როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ გლუკომეტრი - პრაქტიკული რჩევები
Поделитесь:
გლუკომეტრის, სისხლში გლუკოზის დონის საზომი ხელსაწყოს, გამოგონება შაქრიანი დიაბეტის ისტორიაში ინსულინის აღმოჩენის შემდეგ უმნიშვნელოვანეს მოვლენად არის აღიარებული. დღეს, როდესაც გლუკომეტრი დიაბეტით დაავადებულთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია, ძნელი წარმოსადგენია, რომ სისხლში შაქრის დონის გაზომვა და რეგულირება ოდესღაც შეუძლებლად მიიჩნეოდა.
გლუკომეტრსა და მისი გამოყენების წესებზე კლინიკა “მარმედის” ექიმი ენდოკრინოლოგი ელგა გიორგაძე გვესაუბრა:
– გლუკომეტრი მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას ზომავს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს ის კლინიკის გარეთ გლიკემიის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობას აძლევს. სახლის პირობებში გლუკოზის დონის თვითკონტროლი დიაბეტის ეფექტური მართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
რა საჭიროა გლუკოზის მონიტორინგი
– განურჩევლად კვებისა და ფიზიკური აქტივობის რეჟიმისა, მარეგულირებელი მექანიზმების გამართული მუშაობის წყალობით ჯანმრთელი ადამიანი გლუკოზის შემცველობას სტაბილურად ინარჩუნებს ნორმის ფარგლებში, დიაბეტის დროს კი ეს მექანიზმები მწყობრიდან გამოდის და სისხლში შაქრის დონის რეგულირება საკუთარი ძალებით ვეღარ ხერხდება.
გლუკოზის ხშირი გეგმური კონტროლი ერთადერთი გზაა იმის დასადგენად, როგორ მოქმედებს კვება, ფიზიკური აქტივობა, მედიკამენტები გლიკემიის მაჩვენებლებზე და რა შეიძლება იწვევდეს ჰიპერგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის ზედმეტად აწევას) ან ჰიპოგლიკემიას (ზედმეტად დაწევას), ამის ცოდნა კი შესაძლებლობას გვაძლევს, გავაანალიზოთ სხეულზე სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედება და დავგეგმოთ მომდევნო ნაბიჯები დაავადების ეფექტური მართვისთვის.
გლუკომეტრის გამოყენება
– დღეს ბაზარზე გლუკომეტრების ფართო არჩევანია. მისი მოდელები ფორმით, ზომით, საჭირო სისხლის რაოდენობით, მეხსიერების მოცულობით და სხვა პარამეტრებით განსხვავდება ერთმანეთისგან.
გლუკომეტრის შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ვაქცევთ, როგორ ელემენტზე მუშაობს აპარატი, მართალია, მრავალჯერადი გამოყენების (მათი დამუხტვა შესაძლებელია ელექტროდენით) ელემენტის მქონე გლუკომეტრი უფრო ძვირი ღირს, თუმცა ასეთი აპარატის შეძენით მომავალში თავიდან აიცილებთ ერთჯერადი ელემენტების მუდმივი ცვლისთვის საჭირო ხარჯს.
როცა ჩართულია თარიღისა და დროის რეჟიმი, თანამედროვე გლუკომეტრები იმახსოვრებენ 500-დან 900-მდე ტესტის შედეგს. მოდელების უმრავლესობა ითვლის და ინახავს 7, 14, 30 დღის საშუალო მონაცემებს. ზოგიერთ გლუკომეტრს აქვს მაღვიძარას ფუნქციაც, რომელიც პაციენტს შეახსენებს, რომ ტესტის დრო მოვიდა და ამგვარად რუტინის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტებისთვის გლუკოზის გაზომვასთან ერთად საჭიროა კეტონების მონიტორინგიც, ამის შესაძლებლობა კი ყველა გლუკომეტრს არ აქვს. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია მიკრო-USB პორტითა და ბლუთუზით, რაც უზრუნველყოფს კომპიუტერსა და სხვა ციფრულ მოწყობილობებზე მონაცემთა სწრაფ გადაცემას. თანამედროვე გლუკომეტრების უმრავლესობა ბოლო მოქმედებიდან ორ წუთში ავტომატურად ითიშება, რითაც თავიდან გვაცილებს ელემენტის უმიზნო ხარჯვას.
აპარატს მოჰყვება:
* საჩხვლეტი კალამი, რომლითაც იღებენ თითიდან სისხლის ნიმუშს;
* ერთჯერადი ლანცეტები (ნემსები ჩხვლეტისთვის);
* ტესტჩხირები – სპეციალური ერთჯერადი ფირფიტები, რომლებზეც სისხლის ნიმუში თავსდება. გლუკომეტრის ყველა მოდელს თავისი ტესტჩხირები სჭირდება. გლუკოზისა და კეტონების განსაზღვრა სხვადასხვა ტიპის ტესტჩხირებით ხდება.
სისხლში შაქრის შემცველობის გაზომვა შემდეგ საფეხურებს მოიცავს:
* ხელებს ვიბანთ თბილი წყლით და კარგად ვიმშრალებთ.
* ტესტჩხირს ვათავსებთ გლუკომეტრის აპარატში.
* ახალ (გამოუყენებელ) ლანცეტს ვამაგრებთ საჩხვლეტ კალამს.
* საჩხვლეტ კალამზე ვარჩევთ ჩხვლეტის სიღრმეს. საწყის ეტაპზე შეიძლება მე-2 ან მე-3 ნიშნულზე დაყენება. თუ საკმარისი რაოდენობის სისხლი ვერ იქნა მიღებული, მომდევნო ჯერზე ჩხვლეტის სიღრმე შეიძლება გაიზარდოს; თუ ჩხვლეტა მეტისმეტად მტკივნეული აღმოჩნდა – პირიქით, შემცირდეს.
* სისხლის წვეთი უნდა შეეხოს ტესტჩხირს და გადავიდეს მასზე იმ ადგილას, სადაც სპეციალური ნიშნულია.
რამდენიმე წამში ეკრანზე დაეწერება გაზომვის შედეგად მიღებული მაჩვენებელი.
აპარატზე შეიძლება დაყენებული იყოს ორი საერთაშორისო ერთეულიდან ერთ-ერთი: მმოლ/ლ ან მგ/დლ. მათი კონვერტაციისთვის გამოიყენება შემდეგი წესი:
* მგ/დლ-ებში გადასაყვანად მმოლ/ლ-ებში მიღებული მაჩვენებელი მრავლდება 18-ზე.
* მმოლ/ლ-ებში გადასაყვანად მგ/დლ-ების მაჩვენებელი იყოფა 18-ზე.
მაჩვენებლების ინტერპრეტაცია
– რით განსხვავდება გლიკემიის ლაბორატორიული ანალიზის შედეგი გლუკომეტრით მიღებული შედეგისგან?
– გლუკომეტრით გლიკემიის გასაზომავად გამოიყენება კაპილარული სისხლი სრული შემადგენლობით, ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე, ხოლო ლაბორატორიული ტესტირება ტარდება ვენურ სისხლზე, რომელსაც, ამასთანავე, შორდება სისხლის წითელი უჯრედები და გამოსაკვლევად რჩება შრატი`პლაზმა. ცხადია, ლაბორატორიული ტესტირება უფრო ზუსტია, თუმცა ეს ოდნავაც არ ამცირებს გლუკომეტრის მნიშვნელობას: ის არაჩვეულებრივად ართმევს თავს თავის მოვალეობას – ეხმარება დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანს, მიიღოს ყოველდღიური გადაწყვეტილებები კვების, ფიზიკური აქტივობის, მედიკამენტების გამოყენების შესახებ.
ამ ორი მეთოდით მიღებულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა შესაძლოა 15-20% იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ გლუკომეტრით მიღებული შედეგი ზუსტია. მაგალითად, თუ ლაბორატორიულად მიღებული მაჩვენებელია 100 მგ/დლ, გლუკომეტრი კი 85 მგ`დლ-ს ან 115 მგ/დლ-ს აჩვენებს, ISO-ს (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) შეფასების კრიტერიუმით, გლუკომეტრის მონაცემები შეცდომად არ ჩაითვლება.
– რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ გლუკომეტრი?
– გლიკემიის თვითკონტროლის სიხშირის თაობაზე რეკომენდაციას გასცემს ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. გასათვალისწინებელია დიაბეტის ტიპი, რა მედიკამენტებით მიმდინარეობს დაავადების მართვა და სხვა დამატებითი ფაქტორები.
პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, გლუკოზის გაზომვა შესაძლოა საჭირო იყოს დღეგამოშვებით, დღეში ერთხელ ან დღეში რამდენიმეჯერ. ტესტირების სტანდარტული დროებია ჭამის წინ და ჭამიდან 2 საათის შემდეგ. ზოგჯერ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს ძილის წინ გაზომვასაც.
დიაბეტიან პირს, განსაკუთრებით – ინსულინოთერაპიაზე მყოფს, შესაძლოა გლიკემიის დამატებითი კონტროლი დასჭირდეს:
- ფიზიკური დატვირთვის დაწყებამდე და უშუალოდ დატვირთვისას;
- ყველა ისეთ სიტუაციაში, როცა ეჭვია ჰიპოგლიკემიაზე;
- ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შემდეგ, ვიდრე შაქარი ნორმულ მაჩვენებელს არ დაუბრუნდება;
- ისეთი მოქმედებების შესრულებამდე და`ან შესრულების დროს, როგორიცაა, მაგალითად მანქანის მართვა.
სასურველია, დიაბეტის მართვის პროცესში პაციენტმა აწარმოოს დღიური, რომელშიც გლიკემიის ყოველდღიურ მაჩვენებლებს ჩაიწერს, მერე კი მკურნალ ექიმთან ერთად განიხილავს არის თუ არა საჭირო დაავადების მენეჯმენტში ცვლილებების შეტანა.
გლუკომეტრის მაჩვენებლების საზღვრები
– გლიკემიის საზღვრები, რომელთა დაფიქსირებაც გლუკომეტრების უმეტესობას შეუძლია, 20-დან 600 მგ/დლ-მდეა.
როცა სისხლში შაქრის მაჩვენებელი 20 მგ/დლ-ზე ნაკლებია, გლუკომეტრზე ჩნდება სიმბოლო LO (ინგლისური სიტყვიდან low – დაბალი), ხოლო როცა 600 მგ/დლ-ზე მაღალია – სიმბოლო HI. (ინგლისური სიტყვიდან high – მაღალი). ორივე მათგანი მიანიშნებს, რომ ვითარება კრიტიკულია და დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს.
რეკომენდაციები გლუკომეტრის ეფექტური გამოყენებისთვის
ალბათ ბევრს აინტერესებს, როგორ შეიძლება ტკივილისა და დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირება გლუკომეტრის გამოყენების პირობებში და მაჩვენებლის მაქსიმალური სიზუსტის უზრუნველყოფა.
* უშუალოდ გაზომვის წინ დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით. თბილი წყალი ხელს შეუწყობს თითებისკენ სისხლის მიდენას. ამავე მიზნით შეგიძლიათ, გაზომვის წინ აამუშაოთ და მსუბუქად გაავარჯიშოთ ხელი. გარდა ამისა, ხელების დაბანით თავიდან აიცილებთ ცრუ მაღალ შედეგს, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს თითებზე შერჩენილმა საკვების ნაწილაკებმა. თუ მოცემულ მომენტში ხელების დაბანა შეუძლებელია, უმჯობესია, პირველი წვეთი ფაქიზად მოიწმინდოთ და ტესტჩხირზე დაიტანოთ მეორე წვეთი, სხვა შემთხვევაში კი გაზომვა პირველი წვეთითაც შეიძლება.
მრავალ ინსტრუქციაში შედის საჩხვლეტი ადგილის სპირტით გაწმენდა, მაგრამ სპირტი აშრობს და აუხეშებს კანს, ამან კი შესაძლოა უფრო მტკივნეული გახადოს ჩხვლეტის პროცესი, ამიტომ ეს საფეხური შეიძლება უგულებელვყოთ.
როგორც წყლის, ისე სპირტის გამოყენების შემთხვევაში გაზომვის მომენტში თითი უნდა იყოს სრულიად მშრალი.
ტკივილის შესამცირებლად საჩხვლეტი კალამი ზედმიწევნით მჭიდროდ უნდა მიებჯინოს კანს და ღილაკს სწრაფად, ყოყმანისა და შეყოვნების გარეშე დაეჭიროს ხელი, რადგან რაც უფრო ნელა შედის ნემსი კანში, მით უფრო მტკივნეულია პროცესი.
თუ ჩხვლეტა მუდმივად მტკივნეულია, შესაძლოა, კალამზე დაყენებული მაჩვენებელი შესამცირებელი იყოს. უნდა შეირჩეს პუნქციის (ანუ ჩხვლეტის) ისეთი სიღრმე, რომ მინიმალური ინვაზით მივიღოთ საჭირო რაოდენობის სისხლი.
ყოველ ჯერზე საჭიროა ახალი ლანცეტის გამოყენება, რადგან ეს ნემსი ძალიან წვრილია, ერთი ჩხვლეტითაც ბლაგვდება და მისი ხელმეორე გამოყენება გაცილებით მტკივნეული იქნება. დაუშვებელია, ოჯახის სხვადასხვა წევრმა ერთი და იგივე ლანცეტი გამოიყენოს.
სასურველია, ჩხვლეტა მოხდეს თითის წვერის გვერდითა ნაწილებზე, რადგან აქ უფრო ღარიბია ნერვული ქსელი, თითის ბალიში კი უხვად არის მომარაგებული ნერვული დაბოლოებებით, რაც ამ ადგილას პუნქციას უფრო მტკივნეულს ხდის.
მუდმივად ცვალეთ თითები და საჩხვლეტი ადგილები თითებზე. შესაძლოა, ერთსა და იმავე თითზე ჩხვლეტა უფრო მოხერხებული იყოს; სამაგიეროდ, ყოველ ჯერზე სხვადასხვა თითის გამოყენებით კანს მთლიანობის აღდგენას გავუადვილებთ, თავიდან ავიცილებთ ადგილობრივ გართულებებს და გლუკოზის გაზომვის პროცესიც უფრო უმტკივნეულო იქნება.
აუცილებელია ტესტჩხირების შენახვის წესებისა და ვადების გაცნობა და დაცვა, რადგან ვადაგასული და დაზიანებული ტესტჩხირი, წესისამებრ, არასწორ მაჩვენებლებს იძლევა.
ისტორიული ცნობები
გლუკომეტრის ისტორია დაიწყო 1963 წელს, როცა ერნესტ ადამსმა შექმნა დექსტროსტიქსი – ქაღალდის თხელი ფირფიტა, რომელიც გლუკოზასთან ურთიერთქმედების შედეგად ლურჯად იღებებოდა. ფერის ინტენსივობა გლუკოზის კონცენტრაციაზე იყო დამოკიდებული, ხოლო შედეგის ინტერპრეტაცია ფერთა ცხრილის მიხედვით ხდებოდა. ამ მეთოდით გლუკოზის რაოდენობის ზედმიწევნით განსაზღვრა ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო.
1970 წელს ენტონ კლემენსმა პირველი გლუკომეტრი ააწყო. მოწყობილობას ჰქონდა ნემსი, რომელიც ქაღალდის ფირფიტიდან (დექსტროსტიქსიდან) არეკლილი ლურჯი შუქის ინტენსივობაზე მიუთითებდა და სისხლში გლუკოზის რაოდენობას ზუსტი რიცხვითი მნიშვნელობით გამოსახავდა. ეს აპარატი 3 გირვანქას იწონიდა და 650 დოლარი ღირდა. თავდაპირველად მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ექიმებს ჰქონდათ. რიჩარდ კ. ბერნსტეინი იყო პირველი პაციენტი, რომელმაც შინ დამოუკიდებლად დაიწყო გლუკოზის დონის კონტროლი. ხელსაწყო მან ექიმი მეუღლის სახელზე შეიძინა და რამდენიმე ცდისა და შეცდომის შემდეგ შეადგინა რაციონი, რომლითაც სისხლში შაქრის შემცველობის უსაფრთხო დონეზე შენარჩუნება შეეძლო.
რიჩარდმა თავისი გამოცდილება წერილობით აღწერა და რამდენიმე სამედიცინო გამოცემას გაუგზავნა, მაგრამ, ვინაიდან ექიმის დიპლომი არ ჰქონდა, სტატიის გამოქვეყნებაზე უარი უთხრეს. ბერნსტეინი იძულებული გახდა, 45 წლის ასაკში სამედიცინო სასწავლებელში ჩაებარებინა და მოგვიანებით, უკვე სერტიფიცირებულმა ექიმმა, უდიდესი წვლილი შეიტანა კლემენსის გლუკომეტრით გლუკოზის თვითმონიტორინგის დანერგვაში.
მარი მარღანია







