დამცავი ბაზა და ფიქსატორი - როგორ დავიცვათ ფრჩხილები დაზიანებისგან
გააზიარე:
ფერადი ფრჩხილები ბევრისთვის იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ როცა ფრჩხილები მუდმივად ლაქით არის დაფარული, შესაძლოა გამოშრეს, აიქერცლოს, ფერი შეიცვალოს და გამყიფდეს. ამ უსიამოვნო ცვლილებებისგან ფრჩხილების დაცვა მეტ-ნაკლებად შეუძლია ლაქის ქვეშ წასასმელ ბაზას, მაგრამ თუ ფრჩხილმა ფერი შეიცვალა, გამუქდა ან გაყვითლდა, ერთადერთი გამოსავალი მისი მთლიანად გაზრდაა. ხელის ფრჩხილებს ამისთვის, წესისამებრ, ექვსი თვე სჭირდება, ფეხისას – თორმეტ თვემდე.
მოდი, გავიგოთ, რა არის ფრჩხილის დამცავი ბაზა, როგორ შევარჩიოთ ის და როგორ გამოვიყენოთ.
რა არის
დამცავი ბაზა, იგივე ფრჩხილის პრაიმერი, გამჭვირვალე ლაქს წააგავს. ის უფერო, ოდნავ ბლანტი მასაა, ბევრ მნიშვნელოვან ვიტამინს და მინერალს შეიცავს და სწრაფად შრება. ბაზა შეუღებავ ფრჩხილზე ისმება და ერთგვარ ბარიერს ქმნის ფრჩხილსა და ლაქს შორის.
რამდენადმე განსხვავებულია გელ-ლაქისა და შელაკის ქვეშ წასასმელი ბაზა. ის უფრო სქელია, ჟელესებრი კონსისტენციისა, და მტკიცე საფუძველს უქმნის მოდელირებულ ფრჩხილს.
რითია ბაზა ასეთი მნიშვნელოვანი?
ბაზა ეფექტურად იცავს ფრჩხილებს არა მხოლოდ ლაქისგან, არამედ გარემოს მავნე ფაქტორებისგანაც. თუ ფრჩხილის ფირფიტას მიკროსკოპით დავხედავთ, დავინახავთ, რომ პრიალა არ არის – გლუვი და ფოროვანია. ფერად ლაქს შეუძლია, ღრმად შეაღწიოს ფორებში, ფრჩხილი დააზიანოს და ბუნებრივი ფერი შეუცვალოს, ბაზა კი ავსებს ფორებს, რითაც ხელს უშლის ფრჩხილის ფირფიტასთან ლაქის პირდაპირ კონტაქტს და ამცირებს ფირფიტის დაზიანებისა და ფერის შეცვლის რისკს. გარდა ამისა, ვიტამინოვან–მინერალოვანი შემადგენლობის წყალობით ის ხელს უწყობს ფრჩხილების აღდგენასა და გამაგრებას. მისი კიდევ ერთი ღირსება ის არის, რომ ლაქი უკეთესად ეკვრის ბაზით დაფარულ ზედაპირს და მეტხანს ძლებს.
დამცავი ბაზის წასმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გელ–ლაქისა და შელაკის ქვეშ, რადგან მათი ქიმიური შემადგენლობა ჩვეულებრივი ლაქის შემდგენლობისგან განსხვავდება. ისინი შეიცავენ ქიმიკატებს, რომლებიც რეაგირებენ ულტრაიისფერ სინათლეზე, რათა ლაქი გაშრეს და გამკვრივდეს. მათი მოცილებაც გაცილებით ძნელია – ამ დროს მაღალია ფრჩხილის დაზიანების რისკი.
ამრიგად, დამცავი ბაზა:
- ამაგრებს ფრჩხილებს;
- უნარჩუნებს ფრჩხილებს ბუნებრივ ფერს;
- უზრუნველყოფს ლაქის გამძლეობას.
ტიპები
ბაზა სხვადასხვა ტიპისაა და თითოეულ ტიპს თავისი ღირსებები აქვს. ის თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
ფრჩხილის გასამაგრებელი პრაიმერი
ამ ტიპის პრაიმერი შეიცავს დამცავ და აღმდგენ ინგრედიენტებს: კერატინს, კალციუმს, ალფა-ჰიდროქსიმჟავებს (AHA), C, B5 და სხვა ვიტამინებს, – რომლებიც ფრჩხილებს ამაგრებს და მტვრევისგან იცავს. გასამაგრებელი პრაიმერი განსაკუთრებით სასარგებლოა მყიფე, ადვილად მტვრევადი ფრჩხილებისთვის.
დამატენიანებელი პრაიმერი
დამატენიანებელი ინგრედიენტებით გამდიდრებული ბაზა გამომშრალ ფრჩხილებს კვებავს და სინოტივეს უნარჩუნებს, რაც აუცილებელია მათი სიჯანსაღითვის.
ღარებისა და ფორების შემავსებელი პრაიმერი
ასაკის მატებასთან ერთად ფრჩხილები სიგლუვეს კარგავს – ღარები უჩნდება, იტალღება. ასეთივე დეფექტები შესაძლოა რომელიმე ვიტამინის დეფიციტმაც გამოიწვიოს ახალგაზრდა ასაკში. საგანგებოდ ასეთი ფრჩხილებისთვის შეიქმნა აღმდგენი და მკვებავი ინგრედიენტებით გამდიდრებული სპეციალური ფორმულა. ოდნავ შეფერილი პრაიმერი ხელს უწყობს ღარების ამოვსებას, ათანაბრებს ფირფიტის ზედაპირს, ატენიანებს და ამაგრებს ფრჩხილებს.
პრაიმერი–პილინგი
ამ პრაიმერის წყალობით ლაქს სპეციალური მოსაშორებლის გარეშეც მოიშორებთ: ის ლაქის ქვეშ წარმოქმნის ფენას, რომელიც ლაქის მოცილებას აადვილებს. რაც მთავარია, ამ დროს ფრჩხილი არ ზიანდება.
გაყვითლების საწინააღმდეგო პრაიმერი
ამ ტიპის პრაიმერი თავიდან აგაცილებთ ფრჩხილების გაყვითლებას.
გამოყენება
* ვამზადებთ ფრჩხილებს
საფუძვლიანად მოიცილეთ ლაქის ნარჩენები სპეციალური ლაქის მოსაცილებლით (უპირატესობა მიანიჭეთ უაცეტონოს). ფრჩხილები კარგად გაისუფთავეთ ფრჩხილის ჯაგრისით და საპნით.
* ვისვამთ დამცავ ბაზას
ფრჩხილებზე წაისვით თქვენს საჭიროებებს მორგებული პრაიმერის ერთი თხელი ფენა. ისვით ფრჩხილის შუა ნაწილიდან ზემოთ. გაითვალისწინეთ, რომ პრაიმერი კარგად უნდა გაშრეს. ამისთვის უმეტესად ორი-სამი წუთია საკმარისი, თუმცა უმჯობესია, წაიკითხოთ მწარმოებლის მიერ შეფუთვაზე მითითებული დრო.
* ვისვამთ ფერად ლაქს
მას შემდეგ, რაც ბაზა კარგად გაშრება, ფრჩხილზე სასურველი ფერის ლაქი გადაისვით. ისვით ფრჩხილის შუა ნაწილიდან ზემოთ. ლაქის ყოველი მომდევნო ფენის გადასმამდე დარწმუნდით, რომ წინა ფენა კარგად არის გამშრალი.
ფიქსატორი
დასასრულ, შეგიძლიათ, ფიქსატორიც გადაისვათ. ის ლუქავს ლაქის ზედა ფენას, რომ ლაქი ადვილად არ მოსცილდეს ფრჩხილს და დიდხანს გაძლოს. ამასთან, განსაკუთრებულ ბზინვარებას სძენს ფრჩხილს. ოღონდ ნუ გამოიყენებთ მას ლაქის ქვეშ, დამცავი ბაზის ნაცვლად – მას აბსოლუტურად განსხვავებული ფორმულა აქვს.
როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს სწორად
დაცვასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ფრჩხილების რეგულარული დატენიანებაც. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი, რაც ცხიმს შეიცავს.
დერმატოლოგები ასევე გვირჩევენ, მანიკიურის პროცედურიდან პროცედურამდე შევისვენოთ, რათა ფრჩხილმა აღდგენა მოასწროს. ამ ტაიმ–აუტის განმავლობაში იმასაც შევამჩნევთ, დაზიანებულია თუ არა ფირფიტა – როდესაც ფრჩხილი ყოველთვის შეღებილია, დაზიანება არ ჩანს.
ჯილდა გაჩეჩილაძე