შემდეგ.
***
გავრცელებული ოპერაციები
გავრცელებულია ხერხემლის ოპერაციის რამდენიმე ვარიანტი. მათ დაზიანების მიხედვით არჩევენ. არსებობს დეკომპრესიული ოპერაციები ნერვზე ზეწოლის მოხსნის მიზნით, რეკონსტრუქციული ოპერაციები დაზიანებული სტრუქტურების აღსადგენად, კორექციული და მასტაბილიზებელი ოპერაციები ხერხემლის ღერძის გასასწორებლად.
დეკომპრესია
ეს პროცედურა ხსნის ზეწოლას იმ ნერვებზე, რომლებიც ზურგის, კისრის ან კიდურების ტკივილს იწვევს. ქირურგი იღებს ძვლის სეგმენტებს, იოგებს ან დისკოს ნაწილს, რათა მოჭყლეტილი ნერვები გაათავისუფლოს. დეკომპრესია, ადგილმდებარეობის მიუხედავად, შესაძლოა მოიცავდეს დისკექტომიას, ლამინექტომიას ან ორივეს ერთად.
* დისკექტომია მალათაშუა დისკოს ნაწილობრივი (მიკროდისკექტომია) ან სრული ამოკვეთაა. ქირურგმა შესაძლოა ეს მეთოდი გირჩიოთ, თუ დაზიანებული დისკო (ე.წ. თიაქარი) აწვება გარშემო არსებულ ნერვებს. თუ საჭირო გახდა დისკოს სრული ამოღება, შესაძლებელია მისი ჩანაცვლება ხელოვნური დისკოთი.
* ლამინექტომია – გულისხმობს ლამინას – მალის მცირე მონაკვეთის, რკალის, უკანა კედელის შემადგენელი ძვლოვანი ფირფიტის – მოცილებას. ეს აფართოებს ხერხემლის არხს და ხსნის ნერვზე ზეწოლას. ამ ოპერაცოას ხშირად იყენებენ სპინალური სტენოზის (ხერხემლის არხის შევიწროების) სამკურნალოდ.
* სპონდილოდეზი (სპინალური ფუზია, მალების ფიქსაცია) – ამ პროცედურის დროს ექიმი ორ ან მეტ მალას შორის ათავსებს ძვლოვან ტრანსპლანტატს (პაციენტისას, დონორისას ან ხელოვნურს), რათა ისინი ერთმანეთს შეეზარდონ. მალების უძრაობის უზრუნველსაყოფად შეზრდის პროცესში გამოიყენება ლითონის ფირფიტები, ხრახნები და ღეროები. ამით ხერხემალს ემატება სტაბილურობა და გამოირიცხება მტკივნეული მოძრაობები.
ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ ფიქსაცია, თუ:
- ადგილი აქვს მალის გადაცურებას (სპონდილოლისთეზი);
- ხერხემალი არასტაბილურია – მალები ვეღარ ინარჩუნებენ ნორმალურ პოზიციას ფიზიკური დატვირთვის ან მოძრაობის დროს;
- აღინიშნება დისკოს ძლიერი დეგენერაცია;
- აღინიშნება სკოლიოზი (ხერხემლის გვერდითი გამრუდება).
დეკომპრესიული ოპერაციები ზოგადი ანესთეზიის ფონზე ტარდება და, წესისამებრ, 1-დან 3 საათამდე გრძელდება, თუმცა რთულ შემთხვევებში შესაძლოა 10-12 საათსაც გასტანოს. შეიძლება ჩატარდეს ხერხემლის ნებისმიერ მონაკვეთზე, თუმცა ყველაზე ხშირად ამგვარად წელის მალებს მკურნალობენ, რადგან სწორედ ხერხემლის ამ ნაწილზე მოდის სხეულის ძირითადი სიმძიმე და მექანიკური დატვირთვა.
ვერტებროპლასტიკა და კიფოპლასტიკა
ამ მეთოდებს იყენებენ კომპრესიული მოტეხილობების აღსადგენად და ძვლის გასამაგრებლად. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი ანესთეზიითა და სედაციით (ამ დროს პაციენტს ღვიძავს, მაგრამ მოდუნებულია სედაციური საშუალებით). ორივე ამ ოპერაციას წინა მეთოდებთან შედარებით ნაკლები დრო სჭირდება (დაახლოებით 30-60 წუთი). ვერტებროპლასტიკის დროს კანზე კეთდება მცირე განაკვეთი, საიდანაც ქირურგს მალაში შეჰყავს სპეციალური ძვლის ცემენტი ოსტეოპოროზით ან ტრავმით გამოწვეული მოტეხილი (ჩაჭყლეტილი) მალის აღსადგენად. კიფოპლასტიკაც ამ პროცედურას ჰგავს, თუმცა ცემენტის შეყვანამდე მალაში თავსდება სპეციალური ბალონი, რომელიც მალას პირვანდელ სიმაღლეს უბრუნებს და ცემენტისთვის ადგილს ათავისუფლებს.
მცირეინვაზიური მეთოდები
თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს ნაკლებად ტრავმულ მეთოდებს, რომლებიც ქსოვილებს მინიმალურად აზიანებს:
* პერკუტანული (კანქვეშა) კობლაცია – დაზიანებულ დისკომდე ნემსის მეშვეობით მიჰყავთ სპეციალური ზონდი, რომელიც დაბალტემპერატურული (40°C-დან 70°C-მდე) პლაზმის გამოყენებით შლის დისკოს დაზიანებულ შიგთავსს. ეს მეთოდი ქირურგს საშუალებას აძლევს, ჯანსაღი ქსოვილების დაუზიანებლად მოხსნას ნერვზე არსებული ზეწოლა.
* პერკუტანული ენდოსკოპიური დისკექტომია – დაზიანებული დისკოს ფრაგმენტების ამოღება ხდება მცირე განაკვეთიდან სპეციალური ენდოსკოპიური ინსტრუმენტებით.
ამ მეთოდების მთავარი უპირატესობა სწრაფი რეაბილიტაციაა. პაციენტმა უნდა ჰკითხოს მკურნალ ქირურგს, რამდენად მისაღებია ეს ვარიანტები მის შემთხვევაში.
რისკი და სარგებელი
ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას ახლავს რისკი, თუმცა ხერხემალთან ორმაგი სიფრთხილეა საჭირო, რადგან მუშაობა მიმდინარეობს ზურგის ტვინისა და ნერვული ღეროების სიახლოვეს. ყველაზე მძიმე, თუმცა იშვიათი გართულებებია დამბლა და სპინალური ინფექცია. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა დამამშვიდებელია – ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სიკვდილიანობა 800 000-ზე მეტ პაციენტში მხოლოდ 0.13% იყო, ხოლო გართულებების მაჩვენებელი – საშუალოდ 7.6%.
ზოგჯერ პაციენტი ოპერაციის შემდეგ კვლავ უჩივის ზურგის, კისრის ან კიდურების ტკივილს (ხერხემლის წარუმატებელი ოპერაციის სინდრომი – FBSS). ხშირად ეს არასწორი დიაგნოსტიკის ბრალია. ქირურგიას ორი რამ შეუძლია: ნერვზე ზეწოლის მოხსნა (დეკომპრესია) და მტკივნეული სახსრის სტაბილიზაცია (ფიქსაცია). თუ ტკივილი სხვა მიზეზით იყო გამოწვეული, ოპერაცია შედეგს ვერ გამოიღებს.
გარდა დიაგნოსტიკური მიზეზისა, არსებობს პაციენტისეული ფაქტორები, რომლებიც ამცირებს წარმატების შანსს:
- მოწევა;
- ჭარბი წონა;
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
- ასაკი და ფსიქოემოციური მდგომარეობა (მაგალითად, დეპრესია).
წარმატების შანსები
ხერხემლის ოპერაციის შედეგზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. წარმატების მაჩვენებელი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ოპერაციის მეთოდზე (მცირეინვაზიურია თუ ღია), დიაგნოზზე (მაგალითად, ნერვზე ზეწოლით გამოწვეული ტკივილის მოხსნის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადი, გაურკვეველი წარმოშობის წელის ტკივილისა), ქირურგის კვალიფიკაციასა და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე.
