როგორ შევარჩიოთ ბლენდერი
გააზიარე:
სმუზი, ჰუმუსი, კრემ-სუპი, სოუსი, პესტო... თუ კრემისებური კონსისტენციის კერძის მომზადებას აპირებთ, ბლენდერი საქმეს ძალიან გაგიადვილებთ.
ბლენდერების ასორტიმენტი ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა. გამოდის სხვადასხვა სიმძლავრის, მოცულობის, ღირებულების მოდელები. თუ ამ ხელსაწყოს შეძენას გადაწყვეტთ, არჩევანის გაკეთებაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.
რა არის და როგორ მუშაობს
ბლენდერს შეუძლია ათქვეფა, დაფქვა, მოხარშული ხორცისა და ბოსტნეულის პიურედ ქცევა. ის ძალიან მოხერხებულია, როდესაც რამდენიმე ინგრედიენტისგან ერთგვაროვანი მასის მომზადება გჭირდებათ.
ბლენდერი ორი ნაწილისგან შედგება: დასადგმელი ბლოკისა და მოსახსნელი კონტეინერისგან, რომელსაც ქვედა ნაწილში დანა აქვს ჩამონტაჟებული. ელექტროძრავა ბლოკშია მოთავსებული და, მოდელის მიხედვით, სხვადასხვა სიმძლავრისაა.
ინგრედიენტებს კონტეინერში ყრიან და შესაბამისი ოდენობის სითხეს ასხამენ. დანის სწრაფი მოძრაობა შეწოვის ეფექტს ქმნის. შედეგად დაბლენდერებული მასა კონტეინერის ზემოთა ნაწილში ადის, შემრევი კი ავტომატურად ჩადის ქვემოთ, რაც საკვების თანაბარ შერევას უზრუნველყოფს. დაბლენდერების დრო და მიღებული მასის კონსისტენცია მოდელის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
რა და რა სახისა არსებობს
ფუნქციების მიხედვით ბლენდერები შეიძლება დაიყოს ორ ტიპად:
- კლასიკურ ბლენდერებად;
- სმუზის მოსამზადებელ ბლენდერებად.
კლასიკური ბლენდერი
კლასიკური ბლენდერით შეგიძლიათ ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის დაბლენდერება და სხვადასხვა კერძისა თუ დესერტის: სუპის, პიურეს, შეიკის, სმუზის, – მომზადება. ამ ტიპის ბლენდერები უმთავრესად ძრავის სიმძლავრით განსხვავდება ერთმანეთისგან.
სმუზის მოსამზადებელი ბლენდერი
სმუზის მოსამზადებლად განკუთვნილ ბლენდერს, სმუზიმეიქერს, მხოლოდ სმუზის მომზადება შეუძლია. კლასიკური ბლენდერისგან განსხვავებით, მისი დანა დამონტაჟებულია არა კონტეინერის ძირში, არამედ სახურავზე, ხოლო კონტეინერი თავდაყირა ემაგრება ძრავას. გარდა მცირე სიმძლავრისა, მისი ნაკლია ისიც, რომ სისტემა მთლიანად დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში ინგრედიენტებს ვერ დაამატებთ. ამ ტიპის მოდელები კლასიკურზე იაფია.
სმუზიმეიქერს ხშირად მოჰყვება მეორე თავსახური, რაც საშუალებას გვაძლევს, კონტეინერი სასმელ ჭურჭლად გამოვიყენოთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენისას
რას ვამზადებთ
რაც უფრო მკაფიოდ გეცოდინებათ, რის მოსამზადებლად გამოიყენებთ ყველაზე ხშირად ბლენდერს, მით უფრო გაგიადვილდებათ თქვენი საჭიროებისთვის შესაფერისი მოდელის შერჩევა. მაგალითად, თუ მხოლოდ სმუზის მომზადებას აპირებთ, შედარებით დაბალფასიანი სმუზიმეიქერიც გეყოფათ, მაგრამ თუ გურმანი ბრძანდებით და სამზარეულოში ტრიალი გიყვართ, უმჯობესია, მაღალი სიმძლავრის ბლენდერზე შეაჩეროთ არჩევანი.
სიმძლავრე
სიმძლავრეზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებს თავის ფუნქციას ბლენდერი. რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო სასიამოვნო კონსისტენციისა გამოვა კერძი. მაგალითად, მაღალი სიმძლავრის ბლენდერს შეუძლია, ბოსტნეული და ხილი, თუნდაც გაუფქცვნელი, თხელ, კრემისებურ პიურედ აქციოს, სუსტი ძრავის მქონე მოწყობილობამ კი ამ ამოცანას შესაძლოა სათანადოდ ვერ გაართვას თავი და თხელი, ნაზი სმუზის ნაცვლად ფაფის კონსისტენციის, უხეში ნაწილაკების შემცველი მასა მიიღოთ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიმძლავრე ხელსაწყოს ზომას შეესაბამებოდეს. მაგალითად, 500 მლ მოცულობის კონტეინერიანი ბლენდერი გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე 2 000 მლ-იანი კონტეინერის მქონე. ბლენდერის სიმძლავრე, ჩვეულებრივ, 300-დან 2500 ვატამდეა.
სიჩქარე
მოდელების უმეტესობას სიჩქარის, სულ მცირე, სამი დონე აქვს. რაც უფრო სწრაფად ბრუნავს დანა, მით უფრო ხარისხიანად აქუცმაცებს ის საკვებს და მით უფრო ფაფუკია დაბლენდერებული მასა. ბლენდერების უმეტესობის დანის ბრუნვის სიჩქარე წუთში 20 000-დან 30 000 ბრუნია, თუმცა არსებობს ისეთი მოდელებიც, რომელთა მაჩვენებელი 45 000-საც კი აჭარბებს.
ზოგიერთ მოდელს აწერია მუშაობის მაქსიმალური დრო, ესე იგი, რამდენ ხანს შეუძლია ბლენდერს შეუსვენებლად მუშაობა მაღალ სიჩქარეზე. თუ მითითებულ დროს გადააჭარბეთ, შესაძლოა, ბლენდერი მწყობრიდან გამოვიდეს.
დანა
რამდენად ეფექტურად დაამუშავებს ბლენდერი საკვებს, დამოკიდებულია არა მხოლოდ სიმძლავრეზე, არამედ დანების სისტემაზეც. დანების სისტემის შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით შეიძლება: რაც უფრო მეტი დანაა სისტემაში, მით უფრო სწრაფად და საფუძვლიანად ქუცმაცდება საკვები. კიდევ უფრო ეფექტურია ბლენდერი, რომელშიც დანის პირები ვარსკვლავისებურად არის განლაგებული. ასეთი სისტემა ყოველი მხრიდან ჭრის საკვებს და უფრო სწრაფად და ხარისხიანად ამუშავებს. მოდელების უმეტესობას უჟანგავი ფოლადის დანა აქვს.
გაცილებით მოხერხებულია მოდელები, რომლებშიც დანა არა ამაღლებულ ადგილზე, არამედ პირდაპირ სიბრტყეზეა დამონტაჟებული. ასეთ ბლენდერში ინგრედიენტები განუწყვეტლივ მოძრაობს და დანის ქვეშ არ გროვდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანის პირებსა და კონტეინერის კიდეს შორის დიდი მანძილი არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალა არათანაბრად გადანაწილდება, რაც ხელსაწყოს ეფექტურობაზეც აისახება – დაბლენდერებული მასა არაერთგვაროვანი გამოვა.
ტევადობა
ტევადობა იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რა დანიშნულებით გამოიყენებთ ხელსაწყოს ან რამდენი ადამიანისთვის მოამზადებთ კერძს. თუ აპირებთ, ხშირად მოამზადოთ სმუზი ან წვნიანი, მაგალითად, კრემ-სუპი, შედარებით დიდი ტევადობის – არანაკლებ ორი ლიტრი მოცულობის – კონტეინერი დაგჭირდებათ, თუ მხოლოდ საწებლების მოსამზადებლად გინდათ, მცირე ტევადობისაც გეყოფათ. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენად შეესაბამება ტევადობა მოწყობილობის სიმძლავრეს. უხეში გამოთვლით, ერთი მილილიტრი ერთი ვატის ეკვივალენტურია. მაშასადამე, თუ მოწყობილობის სიმძლავრე 1000 ვატია, მისი ოპტიმალური ტევადობა 1000 მილილიტრი იქნება.
მასალა
არჩევანის გაკეთება პლასტმასასა და მინას შორის მოგიწევთ. ორივე მასალას აქვს პლუსებიც და მინუსებიც. პლასტმასის კონტეინერიანი მოწყობილობები უფრო იაფი და მსუბუქია. მეორე მხრივ, ასეთი კონტეინერები ნაკლებხარისხიანი და ნაკლებად გამძლეა. დროთა განმავლობაში შესაძლოა ბოსტნეულმა მას ფერი შეუცვალოს, რასაც აღარაფერი ეშველება.
გარდა ამისა, პლასტმასისგან დამზადებული სამზარეულოს ტექნიკა ხშირად შეიცავს პლასტიზატორებს – ნივთიერებებს, რომლებიც მოქნილობას ანიჭებს პლასტმასას, მაგრამ ჯანმრთელობისთვის მავნეა. მათი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წარმომადგენელია ბისფენოლი A (BPA). პლასტმასას გაცხელებისას ის შესაძლოა საკვებში გადავიდეს, ორგანიზმში შეაღწიოს და საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ პლასტმასის კონტეინერიანი მოწყობილობის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს. ზედ უნდა ეწეროს "BPA-ფრეე" ან "პლასტიზატორების გარეშე".
მინის კონტეინერი უფრო ხარისხიანიცაა და უფრო ჰიგიენურიც. მისი კიდევ ერთი ღირსება ის არის, რომ მინა მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს, თუმცა პლასტმასაზე მძიმეა და ადვილად ტყდება.
სადგამი
ბლენდერის მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მაღალი სიმძლავრისაა, თან ახლავს ძლიერი ვიბრაცია, ამიტომ ხელსაწყო მყარად უნდა იდგეს სამუშაო ზედაპირზე. სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უმჯობესია, ძრავის ბლოკს რაც შეიძლება ფართო და ბრტყელი ძირი ჰქონდეს. მნიშვნელოვანია წონაც – რაც უფრო მძიმეა მოწყობილობა, მით უფრო უსაფრთხოა. მუშაობის პროცესში მოცურების თავიდან ასაცილებლად ხელსაწყოს უნდა ჰქონდეს რეზინის ძირი ან რეზინის ფეხები.
მეტი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, ბლენდერი აღჭურვილი იყოს მექანიზმით, რომელიც ხელს შეუშლის მის ჩართვას, თუ კონტეინერი და ძრავის ბლოკი სწორად არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
მართვის პანელი
ბლენდერი, რომელიც რამდენიმე პროგრამით არის აღჭურვილი ან სიმძლავრის რამდენიმე დონე აქვს, სპეციალური პანელით იმართება. დისპლეი და ღილაკები ბლენდერის ბლოკზეა მოთავსებული. რაც უფრო ნაკლებია ღილაკი, მით უფრო ადვილია ხელსაწყოს მართვა. ღილაკების სიმრავლე მუშაობას ართულებს.
ხმაურის დონე
მოდელების უმეტესობა მუშაობისას 70-დან 90 დეციბელამდე ძალით ხმაურობს. რაც უფრო მძლავრია ბლენდერი, მით უფრო ხმაურიანია.
როგორ გავწმინდოთ
დანის ბასრი პირების გამო კონტეინერის გაწმენდა არც ისე ადვილია, თუმცა ზოგიერთ მოდელს დანების სისტემა ეხსნება. თუ დანა არ იხსნება, მის გასარეცხად გრძელი, მაგალითად, ბოთლის სარეცხი ჯაგრისი გამოიყენეთ ან კონტეინერში სამ მეოთხედზე ჩაასხით თბილი წყალი, ჩაამატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ბლენდერი რამდენიმე წუთი ამუშავეთ. ამგვარად მიუდგომელ ადგილებში ჩარჩენილი ნარჩენებიც მოსცილდება. მერე კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში.
წვალება არ დაგჭირდებათ, თუ ბლენდერს გამოყენებისთანავე გარეცხავთ. თუ საკვების ნარჩენები მიახმა, გარეცხვა გაგიჭირდებათ.
ნუ გარეცხავთ ბლენდერის ნაწილებს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, თუ შეფუთვაზე ამის შესაძლებლობა არ არის მითითებული.
ძრავის ბლოკი თბილ წყალში დასველებული და კარგად გაწურული რბილი ტილოთი გაწმინდეთ.
ხშირად დასმული კითხვები
რისი მომზადება შეიძლება ბლენდერში?
ერთი შეხედვით, ბლენდერი მხოლოდ კრემისებრი კონსისტენციის საკვების – სმუზისა და პიურეს – მოსამზადებლად არის განკუთვნილი. სინამდვილეში მისი გამოყენება შეიძლება:
* კრემ-სუპის,
* პესტოსა და სხვა საწებლების,
* თხილის მუსის,
* შეიკის,
* კოქტეილის,
* ნაყინის,
* ფაფების მოსამზადებლად,
* შვრიის ან ხორბლის დასაფქვავად.
შეიძლება თუ არა ბლენდერში თხილის დაქუცმაცება?
დიახ, მოდელების უმეტესობა თხილის დასაქუცმაცებლადაც გამოგადგებათ. მთავარია, სიმძლავრე, სულ მცირე, 1000 ვატი იყოს, ხოლო დანების ბრუნვის სიჩქარე წუთში 15 000 ბრუნს მაინც აღწევდეს.
რომელი ჯობია
ბლენდერი თუ წვენსაწური?
ორივეს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ბლენდერი ხილსა და ბოსტნეულს მთლიანად – კანიანად, თესლიანად და რბილობიანად – ამუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბლენდერებულ მასაში მეტი საკვები ნივთიერება რჩება, ხოლო წვენსაწური მყარ და თხევად კომპონენტებს აცალკევებს, შესაბამისად, პროდუქტში შემავალ საკვებ ნივთიერებათა დიდ ნაწილს ვერ ვიღებთ.
ბლენდერი, ჩოფერი თუ ხელის მიქსერი?
ჩოფერის დანიშნულება ძირითადად ბოსტნეულის – ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, ასევე თხილისა და კაკლის დაჭრაა. მისი უპირატესობა ის არის, რომ თუ მშრალ პროდუქტს ცოტაოდენ წყალს დაამატებთ, თავისუფლად შეძლებთ კრემ-სუპის ან საწებლის, წვნიანი ხილისგან კი სმუზის მომზადებას, ოღონდ ის ვერ იქნება ისეთივე ფაფუკი და ერთგვაროვანი, როგორც ბლენდერში ათქვეფილი.
რაც შეეხება ხელის მიქსერს, ის მხოლოდ რბილი ინგრედიენტების ერთმანეთში შესარევად არის მომარჯვებული, პროდუქტის დასაქუცმაცებლად მას ვერ გამოიყენებთ. ასე რომ, თუ არჩევანის წინაშე დადექით, იცოდეთ, რომ ბლენდერს თავისუფლად შეუძლია, ხელის მიქსერის ფუნქცია შეითავსოს.
რომელი ბლენდერი ჯობია გაყინული პროდუქტის დასამუშავებლად?
გაყინული პროდუქტის დამუშავება ყველა ბლენდერს არ შეუძლია. ამისთვის საჭიროა, მოდელს, სულ მცირე, 1000 ვატი სიმძლავრე ჰქონდეს, ხოლო დანების ბრუნვის სიჩქარე წუთში 15 000-დან 20 000-მდე აღწევდეს.
ჯილდა გაჩეჩილაძე