მუსიკით თერაპია მეტყველებისთვის

გააზიარე:

როგორც ჩვენი რესპონდენტი, მუსიკათერაპევტი და ფსიქოთერაპევტი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი აღნიშნავს, მუსიკათერაპიაზე მისული ბავშვების უმრავლესობას მეტყველების ესა თუ ის დარღვევა აქვს.

როგორ ეხმარება მუსიკათერაპია მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებს? შესაძლებელია თუ არა, მშობლებმა მუსიკა სახლშიც გამოიყენონ მეტყველების მხარდასაჭერად?

_ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეტყველების შეფერხების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი პანდემია იყო. ბავშვები ჩაკეტილ გარემოში აღმოჩნდნენ, სადაც კომუნიკაცია ტელევიზორსა და გაჯეტებთან ურთიერთობამ ჩაანაცვლა. ეს განსაკუთრებით იმ ბავშვებზე  აისახა, რომლებიც სწორედ აღნიშნულ პერიოდში გადიოდნენ მეტყველების განვითარების კრიტიკულ ეტაპებს.

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ მშობლები ხშირად უფლებას აძლევენ შვილებს, მულტფილმებსა და ვიდეოებს ინგლისურ ენაზე უყურონ – ფიქრობენ, რომ ბავშვი ამგვარად ენას ისწავლის. ეს შეცდომაა. სასურველია, ბავშვმა მშობლიურ ენაზე დაიწყოს საუბარი – მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავუმატოთ მეორე ენა. იმ ორენოვან ოჯახებშიც კი, სადაც ეს საკითხი მოწესრიგებულია, – თითოეული მშობელი მხოლოდ რომელიმე ერთ ენაზე ესაუბრება შვილს, – დროდადრო გვხვდება მეტყველების განვითარების სირთულეები.

როდის ვეჭვობთ დარღვევას

– ბევრ ბავშვს კარგად არ აქვს განვითარებული რეცეფციული მეტყველება – გაგონილის აღქმა. ასეთ ბავშვებს უჭირთ მარტივი ინსტრუქციების გააზრება, მაგალითად, "კარადა გამოაღე", "სათამაშო აიღე" და სხვა, ერთ- ან ორსიტყვიანი ფრაზების წარმოთქმა, ზოგიერთს – ისეთი უმარტივესი სიტყვების თქმაც კი, როგორიცაა "დედა". ისინი ჟესტებით ცდილობენ აზრის გადმოცემას, რაც მეტყველების შეფერხების ერთ-ერთი ნიშანია.

მეტყველების შეფერხება უნდა ვივარაუდოთ, თუ:

  • ბავშვის კომუნიკაციის უნარი არ შეესაბამება მის ასაკს;
  • არ ესმის მარტივი მითითებები;
  • უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • ვერ ასრულებს მარტივ დავალებებს;
  • სტრესულ გარემოში უჭირს წინადადების დასრულება ან აზრის სრულყოფილად გადმოცემა.

სამ წლამდე მეტყველების დაყოვნება უკეთ ექვემდებარება კორექციას – რაც უფრო ადრე დაიწყება თერაპია, მით უკეთესი შედეგია მოსალოდნელი. ამიტომ თუ:

  • 6 თვის ასაკში ბავშვი არ ტიტინებს,
  • ერთი წლის ასაკში აქტიურად არ წარმოთქვამს ბგერებს,
  • ორი წლის ასაკში ვერ ამბობს სიტყვებს, –

ეს შესაძლოა მეტყველების განვითარების შეფერხების ნიშანი იყოს.

თუ დიაგნოზი დადასტურდა, უპირველესად, ვიწყებთ ზრუნვას რეცეფციული მეტყველების განვითარებისთვის – ბავშვს ვასწავლით ინსტრუქციების აღქმასა და გაგებას. მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ ექსპრესიული მეტყველების – აზრის ენობრივი ფორმით გადმოცემის – გაუმჯობესებაზე.

 როგორ მუშაობს

– მუსიკასა და ენას აქვს რამდენიმე საერთო მახასიათებელი: რიტმი, მელოდია, ტემბრი და ინტონაცია, – ამიტომ მუსიკალური აქტივობა მეტყველების განვითარებასაც უწყობს ხელს. მუსიკათერაპია ასტიმულირებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი.

1950-1960-იან წლებში ამერიკელმა კომპოზიტორმა პოლ ნორდოფმა და ბრიტანელმა პედაგოგმა კლაივ რობინსმა დაასაბუთეს, რომ მუსიკა აადვილებს აუტისტური დარღვევებისა და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების დახმარებას. მათ შექმნეს მუსიკაზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდები, რომლებიც დღესაც ფართოდ გამოიყენება.

ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიული მიდგომით, ბავშვი უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე და თანდათან იწყებს ხმების, სიტყვებისა და წინადადებების ფორმირებას. ასე მიიღწევა ისეთი მნიშვნელოვანი მიზნები, როგორიცაა ენობრივი უნარების განვითარება, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარება, ენობრივი ცნებების გაგება, სამეტყველო აპარატის გაუმჯობესება, სუნთქვის კონტროლი და ფონემების ან ფონემური კავშირების მიზანმიმართული გამოყენება. ამ მეთოდით მუშაობისას ვქმნით ისეთ მუსიკალურ გარემოს, სადაც ბავშვი ყოველგვარი ვერბალური მითითების გარეშე, უშუალოდ იმეორებს პროცესს. ბავშვმა თერაპევტი მუსიკალურ პარტნიორად რომ აღიქვას, ეს უკანასკნელი ისე ზის, რომ ბავშვის თვალები მისი თვალების დონეზე იყოს.

მუსიკათერაპიის ინსტრუმენტებია:

* რიტმული სავარჯიშოები – ხელს უწყობს ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებს შორის კავშირის გაძლიერებას, რაც მეტყველებას ააქტიურებს;

* სიმღერა და ფონემური სავარჯიშოები – ბავშვებს უადვილდებათ მოკლე წინადადებების წარმოთქმა, რაც კომუნიკაციის დაწყებას უწყობს ხელს. სიმღერისას ვითარდება სინტაქსის (სიტყვების წყობის) შეგრძნება, ლექსიკა, ენობრივი ნიმუშების აღქმის უნარი. სიმღერის რიტმი, ინტონაცია და პაუზები ბავშვებს სიტყვების ამოცნობასა და დამახსოვრებაში ეხმარება;

* მელოდიური მონახაზები – "გამარჯობა", "ნახვამდის" და სხვა სტრუქტურირებული ფრაზები მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომუნიკაციის დასაწყებად.

მუსიკა იქცევა ერთგვარ შუამავლად ბავშვსა და დანარჩენ ადამიანებს შორის. პირველ ეტაპზე ბავშვი მუსიკის საშუალებით იწყებს კომუნიკაციას, მერე კი თანდათან გადადის სიტყვიერ ურთიერთობაზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებს აქვთ სხვა კოგნიტიური, სოციალურ-ემოციური და აკადემიური სირთულეების განვითარების მაღალი რისკიც. მათ ასევე ხშირად აღენიშნებათ:

* მსხვილი მოტორიკის დარღვევა (კოორდინაციის პრობლემები, სხეულის აღქმის სირთულე);

* მოტორული დაგეგმვის (რის შემდეგ რა უნდა გაკეთდეს) სირთულე;

* წვრილი მოტორიკის პრობლემები, რომლებიც ხშირად ხდება შესამჩნევი ინსტრუმენტზე, მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრის დროს – ბავშვი თავდაპირველად მტევანს ან მუშტს ურტყამს კლავიშებს, თუმცა თერაპიის შედეგად ნელ-ნელა სწავლობს თითებით დაკვრას, განსაკუთრებით – საჩვენებელი თითის გამოყენებას, რაც მის მოძრაობას უფრო გააზრებულსა და კონტროლირებადს ხდის. დროთა განმავლობაში ბავშვი სხვა თითების გამოყენებასაც იწყებს. ეს დადებით გავლენას ახდენს მის მოტორულ განვითარებაზე.

მუსიკათერაპიის შედეგად:

* უმჯობესდება სუნთქვის კონტროლი და ვითარდება პირის კუნთები, რაც ხელს უწყობს სამეტყველო აპარატის განვითარებას.

* მუსიკა ხელს უწყობს მეტყველების ბუნებრივ დინებას, ასწავლის მოლაპარაკეს პაუზებისა და ინტონაციის სწორად გამოყენებას.

* მუსიკალური თამაშები და სიმღერები აადვილებს ახალი სიტყვების ათვისებას.

* მუსიკალურ აქტივობებში მონაწილეობით ბავშვი სწავლობს მოსმენას, გამოხატვასა და კომუნიკაციას.

* მუსიკათერაპია მატებს ბავშვს საკუთარი თავის რწმენას.

მუსიკა მეტყველებას არ აიძულებს – ის ბუნებრივად უბიძგებს ამ პროცესისკენ.

მუსიკათერაპია შედეგიანია:

* მეტყველების შეფერხების დროს;

* მუტიზმის (მეტყველების შეკავება, ხშირად – ფსიქოლოგიური ტრავმის ფონზე) დროს – მუსიკალური იმპროვიზაცია და ინსტრუმენტებზე დაკვრა ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ გახსნას და ალაპარაკებას;

* დისპრაქსიის (განვითარების კოორდინაციული დარღვევა, რომელსაც თან ახლავს მეტყველების სირთულეები) დროს;

* სოციალური კომუნიკაციის სირთულეების დროს;

* სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციისთვის სხვა მეთოდებთან ერთად – პაციენტები სწავლობენ სამყაროს აღქმას მუსიკით და შემდგომ უვითარდებათ მეტყველებაც;

* ლოგონევროზის (ენაბორძიკობის) დროს;

* აფაზიის დროს – ინსულტის ან თავის ტვინის დაზიანების შედეგად მეტყველებადაკარგულ ზრდასრულებთან;

* დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან – სიმღერა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ კომუნიკაციურ უნარებს.

მუსიკათერაპია განსაკუთრებით ეფექტურია აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან, რომლებსაც შესაძლოა უჭირდეთ თვალით კონტაქტის დამყარება, მაგრამ როცა ფორტეპიანოსთან სხდებიან და მუსიკაში ერთვებიან, ხშირად პირველივე ჯერზე ამყარებენ თერაპევტთან ასეთ კონტაქტს.

არსებობს რიტმული მეტყველების ვარჯიში, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ენაბორძიკობის, დიზართრიის (ცალკეული სიტყვების, მარცვლებისა და ბგერების გამოთქმის გაძნელება, მაგალითად, პარკინსონის დაავადების ფონზე) და მეტყველების აპრაქსიის დროს, როდესაც დარღვეულია სხეულის სამეტყველო ნაწილების მოძრაობის დაგეგმვა ან`და თანმიმდევრობა.

ენაბორძიკობის მქონე მოზარდებისთვის შემუშავებულია სპეციალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს:

  • მელოდიურ-ინტონაციურ სავარჯიშოებს – საუბრის ტემპისა და რიტმის რეგულაციისთვის;
  • მეტრონომის გამოყენებას – ეხმარება ბავშვს, ტემპისა და რიტმის კონტროლში, რაც მეტყველების გაწონასწორებას უწყობს ხელს;
  • დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას – განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ლოგონევროზი ემოციურ დაძაბულობასთან და სტრესთან არის კავშირში.

არის შემთხვევები, როდესაც ინსულტის შედეგად განვითარებული აფაზიის მქონე ადამიანი ერთ სიტყვას ძლივს ამბობს, მაგრამ მღერის იმ სიმღერებს, რომლებიც ადრე იცოდა. ამ დროს მელოდიურ-ინტონაციური თერაპია ხელს უწყობს დაკარგული უნარების ნაწილობრივ აღდგენას.