მაგალითად, წელის ქვედა ნაწილის ოპერაციის შედეგები განსხვავდება იმის მიხედვით, ტკივილის მიზეზი ნერვის მოჭყლეტა იყო თუ მალათაშუა დისკოს თიაქარი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ზოგადი სტატისტიკა, ინდივიდუალური პროგნოზი აუცილებლად მკურნალ ქირურგთან ერთად უნდა განიხილოთ.
აი, რას ამბობს სტატისტიკა სხვადასხვა ტიპის ოპერაციებზე:
* მალათაშუა თიაქარი – წელის მალების თიაქრის ოპერაციის (მიკროდისკექტომია) წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით 79%-ია, ხოლო კისრის მალების შემთხვევაში ეს რიცხვი 94%-მდე იზრდება.
* სპონდილოდეზი (სპინალური ფუზია) – ამ ოპერაციის წარმატების შანსი 70%-დან 90%-მდე მერყეობს, იმის მიხედვით, რა პათოლოგიის გამო კეთდება ის.
* იშიაზი (ნერვზე ზეწოლა) – მათთან, ვისაც ძირითადად ფეხი სტკივა, ლამინოტომია და დისკექტომია ეფექტურია ათიდან ცხრა შემთხვევაში.
* მცირეინვაზიური ქირურგია – პაციენტთა კმაყოფილების მაჩვენებელი აქაც მაღალია და 80-95%-ს აღწევს.
შესაძლო გართულებები
მართალია, გართულებების რისკი დაბალია, მაგრამ პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს მათ შესახებ.
მოსალოდნელია:
* ღრმა ვენების თრომბოზი – სისხლის შედედება ფეხებსა და მენჯის არეში;
* დურალური გარსის დაზიანება – ზურგის ტვინის დამცავი გარსის გაგლეჯა. თუ ის ოპერაციის დროს არ აღდგა, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტკივილი ლიქვორის (ზურგის ტვინის სითხის) გაჟონვის გამო;
* ინფექცია – შესაძლოა, გავრცელდეს ჭრილობიდან მალებსა და ზურგის ტვინზე;
* იმპლანტის დაზიანება – ხრახნის ან ფირფიტის გადაადგილება ან გატეხვა ძვლის შეზრდამდე;
* ნერვის დაზიანება – ძალიან იშვიათად შესაძლოა დაზიანდეს ზურგის ტვინის ნერვული ფესვი, რაც გამოიწვევს დროებით ან მუდმივ სისუსტეს, დაბუჟებას ან, უკიდურეს შემთხვევაში, კიდურის ფუნქციის ნაწილობრივ დაკარგვას (დამბლას);
* სექსუალური დისფუნქცია – თუ დაზიანდა მენჯის ღრუს ნერვები;
* გარდამავალი (ტრანზიტორული) სინდრომი – ფიქსირებული მალების მეზობელ მალებს ადგება ზედმეტი დატვირთვა, რაც მათ ნაადრევ ცვეთას იწვევს;
* ფსევდოართროზი – როდესაც სპინალური ფუზიის (შეზრდის) მცდელობა წარუმატებელია და მალები ერთიან ძვლად არ იქცევა.
მზადება ოპერაციისთვის
ოპერაციის დღემდე შეხვდებით ქირურგს ან მისი გუნდის წევრს. ისინი კიდევ ერთხელ განიხილავენ მკურნალობის ალტერნატიულ გზებს და დარწმუნდებიან, რომ სწორად გესმით ოპერაციის მოსალოდნელი შედეგი. ექიმი დეტალურად აგიხსნით, რა მოხდება პროცედურის დაწყებამდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ, გაგაფრთხილებთ შესაძლო გართულებებისა და პოსტოპერაციული ტკივილის შესახებ. ეს საუკეთესო დროა კითხვების დასასმელად.
მნიშვნელოვანია, წინასწარ დაგეგმოთ ოპერაციის შემდგომი პირველი დღეები. მართალია, სიარულს მალევე შეძლებთ, მაგრამ თავიდან მაინც დაგჭირდებათ წოლითი რეჟიმი. სთხოვეთ ახლობლებს, დაგეხმარონ ჰიგიენურ პროცედურებში, ჩაცმაში, სახლის დალაგებაში, საყიდლებში. თუ მარტო ცხოვრობთ, უმჯობესია, პირველ დღეებში ვინმე თქვენთან დარჩეს. გაითვალისწინეთ, რომ საავადმყოფოდან მანქანით თავად ვერ წახვალთ, რადგან ოპერაციის შემდეგ ავტომობილის მართვა ერთხანს აკრძალულია.
ღია ოპერაციის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ზოგად ანესთეზიას იყენებენ. ოპერაციამდე აკრძალულია საკვებისა და წყლის მიღება (საკვების მიღება დაახლოებით 6 საათით ადრე უნდა შეწყდეს, წყლისა – 2 საათით ადრე), თუმცა ამ საკითხების შესახებ ზუსტ რეკომენდაციას თქვენი ანესთეზიოლოგი მოგცემთ.
ოპერაციის დღეს შესაძლოა ჩაგაცვან სპეციალური კომპრესიული წინდები ფეხებში სისხლის თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის, გაგიკეთონ ანტიკოაგულანტის (სისხლის გამათხელებელი საშუალების) ინექცია.
ოპერაციის შემდეგ
ოპერაციის დასრულებისთანავე გადაგიყვანენ პოსტოპერაციული დაყოვნების სივრცეში, სადაც სრულ გამოღვიძებამდე მედდა გაგიწევთ მეთვალყურეობას. ანესთეზიის მოქმედების დასრულებისთანავე მოგცემენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას დისკომფორტის შესამცირებლად. შესაძლოა, ჩაგიდგან გადასხმა ვენაში და შარდის კათეტერი, რომელსაც მალევე მოგხსნიან. საავადმყოფოში რამდენიმე დღეს დაყოფთ. მართალია, თავიდან წოლითი რეჟიმი დაგჭირდებათ, მაგრამ სამედიცინო პერსონალი დაგეხმარებათ, რომ რაც შეიძლება მალე წამოდგეთ და გაიარ-გამოიაროთ.
რეაბილიტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე, ხერხემლის მდგომარეობაზე, ასაკსა და ზოგად ჯანმრთელობაზე, ოპერაციამდე ფიზიკური მომზადების დონეზე, იმაზე, ზედმიწევნით ასრულებთ თუ არა ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის გეგმას.
არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, რამდენი დრო დასჭირდება სრულ გამოჯანმრთელებას. საშუალო მაჩვენებლები ასეთია:
1. ვერტებროპლასტიკა და კიფოპლასტიკა – ეს პროცედურები ყველაზე ნაკლებტრავმულია. პაციენტები ჩვეულ საქმიანობას, როგორც წესი, 24-48 საათში უბრუნდებიან.
2. მინიმალურად ინვაზიური პროცედურები (4-6 კვირა) – დისკექტომია და ენდოსკოპიური დეკომპრესია. 4-6 კვირის შემდეგ ტკივილი, როგორც წესი, ქრება და შეგიძლიათ, მსუბუქი ვარჯიში დაიწყოთ, 12 კვირაში კი სრულიად დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
3. საშუალო სირთულის პროცედურები (8-12 კვირა) – ლამინექტომია და ხელოვნური დისკოს იმპლანტაცია. 4-6 კვირა ეთმობა ჭრილობის შეხორცებას და ტკივილის მართვას. ამის შემდეგ იწყება უფრო აქტიური ფიზიოთერაპია, რომელიც მიმართულია ხერხემლის მოქნილობისა და ღრმა კუნთების (კორსეტის) გაძლიერებისკენ. ამ ოპერაციის შემდეგ 12 კვირამდე მაინც უნდა მოერიდოთ მძიმე საგნების აწევას და მკვეთრ მოძრაობებს.
4. მასშტაბური ოპერაციები (3-6 თვე და მეტი) – სპონდილოდეზი (მალების ფიქსაცია`შეზრდა). რეაბილიტაციის პერიოდში ფიზიოთერაპევტი გასწავლით, როგორ იმოძრაოთ ისე, რომ არ დაირღვეს ხერხემლის სტაბილურობა და ფიქსაციის სიმტკიცე. დატვირთვა ეტაპობრივად, ძვლოვანი შეზრდის პროცესის შესაბამისად იმატებს.
***
რეკომენდაციები შინ დაბრუნებულთათვის
ღია ოპერაციის შემდეგ აღდგენას მეტი ხანი სჭირდება. მოძრაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ დატვირთვა თანდათანობით უნდა გაიზარდოს. თუ დაიღლებით, აუცილებლად დაისვენეთ.
პირველი 4 კვირის განმავლობაში აკრძალულია:
* მძიმე ტვირთის აწევა;
* ტანის მკვეთრი მიბრუნება-მობრუნება;
* წინ დახრა;
* ერთ პოზიციაში დიდხანს ჯდომა ან დგომა.
პირველ კვირებში შესაძლოა დაგჭირდეთ ტკივილგამაყუჩებლები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი). ჭრილობაზე გექნებათ ნახვევი, რომელიც მშრალად უნდა შეინარჩუნოთ. ნაკერებს, როგორც წესი, მეათე დღეს ხსნიან, რის შემდეგაც შხაპს ჩვეულებრივ მიიღებთ.
საჭესთან დაჯდომას დაახლოებით 6 კვირის შემდეგ შეძლებთ. არ მართოთ მანქანა, თუ სვამთ მედიკამენტებს, რომლებიც ძილიანობას იწვევს.
თუ ოფისში მუშაობთ, მცირეინვაზიური და დეკომპრესიული ოპერაციების (დისკექტომია, ლამინექტომია) შემდეგ სამსახურს 2-4 კვირაში დაუბრუნდებით – იმ პირობით, რომ მუშაობის პროცესში შეძლებთ პოზიციის ხშირ ცვლას (დროდადრო ადგომას, გავლა-გამოვლას). თუ თქვენი სამსახური ფიზიკურ შრომას ან მანქანის საჭესთან დიდხანს ჯდომას მოითხოვს, შესაძლოა, 6-8-კვირიანი შესვენება დაგჭირდეთ, რადგან დიდხანს ჯდომა და სიმძიმეების აწევა ხერხემალს ძლიერ ტვირთავს.
მასშტაბური ოპერაციების შემდეგ (სპონდილოდეზი`ფიქსაცია) საოფისე სამუშაოსთან დასაბრუნებლად საჭიროა 4-8 კვირა. მთავარი გამოწვევა აქ დიდხანს ჯდომაა, რის გამოც ფიქსირებული მალები ზომაზე მეტად იტვირთება, ფიზიკური შრომის შემთხვევაში კი შესაძლოა დაგჭირდეთ 3-დან 6 თვემდე ხანგრძლივობის პაუზა, სანამ ძვლები საკმაოდ მყარად არ შეეზრდება ერთმანეთს.
ჭრილობის გარშემო მცირე დისკომფორტი ნორმალურია, ისევე როგორც მოძრაობისას ტკივილი ზურგის სიღრმეში. დეკომპრესიის შემდეგ ამ შეგრძნებების სრულ გაქრობას შესაძლოა 6 კვირამდე დასჭირდეს.
ტკივილის მართვა ოპერაციის შემდეგ
ტკივილის მართვას თქვენი კომფორტისა და აქტიურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორად შედგენილი გეგმა დააჩქარებს გამოჯანმრთელებას და თანდათან მედიკამენტებზე თქვენს დამოკიდებულებასაც შეამცირებს.
ტკივილის მართვა შესაძლებელია:
* მედიკამენტებით. მწვავე ტკივილის კუპირებისთვის გამოიყენება ოპიოიდები, ანთების შესამცირებლად და ტკივილის კონტროლისთვის – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (NSAIDs).
* ყინულისა და სითბოს თერაპიით. პირველ დღეებში (48-72 საათი) საუკეთესოა ყინულის საფენები. ყინული ავიწროებს სისხლძარღვებს, რითაც ამცირებს შეშუპებას, სისხლჩაქცევებს და მწვავე ანთებით პროცესს. გარდა ამისა, ის “ყინავს” ნერვულ დაბოლოებებს, რის შედეგადაც ტკივილის შეგრძნება სუსტდება. დაიდეთ ყინულის პაკეტი დღეში რამდენჯერმე, 15-20 წუთით. არ დაიდოთ ყინული პირდაპირ კანზე! შუაში აუცილებლად დაიფინეთ თხელი პირსახოცი, რომ კანი არ მოგეყინოთ.
72 საათის შემდეგ, როცა მწვავე შეშუპება ჩაცხრება, გადადით სითბოზე. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ნაოპერაციებ ზონაში, რითაც შეხორცებას აჩქარებს. ამასთან, სითბო საუკეთესოდ ხსნის კუნთების სპაზმსა და დაჭიმულობას.
გამოიყენეთ თბილი (და არა ცხელი!) სათბური. სითბოს დადება რეკომენდებულია ვარჯიშის ` სიარულის წინ, რათა კუნთები გახურდეს და უფრო ელასტიკური გახდეს.
* რელაქსაციის ტექნიკით. მედიტაცია და ღრმა სუნთქვის ვარჯიშები ამცირებს შფოთვას და ტკივილის აღქმას, რაც გამოჯანმრთელებას აჩქარებს.
* ალტერნატიული თერაპიით. განსაზღვრულ შემთხვევებში, ექიმის რეკომენდაციით, დამატებითი შვებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აკუპუნქტურა (ნემსით თერაპია) ან სამკურნალო მასაჟი.
როგორ დავუბრუნდეთ ოფისს უსაფრთხოდ
თუ თქვენი სამუშაო მაგიდასთან ხანგრძლივ ჯდომას ითხოვს, ხერხემლის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად დაიცავით შემდეგი პრინციპები:
* წელის ბალიში (Lumbar Support). სკამზე ჯდომისას ზურგს უკან (ქვედა მხარეს) ამოიდეთ სპეციალური ორთოპედიული ბალიში ან დახვეული პირსახოცი, რომ ხერხემლის ბუნებრივი სიმრუდე შეინარჩუნოთ.
* 30 წუთის წესი. დააყენეთ ტელეფონზე შეხსენება, რომ 30 წუთში ერთხელ წამოდგეთ და 2-3 წუთის განმავლობაში გაიარ-გამოიაროთ. ეს მოხსნის სტატიკურ დატვირთვას მალათაშუა დისკოებიდან და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
* ერგონომიული სამუშაო გარემო. მონიტორს პირდაპირ უნდა უყურებდეთ, რომ თავის არაბუნებრივად დაჭერა არ მოგიწიოთ. ხელები მაგიდაზე 90-გრადუსიანი კუთხით უნდა გეწყოთ.
* ფეხების პოზიცია. ფეხები მყარად უნდა გედგათ იატაკზე. ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე – ეს მენჯის არასწორ პოზიციას და ხერხემლის დაძაბვას იწვევს.
მანქანის მართვა
მანქანის მართვასთან დაკავშირებითაც იგივე პრინციპი მოქმედებს:
1. პირველი 6-8 კვირის განმავლობაში ერიდეთ ხანგრძლივ (1 საათზე მეტი ხანგრძლივობის) მგზავრობას.
2. თუ მგზავრობა აუცილებელია, ხშირად გააჩერეთ მანქანა და გადმოდით მუხლის გასამართად.
3. ზურგს უკან აუცილებლად გედოთ წელის ბალიში.
როგორ დავაჩქაროთ გამოჯანმრთელება: 9 ნაბიჯი წარმატებისკთვის
ხერხემლის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია ზოგჯერ ოპერაციამდე იწყება. მისთვის წინასწარი მომზადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავად ქირურგიული ჩარევა.
1. შეადგინეთ ვარჯიშის გეგმა
ხერხემლის დაზიანების შემდეგ მძიმე და აგრესიულ ფიზიკურ დატვირთვას უნდა ერიდოთ, ზომიერი ვარჯიში კი აუცილებელია – ის ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამაღლებს განწყობას (რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესში).
* ითანამშრომლეთ ფიზიოთერაპევტთან. ერთად შეადგინეთ გეგმა, რომელიც მოიცავს კუნთების გასამაგრებელ ვარჯიშებს, გაჭიმვებს და ნაკლებად ინტენსიურ აერობულ დატვირთვას (მაგალითად, სიარულს).
* აკონტროლეთ წონა. ორთოპედები და ნეიროქირურგები გვირჩევენ, ოპერაციამდე და მის შემდეგ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ჯანსაღ წონას. ეს საგრძნობლად შეამცირებს ხერხემლის დატვირთვას და დააჩქარებს გამოჯანმრთელებას.
ნებისმიერი სახის ვარჯიშის ან ფიზიკური აქტიურობის დაწყება ნებადართულია მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თვითნებურმა და არასწორმა მოძრაობამ შესაძლოა გამოჯანმრთელების პროცესი შეაფერხოს.
2. თავი დაანებეთ მოწევას
თუ ეწევით, უარი თქვით ამ მავნე ჩვევაზე, რომ ტკივილი შეიმსუბუქოთ. მოწევა აჩქარებს ხერხემლის მალათაშუა დისკოების დეგენერაციას, რითაც ზრდის ზურგის ტკივილის ინტენსივობას.
გარდა ამისა, ნიკოტინი აფერხებს ძვლებამდე სისხლის მიწოდებას, რითაც კრიტიკულად ანელებს შეხორცების პროცესს. გამოიყენეთ ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რათა საბოლოოდ დაანებოთ თავი მოწევას.
3. “დატენეთ” ორგანიზმი სწორი საკვებით
სწორად შერჩეული ნუტრიენტები აძლიერებს იმუნურ სისტემას და აჩქარებს შეხორცებას.
* ცილითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები ეხმარება ორგანიზმს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენაში და ამცირებს ინფექციის რისკს. ცილის წყაროა ხორცი, თევზი, ლობიო და სხვა პარკოსნები, თხილეული.
* კალციუმი და D ვიტამინი ამაგრებს ძვლებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხერხემლის სტაბილურობისთვის. მისი წყაროა რძის ნაწარმი, ფორტიფიცირებული წვენები, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, მზის სხივები.
* ერიდეთ შაქარს და გადამუშავებულ ნახშირწყლებს – ასეთი საკვები ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებითი პროცესების მიმდინარეობას.
* უჯრედისი (ბოჭკო) თავიდან გვაცილებს ოპერაციის შემდგომ ყაბზობას, რომელიც ხშირად ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღებით და უმოძრაობით არის გამოწვეული. მისი წყაროა მთლიანი მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული.
* ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებების შემცველი საკვები პროდუქტები ამცირებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს ქსოვილების განახლებას. მათი წყაროა ცხიმიანი თევზი, კურკუმა, კოჭა და მწვანე ჩაი.
* სვით საკმარისი წყალი – ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ყაბზობის პრევენციას, ამცირებს შეშუპებას და თავიდან გვაცილებს გართულებებს.
4. მოამზადეთ სახლი
ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეთ სახლის მოწყობა, რათა გამოჯანმრთელების პერიოდი მაქსიმალურად გაიმარტივოთ. ოპერაციის შემდეგ გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის ძალა და შესაძლებლობა აღარ გექნებათ.
* გაათავისუფლეთ გასასვლელები. თქვენი მარშრუტიდან მოაშორეთ ხალიჩები, სადენები და სხვა ნივთები, რომლებსაც შეიძლება ფეხი წამოჰკრათ და წაიქცეთ.
* ყველაფერი ახლოს გქონდეთ. ნივთები, რომლებსაც ხშირად იყენებთ (ტელეფონი, წამლები, წყალი, დისტანციური მართვის პულტი) დააწყვეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე. გახსოვდეთ: ოპერაციის შემდეგ დახრაც და ხელების მაღლა აწევაც შეზღუდული გექნებათ.
* სწორად შეარჩიეთ სკამი – მყარი და სახელურებიანი. ერიდეთ რბილ და ღრმა სავარძლებს, საიდანაც ადგომა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
* კომფორტულად მოიწყვეთ საძინებელი ადგილი. საწოლი არ უნდა იყოს არც ზედმეტად დაბალი, არც ზედმეტად მაღალი, დაჯდომა და ადგომა დისკომფორტს არ უნდა გიქმნიდეთ.
* აბაზანა და ტუალეტი. დარწმუნდით, რომ უნიტაზი თქვენთვის კომფორტული სიმაღლისაა (საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური ასამაღლებელი). საშხაპესა და აბაზანაში აუცილებლად დააფინეთ მოცურების საწინააღმდეგო რეზინის ფეხსაგები.
5. იპოვეთ დამხმარე (მომვლელი)
ოპერაციის შემდეგ, საშუალოდ 4-6 კვირა, დაგჭირდებათ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში დაგეხმარებათ და გაგამხნევებთ.
დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული ადამიანი სანდოა და მასთან თავს კომფორტულად გრძნობთ მაშინაც კი, როცა საუკეთესო ფორმაში არ ხართ.
გაესაუბრეთ, რათა კარგად გააცნობიეროს, რამდენად დაგჭირდებათ მისი მხარდაჭერა. დამხმარეს შესაძლოა მოუწიოს:
*თქვენი დახმარება ადგომისას და დაწოლისას;
* სურსათის ყიდვა, კერძების მომზადება და მორთმევა;
* დახმარება ბანაობაში, საზოგადოდ, პირად ჰიგიენაში;
* საოჯახო საქმეების შესრულება – სახლის დალაგება, სარეცხის გაფენა.
6. იარეთ ხშირად
ოპერაციის შემდეგ სიარული თქვენი მთავარი ვარჯიში იქნება. ის ამცირებს ტკივილს, ხელს უშლის კუნთების ატროფიას და თრომბების წარმოქმნას, რითაც გამოჯანმრთელებას აჩქარებს. მოემზადეთ იმისთვის, რომ საწოლიდან წამოდგომა მოგიწევთ ოპერაციის მეორე დღესვე და ყოველდღე, სანამ საავადმყოფოში ხართ.
როგორც კი შეძლებთ, დაიწყეთ მოძრაობა. შინ დაბრუნებულმა, დღეში 6-7-ჯერ გაიარეთ თქვენ მიერ წინასწარ დაგეგმილი მარშრუტი. ნუ ივლით იქ, სადაც ზედაპირი არასწორი ან სრიალაა. არ დაივიწყოთ მთავარი წესი: არავითარი დახრა, სიმძიმის აწევა ან ტანის მოტრიალება.
7. ჰიგიენა
ოპერაციიდან ორი კვირის განმავლობაში არ დაისველოთ ნაწიბური – არ მიიღოთ არც შხაპი, არც აბაზანა. სხეული სველი ღრუბლით ისე გაისუფთავეთ, რომ ნაოპერაციები ადგილი მშრალი დარჩეს. ოპერაციის შემდგომი პირველი ვიზიტის დროს ექიმი შეამოწმებს ნაწიბურს, შეაფასებს შეხორცების პროცესის მიმდინარეობას და მოგცემთ ინდივიდუალურ მითითებებს ჭრილობის მოვლისა და ჰიგიენის შესახებ.
8. დაიცავით მოძრაობის საბაზისო წესები
თქვენი ფიზიოთერაპევტი გასწავლით, როგორ გადაბრუნდეთ საწოლში, როგორ დაჯდეთ და ადგეთ სწორად. ზედმიწევნით შეასრულეთ ეს მითითებები. თითქმის ყველა მოძრაობისას უნდა დაჭიმოთ მუცლის კუნთები (ამით თქვენ ქმნით შიდა დამცავ კორსეტს).
* დამატებითი მხარდაჭერა: სავარაუდოდ, დაგჭირდებათ ინდივიდუალურად შერჩეული ზურგის კორსეტის ტარება.
* მთავარი შეზღუდვა: მოერიდეთ ნებისმიერ მოძრაობას, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ნაოპერაციები ადგილი. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: არავითარი დახრა, სიმძიმის აწევა, მობრუნება ან ჩაცუცქვა.
9. აკონტროლეთ ჭრილობა
ადამიანის სხეული ბუნებრივად არის მოწყობილი ჭრილობების მოსაშუშებლად, თუმცა ხანდახან ამ პროცესს ხელი ეშლება. შეხორცებისას ჭრილობის ირგვლივ შესაძლოა მკვდარი (ნეკროზული) ქსოვილი გაჩნდეს. ასეთ ქსოვილში სისხლი აღარ მოძრაობს, რაც უკიდურესად ანელებს ახალი კანის წარმოქმნას და ზრდის ინფექციის რისკს.
სთხოვეთ ოჯახის წევრს ან დამხმარეს, ყოველდღე შეამოწმოს ნაოპერაციები ადგილი, რათა არ გამოგეპაროთ საგანგაშო ნიშნები: კანის ფერის შეცვლა, გაღიზიანება, ანთება, ჭრილობის დაჩირქება, ნებისმიერი უჩვეულო ცვლილება.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა







