საუკეთესო სამუშაო რეჟიმი

გააზიარე:

ბოლო დროს იმდენი საქმე დამიგროვდა, თავს ვეღარ ვართმევ და გამუდმებით ვშფოთავ. თან ეს საქმეები საკუთარი ნებით ვიტვირთე. თვითდასაქმებული ვარ, შესაბამისად, თავად ვანაწილებ ჩემს დროს. ერთი შეხედვით, ეს ცხოვრებას უნდა მიადვილებდეს, სინამდვილეში კი მირთულებს, რადგან ხან ერთ დაუმთავრებელ საქმეზე ვფიქრობ, ხან მეორეზე, ამ დროს კი მესამეს ვაკეთებ.

როგორია დროის განაწილებისადმი თანამედროვე მიდგომა? რა ზრდის ადამიანის შრომის ნაყოფიერებას ან რა აბედნიერებს მას? შესაძლებელია ამ ორი რამის შეთავსება თუ ეფექტურობისთვის აუცილებელია ბედნიერებაზე უარის თქმა და პირიქით?

მკაცრად სტრუქტურირებული სამუშაო გარემო

ყველაზე გავრცელებული მოდელი ასეთია: სამსახურში განსაზღვრულ დროს მივდივართ, გვაქვს გასაკეთებელი საქმეების სია, წინასაწარ შეთანხმებული ხელფასი და მეტ-ნაკლებად წინასწარმეტყველებადი სამუშაო გარემო.

ასეთი სამსახური ყველაზე მეტად ესადაგებათ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ რუტინა ან რომლებსაც ადვილად ეფანტებათ ყურადღება, რუტინის ჩარჩო კი მუშაობის სტილის მოწესრიგებაში ეხმარებათ, ან ადამიანებს, რომლებსაც ერთდროულად ბევრი დავალება აქვთ შესასრულებელი და ურჩევნიათ, დროის განაწილებასა და რეჟიმის შედგენაზე მათ ნაცვლად სხვამ იზრუნოს.

დადებითი მხარეები:

  • უფრო ფოკუსირებულები ვართ.
  • უფრო ანგარიშვალდებულები ვართ.
  • არ გვიწევს დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება (წინასწარ ვიცით, როდის რა უნდა ვაკეთოთ).
  • უფრო ადვილად ვართმევთ თავს პროკრასტინაციას (საქმის დაწყების გადადებას).
  • ჩვენი შრომის ნაყოფიერება უფრო ადვილად იზომება.

უარყოფითი მხარეები:

  • თავს ჩაკეტილად ვგრძნობთ.
  • არ გვრჩება დრო სპონტანურობისა და შემოქმედებითობისთვის.
  • ერთი რამე თუ არ გაკეთდა, მთელი განრიგი ირევა. 

მოქნილი განრიგი

ასეთი განრიგის ფუფუნება აქვთ თვითდასაქმებულებს და მათ, ვინც რამდენიმე ადგილას მუშაობს და ყველგან ცოტ-ცოტას აკეთებს. მაგალითად, შესაძლოა, თარჯიმანი ერთდროულად რამდენიმე დამკვეთისგან იღებდეს შეკვეთას, მერე კი თავად წყვეტდეს, დღე-ღამეში რამდენ დროს და კონკრეტულად რომელ საათებს დაუთმობს ამა თუ იმ ტექსტის თარგმნას.

ასეთი სამსახური ყველაზე უკეთ მიესადაგებათ შემოქმედებით ადამიანებს, ასევე – ისეთი პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულება უწევთ.

დადებითი მხარეები:

  • თავისუფლად მივყვებით ჩვენი ენერგიის დონეს და შემოქმედებით იმპულსებს.
  • ნაკლებად განვიცდით ზეწოლას.
  • მოულოდნელ ცვლილებებს უფრო ადვილად ვართმევთ თავს.

უარყოფითი მხარეები:

  • ხშირია საქმის გადადება და პროკრასტინაცია.
  • რთულდება კონცენტრირება.
  • ადვილად გვეპარება დედლაინი 

საუკეთესო მიდგომა

როგორც ყოველთვის, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. თავს ყველაზე უკეთ გრძნობენ ადამიანები, რომლებიც ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ, ანუ თან თავისუფლად არიან, მაგრამ თან დღე დაგეგმილი აქვთ ან კვირაში რამდენიმე დღე დადიან სამსხურში, დანარჩენს დროს კი სამსახურებრივ დავალებებს შინ ასრულებენ.

მაგალითად, გავრცელებულია სამუშაო დღის ბლოკებად დაყოფის სისტემა. დღის პირველი სამი საათი რთულ სამუშაოს ეთმობა, მერე შესვენების დროა, შესვენებას მოჰყვება შედარებით ადვილი ადმინისტრაციული საქმეების ბლოკი, ამ უკანასკნელს - კორესპონდენციაზე პასუხის ბლოკი და ა.შ. ეს ბლოკები წინასწარ არის დაგეგემილი, მაგრამ მათი გადანაცვლება შეიძლება.

რით სჯობია ჰიბრიდული მიდგომა მკაცრად რეგლამენტირებულს ან სრულიად არასტრუქტურირებულს?

* თავისუფალი და ნახევრად თავისუფალი განრიგი უკეთესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, აადვილებს ძილის ჰიგიენის დაცვას და ამცირებს შფოთვას.

* დასაქმებულები გაცილებით კმაყოფილები არიან თავიანთი სამსახურით.

მოქნილი რეჟიმი შრომის ნაყოფიერებაზეც ახდენს გავლენას – ადამიანები უკეთესად მუშაობენ, როდესაც საქმეზე არიან ფოკუსირებულნი და არა სამსახურში გასატარებელ საათებზე, ნაკლებად აჭიანურებენ დავალების შესრულებას და ნაკლები დრო გაჰყავთ ფუჭ საქმიანობაში.

ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიბრიდულად, ნაწილობრივ შინ და ნაწილობრივ სამსახურში მომუშავე ადამიანების 75% ნაკლებად უჩივის სტრესს, ვიდრე ისინი, ვინც მკაცრად გაწერილი განრიგის პირობებში მუშაობენ. ბევრი სხვა კვლევა მოწმობს, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირის შედეგად შრომის ნაყოფიერებაც იმატებს და დასაქმებულთა კმაყოფილებაც.

განრიგი და ბედნიერების განცდა

გასაკვირი არ არის, რომ, კვლევების თანახმად, ჰიბრიდულ ან თავისუფალ რეჟიმში მომუშავე ადამიანები მეტად ბედნიერები არიან, ვიდრე მკაცრ ჩარჩოში ჩასმული დასაქმებულები. ისინი ნაკლებ სტრესს განიცდიან, ნაკლებად იქანცებიან, ნაკლებად განიცდიან გადაწვას. მეტად ეადვილებათ, სამსახურის მიღმა სხვა რამეებიც აკეთონ და ბალანსი დაიცვან.

საზოგადოდ კი, რაც უფრო მეტი ავტონომია გვაქვს გადაწყვეტილების მიღებისას, მეტად ბედნიერები ვართ. 

სტრუქტურა აუცილებელია

მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისუფალი გრაფიკი ურჩევნია, ის შესაძლოა დამქანცველი აღმოჩნდეს. როდესაც თავისუფალ გრაფიკს მივყვებით, გამუდმებით გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რის გამოც ჩვენი გონება იღლება და იყინება. შედეგად უფრო და უფრო მეტად ვაჭიანურებთ საქმის დაწყებას, გვიჭირს სწორი არჩევანის გაკეთება, თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობებს და ამ სცენარშიც ფსიქოლოგიურად ვიწვებით. მაგალითად, თუ თქვენი განრიგი თქვენსავე ხელშია, ყოველდღე გიწევთ პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • დღეს პირველ რიგში რა გავაკეთო?
  • რამდენი საათი ვიმუშაო?
  • რომელი კლიენტი`საქმე`დავალებაა პრიორიტეტული?
  • რა ეღირება ჩემი სერვისი?
  • როდის დავისვენო? ვისვენებ თუ არა უქმე დღეებში?
  • როდის ვუპასუხო ყველა დამკვეთს და კლიენტს, რომლებიც გამუდმებით რეკავენ და იწერებიან?
  • სად და როგორ მოვაწყო სამუშაო სივრცე?
  • როდის  შევისვენო? – და ა.შ.

რომ არ გადავიწვათ, საჭიროა, შევადგინოთ მიახლოებითი გრაფიკი და მივყვეთ მას. აუცილებელია რუტინის ჩამოყალიბება, გადაწყვეტილებათა მიღების ავტომატიზმამდე დაყვანა, სისტემიზაცია. ყველაფერ ამას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ საერთო ჯამში გადაწვისგან დაგვიცავს.

როგორც ხედავთ, კვლევების მიხედვით თავისუფალიც და მკაცრად სტრუქტურირებული რეჟიმიც ერთნაირად სტრესული და ნაკლებპროდუქტიულია. საუკეთესო გამოსავალია ჰიბრიდული მიდგომა, რომელიც ორივე მათგანის გაერთიანებას გულისხმობს. 

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: