არდადეგების შემდეგ

Поделитесь:

არდადეგები ბავშვებისთვის პატარა კომფორტული სამყაროა: თავისუფალი დღეები, დაუგეგმავი თავგადასავლები, მოქნილი რეჟიმი და ბევრი თამაში. მაგრამ სექტემბერი ახლოვდება და ოჯახებში "სასკოლო რეჟიმზე გადაწყობა" იწყება, რაც ზოგჯერ ნამდვილ ქაოსში გადაიზრდება ხოლმე.

სასწავლო რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ რუტინის შეცვლას არ გულისხმობს – ის მოითხოვს ემოციური და სოციალური გარემოს ხელახლა ათვისებას, კლასის დინამიკის აყოლას, მასწავლებელთან კავშირის განახლებას და თანატოლებთან აქტიურ ინტერაქციას. მშობლებმა ხელი უნდა შევუწყოთ ბავშვებს, რომ რაც შეიძლება რბილად გადაეწყონ ახალ რეჟიმზე. სწორი ნაბიჯებით შესაძლებელია სტრესის მინიმუმამდე დაყვანა და მოტივაციის გაღვივება, რათა სკოლა მათთვის ნაცნობ, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოდ აღიქმებოდეს.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მშვიდად გადაერთოთ სასწავლო რეჟიმზე.

1. ემოციური მზაობა: რას გრძნობს ბავშვი?

არდადეგებიდან დაბრუნებული ბავშვი შესაძლოა განიცდიდეს:

* იმედგაცრუებას – "თავისუფალი დრო საერთოდ რომ აღარ დამრჩეს?"

* გაურკვევლობას – "ვაითუ ყველაფერი დამავიწყდა!"

* სტრესს აკადემიური მოლოდინების გამო.

მშობლის ამოცანაა, ბავშვმა იგრძნოს, რომ მისი ყველა ემოცია ნორმალურია.

მშვიდად ჰკითხეთ:

* "რა გიხარია ყველაზე მეტად სკოლაში დაბრუნებისას?"

* "რა გაწუხებს? რამეზე ხომ არ ნერვიულობ? მოდი, ერთად განვიხილოთ".

* "ხომ იცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ერთად მოვაგვარებთ".

ბავშვს არ სჭირდება იდეალური სტარტი – მას სჭირდება იდეალური მხარდაჭერა.

2. რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება: სწავლის დაწყება შოკად არ უნდა იქცეს

ნაბიჯ-ნაბიჯ დააბრუნეთ ძილის ჩვეული რეჟიმი –ბოლო მომენტამდე გადავადებული რეჟიმის ცვლილება ბავშვის მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ის გამოუძინებელი, უკმაყოფილო და გაღიზიანებული იქნება, რაც, თავისთავად, სწავლაშიც შეუშლის ხელს.

როგორ მოვიქცეთ:

* ერთი კვირით ადრე ნახევარი საათით გადმოსწიეთ ძილის დრო.

* დილაობით იმ დროს გააღვიძეთ, როდესაც სკოლის დღეებში მოუწევს გაღვიძება.

* ნელ-ნელა შეამცირეთ ეკრანსა და ციფრულ მოწყობილობებთან გასატარებელი დრო.

* დააბრუნეთ კვების რუტინაც: საუზმე, მსუბუქი სადილი, ვახშამი.

3. სოციალური ადაპტაცია: ძველი მეგობრები თუ ახალი გარემო?

თუ არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვს კლასში ახალი გარემო დახვდა, ესეც შეიძლება გახდეს სტრესის წყარო. თუ კლასში ცვლილებები არ მომხდარა, სტრესიც გაცილებით ნაკლები იქნება.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა:

* ნუ დააკარგვინებთ ბავშვს მეგობრებთან კონტაქტს არდადეგების დროს. წინასწარ შეუთანხმდით შეხვედრაზე მის ერთ-ორ თანაკლასელს. შეგიძლიათ, პიჟამებით ღამისთევაც მოაწყოთ და ახლო მეგობრები დაუპატიჟოთ.

თუ კლასი ახალია, ასწავლეთ, როგორ იპოვოს თანაკლასელებთან საერთო ინტერესები.

* ასწავლეთ მარტივი ფრაზები: "როგორ გაატარე არდადეგები?"; "გინდა, ერთად ვითამაშოთ?"; "გინდა, ერთად დავსხდეთ?"

4. სასკოლო ნივთების შერჩევის რიტუალი მოტივაციისთვის

ბავშვებისთვის მოტივაციის ამაღლება არც ისე ძნელია. მაგალითად, მოტივაციის წყაროდ შეიძლება იქცეს ახალი სასკოლო ნივთები საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებით.

5. სკოლის მიმართ დადებითი განწყობის შექმნა: ტვინი ემოციებს იმახსოვრებს

ბავშვს სწავლისადმი დამოკიდებულება მეტწილად ოჯახის გავლენით უყალიბდება, ამიტომ ეცადეთ, ყოველთვის დადებით კონტექსტში ახსენოთ სკოლა:

* "ნეტავი ისევ შენხელა ვიყო და სკოლაში დავდიოდე!”

* "სწავლა იმდენი რამის შესაძლებლობას გაძლევს! შეგიძლია, ყველაფერს მიაღწიო, რასაც მოინდომებ".

* "თუ რამე გაგიჭირდა, აქ ვარ. ერთად ვიპოვით გამოსავალს".

6. აკადემიური მოლოდინების მართვა

საზაფხულოა არდადეგები თუ საახალწლო, სასწავლო რეჟიმში დასაბრუნებლად ბავშვის ტვინს დრო სჭირდება.

* არ მოსთხოვოთ პირველივე დღეს სრული დატვირთვით მეცადინეობა. დღეში ოცი წუთი კითხვაც კი საკმარისია ტვინის ნელ-ნელა გამოსაღვიძებლად.

* "მოინდომე და ამიტომ გამოგივიდა" უფრო ძლიერი მოტივატორია, ვიდრე "რა ნიჭიერი ხარ, ყოველთვის ყველაფერი გამოგდის". ბავშვი დაინახავს შრომის მნიშვნელობას, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ შედეგზე იყოს ორიენტირებული.

7. დილის რუტინის შემუშავება: სტრესის ნახევარი სწორედ მის წილად მოდის.

დილის ქაოსი ზოგჯერ მთელი დღის განწყობას ანადგურებს.

როგორ შევამსუბუქოთ:

* წინა საღამოს მოამზადეთ ტანსაცმელი.

* საღამოსვე ჩაალაგეთ ჩანთა.

* ეცადეთ, ბავშვი ისეთ დროს ააყენოთ, რომ სკოლაში წასვლამდე მშვიდად გარეშე მოწესრიგდეს და ისაუზმოს.

* დანერგეთ დილის პატარა რიტუალი: მუსიკა, თბილი კაკაო...

8. პირველი კვირის სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ, სწორედ ეს არის გარდამტეხი პერიოდი

პირველი კვირა ბავშვებისთვის ყველაზე რთულია. მოთმინებით დააკვირდით, როგორ ადაპტირდება და უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

როგორ მოვიქცეთ:

* მიეცით მეტი დასვენების საშუალება სკოლიდან დაბრუნების შემდეგ.

* საღამოს თბილად გაესაუბრეთ და იმ დღის ამბები გამოჰკითხეთ.

* არ შეადაროთ სხვებს.

* არ მოსთხოვოთ პირველივე დღეებში სრულყოფილი ადაპტაცია.

9. მშობლის ემოციური სტაბილურობა ყველაზე დიდი საყრდენია ბავშვისთვის

სტრესულ სიტუაციებს მშობლები ხშირად შვილებზე მეტად განიცდიან, ეცადეთ, არ აგრძნობინოთ ბავშვს, რომ ღელავთ. უბრალოდ უთხარით, რომ ნერვიულობა ნორმალურია, მაგრამ იქვე დაამშვიდეთ, რომ სკოლა უსაფრთხო ადგილია და იქ მეგობრები და მასწავლებლები ელოდებიან.

ესაუბრეთ მშვიდად, რბილი ინტონაციით. ბავშვი თქვენს სიტყვებზე მეტად თქვენს რეაქციებს იმახსოვრებს.

ლიკა ქათამაძე

Поделитесь: