ნინო დევდარიანის მოულოდნელად ნაპოვნი ახალი "მე"
გააზიარე:
თვითნასწავლმა მხატვარმა ნინო დევდარიანმა ვენეციის სახელოვნებო ბიენალეში გაიმარჯვა. ხატვა სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და, როგორც ამბობს, თავადაც უჭირს საკუთარი წარმატების ბოლომდე გააზრება.
ვენეციის მერის რიკარდო სელვატიკოს ინიციატივით დაფუძნებული პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა უკვე 130 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში მან მსოფლიოს გააცნო ისეთი ცნობილი ხელოვანები, როგორებიც არიან სალვადორ დალი, პიკასო, ფრიდა კალო... ბიენალეზე ქართველი არტისტებიც არაერთხელ მიუწვევიათ, თუმცა ასეთი წარმატება ჯერჯერობით მხოლოდ ნინო დევდარიანს ხვდა წილად.
მისი უნიკალური ტექნიკა, მკვეთრი პალიტრა, ორიგინალური ხედვა ხელოვნებათმცოდნეთა აღფრთოვანებას იწვევს. მის პერსონაჟებს თანამედროვე სამოსი აცვიათ. ნახატებზე ამოიცნობთ წამყვანი ბრენდების სამოსსა და აქსესუარებს... იგრძნობა იაპონური კულტურისა და ისტორიის სიყვარულიც.
დავრწმუნდი, რომ ცხოვრების რადიკალურად შეცვლა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა ნებისმიერ ასაკში შეიძლებაო, ამბობს ნინო და თავის ისტორიას გვიყვება:
– ძალიან კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით – ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებს, მაგრამ ისეთი ცუდი კალიგრაფია მქონდა, რომ ქართულ წერაში ნიშანს მხოლოდ სხვა დამსახურებების ხათრით მიწერდნენ. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ასეთი ხელწერის მქონე ადამიანი ოდესმე რამეს დახატავდა.
დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტის) გამოთვლითი ტექნიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტები. ერთხანს პროდიუსერი ვიყავი და საკმაოდ ცნობილ მუსიკოსებთან ვმუშაობდი: უცნობთან, დათო ევგენიძეთან... მაგრამ საბოლოოდ მაინც საკუთარი ბიზნესის წამოწყება ვამჯობინე. დავაფუძნე შპს "თბილტექსტილი" და გავხსენი პატარა სამკერვალო, რომელიც თანდათან გაფართოვდა. ვეძებდი საკუთარ სტილს, იდეებს დიზაინისთვის, ვცდილობდი, მოდის თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამოვრჩენოდი და რეგულარულად ვადევნებდი თვალს სამოდელო სახლების ჩვენებებს.
ერთ დღესაც ხელსახოცზე კალმით მეუღლის პორტრეტი მოხაზა და თავადაც გაუკვირდა, იმდენად დიდი იყო მსგავსება. მერე შვილის პორტრეტის დახატვა სცადა – გამოუვიდა. ასე დაიწყო მისი ახალი სიცოცხლე ხელოვნებაში.
– მარკერებით და ტუშით ვმუშაობ. წინასწარ არასოდეს ვგეგმავ, რა დავხატო. უბრალოდ, ვჯდები და ვხატავ. იდეები, სახეები თითქოს თავისთავად ჩნდება. დასრულებულ ნამუშევარს რომ დავხედავ, თვითონვე მიკვირს, ნუთუ ეს მე დავხატე-მეთქი... როგორც ჩანს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილმა შთაბეჭდილებებმა და განცდებმა ახლა და ამ ფორმით მოითხოვა დღის სინათლეზე გამოსვლა.
