ჰაერის ხარისხი - რას ნიშნავს ჰაერის დაბინძურება და როგორ დავიცვათ თავი

გააზიარე:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 99 პროცენტი დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს და ჰაერის დაბინძურება წელიწადში 7 მილიონამდე ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზია. 2022 წლისთვის ამ მიზეზით ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 442 000 ბავშვი კვდებოდა. ჰაერის დაბინძურება ვნებს ნაყოფსაც: უახლესი მონაცემები ამ დამაზიანებელ ფაქტორს უკავშირებს ბავშვებში გახშირებულ კიბოს, ნეიროგანვითარების დარღვევებსა და მეტაბოლურ დაავადებებს. ზრდასრულებთან დაბინძურებული ჰაერი ზრდის გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების რისკს.

რა აბინძურებს ჰაერს

ჰაერის დაბინძურება შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენულიც – ადამიანის საქმიანობით გამოწვეული.

დაბინძურების ბუნებრივი წყაროებია:

  • უდაბნოს მტვერი, მაგალითად, აფრიკული მტვერი, რომელიც საქართველოშიც ხშირად აღწევს;
  • ტყის ხანძრები – წარმოქმნის დიდი რაოდენობის კვამლს და PM2.5 ნაწილაკებს;
  • ვულკანების ამოფრქვევა;
  • ქარის მოტანილი მტვერი და ეროზიული ნაწილაკები;
  • ზღვის მარილიანი წვეთები;
  • მეთანი, რომელსაც ჭაობები გამოყოფს;
  • კოსმოსური მტვერი.

ანთროპოგენული წყაროებია:

  • ავტომობილების გამონაბოლქვი;
  • დიზელის ძრავები;
  • ნავთობზე, გაზზე, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები;
  • საწარმოები და ქარხნები;
  • სამშენებლო მტვერი;
  • ნაგვის წვა;
  • შეშის ღუმლები;
  • სოფლის მეურნეობის ნარჩენების წვა.

საშიში ნაწილაკები

ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებს შორის გამოყოფენ ხუთ ძირითადს. ესენია:

* მიწისპირა ოზონი (O3) – წარმოიქმნება სატრანსპორტო საშუალებების, თბოელექტროსადგურების, ქიმიური რეაქციებისა და მზის სხივების გავლენით, არის სმოგის ძირითადი კომპონენტი და ასთმის გამწვავების ხელშემწყობი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი;

* ნახშირბადის მონოქსიდი (CO) – ძირითადად გამოიყოფა ავტომობილების გამონაბოლქვთან ერთად, ასევე შეშის ღუმლებისა და ბუნებრივი აირის ქვაბების მუშაობის შედეგად, ჩასუნთქვისას სისხლში ხვდება და ჰემოგლობინს უკავშირდება, რითაც ხელს უშლის ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას;

* გოგირდის დიოქსიდი (SO2) – წიაღისეული საწვავის წვის პროდუქტია. წყლის ორთქლთან რეაქციისას წარმოქმნის გოგირდმჟავას – მჟავე წვიმის ძირითად კომპონენტს;

* აზოტის დიოქსიდი (NO2) – საწვავის წვის შედეგად წარმოიქნება. მისი უმთავრესი წყაროა ავტომობილის ძრავები, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა;

* მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5) - მისი წყაროებია მშენებლობა, ტრანსპორტი, ინდუსტრია, ტყის ხანძრები და ფოტოქიმიური რეაქციები. PM2.5 ადვილად აღწევს ფილტვებში და სისხლძარღვებში, ამიტომ ყველაზე საშიშია.

რას ნიშნავს ფერები

ჰაერში დამაბინძურებლების კონცენტრაცია ჰაერის ხარისხის ინდექსით (AQI) გამოისახება. რიცხვები 0-დან 500-მდე საფრთხის სხვადასხვა დონეზე მიუთითებს. თვალსაჩინოებისთვის მათ სხვადასხვა ფერით მონიშნავენ:

  • 0-დან 50-მდე (მწვანე) – უსაფრთხოა;
  • 51-დან 100-მდე (ყვითელი) – მისაღებია, ზოგადად უსაფრთხოა;
  • 101-დან 150-მდე (ნარინჯისფერი) – მავნეა მგრძნობიარე ჯგუფებისთვის;
  • 151-დან 200-მდე (წითელი) – მავნეა ყველასთვის;
  • 201-დან 300-მდე (იისფერი) – ძალიან მავნეა;
  • 301+ (მუქი ბორდოსფერი) – საშიშია, ყველა უნდა მოეროდოს გარეთ ყოფნას.

ჩასუნთქვის შემდეგ

რას იწვევს დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა?

* სასუნთქი გზების გაღიზიანებას;

* ანთებას;

* იმუნიტეტის დასუსტებას;

* სისხლძარღვების დაზიანებას;

* უჯრედების დნმ-ს შეცვლას (მუტაციას).

ნაწილაკები

მტვრის მყარი ნაწილაკები (PMS) – PM10 ნაწილაკების დიამეტრი 10 მიკრომეტრზე ნაკლებია (შედარებისთვის – ადამიანის თმის ღერის დიამეტრია 60 მიკრომეტრი). ჩასუნთქვისას მათი ნაწილი ფილტვებში ღრმად აღწევს, რაც იწვევს ამ ორგანოთა გაღიზიანებასა და ანთებას. უფრო პატარა ნაწილაკებმა, განსაკუთრებით – PM2.5-მა (რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრონი და ნაკლებია), შესაძლოა, ფილტვების ბარიერი გადალახოს და სისხლში მოხვდეს, ამიტომ უფრო საშიშია. მათი ჩასუნთქვა ზრდის გულისა და სასუნთქი გზების დაავადებების, ფილტვის კიბოსა და ინსულტის რისკს.

მიწისპირა ოზონი ასთმის გამომწვევი და გამამწვავებელი მთავარი ფაქტორია. შესაძლოა, დააქვეითოს ფილტვების ფუნქციობა და გამოიწვიოს ამ ორგანოთა ქრონიკული დაავადებები.

აზოტის დიოქსიდსა და გოგირდის დიოქსიდსაც შეუძლია სასუნთქი გზების გაღიზიანება, ასთმისა და ფილტვების ანთების გამოწვევა, ფილტვების ფუნქციის დაქვეითება.

ნახშირბადის მონოქსიდი ფილტვებიდან სისხლში ხვდება, ჰემოგლობინს უკავშირდება და ჟანგბადს უჯრედებამდე მისვლის საშუალებას არ აძლევს. ჟანგბადის ნაკლებობა ქსოვილებსა და უჯრედებს აზიანებს. ნახშირბადის მონოქსიდის ჩასუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, დაღლილობა, გულისრევა, თავბრუხვევა და სხვა სიმპტომები. მისი დიდი დოზის ზემოქმედება შესაძლოა მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

ჰაერში არსებული დამაბინძურებლები, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, გარემოსაც აყენებს ზიანს. მათი სიჭარბე აჩქარებს კლიმატის ცვლილებას, რაც თავისთავად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.

გვიცავს თუ არა ნიღბები

ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბები ვერ დაგვიცავს. ისინი მხოლოდ დიდ წვეთებს აკავებენ, PM2.5 ნაწილაკები კი ძალიან პატარაა და ადვილად გადის სამედიცინო ნიღბის ფილტრს. ამასთან, სამედიცინო ნიღაბი სახეს ჰერმეტულად არ ეკვრის და ჰაერი გვერდებიდან თავისუფლად შედის.

დაბინძურებული ჰაერისგან იცავს მხოლოდ N95, KN95 და FFP2 ნიღბები, რომლებიც ფილტრავს მიკროსკოპული ნაწილაკების თითქმის 95%-ს. სწორად მორგების შემთხვევაში ისინი ბლოკავენ გარედან შემომავალ ჰაერს და ხელს უშლიან PM2.5-ის, PM10-ის, ვირუსების, კვამლის, მტვრის ნაწილაკების ჩასუნთქვას.

როგორ დავიცვათ თავი

* შეამოწმეთ თქვენს რეგიონში ჰაერის დაბინძურების ყოველდღიური პროგნოზი.

* ერიდეთ ღია ცის ქვეშ ვარჯიშს, როდესაც დაბინძურების დონე მაღალია. ასეთ დროს აქტივობა შენობაში გადაიტანეთ. შეზღუდეთ ბავშვის ქუჩაში თამაშის დროც. თუნდაც პროგნოზი კარგი იყოს, მაინც ერიდეთ ვარჯიშს იქ, სადაც ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა.

* მომჭირნედ ხარჯეთ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. აირის წვა და ენერგიის სხვა წყაროების გენერირება ჰაერის დაბინძურებას იწვევს.

* სადაც შესაძლებელია, საკუთარი ავტომობილის ნაცვლად იარეთ ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

* არ დაწვათ შეშა და ნაგავი – ეს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

* გაზონების გასაკრეჭად გამოიყენეთ მექანიკური ან ელექტროძრავიანი მოწყობილობა ბენზინზე მომუშავე საკრეჭის ნაცვლად.

* იზრუნეთ შენობაში ჰაერის ხარისხზე. ოთახები ხშირად გაანიავეთ, როცა გარეთ ჰაერი სუფთაა. წმინდეთ მტვერი ნესტიანი ტილოთი. თუ გაქვთ, გამოიყენეთ HEPA ფილტრის მქონე ჰაერის გამწმენდი.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: