როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს ყელზე

გააზიარე:

ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭები უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, თანაც არამხოლოდ სახეზე – კანის დაბერების მიმართ გაცილებით მგრძნობიარეა ყელი, ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. კანის მოვლა უნდა დაიწყოთ არა მას შემდეგ, რაც ნაოჭებს შეამჩნევთ, არამედ ნაოჭების გაჩენამდე.

რატომ ჩნდება

ვინაიდან ყელზე კანი განსაკუთრებით თხელია და ცხიმოვანი ქსოვილის მცირე ფენა აქვს, ის უფრო შრება და ეშვება, ვიდრე კანი სხეულის სხვა ნაწილებზე.

კანზე, დაბერების ბუნებრივ პროცესთან ერთად, გავლენას ახდენს თავის დგომა და მოძრაობაც. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რაც უფრო ხშირად და მეტხანს გაქვთ დახრილი თავი, – მაგალითად, მობილური ტელეფონით ინტერნეტის თვალიერებისას, – მით უფრო სწრაფად იკლებს კანის ელასტიკურობა.

ყელის დანაოჭების კიდევ ერთი მიზეზი კუნთების სისუსტეა. ასაკის მატებასთან ერთად კუნთები უფრო და უფრო სუსტდება და კანიც ეშვება. ნაოჭების წარმოქმნაში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს პლატიზმა, კისრის კანქვეშა კუნთი. ის თავის ყოველი მოძრაობისას იჭიმება. ძლიერი დაჭიმვისას მასთან ერთად ძლიერ იჭიმება კანიც, რაც ხელს უწყობს ჭარბი კანის წარმოქმნას.

ყელზე კანის მოდუნება ხშირად არასათანადო მოვლით არის გამოწვეული. სახის ყოველდღიური მოვლისას, მაგალითად, მზისგან დამცავი საშუალების წასმისას, ხშირად გვავიწყდება ყელი, ამიტომ ამ მიდამოში კანი მუდამ უფრო მშრალია, რაც მზის სხივების ზემოქმედებასთან ერთად აჩქარებს დაბერების პროცესს.

ნაოჭების ტიპები

* წვრილი ნაოჭები

წვრილი, ზედაპირული ნაოჭები უმთავრესად მაშინ ჩნდება, როცა ორგანიზმში ჰიალურონის მჟავას წარმოქმნა მცირდება და კანის ტენიანობა იკლებს. ნაოჭების წარმოქმნას ხელს უწყობს გარეგანი ფაქტორებიც: მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, თამბაქოს წევა, სტრესი, ცხოვრების არაჯანსაღი  წესი. წვრილი ნაოჭები უმეტესად ყელის შუა ნაწილში ჩნდება.

* ჰორიზონტალური ნაოჭები

ჰორიზონტალური ნაოჭები ნიკაპის პარალელურად არის განლაგებული. ისინი დაბადებიდანვე დაგვყვება, ოღონდ წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო შესამჩნვი ხდება. მათ გამოკვეთას ხელს უწყობს კანის სიმშრალე.

* ვერტიკალური ნაოჭები

ვერტიკალური ნაოჭები ნიკაპიდან ეშვება. მათი წარმოქმნის მიზეზი პლატიზმაა: მასზე გადაკრული კანი ასაკის მატებასთან ერთად თხელდება და კუნთი უფრო ძლიერ იკვეთება.

ინდაურის ყელი

"ინდაურის ყელს" ეძახიან კანის სიჭარბეს ყელზე. როცა კანი კარგავს სიმტკიცეს და ელასტიკურობას, ასაკის მატებასთან ერთად კი კუნთებიც სუსტება, კანი დუნდება და დაბლა ეშვება.

როგორ ავიცილოთ თავიდან

ყელზე ნაოჭები რაც შეიძლება გვიან რომ გაჩნდეს, ზრუნვა ადრიანად უნდა დავიწყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია:

ცხოვრების ჯანსაღი წესი

ცხოვრების ჯანსაღი წესი მხოლოდ ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ კანის დაბერების პროცესის შენელებაც შეუძლია. თუ ჯანსაღად და დაბალანსებულად იკვებებით, რეგულარულად ვარჯიშობთ, სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს, არ ეწევით, ერიდებით ალკოჰოლიან სასმელებს, მზის სხივებს და ფსიქოლოგიურ სტრესს, კანის დაბერების პროცესს კარგა ხნით გადაავადებთ.

ძილის პოზიცია

მუცელზე ან გვერდზე ძილი ხელს უწყობს ყელზე ნაოჭების წარმოქმნასა და გაღრმავებას. ნაოჭების ნაადრევი გაჩენის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო პოზიცია ზურგზე წოლაა.

თავის პოზიცია

იმის გამო, რომ თავს ხშირად ვამოძრავებთ, კისრის კანი ძლიერ დატვირთვას განიცდის. დატვირთვა ძლიერია მაშინაც, როცა თავი დიდხანს გვაქვს დახრილი, მაგალითად, კითხვის, ქარგვის, სხვა პროფესიული თუ საოჯახო საქმის შესრულების დროს. ყველაფერი ეს ზრდის ყელზე ნაოჭების ნაადრევი წარმოქმნის რისკს.

მასაჟი და ვარჯიში

ნაზი მასაჟი, მაგალითად, გუა შას ქვით ან როლერით, საუკეთესო საშუალებაა სისხლის მიმოქცევის სტიმულირებისთვის. ის, ერთი მხრივ, აბზინებს და აცოცხლებს კანს, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც ნაოჭების საუკეთესო პრევენციაა. ამ მიდამოში სისხლის მიმოქცევის გააქტიურებაში კისრის სპეციალური ვარჯიშებიც დაგეხმარებათ.

მასაჟის წინ აუცილებლად წაისვით სახის ზეთი.

მოვლა

* დამატენიანებელი და ანტიასაკობრივი კრემები

ყელის მოვლის თავისებურებები ნაოჭების ტიპზეა დამოკიდებული. თუ მცირე ნაოჭებს შეამჩნევთ, რომელთა არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ კანი არ იღებს საკმარის ტენს, გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც შეიცავს შარდოვანას, გლიცერინს, კოლაგენს, ელასტინს, ჰიალურონის მჟავას, და ზეთები – ავოკადოს, არაქისის, არგანის...

ისვით კრემი დილა–საღამოს, კანის საფუძვლიანი გაწმენდის შემდეგ. გასაწმენდად შეარჩიეთ მშრალი კანისთვის განკუთვნილი საშუალება, რომელიც არ შეიცავს სპირტს.

შედარებით ღრმა ნაოჭებს ვებრძვით ანტიასაკობრივი საშუალებებით, რომელთა შემადგენლობაშიც შედის რეტინოლი, ალფა-ჰიდროქსიმჟავები, კოენზიმ Q10, ჩ და E  ვიტამინები, პეპტიდები.

ნურც შრატი დაგავიწყდებათ. მასში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა და უფრო მაღალი კონცენტრაციით, ვიდრე სახის კრემში, თანაც შეიწოვება უფრო სწრაფად და ღრმად.

* ნიღბები

თუ კანს რეგულარულად დავინოტივებთ და გამოშრობას არ ვაცდით, ნაოჭებიც უფრო გვიან ჩნდება, ამიტომ კრემებს დამატენინებელი ნიღბებიც დაახმარეთ. თუ კვირაში 3-4-ჯერ მოახერხებთ ნიღბის გაკეთებას, შედეგი შესამჩნევი იქნება.

ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტებს: განსაკუთრებით ეფექტურია ანტიასაკობრივი ნივთიერებები: ჰიალურონის მჟავა, ჩ ვიტამინი,  რეტინოლი, – და ტენიანობის გამაძლიერებლები, მათ შორის – ალოე ვერა.

* მზისგან დამცავები

ულტრაიისფერი გამოსხივება აჩქარებს კანის დაბერებას, ამიტომ მზისგან დამცავი საშუალებები არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წელიწადის ყველა სხვა დროსაც უნდა ისვათ. დღის კრემების უმეტესობა უკვე მზისგან დამცავ ფაქტორსაც შეიცავს, რაც ძალიან მოხერხებულია, მთავარია, მისი ყელზე წასმა არ დაგავიწყდეთ.

კანის სიმტკიცისა და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად, რა თქმა უნდა, არსებობს ესთეტიკური პროცედურები: ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, ულთერაპია და სხვა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: