კონფლიქტი და გამოსავალი

Share:

შესავალი

ყველა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ცვლილებას ვნებათა ღელვა, აზრთა სხვადასხვაობა და საზოგადოების გახლეჩა მოჰყვება, მით უმეტეს – როცა ეს ცვლილება ყველას ეხება. ბოლო დროს სოციალურ ქსელში, მეგობრებთან, თანამშრომლებთან თითქმის ყველა საუბარი შეჯახებით მთავრდება. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც პოლიტიკური პოზიცია, პოლიტიკური იდენტობა განსაზღვრავს, ვის ვემეგობრებით, ვის მივიჩნევთ ჩვენი თემის ან თუნდაც ოჯახის წევრად. გახლეჩა იმდენად დიდია, ხანდახან უახლოესი ადამიანებიც კი კარგავენ ერთმანეთთან შეხების წერტილს.

სად არის გამოსავალი? მეტი ვიკამათოთ? მეტად მოვინდომოთ სხვების გადაბირება? ეს მხოლოდ ხაზს გაუსვამს ჩვენს განსხვავებებს. იმისთვის, რომ დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ, აუცილებელია საერთო მიზანი. 

ჯგუფებს შორის კონფლიქტის ექსპერიმენტი

1954 წელს ფსიქოლოგმა მუზაფერ შერიფმა და მისმა კოლეგებმა სოციალური ფსიქოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის მიზანი იმის დადგენა იყო, როგორ წარმოიშობა კონფლიქტი და რა გზით შეიძლება მისი მოგვარება.

ფსიქოლოგებმა 11-12 წლის 22 ბიჭი საზაფხულო ბანაკში წაიყვანეს და ორ თანაბარ ჯგუფად გაყვეს, რომლებსაც ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდათ. სპეციალური სავარჯიშოების მეშვეობით თითოეულმა ჯგუფმა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა საკუთარი სოციალური ნორმები, ქცევის წესები, იდენტობა, იერარქია. ყოველ ჯგუფს შეკრულობისა და ერთიანობის განცდა გაუჩნდა.

ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე ამ ჯგუფებს შეუქმნეს პირობები, სადაც შეჯიბრება გარდაუვალი იყო. დაიწყო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა მტრული დამოკიდებულება, ლანძღვა და ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

მესამე ფაზაში მკვლევრებმა ჯგუფებს შორის კონფლიქტის შემცირება განიზრახეს. ამისთვის მათ ისეთი აქტივობა მოიფიქრეს, რომლის შესასრულებლად ორივე ჯგუფის ჩართულობა იყო საჭირო, რადგან ორივეს ერთნაირად სჭირდებოდა აქტივობის შედეგი. მაგალითად, მათ დაავალეს "შემთხვევით გაფუჭებული" წყლის მილის შეკეთება, რათა მთელი ბანაკი უწყლოდ არ დარჩენილიყო. როდესაც აღმოჩნდა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად ერთად მუშაობა იყო საჭირო, ჯგუფებს შეთანხმება მოუწიათ. შედეგად ბიჭები ერთმანეთს მტრებად აღარ აღიქვამდნენ და კონფლიქტის დონემაც იკლო.

ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჯგუფებს შორის კონფლიქტი წარმოიშობა, როდესაც ისინი ერთმანეთს შეზღუდული რესურსებისთვის ან აღიარებისთვის ეჯიბრებიან.

საერთო მიზნები: ისეთი აქტივობის შემთხვევაში, როდესაც მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთ გუნდად მუშაობა, როდესაც მიზანი ორივე ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, კონფლიქტი მცირდება ან საერთოდ ქრება. საერთო მიზნისკენ სწრაფვა მოტივაციის უფრო ძლიერი წყარო აღმოჩნდა, ვიდრე შუღლი და შეჯიბრებითობა. ერთობლივი მუშაობის შედეგად ორივე ჯგუფმა ერთობის განცდას მიაღწია.

დასკვნა: აღმოჩნდა, რომ კონფლიქტის გამოწვევა ძალიან ადვილი ყოფილა. როდესაც ჯგუფებმა ჩამოაყალიბეს იდენტობის განსაზღვრული მახასიათებლები: ქცევის წესები, იერარქია და სხვა, – ისინი მთლიანად მოიცვა ამ იდენტობამ და თითოეულმა ჯგუფმა მეორე ჯგუფის “სხვად” აღქმა დაიწყო. როგორც კი ამას შეჯიბრებითობა დაემატა, მათი ურთიერთდამოკიდებულება მტრობაში გადაიზარდა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ გამაერთიანებელი მიზნები კონფლიქტის გადაჭრისა და დამეგობრების საწინდარია.