აღმოჩნდა, რომ მუსიკას შეუძლია, გააფართოოს თავის ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების უნარი, რაც, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს ზოგად უნარებზე,  ქცევაზე,  სენსორულ ინტეგრაციაზე (ტვინის მიერ შეგრძნებების მიღებაზე, გააანალიზებასა და რეაგირებაზე), კოორდინაციაზე. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მუზიცირებენ, როგორც მეტყველების, ისე კონცენტრაციის უკეთესი უნარები აქვთ.

_ მუსიკათერაპია საკმარისია თუ ის სხვა თერაპიების კომპლექსში უნდა ჩავრთოთ?

- ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ მუსიკათერაპიაც ძალიან ეფექტიანია. ათი სეანსის შემდეგ, თუ ბავშვის მეტყველების განვითარების დინამიკა პოზიტიურია, ვაგრძელებთ თერაპიის კურსს, სანამ მდგომარეობა მთლიანად არ გამოსწორდება. თუ პოზიტიური განვითარება არ შეინიშნება, ვვარაუდობთ, რომ ორგანულ ან რომელიმე სხვა სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე.

მუსიკათერაპიის ერთი კურსის შემდეგ ხშირად საჭირო ხდება მეტყველების თერაპევტის ჩართვაც. თუ ბავშვს ორალური მოტორული უნარების დაქვეითებაც აღენიშნება, შესაძლოა, დეფექტოლოგის (ლოგოპედის) დახმარებაც დასჭირდეს.

მეტყველების შეფერხებისას განსაკუთრებით ეფექტურია მულტიდისციპლინური მიდგომა. გარდა მეტყველების თერაპიისა, მნიშვნელოვანია კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია, ნეიროფსიქოლოგიური თერაპია, ფიზიკური თერაპია, მაგალითად, ბურთით თამაში, რადგან ხშირად ამ ბავშვებს კოორდინაციის დარღვევაც აღენიშნებათ. შესაძლოა, ბურთის უბრალო გადაგდება-დაჭერაც კი გაუჭირდეთ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მეტყველებისა და მოტორიკის განვითარება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

ინსტრუმენტები

– მუსიკათერაპიაში ფორტეპიანო ცენტრალური ინსტრუმენტია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დასარტყამი ინსტრუმენტები, მათ შორის – ჯემბე, აფრიკული დოლი. ბავშვს შეუძლია, თავად მოიფიქროს მუსიკალური თამაში. თუ იდეა არ აქვს, თერაპევტი შესთავაზებს უმარტივეს რიტმულ სავარჯიშოებს, რომლებსაც ხმოვანი იმპროვიზაცია მოჰყვება. ბავშვს შეუძლია, შეეხოს ინსტრუმენტის სხვადასხვა ნაწილს, დაარტყას, მოსინჯოს, რომელი ნაწილი რა ხმას გამოსცემს, აირჩიოს, რომელიც მოსწონს.

დრამსეტი (დოლები, თეფში) ავითარებს მოკლე წინადადებების ჩამოყალიბების უნარს. მაგალითად, ბავშვს შეუძლია, დოლზე რიტმული მონაკვეთი დაუკრას და თეფშით დაასრულოს, რაც მოკლე ფრაზის წარმოთქმის ტოლფასია. ამ ფრაზას დაკვრასთან ერთად ვმღერით. ხშირად მშობლები ამბობენ, რომ ბავშვი, რომელიც უშუალოდ მუსიკათერაპიის სეანსზე არ ამბობს ახალ სიტყვებს, ამ სიტყვებს მოგვიანებით შინ იმეორებს.

დასარტყამი ინსტრუმენტები უადვილებს ბავშვებს ემოციების რეგულაციას, განსაკუთრებით – ჰიპერაქტიურებს, რომლებიც ხშირად ქაოსურად უკრავენ. წინადადების ტემპისა და ლოგიკური წყობის ფორმირებაშიც ეხმარება – ყოველი დარტყმა წინადადების სიტყვას შეესაბამება და ბავშვი შეიგრძნობს ფრაზის დინამიკას, რიტმზე მუშაობით კი ყურადღების კონცენტრაციას ავარჯიშებს.

ჩასაბერი ინსტრუმენტები (საყვირი, ფლეიტა) მომდევნო ეტაპზე გამოიყენება. ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს პირის ღრუს კუნთების განვითარებას და აუმჯობესებს სუნთქვის კონტროლს. ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ ჩაბერვა, ხშირად სანთლის ჩაქრობაც კი არ გამოსდით, ამიტომ მათ სხვა სპეციალური სავარჯიშოები სჭირდებათ.

მეტყველების სირთულის მქონე ბავშვს ხშირად დაბალი თვითშეფასება აქვს, წარმატებული მუსიკალური აქტივობები კი მას თავდაჯერებას უნერგავს.

შინ

_ როგორ შეგვიძლია მუსიკის ყოველდღიურობაში ინტეგრირება, რათა ხელი შევუწყოთ ბავშვის მეტყველების განვითარებას?

– შინ მუშაობისას გამოგადგებათ:

* სიმღერით მოთხრობილი ისტორიები – სიმღერები, რომლებიც შეესაბამება ყოველდღიურ სიტუაციებს, ოჯახურ ამბებს, ბავშვის ინტერესებს;

* რიტმული სავარჯიშოები – დოლზე, ტამბურინზე ან სხვა ინსტრუმენტზე დაკვრა, წინადადებების რიტმულად წარმოთქმა და მღერა;

* ბავშვის თავისუფალი მუსიკალური ექსპრესია, მაგალითად, ფორტეპიანოზე. როცა პატარა დაკვრას ცდილობს, მშობლებმა მითითებები კი არ უნდა მისცენ, არამედ თავისუფლება მიანიჭონ, რათა ბავშვმა თვითონვე დაამყაროს ურთიერთობა მუსიკასთან;

* პირადი მაგალითი – ბავშვები დაკვირვებისა და იმიტაციის გზით ვითარდებიან, ამიტომ თუ მშობელი თავად უკრავს ან მღერის, ბავშვი მას მიბაძავს;

* სტაფილოს, ვაშლის, კიტრის ღეჭვა პირის ღრუს გასავარჯიშებლად.

მუსიკათერაპიის უდიდესი უპირატესობა ის არის, რომ ბავშვებისთვის სასიამოვნო და სახალისო პროცესია – თამაშის ელემენტებით, ძალდაუტანებლად მიმდინარეობს და  ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას შედარებით მოკლე დროში. 

მეტყველებისა და ენის განვითარების ეტაპები

ნორმები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის

დაბადებიდან 5 თვემდე

* ღუღუნებს.

* სიამოვნებისა და უკმაყოფილების გამომხატველ ხმებს გამოსცემს (იცინის, ხითხითებს, ტირის, წმუკუნებს).

* როცა ელაპარაკებიან, ხმაურით რეაგირებს.

6-11 თვე

* ესმის "არა".

* ტიტინებს, იმეორებს მარცვლებს ("ბა-ბა-ბა").

* წარმოთქვამს მარცვლებს "მა-მა" ან "და-და" მათთვის მნიშვნელობის მინიჭების გარეშე.

* ცდილობს ჟესტებით კომუნიკაციას.

* ცდილობს, გაიმეოროს თქვენ მიერ გამოცემული ბგერები.

* ამბობს პირველ სიტყვას.

12-17 თვე

* პასუხობს მარტივ კითხვებს სხეულის ენით.

* 2-3 სიტყვით აღწერს ადამიანს ან საგანს (თუმცა შესაძლოა, სიტყვებს არაზუსტად წარმოთქვამდეს).

* ცდილობს მარტივი სიტყვების გამეორებას.

* აქტიურად იყენებს 4-6 სიტყვას.

18-23 თვე

* მისი ლექსიკონი დაახლოებით 50 სიტყვისგან შედგება, თუმცა გამოთქმა ხშირად გაურკვეველია

* ასახელებს საჭმელს, რომელსაც ითხოვს;

* გამოსცემს ცხოველების ხმებს, მაგალითად, "მუუუ".

* იწყებს სიტყვების კომბინირებას, მაგალითად, "კიდე მინდა".

* იწყებს ნაცვალსახელების გამოყენებას, მაგალითად, "ჩემი".

* იყენებს ორსიტყვიან ფრაზებს.

2-3 წელი

* ესმის სივრცითი კონცეფციები ("-ში", "-ზე")

* იცის ნაცვალსახელები ("შენ", "მე", "ის").

* იცის აღწერითი სიტყვები ("დიდი", "ბედნიერი").

* იყენებს სამსიტყვიან წინადადებებს.

* მისი მეტყველება უფრო გასაგებია, თუმცა შესაძლოა, გამოტოვოს სიტყვის ბოლო ბგერები. უცხოსთვის მისი მეტყველება დიდწილად შესაძლოა გაუგებარი იყოს.

* პასუხობს მარტივ კითხვებს.

* იყენებს კითხვით ინტონაციას რამის მოთხოვნისას, მაგალითად, "ჩემი ბურთი?!"

* იწყებს მრავლობითი რიცხვისა ("მომე ფანქრები") და წარსული დროის ("მე ვითამაშე") გამოყენებას.

3-4 წელი

* ჯგუფებად აერთიანებს საგნებს, მაგალითად, საჭმელს, ტანსაცმელს.

* ცნობს ფერებს

* მეტყველებისას იყენებს ბგერათა უმეტესობას, თუმცა შესაძლოა, ძნელად წარმოსათქმელ ზოგიერთ ბგერას ამახინჯებდეს.

* უმეტესად გასაგებად ლაპარაკობს, თუმცა რთული სიტყვები ან წინადადებები შესაძლოა გაუგებარი აღმოჩნდეს უცხო ადამიანისთვის.

* შეუძლია აღწეროს, რა მიზნით გამოიყენება ესა თუ ის ნივთი.

* სიამოვნებს ენით თამაში, უყვარს ლექსები და ენაში არსებული აბსურდული ფრაზები.

* გამოთქვამს იდეებს, გამოხატავს გრძნობებს.

* პასუხობს მარტივ კითხვებს. მაგ., "რას აკეთებ, როცა გშია?"

* იმეორებს წინადადებებს.

4-5 წლამდე

* ესმის სივრცითი კონცეფციები ("უკან", "გვერდით").

* ესმის რთული შეკითხვები.

* მეტყველებს გასაგებად, თუმცა შესაძლოა, შეცდომით გამოთქვამდეს გრძელ ან ძნელად წარმოსათქმელ სიტყვებს (მაგ., "ჰიპოპოტამი").

* შეუძლია აღწეროს, როგორ უნდა გააკეთოს რაღაც, მაგალითად, როგორ უნდა დახატოს სურათი.

* შეუძლია სხვადასხვა კატეგორიის საგანთა სახელების დაჯგუფება, მაგალითად, ცხოველების, მანქანების.

* პასუხობს "რატომ?" შეკითხვებს და თავადაც  სვამს.

5 წელი

* ესმის თანმიმდევრობა (მაგ., შეუძლია მოჰყვეს, რა მოხდა ჯერ და რა – მერე).

* ასრულებს სამნაწილიან ინსტრუქციას.

* შეუძლია რითმის (მაგ., ბალახი – ტალახი) აღქმა.

* ერთვება დიალოგებში.

* შეუძლია 8- ან მეტსიტყვიანი წინადადებების აგება.

* იყენებს შერწყმულ და რთულ წინადადებებს

* აღწერს საგნებს

* შეუძლია ისტორიების გამოგონება.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: