ონკოპაციენტების კვების თავისებურებები
გააზიარე:
ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის პროცესში სწორი და დაბალანსებული კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯანსაღი საკვები არა მხოლოდ ენერგიისა და აუცილებელი საკვები ნივთიერებების წყაროა, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტაბილური წონის შენარჩუნებაში, ორგანიზმის გაძლიერებასა და გვერდითი ეფექტების შემცირებაშიც.
ქვემოთ განვიხილავთ, რატომ უნდა მიაქციონ ონკოპაციენტებმა კვებას განსაკუთრებული ყურადღება და როგორ უნდა შეირჩეს ოპტიმალური რაციონი, რათა ორგანიზმი უკეთ გაუმკლავდეს მკურნალობის პროცესს. ჩვენი რესპონდენტია ექიმი ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ფიფია.
– ქალბატონო ნინო, რა როლს ასრულებს კვება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში?
– სწორი კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კიბოს მკურნალობაზე. ის ხელს უწყობს თანმხლები ეფექტების შემცირებას, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
სწორი კვების მიზანია:
* ორგანიზმის გაძლიერება – ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ოპერაცია) ხშირად იწვევს უენერგიობას, საერთო სისუსტეს, საკმარისი ცილისა და კალორიის მიღება კი ხელს უწყობს ძალების აღდგენას, ენერგიის შენარჩუნებას.
* იმუნური სისტემის მხარდაჭერა – ძლიერი იმუნიტეტი ინფექციებთან გამკლავებაში გვეხმარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქიმიოთერაპიის დროს, რადგან ეს უკანასკნელი იმუნურ სისტემას ასუსტებს. ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი რაციონი აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით უნარს.
* წონის კონტროლი – მკურნალობის პროცესში ორგანიზმი ხშირად კარგავს წონას და კუნთოვან მასას, რაც მას უფრო მეტად ასუსტებს. სწორი და დაბალანსებული კვებით შესაძლებელია სტაბილური წონისა და კუნთოვანი მასის შენარჩუნება და გამოფიტვის თავიდან აცილება. მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს, მაგალითად, ჰორმონულ თერაპიას, ზოგჯერ თან ახლავს წონის მატებაც, რისი მართვაც ასევე დაბალანსებული კვებით არის შესაძლებელი.
* მკურნალობის თანმხლები ეფექტების შემსუბუქება – სწორად შედგენილი რაციონი გვეხმარება ისეთი სიმპტომების მართვაში, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, უმადობა, ყაბზობა, დიარეა (ფაღარათი).
* ორგანოთა ფუნქციის დაცვა – მედიკამენტური მკურნალობისას განსაკუთრებული დატვირთვა ადგება ღვიძლსა და თირკმელებს. დაბალანსებული კვებითა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღებით შეგვიძლია, ამ ორგანოებს დატვირთვა შევუმსუბუქოთ.
* საჭირო საკვები ნივთიერებების მიწოდება – განსაზღვრული სახის მკურნალობამ შესაძლოა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი გამოიწვიოს, რომლის აღმოფხვრაც დაბალანსებული კვებით არის შესაძლებელი.
* ცხოვრების ხარისხის ამაღლება – კარგად შერჩეული რაციონი აუმჯობესებს გუნება-განწყობას, პაციენტის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას.
– ყველაზე ხშირად რა ტიპის სიმსივნეები იწვევს კვების პრობლემებს და რატომ?
– ზოგიერთ სიმსივნეს, მისი ადგილმდებარეობის კვალობაზე, შეუძლია, სერიოზული კვებითი პრობლემები გამოიწვიოს. ამ დროს ულუფები მცირდება, რაციონი ერთფეროვანი ხდება, ამიტომ ონკოლოგიური პაციენტები ხშირად უჩივიან კუნთოვანი მასისა და წონის მკვეთრ კლებას.
მაგალითად, თუ სიმსივნე საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებზე ან მათ მახლობლად განვითარდა და ზეწოლა მოახდინა ამ ორგანოებზე, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საკვები ნივთიერებების შეწოვას, გამოიწვიოს სწრაფი დანაყრების შეგრძნება, შებერილობა, ყაბზობა ან დიარეა, ნაწლავის ფუნქციის დარღვევა და საჭმლის მონელების სხვა პრობლემები.
თავ-კისრის ან საყლაპავის სიმსივნეს შესაძლოა თან ახლდეს დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ტკივილი საკვების მიღების დროს.
ლიმფოიდური და სისხლმბადი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები (ლიმფომა, ლეიკემია) იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას, იგივე იმუნოდეფიციტს.
კვების პრობლემებს სიმსივნის მკურნალობის თანმხლები ეფექტებიც განაპირობებს. მაგალითად, ქიმიოთერაპიას ხშირად ახლავს თან გემოს გაუკუღმართება, რის გამოც პაციენტს საკვები უგემური ან უსიამოვნო ეჩვენება, კარგავს მადას და სხვა.
– როგორ შეიძლება მიხვდეს ონკოპაციენტი, რომ სრულფასოვნად ვეღარ იკვებება?
– არასრულფასოვან კვებაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა პაციენტი ვერ იღებს იმ რაოდენობის კალორიას და აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რაც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული და კვებითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ის გამოიხატება წონისა და კუნთოვანი მასის (სარკოპენია) დეფიციტით.
არასრულფასოვანი კვება თავდაპირველად შეუმჩნეველია, ამიტომ ექიმმა – ისევე როგორც თავად პაციენტმა – რეგულარულად უნდა ამოწმოს, ხომ არ შეეცვალა პაციენტს კვებითი ჩვევები ან ხომ არ დაიკლო წონა.
არასრულფასოვანი კვების გამოვლენაში დაგეხმარებათ შემდეგი კითხვები:
1. ხომ არ დაგიკარგავთ სხეულის მასის, სულ მცირე, 5% ბოლო 3 თვის განმავლობაში? (60 კგ წონის ადამიანისთვის ეს იქნება 3 კგ, 80 კგ წონის ადამიანისთვის – 4 კგ და ა.შ.)
2. ჩვეულებრივზე ნაკლებს ხომ არ ჭამთ?
3. ზიზღი ხომ არ გაქვთ განსაზღრული საკვების მიმართ?
4. ხშირად ხომ არ გაწუხებთ დიარეა ან ღებინება?
გარდა ამისა, კვების დეფიციტის ნიშანია, თუ:
* სხეულის მასის ინდექსი (BMI) 18,5-ზე ნაკლებია;
* ბოლო 3-6 თვის განმავლობაში დაიკელით სხეულის მასის 10%-ზე მეტი;
* სხეულის მასის ინდექსი 20-ზე ნაკლებია და, ამასთან ერთად, ბოლო 6 თვეში მასის 5%-ზე მეტი დაიკელით.
კვების მონიტორინგისთვის რეკომენდებულია, პაციენტმა აწარმოოს კვების დღიური. თუ ექიმმა არასრულფასოვანი კვების დიაგნოზი დასვა, აუცილებელი იქნება დამატებითი ზომების მიღება, მაგალითად, სათანადო დიეტის დაცვა, უკვე შორს წასულ შემთხვევებში კი სპეციალური კვებითი თერაპია, რომელსაც ექიმი ნუტრიციოლოგი დანიშნავს.
ზოგჯერ უმადობა გამოწვეულია ნევროლოგიური დარღვევებითაც – შფოთვითი აშლილობით, დეპრესიით. ამ დროს აუცილებელია მკურნალობაში ნევროლოგის ან ფსიქოთერაპევტის ჩართვა.
ასე რომ, ონკოპაციენტებთან კვების მართვა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
– რა გავლენას ახდენს მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი კვებით ჩვევებზე და რა სახის დიეტური ცვლილებებია საჭირო ამა თუ იმ ტიპის თერაპიის დროს?
– პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ მკურნალობის ყველა მეთოდი არ ახდენს გავლენას კვებაზე, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოიცავს სპეციალურ შეზღუდვებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.
მაგალითად, თუ ოპერაცია პირის ღრუზე, თავ-კისერზე ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე ჩატარდა, შესაძლოა, სერიოზული კვებითი გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ ოპერაციამდე პაციენტს უნდა ჰქონდეს ადეკვატური წონა. მინიმალური ქირურგიული ჩარევების დროს კი შეზღუდვებიც, როგორც წესი, მინიმალურია.
სხივური თერაპიის დროს კვების მნიშვნელოვანი ცვლილებები უმეტესად არ არის საჭირო, მაგრამ თუ დასხივება მოიცავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე ნაწილს, შესაძლოა, წარმოიშვას პრობლემები. მართალია, დაზიანება დროთა განმავლობაში აღდგება, მაგრამ პირველ ხანებში მოსალოდნელია ყლაპვის გაძნელება ან ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ამ დროს პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს სპეციალური დიეტა, მაგალითად, შეეზღუდოს მჟავე, ცხარე, მშრალი, ფხვიერი საკვების მიღება.
სხივურმა თერაპიამ შესაძლოა გაზარდოს გაუწყლოების რისკი, ამიტომ მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის სუფთა წყლის, ბალახეულის ჩაისა და უშაქრო სითხეების მიღება.
მედიკამენტებზე დაფუძნებული თერაპია, კერძოდ, ქიმიოთერაპია და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია, კვებაზე გავლენას ახდენს თანმხლები ეფექტებით. იმის მიხედვით, რომელ აქტიურ ინგრედიენტს იღებს პაციენტი, შესაძლოა განუვითარდეს სხვადასხვა თანმხლები მოვლენა – გულისრევა და ღებინება, პირის სიმშრალე ან პირის ღრუსა და ყელის ანთება, კანის ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, უმადობა. ამ დროს კვება მიმართული უნდა იყოს ამ არასასურველი ეფექტების შემსუბუქებისა და ორგანიზმის გაძლიერებისკენ. რასაკვირველია, რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული, მაგრამ უმჯობესია, უპირატესობა მიენიჭოს ადვილად მოსანელებელ საკვებს: თეთრ ბრინჯს, კარტოფილის პიურეს, პასტას, მაკარონს (უმჯობესია, თეთრი ფქვილისას სოუსის გარეშე), თეთრ პურს, ქათმისა და ინდაურის მოხარშულ ხორცს, მოხარშულ თევზს, მოხარშულ კვერცხს, იოგურტს, მოხარშულ სტაფილოს, ბანანს და სხვა. ქათმისა და ბოსტნეულის ბულიონები ორგანიზმს ნუტრიენტებთან ერთად სითხესაც აწვდის.
ჯანჯაფილის, პიტნის, გვირილის ჩაი, ლიმონიანი წყალი, მინერალური წყალი ამცირებს გულისრევასა და ღებინებას (ყოველთვის არ არის რეკომენდებული, ამიტომ მიღება წინასწარ შეუთანხმეთ ექიმს). დიარეის ან ღებინების დროს მიზანშეწონილია ელექტროლიტებით მდიდარი სასმელების სმაც.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკვებში შემავალ ზოგიერთ ნივთიერებას შეუძლია, გავლენა მოახდინოს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ეფექტურობაზე და არასასურველი რეაქციაც კი გამოიწვიოს. მაგალითად:
გრეიპფრუტში შემავალ ზოგიერთ ნივთიერებას შეუძლია გააძლიეროს ან შეასუსტოს კიბოს სამკურნალო პრეპარატების ეფექტი.
არ არის რეკომენდებული ბისფოსფონატების ტაბლეტების მიღება რძესთან ერთად. რძე შეიცავს კალციუმის იონებს, რომლებიც ხელს უშლის ბისფოსფონატების ათვისებას. ბისფოსფონატებთან ერთად პაციენტი უნდა ერიდოს კალციუმის მაღალი შემცველობის მქონე მინერალურ წყალსაც. ნებადართული არ არის კალციუმის პრეპარატების მიღება იმ დღეს, როცა პაციენტს ბისფოსფონატის ინფუზია უტარდება.
საკვებში ცხიმის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა დააჩქაროს ან, პირიქით, შეანელოს მედიკამენტებში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ათვისება. ეს ეხება ზოგიერთ იმ წამალს, რომელიც მიზნობრივი იმავე ტარგეტული თერაპიისთვის გამოიყენება.
ყოველივე ამის გამო აუცილებელია, პაციენტი ყურადღებით გაეცნოს წამლის ანოტაციას ან ჰკითხოს ექიმს, რისი გათვალისწინება მართებს ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებისას.
– რას ნიშნავს დაბალანსებული დიეტა?
– თუ კვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ შეინიშნება და წონაც სტაბილურია, პაციენტს შეუძლია, შეასრულოს ზოგადი რეკომენდაციები. ვინაიდან ინდივიდუალურ შემთხვევებში ზოგიერთმა საკვებმა (საკვებში შემავალმა ნივთიერებებმა) შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მკურნალობის პროცესზე, უმჯობესია, რაციონი წინასწარ იყოს შეთანხმებული ექიმთან.
რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი. ამისთვის ერთმანეთს შეუნაცვლეთ საკვები ოთხივე ძირითადი ჯგუფიდან:
1. ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსნები, თესლეული, თხილეული;
2. რძის ნაწარმი;
3. მარცვლეული, ბურღულეული;
4. ხილი, ბოსტნეული.
მიიღეთ:
* მეტი ხილი და ბოსტნეული. ყოველდღიური რაციონი უნდა მოიცავდეს 3 ულუფა ბოსტნეულსა და 2 ულუფა ხილს.
შესაძლებელია 2 ულუფა ხილის ჩანაცვლება 1 მუჭა თხილეულით.
* მთლიანი მარცვლეული. მთლიანი მარცვლეული გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე დამუშავებული. ის და მისი პროდუქტები მდიდარია არა მარტო ვიტამინებითა და მინერალებით, არამედ ბოჭკოთიც, ამიტომ დიდი ხნით ანაყრებს. გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის პერიოდში ბოჭკოს შემცველი საკვების მონელება შესაძლოა გაძნელდეს.
* ცილა. კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად და ქსოვილების აღსადგენად ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი ცილი მიღება. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიირთვით თეთრი ხორცი (ქათამი, ინდაური). ცილის კარგი წყაროა რძის პროდუქტებიც: იოგურტი, ხაჭო, ყველი; ასევე – კვერცხი (კვირაში სამი-ოთხი ცალი) და თევზი (უცხიმოც და ცხიმიანიც), თხილეული და პარკოსნები – ლობიო, ბარდა, ოსპი.
* ჯანსაღი ცხიმი. ცხოველური ცხიმის ნაცვლად მიიღეთ მცენარეული. განსაკუთრებით ჯანსაღია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი რაფსის, სელის, ზეითუნის, ნიგვზის ზეთები. სელისა და ნიგვზისა გამოიყენეთ მხოლოდ ცივი კერძების, მაგალითად, სალათების შესაზავებლად.
* ყურადღება მიაქციეთ ოდენობასაც. 1 ულუფა შეესაბამება დაახლოებით 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს ან 2 სუფრის კოვზ მყარ ცხიმს, მაგალითად, კარაქს. ნუ მიიღებთ დღეში 2 ულუფაზე მეტს.
* ერიდეთ მზა ხორცპროდუქტებს – ძეხვს, ლორს, შემწვარ და შებოლილ ხორცს, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს კანცეროგენებს. ნაკლები მიირთვით წითელი ხორცი (ძროხის, ღორის, ხბოს, თხის, ცხვრის), კვირაში არა უმეტეს 200-300 გრამისა.
* ერიდეთ ჭარბ შაქარსა და მარილს – ჭარბი შაქარი ხელს უწყობს ანთებით პროცესებს და შეუძლია, გაამწვაოს მკურნალობის თანმხლები ეფექტები. ზომიერად მიიღეთ ტკბილი და გაზიანი სასმელები ან სულაც უარი თქვით მათზე.
* სვით საკმარისი წყალი. დღე-ღამეში სულ მცირე 1,5 ლიტრი აუცილებელია დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად და ორგანიზმის გამართული ფუნქციობისთვის.
* ერიდეთ კოფეინიან სასმელებს და უარი თქვით ალკოჰოლზე – ზოგჯერ ისინი უფრო მეტად აღიზიანებენ ორგანიზმს და ხელს უშლიან მკურნალობას. ალკოჰოლთან ერთად მედიკამენტების მიღებამ შესაძლოა არასასურველი ურთიერთქმედება ან თანმხლები მოვლენები გამოიწვიოს, ამიტომ წინასწარ ექიმთან კონსულტაციის გავლა აუცილებელია.
მოამზადეთ სწორად. უპირატესობა მიანიჭეთ ორთქლზე მომზადებულ ან უმ, ქორფა ბოსტნეულს (თუ ექიმმა ნება დაგრთოთ). ზედმეტი ხარშვა და ბრაწვა ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების განადგურებას იწვევს. გარდა ამისა, შემწვარი საკვები ძნელი მოსანელებელია.
– მიზანშეწონილია თუ არა საკვებდანამატების მიღება?
– უმჯობესია, ნუტრიენტების მარაგი პაციენტმა მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებით შეივსოს, რადგან ასეთ რაციონში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები სინერგიულად მოქმედებენ და ერთმანეთის ეფექტს აძლიერებენ. შეიძლება საკვებდანამატების მიღებაც, მაგრამ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არამც და არამც თვითნებურად, რადგან ზოგჯერ ისინი ურთიერთქმედებენ მედიკამენტებთან – აძლიერებენ ან ასუსტებენ კიბოს სამკურნალო წამლების მოქმედებას. მაგალითად, ისეთი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ვიტამინი C და ვიტამინი E, იჭერენ და ანეიტრალებენ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ რადიკალებს, თუმცა ზოგიერთი თერაპია მიზნად ისახავს ასეთი
რადიკალების გამოყენებას კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. ამ დროს ანტიოქსიდანტების დიდმა დოზებმა შესაძლოა შეასუსტოს სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის ეფექტი.
სასარგებლო რჩევები
* ჭამეთ ხშირად და მცირე ულუფებით. დიდმა ულუფებმა შესაძლოა გააძლიეროს გულისრევის შეგრძნება. კუჭი რომ არ გადაიტვირთოს, რეკომენდებულია დღის განმავლობაში 5-6 პატარა ულუფის მიღება. უნდა მიირთვათ ნელა და აუჩქარებლად. ეს ხელს შეუწყობს საჭმლის უკეთ მონელებას და გულისრევის შესუსტებას.
* უსმინეთ საკუთარ სხეულს. თუ შეამჩნიეთ, რომ ცხარე ან ძლიერ შესუნელებული საკვები გიმძაფრებთ გულისრევას, მის მიღებას ერიდეთ, თუმცა ზოგჯერ მძაფრი არომატი მადას აღძრავს. გახსოვდეთ ისიც, რომ ძალიან ცხარე ან მსუყედ შეზავებულმა საკვებმა შესაძლოა ლორწოვანი გარსების გაღიზიანება გამოიწვიოს.
* გულისრევის თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია, მიირთვათ გრილი ან ოთახის ტემპერატურის საკვები, რადგან ცხელი კერძი ხშირად უფრო მძაფრ არომატს გამოყოფს.
* ერიდეთ ჭამას მწოლიარე. კუჭი ზედმეტად რომ არ დაიტვირთოს, რეკომენდებულია, ჭამის დროს იჯდეთ.
* ნუ დაწვებით ჭამის შემდეგ. საჭმლის მონელების ხელშეწყობისთვის უმჯობესია დაჯდეთ ან ფეხით გაისეირნოთ.
* ნუ იქნებით მშიერი. ცარიელი კუჭი უფრო მეტად იწვევს გულისრევას.
* თუ ლითონის კოვზი ან ჩანგალი პირში უსიამოვნო გემოს გიტოვებთ, ხისა ან პლასტმასისა გამოიყენეთ.
* მიირთვით ის, რასაც კარგად ითვისებთ, რაც გეგემრიელებათ და რისი ჭამაც გსურთ, თუნდაც ეს საკვები არც ისეთი ჯანსაღი იყოს – მთავარია, წონა შეინარჩუნოთ.
* მიმართეთ ექიმს, თუ ხშირად გაწუხებთ გულისრევა. ექიმი მას შეძლებისდაგვარად დაარეგულირებს.
* მიმართეთ ექიმს, თუ გრძნობთ ტკივილს, დისკომფორტს ან დეპრესიას. სტრესი და დეპრესია ხელს უწყობს მადის დაკარგვას.
* ქიმიოთერაპიის დროს შესაძლოა დროებით განვითარდეს ლაქტოზის აუტანლობა. ამ შემთხვევაში გადადით ულაქტოზო რძესა და მის პროდუქტებზე.
* ყაბზობის დროს მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები: მთლიანი მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, – დიარეის დროს – ადვილად მოსანელებელი საკვები: ბრინჯი, ბანანი, კარტოფილი, მოხარშული სტაფილო).
* იაქტიურეთ. ბევრს წოლა მკურნალობის აუცილებელი ნაწილი ჰგონია. ეს შეცდომაა. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მოძრაობას მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს კიბოს მკურნალობის პროცესში. ის ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ასტიმულირებს მადას, მატებს ენერგიას. რეკომენდებულია მსუბუქი აქტივობები, მაგალითად, სეირნობა და გაწელვითი ვარჯიშები ყოველდღე 10-30 წუთის განმავლობაში, თქვენი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ერიდეთ გადაღლას და ყოველთვის უსმინეთ საკუთარ სხეულს. მკურნალობის პერიოდში ვარჯიში უნდა იყოს უსაფრთხო და ექიმთან შეთანხმებული.
ჯილდა გაჩეჩილაძე