დიდი და პატარა მიზნები

ყველას გვაქვს როგორც დიდი, ისე პატარ-პატარა მიზნები. დიდი მიზნების მისაღწევად მთელი ცხოვრება ვიღვწით, პატარა მიზნები კი უფრო პროცესზე ორიენტირებული ქმედებებია. ეს ჩვენი ყოველდღიური აქტივობებია, რომლებიც ისე ჩაგვითრევს ხოლმე, რომ დროის შეგრძნებას ვკარგავთ. ეს ის აქტივობებია, რომელთა შესრულებისას ბედნიერებას განვიცდით, ვგრძნობთ, რომ ცოცხლები ვართ. ასეთი მომენტები არამხოლოდ პიროვნულად გვავსებს – სხვებისთვის მათი გაზიარება ერთ ტომად, ერთ თემად გვამთლიანებს.

როდესაც სხვებსაც ვრთავთ ჩვენთვის სასიამოვნო საქმიანობაში, – მაგალითად, ერთად აღვნიშნავთ შვილის დაბადების დღეს, მივდივართ კინოფესტივალზე, ვესწრებით  სპორტულ შეჯიბრებას, – ჩვენ ბუნებრივად ვუკავშირდებით სხვებს, ვისთანაც ამ ენთუზიაზმს გავიზიარებთ. ეს ჩვენი მიზნობრივი თემია, რომელიც ტრადიციულისგან განსხვავდება. ასეთ კავშირს ეროვნება, გეოგრაფია ან პოლიტიკა კი არა, საერთო ინტერესები, მისწრაფებები, ჰობი, ინტელექტუალური ინტერესები უდევს საფუძვლად. ჩვენს საერთო მიზნებზე დაფუძნებული ერთობა ხდება ის სივრცე, სადაც განსხვავებული შეხედულებების ხალხი იკრიბება და პატარა სასიამოვნო მიზნის ირგვლივ იკვრება.

მაგალითად, მოწაფეობიდან მოყოლებული, სტუდენტობის ჩათვლით, დებატების ორგანიზაციაში ვიყავი ჩართული. იმართებოდა დებატების ტურნირები: მთელი საქართველოდან ჩამოსული გუნდები რამდენიმე დღე ერთმანეთს სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ თემაზე ვეკამათებოდით. მსგავსი ტურნირები, ერთი შეხედვით, კონფლიქტის საწინდარია: სხვადასხვა პოზიციის არგუმენტირებული დაცვა,  სხვადასხვა გამოცდილების მქონე ბევრი ადამიანი ერთად, გუნდები, რომლებიც შეპყრობილი არიან საკუთარი პოზიციის სისწორის დამტკიცების ჟინით, შეჯიბრებითობა, წაგება-მოგება, მსაჯები, განსჯა... სინამდვილეში კი საპირისპირო რამ ხდებოდა, რადგან ყველა ერთი პატარა მიზნის ირგვლივ ვიყავით გაერთიანებული: კარგად გვეთამაშა დებატების წესების დაცვით. ტურნირებიც და ბანაკებიც, სადაც სხვა შეჯიბრებებიც იმართებოდა, განსხვავებულის მოსმენის, სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მოდებატეების გაცნობის, ამ აქტივობით გატაცებული ადამიანების ერთიანობის ადგილი იყო. 

კავშირის ნაკლებობა

დღევანდელი საზოგადოებრივი კლიმატი ტოქსიკურია. ის შეურიგებელ, ერთმანეთის დამაკნინებელ ბანაკებად გვყოფს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ერთმანეთს ერთი თემის ნაწილად კი არ აღვიქვამთ, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებად.

აქ არ არის საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მხოლოდ პოლიტიკურ ასპარეზზე ვხვდებით. არც იმ ადამიანებზე, რომლებიც მიზანმიმართულად გვაყენებენ ზიანს. აქ საუბარია ჩვენს მეზობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე, ხალხზე, რომელთან ერთადაც შარშან ფეხბურთში მოგებას ავღნიშნავდით, წელს კი ორი დღეა ვკამათობთ იმაზე, გვაქვს თუ არა ფეხბურთში მოგებით სიხარულის მორალური უფლება.

ასეთი დაპირისპირების ფონზე ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს ცნობისმოყვარეობით, ღიად კი აღარ ვხვდებით – ეჭვის თვალით ვუყურებთ, უკითხავად ვასკვნით, რომ მათ პოზიციას სისულელე, ბოროტება, ამორალურობა უდევს საფუძვლად, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით – ჩვენ ერთმანეთს სიტყვებს ვესვრით.

ეს ნათლად ჩანს იმ გაუგებრობაში, რომელიც, მაგალითად, ქალაქში და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს შორის არსებობს. ამ ორ თემს განსხვავებული ყოველდღიურობა, განსხვავებული საჭიროებები, განსხვავებული მიზნები აქვს და ერთმანეთისა არც ესმით და არც უსმენენ.

გამოსავალი

განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაერთიანება სტრატეგიულად უნდა მოხდეს, რადგან თუ კონფლიქტი თვითდინებაზე მივუშვით, არ ალაგდება. კვლევებმა აჩვენა, რომ კონფლიქტის მოგვარებას ხელს უწყობს:

1. საერთო მიზანი – სასწრაფო, კონკრეტული შედეგისკენ მიმართული, რომელიც ყველას სჭირდება, მაგალითად, სტიქიური უბედურების დროს ერთმანეთის დახმარება, ხოლო დიადი საერთო მიზნის არარსებობისას – პატარ-პატარა მიზნების ირგვლივ გაერთიანება, ჰობი იქნება ეს თუ პროფესიული კონფერენცია.

2. თანამშრომლობა შეჯიბრების ნაცვლად – როდესაც შეზღუდული რესურსების პირობებში ვართ, ორი გამოსავალი გვაქვს: ან ერთმანეთს მტრებად ვრაცხავთ და ვეჯიბრებით, ან ვერთიანდებით და დამატებით რესურსებს მოვიპოვებთ.

3. ემპათია – როდესაც ერთმანეთს ადამიანებად ვხედავთ და არა მხოლოდ ოპონენეტებად, როდესაც ვუზიარებთ საკუთარ ისტორიებს, ლოზუნგების გაცვლა-გამოცვლის ნაცვლად ადამიანური საუბრები გვაქვს, გვეძლევა საშუალება, უკეთ მოვუსმინოთ ერთმანეთს.

4. პრაქტიკული ინტერესები – ხშირად გაერთიანება პრაქტიკული საჭიროებაა. წინარე მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ქალაქი ვერ იარსებებს სოფლის გარეშე, ისე სოფელი ვერ იარსებებს ქალაქის გარეშე. ერთმანეთთან საუბარი არა მხოლოდ მაღალი იდეოლოგიური მისწრაფებების გამო, არამედ პრაქტიკული, ეკონომიკური მიზნებისთვისაც გვჭირდება.

5. გარეგანი საფრთხე – როდესაც საფრთხე გარედან მოდის (მაგალითად, როგორც კოვიდის დროს იყო), ჩვენ მის დასამარცხებლად ვერთიანდებით.

6. სიმბოლური რიტუალები – ყველაფერი, რაც კოლექტიური არაცნობიერის დონეზე გვაერთიანებს: ფოლკლორი, ხელოვნება, სპორტი, დღესასწაულები, სიმბოლიკა.

დღეს საზოგადოება მთელ მსოფლიოში გახლეჩის არნახულ ეტაპზეა. არსებობს საფრთხე, რომ შეზღუდულმა რესურსებმა: სამუშაო ადგილების შემცირებამ, ფასების ზრდამ, განვითარების პერსპექტივის სიმწირემ, – კიდევ უფრო გადაგვკიდოს ერთმანეთს. ჩვენ ერთგვარი ექსპერიმენტის მეორე ფაზაში გადავდივართ: როგორ მოვიქცევით ახლა, როდესაც რესურსი ცოტაა, შეჯიბრებითობა კი წახალისებულია? სოციალური ფსიქოლოგიის ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, მოსალოდნელია, კონფლიქტი გაღრმავდეს. შესაბამისად, აუცილებელია მიზანმიმართულად ფიქრი იმაზე, რა გვაერთიანებს და რომელი საერთო მიზანი შეიძლება გახდეს ჩვენი შეკრულობის საწინდარი.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

Share: