კანქვეშა პორტი – თანამედროვე ქიმიოთერაპიის ოქროს სტანდარტი

გააზიარე:

ქიმიოთერაპია სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია, მაგრამ ის მედიკამენტის ვენაში მრავალჯერ შეყვანას მოითხოვს, მრავალჯერადი ინექცია კი თერაპიას მეტად უსიამოვნო პროცესად აქცევს.

ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა საინფუზიო პორტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საინექციო მედიკამენტის ორგანიზმში უმტკივნეულოდ შეყვანა.

რა არის

საინფუზიო პორტი მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც კანქვეშ ინერგება და კათეტერით (სილიკონის თხელი მილით) უკავშირდება ვენას. პერიფერიული საინფუზიო კათეტერისგან განსხვავებით, რომელიც ზედა კიდურის რომელიმე ვენაში იდგმება, პორტი ცენტრალურ ვენასთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს, რაც ამცირებს ექსტრავაზაციის – ვენიდან ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ქიმიოთერაპიული მედიკამენტის გაჟონვის – რისკს.

გარდა იმისა, რომ საინფუზიო საშუალების ორგანიზმში შეყვანას აადვილებს, პორტს პერიფერიულ ინტრავენურ გადასხმასთან შედარებით სხვა უპირატესობებიც აქვს:

* პორტის ჩანერგვის ადგილს უტარდება წინასწარი ასეპტიკა, რითაც მცირდება ჭრილობის ინფიცირების რისკი.

* პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მედიკამენტების (მაგალითად, ანტიბიოტიკების) გადასხმისთვის, ჰემოტრანსფუზიისთვის, დიალიზისთვის, სისხლის ასაღებად, PEთ და ჩთ სკანირების წინ კონტრასტის შესაყვანად დამატებითი ჩხვლეტის გარეშე.

* პერიფერიული ინტრავენური გადასხმის დროს კანსა და სისხლძარღვის ამომფენ შრესთან წამლის კონტაქტი იწვევს კანის გაღიზიანებას, წვასა და ტკივილს სისხლძარღვის გასწვრივ, პორტის გამოყენება კი ამის ალბათობას ამცირებს.

* პერიფერიული ინტრავენური კათეტერისგან განსხვავებით, პორტი სხეულში შეიძლება დარჩეს რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში. ის იძლევა გახანგრძლივებული ინფუზიის წარმოების საშუალებას როგორც ამბულატორიულ, ისე სახლის პირობებში. ერთი პორტით საშუალოდ 2000-მდე ინექციის გაკეთებაა შესაძლებელი.

საინფუზიო პორტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენებისას არ წარმოიშობა პერიფერიული ვენების ტრავმის საფრთხე, რომელიც, ჩვეულებრისამებრ, თან ახლავს ქიმიოთერაპიული მედიკამენტების ხანგრძლივ ინტრავენურ გამოყენებას.

პერიფერიული ვენის კათეტერისგან განსხვავებით, პორტის მოვლა ძნელი არ არის. მისი გამოყენებისას გაცილებით ნაკლებია კათეტერთან ასოცირებული ინფექციური პროცესების განვითარების ალბათობაც.

როგორია

პორტი მცირე ზომის კამერისა და მასზე გვერდიდან მიერთებული კათეტერისგან შედგება. კამერა სილიკონის მემბრანით არის დაფარული. სწორედ ამ მემბრანაში ჩხვლეტენ სპეციალურ ნემსს, რის შემდეგაც წამალი კათეტერში გაივლის. კათეტერის მეორე ბოლო, როგორც უკვე ვთქვით, ცენტრალურ ვენაში შედის.

მემბრანა თვითდალუქვადი მასალისგან არის დამზადებული და ნემსის ამოღებისთანავე "იხურება". მიზანმიმართული ჩხვლეტის გარეშე მასში ვერაფერი მოხვდება.

მთელი საინფუზიო სისტემა მოთავსებულია კანქვეშ და გარედან თითქმის შეუმჩნეველია. საინფუზიო პორტი ინერტული მასალისგან მზადდება, ამიტომ არც ალერგიულ რეაქციას იწვევს და არც ქიმიურ რეაქციაში შედის მედიკამენტებთან.

პორტს წრიული, ოვალური ან სამკუთხა ფორმა აქვს და ერთსანათურიანი ან ორსანათურიანია. ერთი სანათური ერთ საინექციო ზედაპირს გულისხმობს. ამ ტიპის პორტში ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი ნემსის ჩხვლეტაა ნებადართული. რაც შეეხება ორსანათურიან პორტს, მის ორ მემბრანაზე ერთდროულად შესაძლებელია ორი სხვადასხვა ნემსის ჩხვლეტა.

როდის არ შეიძლება

პორტის იმპლანტაციის უკუჩვენებებია:

* გადატანილი ანაფილაქსიური შოკის ეპიზოდი, რომლის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა;

* მწვავე ადგილობრივი ინფექცია იმპლანტაციის არეში ან ბაქტერიემია (ბაქტერიები სისხლში). ბაქტერიემია პორტის იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებაა – სისხლში ბაქტერიების არსებობისას პორტი ზრდის სეფსისის განვითარების ალბათობას;

* სისხლის შედედების დარღვევა – ჰემატოლოგიურ პათოლოგიასა და ანტიკოაგულაციურ მკურნალობას თან ახლავს მწვავე სისხლდენის მაღალი რისკი, ამიტომ, თუ პეციენტის სამედიცინო ისტორიაში არის რომელიმე მათგანი, პორტის ჩანერგვამდე საჭიროა მისი მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასება. ხშირად პრობლემა განსაზღვრული მედიკამენტების შეწყვეტით გვარდება, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პაციენტის საერთო მდგომარეობა პორტის იმპლანტაციის შესაძლებლობას არ იძლევა.

* ვენების თრომბოზი (ვენაში სისხლის კოლტის, თრომბის, არსებობა) – ანამნეზში თრომბოემბოლიური დაავადება პორტის იმპლანტაციის დროს ან მის შემდეგ თრომბოემბოლიური გართულების მომატებულ რისკს ნიშნავს, ამიტომ პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია სათანადო გამოკვლევა და რისკის შეფასება;

* ანატომიური თავისებურება ან ტრავმის, ოპერაციის, რადიაციული თერაპიის შემდეგ დარჩენილი ნაწიბური იმპლანტაციის არეში – ისინი ართულებენ პორტის ჩანერგვას და სისხლძარღვის დაზიანების რისკსაც ზრდიან.

იმპლანტაცია და მოვლა

პორტის იმპლანტაცია მცირე ქირურგიული პროცედურაა, დაახლოებით ერთ საათს გრძელდება და ადგილობრივი გაუტკივარებით, ზოგადი ანესთეზიის გარეშე ტარდება. მოწყობილობა ინერგება გულმკერდის წინა ზედაპირზე, ლავიწის ძვლის ქვემოთ, არადომინანტური ხელის მხარეს. პაციენტი კლინიკიდან იმავე დღეს ეწერება.

საოპერაციო ბლოკში პაციენტი ზურგზე წევს და თავი საპროცედურო არის საპირისპირო მიმართულებით აქვს მიბრუნებული. საოპერაციო არე სტერილურად მუშავდება და ინფექციის რისკის შესამცირებლად სტერილურ ველში ექცევა. ულტრაბგერის დახმარებით იძებნება შიგნითა საუღლე ან ლავიწქვეშა ვენა, რის შემდეგაც საჩხვლეტი მიდამოს გაუტკივარება ხდება. მცირე განაკვეთიდან ულტრაბგერის კონტროლით სამიზნე ვენაში შეჰყავთ სპეციალური ნემსი, მერე კი ამ ნემსის გავლით სისხლძარღვში მიკრომავთული იდგმება. ლავიწის ძვლიდან 2-3 თითის დადებით ქვემოთ პორტის ჩასადგმელი არე ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებით უტკივარდება, მცირე განაკვეთით იქმნება კანქვეშა ჯიბე, რომელშიც პორტი თავსდება, ვენაში წინასწარ ჩადგმულ მიკრომავთულში კი კანქვეშ ჩანერგილი რეზერვუარიდან გამომავალ კათეტერს ატარებენ.

სამიზნე სისხლძარღვში კათეტერის ჩასადგმელად გამოიყენება ვიზუალიზაციის მეთოდი – ფლუოროსკოპია, რომელიც რეალურ დროში მონიტორზე ასახავს კათეტერის მდებარეობას.

მას შემდეგ, რაც ექიმი კათეტერის სწორ პოზიციაში დარწმუნდება, პორტის ჯიბე გამწოვი ნაკერით დაიხურება. მცირე განაკვეთი და გაკერილი ჭრილობა ქირურგიული წებოთი დაილუქება, ზემოდან კი დამწოლი ნახვევი დაედება.

თანმხლები რისკები

პორტის იმპლანტაცია, ჩვეულებრივ, უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა, როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, მასაც ახლავს გართულების განსაზღვრული რისკი. შედარებით ხშირია მცირე ტკივილი, სისხლჩაქცევები და შეშუპება ჭრილობის არეში ოპერაციიდან რამდენიმე დღე.

იშვიათია (100-დან ერთზე ნაკლებ შემთხვევაში):

* კათეტერის დისფუნქცია ან დისლოკაცია – შესაძლოა, საჭირო გახდეს განმეორებითი პროცედურა მის ჩასასწორებლად;

* ვენის თრომბოზი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვის მიმდებარე მიდამოს შეშუპება – ამ შემთხვევაში ინიშნება სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები;

* ინფექცია პორტის იმპლანტაციის არეში – შესაძლოა, საჭირო გახდეს პორტის ამოღება, მკურნალობა და ხელახლა ჩანერგვა სხვაგან.

პორტის იმპლანტაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, ჭრილობა ქიმიოთერაპიული კურსის დაწყებამდე სწორად შეხორცდეს. ამას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა ჩაიცვას მჭიდრო ტანსაცმელი და არ ასწიოს მძიმე ტვირთი. ჭრილობაზე დაკრული სახვევი 48 საათის განმავლობაში არ უნდა დასველდეს. ამ ხნის შემდეგ შეიძლება შხაპის მიღება, მაგრამ ცურვა და სხვა წყალქვეშა პროცედურები ჭრილობის სრულ შეხორცებამდე აკრძალულია.

იმპლანტაციიდან ორი კვირის შემდეგ პაციენტს ნება ეძლევა, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სპორტულ აქტივობას, მაგალითად, ცურვას, მაგრამ უნდა ერიდოს კონტაქტურ სპორტს, რადგან უხეშმა კონტაქტმა შესაძლოა პორტი დააზიანოს.

ქიმიოთერაპიის კურსის დროს პორტს გამჭვირვალე პლასტირს აკრავენ, მკურნალობისგან თავისუფალ პერიოდში კი პორტის ზემოთ კანი განსაკუთრებულ მოვლას არ მოითხოვს.

თუ პაციენტს დიდი ხანია, არ გამოუყენებია პორტი, გამოყენების წინ ის უნდა ჩაირეცხოს, ოღონდ ეს პროცედურა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს, რადგან სტერილურობის დაცვა აუცილებელია.

როდესაც პორტის საჭიროება გაქრება, მას მარტივი ამბულატორიული პროცედურით ამოიღებენ – მცირე განაკვეთით ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე.

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

  • პროცედურის წინა საღამოს აუცილებლად მიიღეთ შხაპი.
  • პროცედურის დღეს კლინიკაში მიბრძანდით უზმოდ. სასურველია, იმპლანტაციამდე 6-8 საათის განმავლობაში არაფერი შეჭამოთ და დალიოთ. შეიძლება მხოლოდ ცოტა წყალი.
  • პროცედურის შემდეგ საჭიროა განსაზღვრული რეჟიმის დაცვა. კერძოდ, დაახლოებით 4 კვირა არ შეიძლება ჭრილობის მხარეს დაწოლა, სიმძიმის აწევა, მკლავებით ჩამოკიდება. დაწვრილებით ინსტრუქციას ექიმისგან მიიღებთ.
  • ამასთან ერთად, საჭიროა პორტის მეთვალყურეობა, ჭრილობის შეფასება და საინფუზიო მოწყობილობის ჩარეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით 4-6 კვირაში ერთხელ.
  • პირველ ხანებში კონტაქტურმა სპორტმა შესაძლოა პორტის დაზიანება ან კათეტერის დისლოკაცია (დაძვრა, ადგილის შეცვლა) გამოიწვიოს, ამიტომ ექიმის ნებართვის გარეშე ნუ განაახლებთ ფიზიკურ აქტიურობას.
  • ამ ხნის შემდეგ ნებისმიერი სახის გამოკვლევა – კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ექოსკოპია, რენტგენოსკოპია – უსაფრთხოა.
  • აეროპორტის ელექტრონული უსაფრთხოების სისტემა, თაღოვანი მეტალოდეტექტორი, სკრინინგის პორტატიული ჯოხი ასევე არ უქმნის საფრთხეს პორტს, მაგრამ პროცედურის გავლამდე უმჯობესია, თავად აცნობოთ მოწყობილობის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს. საზღვრის კვეთის დროს სასურველია, თან იქონიოთ პორტის საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელსაც მისი იმპლანტაციის შემდეგ ექიმი გადმოგცემთ.
  • მიკროტალღური ღუმელი, მობილური ტელეფონი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა პორტის მუშაობას ხელს არ უშლის, თუმცა რეკომენდებული არ არის მობილური ტელეფონის ჯიბეში ჩადება ჩანერგილი პორტის მხარეს.

მარი მარღანია

გააზიარე: