ფსიქოლოგიური მედეგობა

Share:

მშფოთვარე შემოდგომაა. პრობლემებიანი, მძიმე, გაძლებაზე. გაიხედავ გარეთ და მზეა, რთველია, ყვითელი ფოთლებია, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს კი სახეზე სევდა შეყინვიათ. ასეთ დროს გაქცევა და ბუნაგში შემალვა გვინდება. ეს ნორმალური რეაქციაა და რამდენიმე დღით შვების მომგვრელიც, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში არ ამართლებს.

გრძელვადიანად მხოლოდ ფსიქოლოგიურ მედეგობაზე მუშაობა გვაძლიერებს. მედეგობა გამოწვევების მიუხედავად და ტკივილის შემდეგ ფეხზე დადგომის უნარია. ის არა მხოლოდ ყოველდღიურ სტრესთან, არამედ რთულ და ტრავმულ მოვლენებთან გამკლავებაშიც გვეხმარება.

მედეგობა იმას არ ნიშნავს, რომ უცებ “ძლიერები” გავხდებით. პირიქით, პრობლემებისთვის თვალის გასწორება, იმის აღიარება, რომ ვითარებას ვერ ვაკონტროლებთ და ერთგვარი “სისუსტე” ამ დროს ბუნებრივია, მისაღებია. მედეგობა გულისხმობს, რომ, მიუხედავად ამისა, გვრჩება სურვილი, გამოსავალი ვეძებოთ. გვრჩება იმედი.

როდესაც გვეუფლება განცდა, რომ წაგებულ ომში ვიბრძვით, ვეღარ ვუძლებთ და ხელის ჩასაქნევად ვემზადებით, გვახსოვდეს, რომ წინსვლა აუცილებელია, მაშინაც კი, როდესაც გვგონია, რომ აზრი არ აქვს.

ეს არის მედეგობა.

მედეგობა და ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური მედეგობა უიმედობის ან გამკლავების არაჯანსაღი მექანიზმების ნაცვლად გაძლიერებაზე ორიენტირებას ნიშნავს. ეს არის ჩვენი მენტალური ძლიერების პოტენციალი, რომელიც სტრესისა და სირთულეების დროს იჩენს თავს.

მედეგობის გასავარჯიშებლად აუცილებელია, დავეთანხმოთ იმ მსოფლაღქმას, რომ ცხოვრება სავსეა სირთულეებით, რომ, როგორც არ უნდა ვეცადოთ, პრობლემებს თავს ვერ ავარიდებთ. ტკივილი ცხოვრების ნაწილია. შესაბამისად, ადამიანს აქვს თანდაყოლილი უნარი, მოერგოს მტკივნეულ მოვლენებს. სხვაგვარად კაცობრიობა ვერ გადარჩებოდა, აქამდე ვერ მოვიდოდა.

მედეგობის ნიშნები

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისს ყველა სხვადასხვანაირად ვუმკლავდებით, კვლევები აჩვენებს, რომ მედეგობას აქვს ზოგადი მახასიათებლებიც. ესენია:

1. პრობლემის გადაჭრის უნარი

ეს ჩვენი აზროვნების თანდაყოლილი უნარია. რაც უფრო უსაფრთხოდ ვიზრდებით და, ამავე დროს, რაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა, ჯანსაღად გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, მით უფრო გვივითარდება პრობლემის გადაჭრის, გამოსავლის ძიების უნარი.

მოვლენების რაციონალურად, ოდნავ დისტანცირებულად აღქმა იმ ფაქტორთაგანია, რომლებიც გამოსავლის ძიების, გეგმის შედგენისა და განხორციელების, მოლოდინისა და შედეგის შედარების, შეცდომების ანალიზისა და წარმატების დაფიქსირებისას გვჭირდება. სხვა შემთხვევაში გვექნება ე.წ. გვირაბული ხედვა, როდესაც პრობლემას ძალიან ვიწრო ჭრილში ვუყურებთ, ერთგვარ ინფორმაციულ და ემოციურ გვირაბში ვიმყოფებით და მისი კედლების მიღმა ვერაფერს ვხედავთ.

თუ ამჩნევთ, რომ გამოსავლის ძიების ნაცვლად პრობლემის სირთულე გითრევთ, სცადეთ, შეხედოთ ამ პრობლემას როგორც სხვის თავს გადამხდარ ამბავს. რას ურჩევდით ამ სხვას? რა დაეხმარებოდა მას შფოთვასთან გამკლავებასა და გეგმის შემუშავებაში?

ძლიერი სოციალური კავშირები

როდესაც ემოციებთან მარტო დარჩენა რთულია, საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, სანდო ადამიანების გარემოცვაში ყოფნაა. ხმამაღლა საუბარი სირთულეების დაძლევაში გვეხმარება. შესაძლოა, განსხვავებული აზრი მოვისმინოთ ან უბრალოდ დავიცალოთ და ასე მარტოსულად აღარ ვიგრძნოთ თავი.

ყველა კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიურად მედეგი ადამიანები იზოლირებულნი არ არიან. მათი ძლიერება მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით არ მოდის. ჩვენ სოციალური არსებები ვართ, გვჭირდება კავშირები, ერთობა, თემი.

თუ მეტად და მეტად იკეტებით, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ნაცვლად გაჯეტებში იკარგებით, ეცადეთ, ის რამდენიმე ადამიანი მაინც მოინახულოთ, რომლებიც მუდამ გეიმედებათ.

გადარჩენილის აზროვნება

ნებისმიერი პოტენციური კრიზისის დროს ჩვენ გვაქვს არჩევანი: მივიჩნიოთ თავი მსხვერპლად ან გადარჩენილად. თავდაპირველად შესაძლოა შეგვეცოდოს საკუთარი თავი, დავსევდიანდეთ, გავშეშდეთ, ვიგლოვოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ თანდათან გავიხსენებთ ყველა იმ უსიამოვნებას, რომელიც ოდესმე წარმატებით გადაგვილახავს, გავიხსენებთ, რომ გვაქვს უნარი, გადავრჩეთ.

როცა საკუთარ თავს ვუყურებთ როგორც გადარჩენილს, ვცდილობთ, უსიამოვნებები გადავლახოთ, თუნდაც გარემოებები დიდ გასაქანს არ იძლეოდეს.

იმის არჩევა, გადარჩენილი ხარ თუ მსხვერპლი, მნიშვნელოვანი აქტია, რომელსაც დიდი შედეგი მოაქვს.

ემოციებთან მეგობრობა

ერთი შეხედვით, მედეგობაზე საუბრისას რაციონალური, ცივი, უემოციო, დისტანცირებული ადამიანის პორტრეტს ვხატავთ. სინამდვილეში კი ყველა მედეგი ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს ემოციების გამოხატვისას. ძლიერი ემოციები ხშირად იმიტომ გვაწვება, რომ მათ არსებობას უარვყოფთ, “ძლიერის” როლს ვთამაშობთ და მხოლოდ მაშინ ვუსწორებთ თვალს ემოციებს, როდესაც ჩვენი შფოთვა, შიში თუ ბრაზი იმდენად დიდია, რომ ვეღარ ვემალებით.

ეცადეთ, თავიდანვე გაარკვიოთ, როგორ ხართ. ახლახან საკმაოდ სტრესულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და თავიდანვე მივაქციე ყურადღება, როგორ ვიყავი ემოციურად, რას ვგრძნობდი. ასეთ ვითარებაში ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ამჯერად სულ სხვანაირი ემოციები მქონდა, შიშის ნაცვლად – ერთგვარი აპათია. შევხედე ამ აპათიას და მივიღე, ესე იგი ასე აპათიურად მომიწევდა დღის გატარება.

ემოციები არ არის ჩვენს დასასჯელად მოვლენილი შინაგანი ქარბუქი – ემოციები საყრდენია, რომელიც გარემოსთან ადაპტაციას გვიადვილებს; გვეხმარება, ვიგრძნოთ ფეხქვეშ მტკიცე ნიადაგი, გავექცეთ საფრთხეს. თუ ვაღიარებთ ტკივილის მნიშვნელობას, აუცილებლობას, ყოველგვარი ემოციის არსებობის უფლებასაც ვაღიარებთ. რაციონალურად მსჯელობა რომ შეგვეძლოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვხატოთ, როგორ ემოციურ ფონზე მიმდინარეობს ჩვენი მსჯელობა. ამის შემდეგ მოდის სიმშვიდე, მიღება და ამოცანის ამოხსნაზე კონცენტრირების უნარი.

საკუთარი თავისადმი შემწყნარებლობა

მედეგობა არ ნიშნავს, ავუწიოთ ხმას, რომელიც მუდამ გვიყვირის, გვიბრაზდება და “ადექი, გამოცოცხლდის” ჩაგვძახის. პირიქით, ამ დროს ძლიერებას ვთამაშობთ, სინამდვილეში კი უარყოფით განცდებს ვაგროვებთ, რაც აუცილებლად აისახება ჩვენს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

როდესაც მნიშვნელოვანი კრიზისის პირისპირ ვდგავართ, საკუთარ თავს სიყვარულით უნდა მოვექცეთ. სიკეთით, სითბოთი, რომ ჩვენი შინაგანი ხმა ბრძანებებს კი არ გვაძლევდეს, მეგობრულად გვარიგებდეს. გვეხმარებოდეს, რომ დანაშაულის გრძნობამ კი არ წაგვლეკოს, არამედ შეცდომებზე გავიზარდოთ.

შემწყნარებლობა არ ნიშნავს საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმას. მაგალითად, ზემოთ ნახსენები სტრესის შემდეგ ორდღიანი დასვენება დამჭირდა. ვიცოდი, რომ მეორე დღეს მნიშვნელოვანი არაფერი უნდა დამეგეგმა, რადგან ჯეროვნად ვერ ვკონცენტრირდებოდი. ეს ორი დღე ემოციების გამოშვებაში, მეგობრებთან საუბარსა და უსაქმოდ წოლაში დავხარჯე.

ამან მომცა საშუალება, დანარჩენი კვირა უფრო ადვილად გამევლო, მიუხედავად კრიზისისა, საქმეები ბოლომდე მიმეყვანა, პასუხისმგებლობები არ დამევიწყებინა და რესურსები გამომეყენებინა.

მარტივი მაგალითები

წარმოიდგინეთ, რომ საღამოობით საცობში დგახართ, რაც ძალიან გაღიზიანებთ. რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ დროს?

* გაღიზიანების შემჩნევა, ღრმად ჩასუნთქვა და გაღიზიანების იმგვარად მართვა, რომ ის სხვებზე არ გადაიტანოთ.

* მსხვერპლის პოზიციის დათმობა. თქვენ გარდა საცობში უამრავი ხალხია, მაშასადამე, ეს სპეციალურად თქვენთვის მოვლენილი სასჯელი არ არის.

* ამოცანის გადაჭრაზე ფოკუსირება. შესაძლებელია თუ არა საცობში გატარებული დროის შემცირება? მაგალითად, თუ შინიდან ერთი საათით ადრე ან გვიან გახვალთ, ნაკლებ დროს გაატარებთ საცობში? თუ კი, როგორ შეგიძლიათ, შეცვალოთ შინიდან გასვლის დრო? თუ არ შეგიძლიათ – იქნებ სხვა ტრანსპორტით უფრო მალე მიხვიდეთ. თუ არც ეს გინდათ ან არ შეგიძლიათ, იქნებ საცობში რამით დაკავდეთ, რამეზე გადაიტანოთ ყურადღება – მოუსმინოთ აუდიოწიგნს, უყუროთ სერიალს, რომლის საყურებლადაც ვერასდროს იცლით და ა.შ. მე საცობში დგომისას მეილებს და მესიჯებს ვპასუხობ, რაც საშუალებას მაძლევს, შესვენება ჰაერზე სასეირნოდ გამოვიყენო.

გადაჭრის გზას ვერ პოულობთ? ესაუბრეთ ამ პრობლემის შესახებ მეგობარს ან სთხოვეთ რჩევა ხელოვნურ ინტელექტს. თუ ყველაფერზე არ გაქვთ პასუხი, არა უშავს.

ასეთი მიდგომა გაგივარჯიშებთ უნარს, ამოცანას სხვადასხვა დონეზე მიუდგეთ და თუ ერთი გამოსავალი არ გამოდის, მეორე განიხილოთ, მერე მესამე და ა.შ.

დამატებითი დახმარება

თუ სტრესულმა მოვლენამ ისე იმოქმედა თქვენზე, რომ, მიუხედავად ფეხზე წამოდგომის სურვილისა, კვლავ შავ გვირაბში ხართ, იქნებ დახმარება გჭირდებათ? დახმარების ძიება არც სირცხვილია, არც სისუსტე. რასაკვირველია, შეგვიძლია მივმართოთ პროფესიონალებს, მაგრამ ეს არ არის დახმარების ერთადერთი წყარო. დახმარება შეგვიძლია ვეძებოთ:

  • წიგნებში, რომლებშიც აღწერილია კრიზისი და გამოსავალი;
  • ონლაინჯგუფებში, სადაც ამ საკითხს განიხილავენ;
  • ტრენინგებზე, რომლებიც მიმართულია ემოციების გაცნობიერებისა და აზროვნების გავარჯიშებისკენ;
  • სტატიებში, რომლებიც კვლევებს ეყრდნობა.

ხანდახან თბილი, კეთილი ფილმის ყურებაც დახმარებაა.

არსებობენ მეტად მედეგი და ნაკლებად მედეგი ადამიანები. მედეგობის ხარისხზე უამრავი რამ ახდენს გავლენას. მიუხედავად ამისა, ყველას შეუძლია მედეგობის უნარის გავარჯიშება და გაზრდა.

შეისწავლეთ მედეგი ადამიანები – ფილმებით, წიგნებით. ეს მოტივაციას აგიმაღლებთ. დაიწყეთ მცირე სტრესულ სიტუაციებში მედეგობის გავარჯიშება. ჯერ პატარა გამაღიზიანებელ პრობლემას შეეჭიდეთ. მოსინჯეთ ყველა დაშვება და რწმენა, რომელიც მედეგობას უდევს საფუძვლად, იქნებ გამოგადგეთ.

არ დანებდეთ. მედეგობის გამომუშავებას დრო სჭირდება, თანაც არსებობს კრიზისები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს გამოაცლის ძალას. მიუხედავად ამისა, იცოდეთ, რომ აუცილებლად გადარჩებით. გახსოვდეთ, რამდენჯერ გამოგივიდათ ეს აქამდე.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

Share: