როგორ გავუძლიეროთ ბავშვს იმუნიტეტი – კვება, ჩვევები, ყოველდღიური რუტინა
გააზიარე:
ცხოვრების სწრაფი ტემპი, აქტიური სასწავლო გარემო, სეზონური ვირუსები თუ სტრესული ფაქტორები ბავშვის ორგანიზმს განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის, ამიტომ სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ უფრო ძლიერი და ენერგიული შეხვდეს ავადმყოფობას?
იმუნიტეტის გასაძლიერებლად ერთი სახის საკვები ან ვიტამინი არ გვეყოფა. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ხარისხიან ძილს, მენტალურ კომფორტსა და ყოველდღიურ მცირე ჩვევებს აერთიანებს.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებში ძლიერი იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "ავერსის კლინიკის" ექიმს, პედიატრ მირანდა ხიდეშელს ვესტუმრეთ.
– ქალბატონო მირანდა, რას ნიშნავს ძლიერი იმუნიტეტი?
– მოსახლეობაში “ძლიერი იმუნიტეტის” ცნებას აიგივებენ იშვიათ ავადობასთან, ამა თუ იმ ავადმყოფობის მსუბუქ და ხანმოკლე მიმდინარეობასთან, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით ადამიანის იმუნურ სისტემას გაცილებით დიდი მისია აკისრია. კერძოდ, პათოგენების (ვირუსების, პარაზიტების, ბაქტერიების) სწრაფად ამოცნობა და სწორი, დაბალანსებული იმუნური პასუხის ჩართვა, ე.წ. სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავება. ამასთან, იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ძლიერი იმუნური მეხსიერების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს გადატანილი ინფექციისა თუ ვაქცინაციის შემდეგ პათოგენის სწრაფ ამოცნობას და ეფექტურ რეაგირებას.
ძლიერი იმუნიტეტი განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:
* თანდაყოლილი იმუნიტეტი – ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც დაბადების მომენტიდან მოქმედებს;
* ადაპტაციური, შეძენილი იმუნიტეტი (იგივე იმუნური მეხსიერება) – ეტაპობრივად ვითარდება სიცოცხლის განმავლობაში;
* მიკრობიომა – ნაწლავი უმნიშვნელოვანეს იმუნოლოგიურ ორგანოდ მიიჩნევა, იქ მობინადრე ბაქტერიები აქტიურად მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში;
* გენეტიკური იმუნიტეტი – სწორედ მასზეა დამოკიდებული ბავშვის გენეტიკურად ძლიერი ან სუსტი იმუნური რეაქცია;
* ჰორმონული და მეტაბოლური მდგომარეობა – იმუნური უჯრედების ფუნქციობა მკაცრად რეგულირდება ჰორმონებითა და მეტაბოლური პროდუქტებით (ენერგია, გლუკოზა, ინსულინი).
ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის ძლიერ თავდაცვით მექანიზმს.
ბევრი მშობელი კითხულობს, რატომ ავადმყოფობენ მათი შვილები ხშირად, თუ ძლიერი იმუნიტეტი აქვთ.
საქმე ის არის, რომ ბავშვის იმუნური სისტემა შეცნობის პროცესშია. 2-დან 6 წლამდე პატარები ხშირად ავადდებიან, ვინაიდან:
- მათი ორგანიზმი პირველად ხვდება ამა თუ იმ ვირუსსა თუ ბაქტერიას;
- არ აქვთ იმუნური მეხსიერება;
- ბაღისა და სკოლის გამო იმატებს მათი კონტაქტების რაოდენობა და სიხშირე.
ასე რომ, ე.წ. სუსტი იმუნიტეტი იმუნური სისტემის განვითარების ნორმალური გზაა.
– რა ასაკიდან იწყებს ბავშვის იმუნური სისტემა სრულყოფილ ფუნქციობას და როგორ ვითარდება ის?
– დაბადებისას იმუნური სისტემა უმწიფარია, სრულფასოვნად მოფუნქციე მდგომარეობას ის მოზარდ ასაკში აღწევს.
სიცოცხლის პირველი 6 თვე ე. წ. დედაზე დამოკიდებულების ფაზაა. ამ პერიოდში ორგანიზმის დაცვის მთავარი წყარო დედის ანტისხეულებია: ერთი მხრივ, IgG (იმუნოგლობულინი G), რომელსაც ორსულობის პერიოდში პლანცეტით იღებს ნაყოფი, მეორე მხრივ, IgA (იმუნოგლობულინი A), რომელიც დედის რძესთან ერთად გადაეცემა ჩვილს და განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი ლორწოვანი გარსების დაცვაში.
6 თვიდან 3 წლამდე მკვეთრად იკლებს პლანცეტით გადაცემული ანტისხეულების (IgG) დონე და იწყება ბავშვის საკუთარი იმუნური სისტემის აქტიური ჩამოყალიბება. ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პერიოდში სწავლობს ორგანიზმი ინფექციებზე სწორი იმუნური პასუხის ფორმირებას.
3-დან 7 წლამდე იმუნური სისტემა მეტად ორგანიზებული ხდება, იმუნური უჯრედები, B ლიმფოციტები, უფრო სწრაფად წარმოქმნიან ანტისხეულებს, ამასთან, საბოლოოდ ყალიბდება მიკრობიომა (ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ეკოსისტემა), რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნიტეტს.
7-დან 12 წლამდე იმუნური სისტემა აღწევს ეფექტურობის მაღალ დონეს: იმუნური მეხსიერება უკვე სრულყოფილად მუშაობს, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ძლიერ რეაგირებას ნაცნობ პათოგენებზე, ძლიერდება ადგილობრივი ლორწოვანი იმუნიტეტი (სასუნთქი გზების დაცვა), ანტისხეულების წარმოქმნის პროცესი კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება. ყოველივე ამის შედეგად ინფექციების სიხშირე იკლებს.
12-დან 14 წლამდე – ამ ასაკში ბავშვს პრაქტიკულად სრულფასოვანი იმუნური სისტემა აქვს.
– რომელი საკვები ნივთიერებები უზრუნველყოფს ძლიერი იმუნური დაცვის ჩამოყალიბებას?
– იმუნური სისტემის სრულყოფილი ფუნქციობისთვის აუცილებელია მიკრო– და მაკროელემენტების დაბალანსებული მიწოდება. ძირითადი ელემენტებია:
* D ვიტამინი
ის ე.წ. იმუნური რეგულატორია – ხელს უწყობს ანტიმიკრობული პეპტიდების გამომუშავებას, რომლებიც პირველები იწყებენ მავნე მიკრობებთან ბრძოლას. მისი დეფიციტის დროს იმატებს რესპირატორული ინფექციების სიხშირე.
D ვიტამინის კარგი ბიოშეღწევადობით გამოირჩევა ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი), კვერცხის გული, ღვიძლი.
* C ვიტამინი
ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს იმუნურ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, ასტიმულირებს ნეიტროფილებისა და ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები) წარმოქმნას და ზრდის მათ ეფექტიანობას ინფექციებთან ბრძოლისას.
მისი წყაროა ციტრუსები, ბროწეული, კივი, ჟოლო, მოცვი, წითელი პაპრიკა, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო.
* A ვიტამინი
უმნიშვნელოვანესია იმუნიტეტის პირველი ხაზის – ლორწოვანი გარსების – მთლიანობის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. მისი დეფიციტის დროს ხშირია ბრონქიტი, პნევმონია, თვალის ლორწოვანის პრობლემები.
A ვიტამინის კარგი ბიოშეღწევადობით გამოირჩევა საქონლის ან ქათმის ღვიძლი, კარაქი, ნაღები, ყველი, კვერცხის გული.
* თუთია
აუცილებელია T და B ლიმფოციტების მომწიფებისა და აქტივაციისთვის – ეს იმუნური უჯრედები პასუხისმგებელნი არიან უჯრედულ იმუნიტეტზე. აქვს ლორწოვანის ბარიერის აღდგენისა და ვირუსების რეპლიკაციის შეჩერების უნარი. თუთიის დეფიციტი მნიშვნელოვნად ასუსტებს იმუნურ ფუნქციას.
საუკეთესო ბიოშეღწევადობით გამოირჩევა ხორცი (საქონლის, ხბოს), ზღვის პროდუქტები (კრაბი, კრევეტი), კვერცხი, რძის ნაწარმი – ყველი, იოგურტი.
* რკინა
იმუნური უჯრედების ენერგიის წყაროა, მონაწილეობს ფაგოციტოზში (მაკროფაგების მიერ პათოგენების შთანთქმაში), აუცილებელია ანტისხეულებისა და თ ლიმფოციტების გამომუშავებისთვის. მისი დეფიციტი ასუსტებს იმუნურ პასუხს.
საუკეთესო ბიოშეღწევადობით გამოირჩევა წითელი ხორცი, ღვიძლი, თევზი, კვერცხი.
* სელენი
ძლიერი ანტიოქსიდანტია და დაზიანებისგან იცავს იმუნურ უჯრედებს, ზრდის T და B ლიმფოციტების აქტივობას, შესწევს უნარი, შეაჩეროს ვირუსის რეპლიკაცია, მონაწილეობს ანთების რეგულაციაში, აწესრიგებს იმუნურ ბალანსს, რის შედეგადაც ინფექცია უფრო მსუბუქად მინდინარეობს.
საუკეთესო ბიოშეღწევადობით გამოირჩევა თევზი და ზღვის პროდუქტები (ორაგული, კალმახი, თინუსი), ქათამი და ინდაური, კვერცი, ძროხის ღვიძლი.
* ომეგა-3
ცნობილია როგორც ანთებითი პროცესების მოდულატორი. აუმჯობესებს ლორწოვანის ბარიერს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტისხეულების გამომუშავებაში.
საუკეთესო ბიოშეღწევადობით გამოირჩევა ცხიმიანი თევზი
* პრობიოტიკები/პრებიოტიკები(ბოჭკო)
ხელს უწყობს ნაწლავებში მობინადრე მეგობარი ბაქტერიების გამრავლებას, ეხმარება იმუნურ სისტემას სწორი პასუხის გამომუშავებაში, ამცირებს ალერგიული და პათოლოგიური ანთებითი პასუხის განვითარების რისკს. მათი დეფიციტის დროს ხშირია რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის ინფექციები.
– რა როლი აკისრიათ ცილებს იმუნური უჯრედების გამრავლებასა და განახლებაში?
– თუ გავითვალისწინებთ, რომ ანტისხეულები ცილებია, უფრო გასაგები გახდება, რამხელა როლი აკისრია ცილას ჩვენი და ჩვენი პატარების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. ცილები, მცენარეულიც და ცხოველურიც, იშლება ამინმჟავებად, რომლებიც იმუნური სისტემის სამშენებლო მასალაა. იმუნური უჯრედები კი ყოველდღიურად იხარჯება და ახლდება. ასე რომ, ეს პროცესი, ისევე როგორც ამ უჯრედთა სტრუქტურა, მთლიანად ამინმჟავებზე, შესაბამისად, ცილებზეა დამოკიდებული.
თუ ბავშვმა საკმარისი ცილა ვერ მიიღო:
• მცირდება ლიმფოციტებისა და ანტისხეულების რაოდენობა;
• ხშირდება ინფექციები;
• სუსტდება იმუნური პასუხი.
-რამდენად მნიშვნელოვანია წყალი იმუნური სისტემის გამართული ფუნქციობისთვის?
– იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ის აუცილებელია იმუნური ჯრედების გადაადგილებისთვის. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? იმუნური უჯრედების ტრანსპორტირებას სისხლი უზრუნველყოფს – სისხლის ნაკადს მიაქვს ისინი ინფექციის კერამდე. სისხლის ნორმალური მოცულობა და სიბლანტე, თავის მხრივ, წყალზეა დამოკიდებული. თუ წყალი ცოტაა, სისხლი სქელდება, იმუნური უჯრედების გადაადგილებაც ნელდება და ინფექციაზე რეაგირება აგვიანებს.
წყალი უზრუნველყოფს იმუნურ უჯრედებამდე ნუტრიენტების მიტანას და ხელს უწყობს ტოქსინებისა და ანთებითი პროდუქტების გამოტანას.
როგორც ცნობილია, ლორწოვანი გარსები პირველადი დამცავი ბარიერია. როცა ორგანიზმი კარგად არის ჰიდრატირებული, ინფექციისადმი ლორწოვანის მდგრადობა იმატებს, დეჰიდრატაცია კი ასუსტებს იმუნიტეტს.
როგორია წყლის მოთხოვნილება სხვადასხვა ასაკში?
- 1-დან 3 წლის ჩათვლით – 1 ლ დღეში
- 4-დან 6 წლის ჩათვლით – 1,2-1,3 ლ დღეში
- 7-დან 12 წლის ჩათვლით – 1,5-1,7 ლ დღეში
გაითვალისწინეთ: წვენი ვერ ცვლის წყალს. მაღალი ტემპერატურის, ღებინების, დიარეის, ფიზიკური დატვირთცის დროს წყალზე მოთხოვნა იზრდება (10-20 მლ/კგ-ზე).
დღიური რაციონი იმუნიტეტის გასაძლიერებლად
– წარმოგიდგენთ ბავშვის ზრდის, ტვინის განვითარებისა და იმუნიტეტის მხარდამჭერი საბაზისო მენიუს მოდელს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, რომელზეც მშობელს შეუძლია, ბავშვის კვება ააწყოს.
1-3 წელი
ძირითადი პრინციპები: მცირე ულუფები; 5-6 კვება დღეში, მათ შორის 2 წახემსება
მიზანი: მენიუს მრავალფეროვნება და ტექსტურის გაცნობა; შაქრის მაქსიმალურად შეზღუდვა
დღიური ულუფები: რძე/რძის ნაწარმი – 2-3 ულუფა; ცილა (ხორცი, კვერცხის ცილა, პარკოსნები) – 2 ულუფა; ბოსტნეული – 2-3 ულუფა; მარცვლეული – 3-4 ულუფა
4-6 წელი
ძირითადი პრინციპები: 4-5 კვება დღეში, მათ შორის 2 წახემსება
მიზანი: მენიუს გამდიდრება ახალი გემოებით, მინიმუმ 3 ფერის ბოსტნეული დღის განმავლობაში (ეს აქტიური ზრდისა და იმუნიტეტის ფორმირების პერიოდია, ამიტომ პატარას მეტი რკინა და ცილა სჭირდება)
დღიური ულუფები: რძე/რძის ნაწარმი – 2 ულუფა; ცილა – 2 ულუფა; ხილი – 2-3 ულუფა; ბოსტნეული – 3-4 ულუფა; მარცვლეული – 4 ულუფა
7-12 წელი
ძირითადი პრინციპები: 4-5 კვება დღეში, მათ შორის 2 წახემსება
მიზანი: ცილის, B ჯგუფის ვიტამინებისა და რკინის აქტიური მიღება; სწრაფი კვების პროდუქტებისა და შაქრის შეზღუდვა (ფასტფუდი და ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ ამ ასაკის ბავშვებს)
დღიური ულუფა: დაახლოებით 0.95 გრამი ცილა სხეულის ყოველ კილოგრამზე; თევზი – კვირაში 2-ჯერ; ხილი – 2 ულუფა; ბოსტნეული – 3-5 ულუფა; მარცვლეული – 4-6 ულუფა; რძე/რძის ნაწარმი – 2-3 ულუფა; ტკბილეული -კვირაში 1-2-ჯერ
აქვე მინდა გაგიზიაროთ კონკრეტული ბავშვის ულუფის განსაზღვრის მარტივი წესი: 1 ულუფა მისივე მუჭის ზომაა.
ფერადი დიეტა
– ბავშვის იმუნიტეტი და, საზოგადოდ, მისი ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული მრავალფეროვან მენიუზე.
თითეული ფერის საკვები სხვადასხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების წყაროა. მაგალითად:
* მწვანე – მდიდარია ფოლიუმით, K და C ვიტამინებით;
* წითელი – C ვიტამინით;
* ყვითელი და ნარინჯისფერი – ბეტა კაროტინით (A ვიტამინით);
* თეთრი – B ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით;
* იისფერი და ლურჯი – ანტოციანინებით.
რაც უფრო ფერადია ბავშვის მენიუ, მით უფრო ნაკლებად ითხოვნს ის სწრაფი კვების პროდუქტებს, ცომეულს და ტკბილეულს. ენერგიას ის ჯანსაღი წყაროებიდან იღებს. შედეგად უმჯობესდება მისი მეტაბოლიზმი, იკლებს ქრონიკული დაავადებების რისკი.
ფერადი თეფში მიმზიდველია და პატარაც ნაკლებად აპროტესტებს. დიეტოლოგები გვთავაზობენ მარტივ წესს: 5 ფერი თეფშზე კვირაში 5 დღე.
– უნდა შეიცვალოს თუ არა ბავშვის რაციონი ცივ სეზონზე?
– სასურველია, შეიცვალოს. ვინაიდან ზამთრის თვეებში ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და, შესაბამისად, ბავშვს მეტი კალორია სჭირდება, უმჯობესია, მენიუში შეიტანოთ უფრო მეტი რთული ნახშირწყლები (მარცვლეული), ცილა (ხორცეული), C ვიტამინი (ციტრუსები, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა), ომეგა-3 (ცხიმიანი თევზი კვირაში 2-3-ჯერ, ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, ავოკადო).
ზამთრის თვეებში იმატებს ყაბზობის განვითარების რისკი, ამიტომ ეცადეთ, პატარამ მიღოს საკმარისი ოდენობის ბოჭკო (ხილი ბოსტენეული, მსხვილად დაფქული მარცვლეული) და პრობიოტიკები (მაწონი, იოგურტი, კეფირი).
გაითვალისწინეთ: წყლის ოდენობას არ ვამცირებთ!
ნაწლავი და იმუნიტეტი
– რა როლს ასრულებს ნაწლავის მიკრობიომა ბავშვის იმუნურ ჯანმრთელობაში?
– ნაწლავის მიკრობიომა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა იმუნიტეტისთვის.
კვლევები გვიჩვენებს, რომ იმუნური სისტემის 65-70% ნაწლავებში მდებარეობს, მიკრობიომა კი მისი მაკონტროლებელი ორგანოა, ამიტომ იმუნიტეტი ვერ იქნება ძლიერი, თუ ნაწლავებში არ აღმოჩნდა საჭირო რაოდენობის ბიფიდობაქტერია, ლაქტობაქტერია და სხვა მეგობარი ბაქტერიები. სწორედ მათი ბალანსის დაცვით რეგულირდება სწორი იმუნური პასუხი.
ჯანსაღი მიკრობიომა ქმნის ბუნებრივ დამცავ ბარიერს, რაც ამცირებს ავადობას, ანთებით პროცესებს, ალერგიულ რეაქციებს, ზრდის ვირუსებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ მიკრობიომა მუდმივ კავშირშია თავის ტვინთან. ჯანმრთელი მიკრობიომა განაპირობებს კარგ განწყობას, მშვიდ ძილს, აუმჯობესებს ყურადღების კონცეტრაციას და სწავლის უნარს.
მიკრობიომა გამოიმუშავებს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს. გამოდის, რომ ის ორგანიზმის საკუთარი და უსაფრთხო ანტიბიოტიკია.
გარდა ამისა, ჯანმრთელი მიკრობიომა ხელს უშლის ქრონიკული დაავადებების და ქრონიკული ანთებითი პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს ვიტამინების, კერძოდ, K-სა და B-ს, წარმოებას.
– რა არის პრო– და პრებიოტიკები?
– პრო– და პრებიოტიკები ერთად ნიშნავს ძლიერ იმუნიტეტს. უერთმანეთოდ ისინი არასრულფასოვნად მუშაობენ.
პრობიოტიკები ცოცხალი მეგობარი ბაქტერიებია. ისინი ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღდგენასა და შენარჩუნებას, ამცირებენ ანთებას, აუმჯობესებენ საკვების მონელებას, ასრულებენ ბარიერულ ფუნქციას ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგ, ამცირებენ ანტიბიოტიკით გამოწვეულ ზიანს და, რაც მთავარია, აძლიერებენ იმუნურ სისტემას.
მათი წყაროა რძის ნაწარმი – მაწონი, იოგურტი, კეფირი.
პრებიოტიკები სასარგებლო ბაქტერიების (პრობიოტიკების) საკვებია. ისინი ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას და აქტივობას, რითაც უზრუნველყოფენ ნაწლავის მიკრობიომის ბალანსს.
მათი წყაროა მთლიანი მარცვლეული, ხახვი, ნიორი, თხილი, სელის მარცვლები, ბანანი, კივი, მარწყვი, პარკოსნები.
საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, ანტიბიოტიკოთერაპიის პერიოდში, ხშირი ავდობისას, ასევე ენტეროინფექციის, ფერმენტული დეფიციტის, ალერგიული პროცესის, კვებითი ან დღის რეჟიმის დარღვევის დროს შეგვიძლია, პრებიოტიკები და პრობიოტიკები სპეციალური დანამატის სახით მივცეთ პატარას, მაგრამ არა ყოველდღიურად და მხოლოდ ექიმის კონსულტაციის საფუძველზე.
დანამატები
– იმუნიტეტის გასაძლიერებლად მშობლები ხშირად თვითნებურად აძლევენ ბავშვს ვიტამინებისა და მინერალების დანამატებს. რამდენად გამართლებულია ეს?
– დანამატების მიღება, როგორც უკვე ვთქვი, გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა ლაბორატორიული კვლევით დასტურდება რომელიმე ნუტრიენტის დეფიციტი. მათი მიღება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ექიმის რეკომენდაციას.
არ არის მიზანშეწონილი დანამატების თვითნებურად მიღება, მით უმეტეს, თუ პატარას არცერთი ელემენტისა თუ ვიტამინის დეფიციტი არ აღენიშნება. სიჭარბე კი ხშირად უფრო საშიშია, ვიდრე ნაკლებობა.
დანამატები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ექიმის დანიშნულებით: თუთია, პრობიოტიკები, ომეგა-3, D ვიტამინი.
სხვა ფაქტორები
– გარდა კვებისა, რა ახდენს გავლენას იმუნიტეტზე?
– იმუნიტეტს აძლიერებს:
* ხარისხიანი და საკმარისი ძილი. ძილი იმუნური სისტემის რეგენერაციის ფაზაა. ღრმა ძილის დროს იმატებს იმუნური უჯრედების აქტივობა. ძილის დეფიციტი ბავშვებში ზრდის რესპირატორული ინფექციების, გაციებისა და გრიპის რისკს.
* რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ზომიერი მოძრაობა (განსაკუთრებით – სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, აქტიური თამაში, ცურვა) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს იმუნური უჯრედების მობილიზაციას და ამცირებს ანთებით პროცესებს.
* სუფთა ჰაერი და მზის სინათლე. მზის სხივების ზემოქმედებით კანი გამოიმუშავებს D ვიტამინს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი იმუნომოდულატორია.
* ჯანსაღი მიკროკლიმატი სახლში. არასათანადო ტემპერატურა, დაბალი ან მაღალი ტენიანობა, ცუდი ვენტილაცია და დამაბინძურებლები ასუსტებს სასუნთქი გზების ლორწოვანს – იმუნური ბარიერის პირველ ხაზს.
პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის
* უპირველეს ყოვლისა, მკაცრად დაიცავით დღისა და ძილის რეჟიმი. სასურველია, ბავშვს დღე-ღამეში საშუალოდ 9-10 საათი ეძინოს.
* შეუზღუდეთ ეკრანთან ან გაჯეტებთან კონტაქტი დაძინებამდე 1-1,5 საათით ადრე.
* ყოველდღიურად უზრუნველყავით, სულ ცოტა, ერთსაათიანი აქტივობა სუფთა ჰაერზე, ტყეში ან პარკში. აქტივობა უნდა იყოს ზომიერი, არა დამქანცველი.
* შექმენით თბილი, მშვიდი ოჯახური გარემო. გაუწიეთ ბავშვს ემოციური მხარდაჭერა. ეცადეთ, შეამციროთ ყოველდღიური სტრესის გამომწვი ფაქტორები. სტრესის შემცირება აქვეითებს კორტიზოლის დონეს, რაც პირდაპირ აძლიერებს იმუნურ პასუხს. წაახალისეთ დასვენება, თამაში და ჰობი.
* მინიმუმამდე დაიყვანეთ საკვები, რომელიც იმუნიტეტს ასუსტებს: ტკბილეული, ჭარბად ცხიმიანი და ზედმეტად მარილიანი კერძები, გაზიანი, ტკბილი, კოფეინიანი, ენერგეტიკული სასმელები.
* ყურადღება მიაქციეთ წყლის საკმარისი ოდენობით მიღებას.
* მედიკამენტები, მათ შორის ანტიბიოტიკები, გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
ჯილდა გაჩეჩილაძე