ერთხელ ჩემმა შვილმა ჩემი რამდენიმე ნახატი ფეისბუქზე ატვირთა. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გადააზიარეს, გადმოაზიარეს და საბოლოოდ ეს ნახატები მოხვდა ერთ პრესტიჟულ საიტზე, რომელსაც რამდენიმემილიონიანი აუდიტორია ჰყავს. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ფესტივალის ორგანიზატორები დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ ჩემმა ნამუშევრებმა ბიენალეს შესარჩევი ტურები გაიარა და გამოფენაზე მიმიწვიეს.
ათ საუკეთესოს შორის ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, ისე შემრცხვა, კინაღამ უკანმოუხედავად გამოვიქეცი. მადარებდნენ ჟან-მიშელ ბასკიას, პიკასოს... ზოგმა ჩემს ნამუშევრებში სიურეალიზმის შტრიხებიც აღმოაჩინა.
ნინო უკვე მიიწვიეს ბრაზილიის, იაპონიის, ინგლისის პრესტიჟულ ფესტივალებსა და გამოფენებზე, რომლებიც 2025 წელს გაიმართება.
დეკემბერში არტ ბაზელის ყოველწლიურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ფლორიდაში იმართება. იქ მოსახვედრად მსოფლიოს შვიდი ქვეყნის კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება და რეკომენდაციაა საჭირო. ნინო დევდარიანმა ეს ურთულესი კონკურსიც გაიარა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ნამუშევრები მაიამიში ასი ათასზე მეტ გალერისტსა და დამთვალიერებელს წარუდგინა.
– ნახატებს იშვიათად ვყიდი, მინდა, მოვაგროვო და პერსონალური გამოფენა მოვაწყო. მათ მიხედვით ჩემი ტექსტილისთვის პრინტის შექმნასაც ვაპირებ.
ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლები მეუღლე – მიხეილ წივწივაძე და შვილი – ნანა კუბლაშვილი არიან. ნანიკომ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. საქმე რომ წამოვიწყე, გვერდით მედგა. მერე სარესტორნო ბიზნესში გადაინაცვლა დ ამჟამად "ბოტანიკოს" მენეჯერია.
შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. ცნობილი მეწარმე და მეცენატი ოთარ ლაზიშვილი ბაბუაჩემი გახლდათ. ოთარი რომ დაიჭირეს, მისი ოჯახის წევრებისთვის ყველა კარი დაიხურა. ყველაზე დიდი წნეხი დედამ და დეიდამ გამოიარეს.
ბებიამ გამზარდა – მეუღლის დაპატიმრების შემდეგ მარტო რომ არ დარჩენილიყო, ფაქტობრივად, წაართვა ჩემი თავი მშობლებს. ჩემს ძმას დედ-მამა ზრდიდა, მე და ბებია კი ქალაქიდან ქალაქში დავეხეტებოდით, რომ გადასახლებულ ბაბუასთან ახლოს ვყოფილიყავით.
ოთარი შინ რომ დაბრუნდა, თექვსმეტი წლის ვიყავი. ბაბუა პატიმრობამ ვერ გატეხა, ისეთივე სიცოცხლის მოყვარული, ხელგაშლილი და სიკეთით სავსე გამოვიდა ციხიდან, როგორიც ყოველთვის იყო. მისი ხასიათი ყველაზე მეტად დედას გამოჰყვა.
პატიმრობის შემდეგ ცხოვრება თავიდან დაიწყო, კოოპერატივი დააფუძნა და წარმატებით უძღვებოდა ახალ ბიზნესს. ციხემ მხოლოდ ჯანმრთელობა შეურყია. სამოცდათორმეტი წლისა გარდაიცვალა.
ბაბუას ამბავს იმიტომ მოვყევი, რომ მეთქვა: ცვლილებები ნუ შეგაშინებთ. ნებისმიერ დროს შეიძლება ახალი გზის პოვნა. არ გამიკვირდება, თუ ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ მუსიკის წერა შემიძლია... ცხოვრება სასწაულია და იქ ჩვენი ახალი "მეს" ადგილი ყოველთვის მოიძებნება.
თამარ ციბალაშვილი