დეფიბრილატორი: იმპლანტაცია და მოვლა

გააზიარე:

იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (ICD) მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც გულის რიტმის სიცოცხლისთვის საშიშ დარღვევებს ავლენს და თვითონვე აღმოფხვრის. არითმია გულის უეცარი გაჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ხოლო იმპლანტირებადი დეფიბრილატორი დღესდღეობით მაღალი რისკის პაციენტების გადარჩენის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.

მნიშვნელოვანი ტერმინები

გულის უეცარი გაჩერება (Sudden cardiac arrest) არის გულის აქტივობის უეცარი შეწყვეტა არარეგულარული კუმშვის გამო. ასეთ დროს სუნთქვა ჩერდება და ადამიანი გონებას კარგავს. სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე გულის უეცარი გაჩერება სიკვდილს იწვევს.

გულის უეცარი გაჩერება და გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ორი სხვადასხვა მდგომარეობაა: გულის უეცარი გაჩერება მასში ელექტრული პროცესების დარღვევის შედეგია, ხოლო მიოკარდიუმის ინფარქტი გულის კუნთის კვდომაა, რომელსაც გულის კუნთის მკვებავი არტერიის რომელიმე ტოტის დახშობა იწვევს, - თუმცა გულის შეტევამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნორმალური ელექტრული პროცესის დარღვევას, რაც საბოლოოდ გულის უეცარ გაჩერებამდე მიგვიყვანს. ასეთ დროს ირღვევა პარკუჭების, გულის ქვედა კამერების, შეკუმშვა და იწყება მათი თრთოლა (ფიბრილაცია), ნორმალური რიტმის აღდგენა კი მხოლოდ დეფიბრილატორით არის შესაძლებელი. აღნიშნული მოწყობილობა ელექტრული შოკის მეშვეობით აღადგენს გულის რიტმს და ამგვარად ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს.

მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ კიდევ ორი ტერმინი: კარდიოვერსია და დეფიბრილაცია. მართალია, ორივე ამ პროცედურის დროს ხდება გულის რიტმის დარღვევის კორექცია ელექტროშოკით, მაგრამ მათ სხვადასხვა დროს მიმართავენ და სხვადასხვა მიზანი აქვთ: დეფიბრილაცია გადაუდებელი პროცედურაა, რომელიც გამოიყენება სიცოცხლისთვის საშიში არითმიის მოსახსნელად (პარკუჭოვანი ფიბრილაციის ან პარკუჭოვანი უპულსო ტაქიკარდიის დროს), ხოლო კარდიოვერსია არის გეგმური პროცედურა, რომელიც ტარდება ნაკლებად კრიტიკული არითმიის (წინაგულების ფიბრილაციის) დროს.

არსებობს ოთხი სახის დეფიბრილატორი:

1. სტანდარტული დეფიბრილატორი, რომელიც მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ გამოიყენება;

2. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი, რომელიც დამონტაჟებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (აეროპორტი, სავაჭრო ცენტრი, საკონცერტო დარბაზი და ა.შ.). მისი გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო კურსის გავლის შემდეგ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია.

3. იმპლანტირებადი დეფიბრილატორი (ICD), იგივე კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, რომელიც კანქვეშ ინერგება და პაციენტს სახიფათო არითმიით გამოწვეული გულის უეცარი გაჩერებისგან იცავს. კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს მხოლოდ გულის უეცარი გაჩერების მაღალი რისკის მქონე პაციენტებს უნერგავენ.

4. ჩასაცმელი დეფიბრილატორი (wearable cardioverter defibrillator) რეკომენდებულია მაღალი რისკის პაციენტებისთვის მუდმივი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ჩანერგვამდე. მისი გამოყენების მიზანია ოპერაციამდე პაციენტის დაცვა უეცარი სიკვდილისგან. მოწყობილობა მოსაცმელის, ელექტროდებიანი ქამრისა და მონიტორისგან შედგება. პაციენტი მას პირდაპირ შიშველ სხეულზე, ტანსაცმლის ქვეშ "იცვამს" და ატარებს ყველგან, აბაზანის გარდა (შხაპის მიღების დროს აუცილებელია მისი გახდა). იმპლანტირებადი დეფიბრილატორის მსგავსად, ეს აპარატიც თავად აღმოაჩენს რიტმის დარღვევას და ელექტრული შოკით ერთ წუთზე ნაკლებ დროში მას ავტომატურად განმუხტავს. სტანდარტული და ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორებისგან განსხვავებით, მისი გამოყენება პაციენტს დამოუკიდებლადაც, სამედიცინო პერსონალის დაუხმარებლადაც შეუძლია.

იმპლანტირებადი დეფიბრილატორი

ICD კომპიუტერული ნაწილისა და ბატარეისგან შედგება. მას ერთი ან რამდენიმე ელექტროდი აქვს, რომელიც მოწყობილობას გულთან აკავშირებს. თანამედროვე კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის წონა დაახლოებით 70 გრამია, სისქე კი 12-13 მმ.

მისი მთავარი ფუნქციაა, ამოიცნოს სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია და საჭიროების შემთხვევაში გასცეს მძლავრი ელექტრული იმპულსი, აღადგინოს ნორმალური გულისცემა და გადაარჩინოს სიცოცხლე. თანამედროვე კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს გულის სახიფათო აჩქარების კორექცია სპეციალური სტიმულაციით, ელექტროშოკის გამოყენების გარეშეც შეუძლია. სწრაფ ანტიტაქიკარდიულ სტიმულაციას პაციენტები, წესისამებრ, ვერ გრძნობენ, ხოლო ელექტრულ შოკს აღწერენ როგორც “გულმკერდში დარტყმას“.

ზოგიერთი ტიპის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს სახიფათო არითმიასთან ერთად შენელებული გულისცემის (ბრადიკარდიის) გამოსწორების უნარიც შესწევს, ანუ პეისმეიკერის ფუნქციაც აქვს დამატებული.

როდის გვჭირდება

დეფიბრილატორის იმპლანტაცია რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გულის უეცარი გაჩერების მაღალი რისკი (პირველადი პრევენცია) ან უკვე გადაიტანეს გულის გაჩერების ეპიზოდი, მაგრამ დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად სიკვდილს გადაურჩნენ (მეორეული პრევენცია).

გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს მაღალი აქვთ სახიფათო არითმიის განვითარების, შესაბამისად, გულის უეცარი გაჩერების რისკი. უპირველეს ყოვლისა, ეს ითქმის მარცხენა პარკუჭის დაბალი განდევნის ფრაქციის (EF <35%, ზოგიერთ შემთხვევაში <40%) მქონე პაციენტებზე. განდევნის ფრაქცია მარცხენა პარკუჭიდან, გულის მთავარი კამერიდან, გულის თითოეული შეკუმშვის დროს სისხლძარღვებში გადასროლილი სისხლის რაოდენობაა. ჯანმრთელი გული ყოველი შეკუმშვისას სისხლის 55%-ს გადაისვრის. დაბალი განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტებისთვის, განურჩევლად იმისა, ჰქონიათ თუ არა გულის სახიფათო აჩქარება, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი აუცილებელია.

ასევე აუცილებელია კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი გულის სახიფათო არითმიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, თუნდაც მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის ნორმალური მაჩვენებელი ჰქონდეთ. ასეთ არითმიებს მიეკუთვნება:

• პარკუჭოვანი ფიბრილაცია - გულის ქვედა ღრუებში, პარკუჭებში, წარმოქმნილი ქაოსური, სწრაფი და არაკორდინირებული ელექტრული იმპულსები, რომლებიც გულისცემის აჩქარებას იწვევს. ვინაიდან პარკუჭები მთავარ როლს ასრულებს სისხლის მიმოქცევაში, ნებაზე მიშვებული ამ ტიპის არითმია ხშირად იქცევა უეცარი სიკვდილის მიზეზად.

• პარკუჭოვანი ტაქიკარდია - ჰგავს პარკუჭთა ფიბრილაციას, თუმცა პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევაში პარკუჭებში გავრცელებული იმპულსები უფრო ორგანიზებულია. დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე პარკუჭოვანი ტაქიკარდიაც ხშირად იწვევს უეცარ კარდიულ სიკვდილს.

ჩასანერგი დეფიბრილატორის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

1. ტრადიციული ტრანსვენური მოწყობილობა ლავიწის ძვლის ქვემოთ კანქვეშა ჯიბეში თავსდება, მისი ელექტროდები კი იღლიის ვენით გულის კამერებში მაგრდება.

2. კანქვეშ იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის მოწყობილობა და სენსორი თავსდება იღლიის ქვემოთ, ელექტროდი კი მკერდის ძვლის გასწვრივ კანქვეშ ინერგება.

ეს უკანასკნელი თანამედროვე და ნაკლებინვაზიური აპარატია, რომელიც თავიდან გვაცილებს გულში ჩანერგილ სადენებთან დაკავშირებულ გართულებებს (მათ ინფიცირებას, დაზიანებას, დისლოკაციას), თუმცა პეისმეიკერისა და რესინქრონიზაციის ფუნქცია არ აქვს დამატებული და ამიტომ მხოლოდ მცირე ჯგუფის პაციენტებისთვის არის რეკომენდებული.

არსებობს ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი ტრანსვენური კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები. ერთკამერიანს ერთი ელექტროდი აქვს, რომელიც გულის ერთ კამერაში (მარჯვენა პარკუჭში) მაგრდება. ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ორი ელექტროდით უკავშირდება მარჯვენა წინაგულს და მარჯვენა პარკუჭს. სამკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (იგივე რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორი) სამი ელექტროდის საშუალებით უკავშირდება გულს (მარჯვენა წინაგულს, მარჯვენა პარკუჭს და მარცხენა პარკუჭს). ეს უფრო რთული მოწყობილობაა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებთან იყენებენ გულის კუმშვადი ფუნქციის გაუმჯობესებისა და გულის უეცარი გაჩერების პრევენციისთვის.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ტიპს ექიმი ირჩევს პაციენტის დიაგნოზისა და საჭიროების გათვალისწინებით.

როგორ ტარდება ოპერაცია

სტანდარტული დეფიბრილატორის იმპლანტაცია მცირე ქირურგიული პროცედურაა, დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდება და ადგილობრივი გაუტკივარების ფონზე, ზოგადი ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს. აპარატი ინერგება გულმკერდის წინა ზედაპირზე, უშუალოდ ლავიწის ძვლის ქვემოთ, არადომინანტური ხელის მხარეს.

თავდაპირველად დეფიბრილატორის ელექტროდები ადგილობრივი დიდი (იღლიის ან ლავიწქვეშა) ვენიდან რენტგენოსკოპიის კონტროლით შეჰყავთ გულის კამერებში. სასურველ პოზიციაზე მათი დამაგრებისა და ნორმალური პარამეტრების მიღების შემდეგ ელექტროდების ბოლოებს სპეციალური სახრახნისით ამაგრებენ დეფიბრილატორზე, რომელიც მეყსეულად იწყებს მუშაობას ქარხნული სტანდარტული პარამეტრებით. საბოლოოდ აპარატი ლავიწის ძვლის ქვემოთ, სპეციალურად შექმნილ კანქვეშა ჯიბეში თავსდება, ჭრილობა იხურება და პროცედურა სრულდება. ოპერაციის შემდეგ აპარატის პროგრამირება და სათანადო პარამეტრების შერჩევა ხდება. პროგრამირება შესაძლებელია გარედან, ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე.

თანმხლები რისკები

დეფიბრილატორის იმპლანტაცია უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა, როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, მასაც ახლავს გართულების განსაზღვრული რისკი. გართულება შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო და ადვილად გადასატანი, ისე სიცოცხლისთვის საშიშიც. განვითარების ალბათობის მიხედვით, გამოყოფენ შედარებით ხშირ და იშვიათ გართულებებს.

შედარებით ხშირია (10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

. მცირე ტკივილი და შეშუპება ჭრილობის არეში ოპერაციიდან რამდენიმე დღე.

იშვიათია (100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

. გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევა დეფიბრილატორის იმპლანტაციის დროს - შესაძლოა, საჭირო გახდეს რეანიმაცია;

. პლევრის ღრუს ან გულის გახვრეტა, რაც გულმკერდის ღრუდან ჰაერის გამოდევნას ან სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს;

. დეფიბრილატორის ელექტროდის დისფუნქცია ან დისლოკაცია - შესაძლოა, საჭირო გახდეს განმეორებითი პროცედურა მის ჩასასწორებლად (კანქვეშა აპარატის ჩანერგვისას ასეთი გართულების აღმოფხვრა გაცილებით ადვილია, რადგან სადენი უშუალოდ კანის ქვეშ არის მოთავსებული);

. ვენის თრომბოზი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვის მიმდებარე მიდამოს ან მთელი კიდურის შეშუპება - ამ შემთხვევაში ინიშნება სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები;

. ინფექცია დეფიბრილატორის იმპლანტაციის არეში - შესაძლოა, საჭირო გახდეს იმპლანტირებული სისტემის ამოღება, მედიკამენტური მკურნალობის ჩატარება და დეფიბრილატორის სხვა მიდამოში ხელახლა ჩანერგვა. ტრანსვენური დეფიბრილატორის ინფიცირების შემთხვევაში ანტიბაქტერიული თერაპიის დასრულებამდე პაციენტს ჰოსპიტალიზაცია და დროებითი ჩასაცმელი აპარატი სჭირდება. როცა რესინქრონიზაციის ან პეისმეიკერის ფუნქცია არ არის საჭირო, ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად შეიძლება კანქვეშა მოდელით მისი შეცვლა.

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

  • ოპერაციის წინა საღამოს აუცილებლად მიიღეთ შხაპი.
  • ოპერაციის დღეს კლინიკაში მიბრძანდით უზმოდ. ოპერაციამდე 6-8 საათის განმავლობაში ნურაფერს შეჭამთ და დალევთ. შეიძლება მხოლოდ ცოტა წყალი.
  • ოპერაციის შემდეგ საჭიროა განსაზღვრული რეჟიმის დაცვა. კერძოდ, დაახლოებით 4 კვირა არ შეიძლება ჭრილობის მხარეს დაწოლა, სიმძიმის აწევა და მკლავებით ჩამოკიდება. დეტალურ ინსტრუქციას ექიმისგან მიიღებთ.
  • დეფიბრილატორის ჩანერგვის შემდეგ პაციენტს სჭირდება მეთვალყურეობა და აპარატის მუშაობის პერიოდული შემოწმება. ვიზიტების გეგმას ექიმი შეგიდგენთ. ლითიუმის ელემენტი 5-დან 7 წლამდე ძლებს, მერე კი საჭიროა მისი გამოცვლა, თუმცა ეს პროცედურა მცირე ჩარევას მოითხოვს, შესაბამისად, გართულების ალბათობაც ნაკლებია.
  • გულის ნორმალური რიტმის აღსადგენად, წესისამებრ, ერთი შოკიც საკმარისია, თუმცა არ არის გამორიცხული, პაციენტს დღე-ღამეში ორი დასჭირდეს. მოკლე ხნის განმავლობაში სამი ან მეტი ელექტრული შოკის მიღებას ელექტრული ან არითმიული შტორმი ეწოდება. შტორმის შემთხვევაში აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რათა აპარატის მუშაობა დროულად შეფასდეს და რბილი ქსოვილების თერმული დაზიანება თავიდან აიცილოთ.
  • კონტაქტური სპორტი შესაძლოა დეფიბრილატორის დაზიანების ან სადენების დისლოკაციის მიზეზად იქცეს, ამიტომ ერიდეთ მსგავს აქტივობებს, პირველი ექვსი თვის განმავლობაში მაინც.
  • დეფიბრილატორის ჩანერგვის შემდეგ არ შეიძლება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ჩატარება. სხვა სახის გამოკვლევები, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია და რენტგენოსკოპია, უსაფრთხოა.
  • აეროპორტის ელექტრული უსაფრთხოების სისტემაში დიდხანს დაყოვნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დეფიბრილატორის მუშაობას. დეტექტორში სწრაფად გავლა, თუნდაც რამდენჯერმე, მოწყობილობას ვერ დააზიანებს. საზღვრის კვეთის დროს აუცილებლად იქონიეთ თან დეფიბრილატორის საიდენტიფიკაციო ბარათი - როდესაც დეტექტორი თქვენს მოწყობილობას გამოავლენს, ამ ბარათს უსაფრთხოების დაცვის სამსახურის თანამშრომელს წარუდგენთ. არ შეიძლება სკრინინგის პორტატიული ჯოხის გამოყენება - ის დეფიბრილატორის მუშაობას საფრთხეს უქმნის.
  • მიკროტალღური ღუმელი, მობილური ტელეფონი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყოველდღიური გამოყენების პირობებში დეფიბრილატორის მუშაობას ხელს არ უშლის, თუმცა რეკომენდებული არ არის მობილური ტელეფონის ჯიბეში ჩადება ჩანერგილი აპარატის მხარეს.
  • დეფიბრილატორის მქონე პირებისთვის არ შეიძლება ელექტრობურღით მუშაობა და მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორთან მიახლოება.
  • განსაზღვრული წესების დაცვაა საჭირო ისეთი სამედიცინო პროცედურების დროს, რომლებიც ელექტროდანის გამოყენებას მოითხოვს. რეკომენდებული არ არის ლითოტრიფსიის (ულტრაბგერითი ტალღებით კენჭის დაშლის) პროცედურები და დიათერმია (კუნთების მკურნალობა სითბოთი).

მარი მარღანია

გააზიარე: