როგორ შევარჩიოთ საყინულე

გააზიარე:

ის დიასახლისები, რომელთათვისაც კერძის ყოველდღე მომზადება და ყოველ მეორე დღეს საყიდლებზე სიარული ფუფუნებაა, განსაკუთრებით კარგად ხვდებიან საყინულის ფასს – დროის დასაზოგავად ხომ უმეტესად ორი-სამი დღის სამყოფ კერძს ვამზადებთ და მაცივარში ვინახავთ, გაყინული პროდუქტის შენახვა კი გაცილებით მეტხანსაც შეიძლება.

გინდათ, ყოველთვის გქონდეთ შინ ნახევარფაბრიკატების მარაგი, მაგრამ მაცივრის საყინულე არ გყოფნით? ესე იგი დროა, ცალკე მდგომ საყინულეზე დაფიქრდეთ.

პლუსები

* ხორცი, თევზი, ფრინველი, ბოსტნეული, ხილი, მზა კერძები, პური, ნამცხვარი და სხვა სურსათი თვეების განმავლობაში ინახება და გემოსა და კვებით ღირებულებას თითქმის არ კარგავს.

* შეგიძლიათ, შეიძინოთ სურსათის რამდენიმე თვის მარაგი, მაგალითად, ბითუმად ან ფასდაკლების პერიოდში, მოამზადოთ, გაყინოთ და მოგვიანებით გამოიყენოთ. ამგვარად, გეზოგებათ დროც და ხარჯიც.

* სეზონური პროდუქტები მთელი წელი ხელმისაწვდომია. გაყინავთ ზაფხულის ხილსა და კენკრას და გემრიელი ვიტამინები მთელი ზამთარი არ მოგაკლდებათ.

მინუსები

* საყინულეს, განსაკუთრებით – დიდს, საკმაო ადგილი და შესაბამისი სივრცე სჭირდება.

* საყინულე განუწყვეტლივ მუშაობს, რაც ელექტროენერგიის ხარჯს ზრდის, თუმცა არსებობს შედარებით ენერგოეფექტური მოდელებიც.

* ყინულოვანი ნადების მოსაცილებლად საყინულე რეგულარულად უნდა გაიწმინდოს, რაც საკმაო დროს მოითხოვს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საყინულე?

ტიპი

საყინულეები ფორმით, ზომითა და ფუნქციებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ისინი უმთავრესად ორი ტიპისაა: ვერტიკალური (ჩვეულებრივი მაცივრის მსგავსი კარადა) და ჰორიზონტალური (სკივრი ასახდელი ხუფით). არსებობს ჩასაშენებელი მოდელებიც. შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი საჭიროებები და სამზარეულოს ფართობი. მაგალითად, სკივრის ტიპის საყინულე უფრო მეტად სარდაფისთვის ან სამეურნეო ოთახისთვის გამოდგება, რადგან დიდი ზომისაა და მეტ ადგილს მოითხოვს. სამაგიეროდ, მასში დაუჭრელად ეტევა, მაგალითად, ინდაური ან ორაგული. ჩასაშენებელი მოდელები, წესისამებრ, კომპაქტურია (მათი სტანდარტული სიგანე 60 სმ-ია) და შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს. შესაძლებელია მისი წინა ფასადის სურვილისამებრ გაფორმებაც. მაცივრის ფორმის საყინულე კი თავისუფლად შეგიძლიათ დადგათ როგორც სამზარეულოში, ისე სარდაფშიც.

ზომა და მოცულობა

პირადი მოხმარებისთვის შესაფერისია დაახლოებით 90-დან 300 ლიტრამდე მოცულობის საყინულე. შეძენისას გაითვალისწინეთ:

  • ოჯახის წევრების რაოდენობა – წესისამებრ, ერთ ადამიანზე 50-70 ლიტრს ანგარიშობენ;
  • გასაყინავი პროდუქტის სავარაუდო ოდენობა;
  • ოთახის ფართობი;
  • ენერგიის ხარჯი – რაც უფრო დიდია საყინულე, მით მეტ ენერგიას მოიხმარს ის.

ამრიგად:

* პატარა (60-100 ლ) მოცულობის საყინულე იდეალურია ერთი ან ორი ადამიანისა და პატარა ბინისთვის;

* საშუალო (100-200 ლ) – 2-3-კაციანი ოჯახებისთვის. დაეტევა სამზარეულოშიც და სარდაფშიც.

* 200-300 ლ მოცულობისა 3-4 კაცისგან შემდგარ ოჯახებს გამოადგებათ, თუ დიასახლისი რეგულარულად ამზადებს გაყინული საკვების მარაგს მთელი ოჯახისთვის;

* 300 ლიტრზე მეტი მოცულობისა კი რეკომენდებულია დიდი ოჯახებისა და მათთვის, ვინც დიდ მარაგს ინახავს, მაგალითად, შინ მომზადებულ ნახევარფაბრიკატებს, სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს.

ფუნქციები

 

No Frost ან Low Frost სისტემა

რადგან ყინულის გადნობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მისი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად მწარმოებლებმა რამდენიმე ტექნოლოგია შეიმუშავეს.

No Frost მთლიანად ავტომატური სისტემაა. ვენტილატორის მეშვეობით საყინულეში ცირკულირებს ცივი და მშრალი ჰაერი, რაც ხელს უშლის ყინულის ფორმირებას. ჰაერის დაბალანსებული ცირკულაცია და სტაბილური ტემპერატურა ხელს უწყობს პროდუქტის თანაბარ გაცივებას. არ წარმოიქმნება ნესტი და კონდენსატი და პროდუქტი არ კარგავს ხარისხს.

Low Frost სისტემის წყალობით დაახლოებით 80%-ით ნაკლები ყინული წარმოქმნება, ვიდრე ტრადიციულ მოდელებში, რაც იმას ნიშნავს, რომ დროდადრო მაინც მოგიწევთ მისი გალღობა. პროდუქტი არ არის დაცული ნესტისგან.

ზოგიერთ მოდელს აქვს ყინულის ავტომატური გალღობის ფუნქცია: უკანა კედელში ჩამონტაჟებული სპეციალური გამათბობელი რეგულარულად ცხელდება და ნელ-ნელა ადნობს ყინულს, ჩამონადენი წყალი კი სპეციალურ კონტეინერში გროვდება.

ეკრანი და ტემპერატურის კონტროლი

მაღალი ხარისხის მოდელები აღჭურვილია LED ან ციფრული ეკრანით, რომლის საშუალებითაც არეგულირებთ და აკონტროლებთ ტემპერატურას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გურმანებისთვის და მათთვის, ვინც პროდუქტს კონკრეტულ ტემპერატურაზე ინახავს. ტემპერატურის ზუსტი კონტროლის პირობებში სურსათი უკეთ ინარჩუნებს ხარისხს.

სწრაფი გაყინვა

ეს ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, ძალიან სწრაფად გავყინოთ ახალი სურსათი, რათა მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ უჯრედული სტრუქტურა, გემო და საკვები ნივთიერებების შემცველობა. ამ ფუნქციის ჩართვის შემდეგ საყინულეში დროებით მცირდება შიდა ტემპერატურა − 24-32 გრადუსამდე მოდელის შესაბამისად (სტანდარტულ საყინულეში დაახლოებით −18 გრადუსია). პროცესი რამდენიმე საათს (ხშირად – 24 საათამდეც) გრძელდება, მერე კი საყინულე ავტომატურად უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს.

სწრაფი გაყინვის ფუნქცია აქვს საშუალო და მაღალი კლასის საყინულეებს.

თუ ახალ, დაუმუშავებელ პროდუქტს (ხორცს, თევზს, ხილს) ხშირად ინახავთ, უმჯობესია, ამ ფუნქციით აღჭურვილი საყინულე შეიძინოთ.

გახსოვდეთ: სწრაფი გაყინვა საყინულეში პროდუქტის მოთავსებამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა გააქტიუროთ.

ორგანიზებული განლაგება

საყინულის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ უჯრების რაოდენობას, განლაგებას და კარის გამჭვირვალობას. უკანასკნელი პარამეტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სხვადასხვა ტიპის სურსათის ცალ-ცალკე შენახვას ამჯობინებს. სწორად ორგანიზებული სივრცე აადვილებს პროდუქტის დახარისხებას და პოვნას, რაც საბოლოოდ ენერგიის დაზოგვასაც უწყობს ხელს, რადგან საყინულის კარი დიდხანს არ რჩება ღია.

დამატებითი ფუნქციები

შიდა განათება ძალიან მოხერხებულია, როცა საყინულე ბნელ კუთხეშია მოთავსებული, სიგნალიზაცია კი გამაფრთხილებელი სიგნალით მიგანიშნებთ, თუ კარი ან ხუფი მეტისმეტად დიდხანს დარჩა ღია. ზოგიერთი მოდელი აპლიკაციის მეშვეობითაც იმართება, რაც ძალიან კომფორტულია.

ენეროეფექტურობა

რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს საყინულე, დამოკიდებულია მის სიმძლავრეზე, ენერგოეფექტურობის კლასსა და დამატებით ფუნქციებზე.

ენერგოეფექტურობის კლასი ეტიკეტზეა მითითებული. ის ლათინური ანბანის ასოებით (A-დან G-მდე) აღინიშნება. A (A+, A++) ყველაზე ეკონომიური ენერგოკლასის მაჩვენებელია, ყველაზე მაღალ ენერგომოხმარებას კი G ასო აღნიშნავს. რაც უფრო მეტი პლუსი ახლავს A-ს, მით უფრო ნაკლებ დენს ხარჯავს აგრეგატი.

No-Frost სისტემები მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე სტანდარტული.

როცა საყინულე მზიან ადგილას ან სითბოს წყაროს, მაგალითად, ღუმლის ან რადიატორის მახლობლად დგას, კომპრესორი უფრო ინტენსიურად მუშაობს და ენერგიაც უფრო მეტი იხარჯება.

გადატვირთული კამერა ართულებს ცივი ჰაერის ცირკულაციას, რაც ზრდის ენერგიის მოხმარებას.

თანამედროვე მოდელები ავტომატურად არეგულირებს მუშაობის პროცესს გარემოს ტემპერატურის მიხედვით და ზოგავს დენს, ძველი მოდელები კი უწყვეტად მუშაობს სრული დატვირთვით.

გაყინვის სიმძლავრე

გაყინვის სიმძლავრე აჩვენებს, რამდენი კილოგრამი ახალი პროდუქტის გაყინვა შეუძლია საყინულეს 24 საათში (მაგალითად, 8 კგ/24 სთ). რაც უფრო მეტი პროდუქტის ერთდროული გაყინვა გიწევთ, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, რადგან სწრაფი გაყინვა იცავს სურსათს ბაქტერიების გავრცელებისა და ხარისხის დაკარგვისგან.

ხმაურის დონე

ხმაურის დონე დეციბელებში (DB) იზომება. 35-42 დB დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა, 45 DB-ზე მაღალი მაჩვენებლის მქონე აგრეგატი კი შესამჩნევად ხმაურობს. ასე რომ, თუ საყინულის სამზარეულოში დადგმას აპირებთ, უმჯობესია, მას რაც შეიძლება დაბალი ხმაურის დონე ჰქონდეს, ხოლო თუ სარდაფში დგამთ, ხმაური დიდად არ შეგაწუხებთ.

სწორი მდებარეობა

საყინულის ეფექტური მუშაობისთვის სწორად შერჩეული ადგილია საჭირო.

იდეალურია ოთახი, სადაც ტემპერატურა 10-დან 20°ჩ-მდეა. სასურველია, საყინულესა და კედელს შორის 30 სმ მაინც იყოს, რათა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს.

მოარიდეთ მოწყობილობა სითბოს წყაროს – ღუმელს, გამათბობელს, მზის პირდაპირ სხივებს. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა კომპრესორის გადატვირთვა და დაზიანება გამოიწვიოს. კომპრესორი ნულზე დაბალ ტემპერატურაზეც ზიანდება.

როგორ გამოვიყენოთ

  • დარწმუნდით, რომ საყინულში სათანადო ტემპერატურაა (უმეტესად – -18°C).
  • სურსათის გასაყინავად გამოიყენეთ შესაფერისი კონტეინერი ან სპეციალური ცელოფანი. არომატი და კვებითი ღირებულება მაქსიმალურად რომ შეუნარჩუნოთ, ეცადეთ, გაყინოთ ახალი ხილი და ბოსტნეული. პროდუქტმა დიდხანს რომ გაძლოს, უმჯობესია, ვაკუუმურად შეფუთოთ.
  • თუ მორჩენილი კერძის შენახვა გსურთ, ჯერ კარგად გააცივეთ.
  • მთელ პროდუქტს ერთად ნუ გაყინავთ, უმჯობესია, ულუფებად დაყოთ, რადგან გალღობილი სურსათის ხელახლა გაყინვა არ არის რეკომენდებული.
  • გაყინული საკვები გაალღვეთ მაცივარში.
  • როგორც კი საყინულეში ყინულის ფენა წარმოიქმნება, მაშინვე უნდა გაალღოთ. 1 სმ სისქის ყინულს შეუძლია, 10-15%-ით გაზარდოს ელექტროენერგიის მოხმარება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: