პატარების აგრესია: ჩარტყმა, კბენა
გააზიარე:
ძნელი მოსათმენია, როდესაც შვილს ვიღაც გვიჩაგრავს, მაგრამ არანაკლებ უსიამოვნოა, როდესაც ჩვენი პატარა თავად ამჟღავნებს აგრესიას სხვის მიმართ.
წარმოიდგინეთ, რომ მაღაზიაში ხართ, სურსათს ყიდულობთ და უეცრად... თქვენი მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი მწარედ გკბენთ ხელზე ან გირტყამთ. პირველი რეაქცია გაკვირვებაა. გაკვირვებას ბრაზი მოსდევს, ხოლო ბრაზს – შიში, რომ ბავშვს რაღაც პრობლემა აქვს და კიდევ უფრო დიდი შიში, ეს ქცევა ჩვევაში არ გადაეზარდოს.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სიმშვიდე. ასეთი ქცევა დამახასიათებელია ბავშვის განვითარების განსაზღვრული ეტაპისთვის. პატარა იკვლევს თავის შესაძლებლობებს და ნებადართულის ზღვარს, ეძებს ყურადღების მიპყრობის ახალ ხერხებს, აინტერესებს რეაქცია, რომელიც მის ქცევას მოჰყვება, ამიტომ მშობლის საპასუხო ქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
რატომ იკბინებიან და ურტყამენ პატარები
ჩარტყმას და კბენას ყოველთვის რაღაც ღრმა დატვირთვა არ აქვს. ვფოკუსირდეთ იმაზე, რისი მიღწევა სურს ბავშვს ამგვარი ქცევით და რა დატვირთვას აძლევს თავად ის საკუთარ საქციელს.
ბავშვის ქცევა ან იქით არის მიმართული, რომ მიიღოს ის, რაც სურს და თავიდან აირიდოს ის, რაც არ სურს, ან ყურადღების მისაპყრობად, ან უბრალოდ სიამოვნებს, როცა ასე იქცევა.
ჩამოვთვლით გავრცელებულ მითებს ბავშვების აგრესიული ქცევის შესახებ:
1. ბავშვის აგრესიულ ქცევას ყოველთვის სიღრმისეული მიზეზი აქვს და ის ყოველთვის პრობლემაზე მიგვანიშნებს - ასე არ არის. როგორც უკვე ვთქვით, მსგავსი ქცევა ხშირად განვითარების ეტაპია.
2. ბავშვს აგრესიისკენ აქვს მიდრეკილება - ასე არ არის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაწებოთ ბავშვს აგრესორის იარლიყი.
3. ბავშვი გაიზრდება და სხვებს დაჩაგრავს - მშობლის ყურადღებისა და ადეკვატური რეაგირების შემთხვევაში ასე არ მოხდება.
4. აგრესიული ქცევა არასწორი აღზრდის შედეგია - შესაძლოა, მშობელი იდეალურად ზრდიდეს ბავშვს, მაგრამ აგრესიამ დროდადრო მაინც იჩინოს თავი.
5. განსხვავებული განვითარების ბავშვის ასეთი ქცევა ყოველთვის პრობლემაზე მიუთითებს და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს - არც ეს შეესაბამება სიმართლეს, ისედაც დასტრესილი მშობელი ამ მითის გამო უარესად არ უნდა დაისტრესოს. როგორც ტიპური განვითარების ბავშვისთვისაა ასეთი ქცევა განვითარების ნორმალური ეტაპი, ისევეა ატიპური განვითარების ბავშვისთვისაც, თუმცა ყურადღება და სწორი რეაგირება ორივე შემთხვევაში საჭიროა.
გახსოვდეთ: 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ჯერ არ აქვჩ განვითარებული რაციონალური აზროვნება. ისინი რეაგირებენ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და მათი ქცევა უმეტესად არ შეიცავს რაიმე ფარულ აზრსა და განზრახვას.
რა ასაკისთვის არის დამახასიათებელი კბენა და ჩარტყმა?
ასეთი ქცევა უმთავრესად 2-3 წლის პატარებისთვის არის დამახასიათებელი – ამ გზით ისინი იმედგაცრუებას გამოხატავენ ან ყურადღების ნაკლებობაზე მიგვანიშნებენ. ამ ასაკის ბავშვებს ორ წლამდელებზე უკეთესი თვითკონტროლი აქვთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი, რომ თავისუფლად გაგვაგებინონ, რა სურთ, ამიტომ იმედგაცრუება ნორმალური გრძნობაა ამ ასაკში. ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ.
რასაკვირველია, მიმღებლობა იმას არ ნიშნავს, რომ რეაგირება არ მოვახდინოთ. სწორედ მშობლის დროულ და სწორ რეაგირებაზეა დამოკიდებული, რა განვითარებას შეიძენს ეს ქცევა.
როგორი რეაგირებაა სწორი?
დავიწყოთ იმით, როგორი რეაგირებაა მიუღებელი:
- არავითარ შემთხვევაში არ ჩაარტყათ, არ დაუყვიროთ, არ შეანჯღრიოთ.
- ნუ დაუწყებთ შერცხვენას და კიცხვას – ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი არც მოგისმენთ და ვერც გაიგებს. დაელოდეთ, სანამ დამშვიდდება.
- მთელ დღეს მის საქციელზე ლაპარაკში ნუ გაატარებთ: ამ ასაკში ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი გადაჭარბებული რეაქცია დადებითია თუ უარყოფითი – ზედმეტი ყურადღება მას ქცევის გამეორებისკენ უბიძგებს.
როგორ მოვიქცეთ?
კონკრეტულ მომენტში:
- მოკლე და მკაფიო მითითება საკმარისია. მაგალითად, მშვიდად შეეხეთ მხარზე, შეხედეთ თვალებში და უთხარით: "არა!", "ჩარტყმა არ შეიძლება!", "კბენა არ შეიძლება!"
- თუ ბავშვი მითითებას არ დაემორჩილა და მისი მსუბუქად დასჯა გინდათ, შეგიძლიათ, გამოართვათ სათამაშო, ოღონდ მაშინვე, რომ მიხვდეს, რას მოყვა ეს სასჯელი.
- მიეცით მაგალითი – უთხარით, რომ მისმა საქციელმა თქვენც გაგაბრაზათ, მაგრამ არ ურტყამთ და არ კბენთ, რადგან ეს მიუღებელი და დაუშვებელია.
თუ თქვენი პატარა სხვა ბავშვის მიმართ გამოხატავს აგრესიას და მითითებებს არ ემორჩილება, აუცილებლად გააცალკევეთ ბავშვები, რომ აგრესია აღკვეთოთ. მეორე დღეს შეგიძლიათ კვლავ დართოთ ურთიერთობის ნება.
როდესაც ბავშვი დამშვიდდება:
- ასწავლეთ, როგორ მიიპყროს თქვენი ყურადღება. აუხსენით, რომ ამისთვის კბენა და ჩარტყმა აუცილებელი არ არის, რომ როდესაც დასჭირდებით, ყოველთვის მოუსმენთ და დაეხმარებით.
- ასწავლეთ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, მშვიდი შეხება, ხელის დაქნევა, ღიმილი, მარტივი სიტყვები: "მოდი", "დადე", "მომე", "წამო" და სხვ. ეს კომუნიკაციას გაუადვილებს და აღარ დასჭირდება, მძაფრი ფორმით გამოხატოს თავისი სურვილი თუ უკმაყოფილება.
- ყოველთვის შეაქეთ, როდესაც ნასწავლს პრაქტიკაში გამოიყენებს.
- ეცადეთ, სხვა ბავშვებთან ურთიოერთობის დროს არ იყოს გადაღლილი და მშიერი – ამ მდგომარეობაში მყოფმა ბავშვმა, მეტი შანსია, აგრესია გამოამჟღავნოს, თუ რამე ისე არ წარიმართა, როგორც მას სურს.
- თუ ბავშვის აგრესიული ქცევა გაშფოთებთ და ვარაუდობთ, რომ ეს უკვე არა განვითარების ნორმალური ეტაპი, არამედ დარღვევაა, აუცილებლად მიმართეთ კომპეტენტურ პირს.
ლიკა ქათამაძე