დაგეგმოს თუ არა დღე ახალბედა დედამ?

გააზიარე:

“გაატარეთ დღევანდელი დღე ჩემთან ერთად”, – ეს ფრაზა ალბათ გეცნობათ, თუ სოციალურ ქსელში ვლოგერებს ადევნებთ თვალს. ამ ვლოგერებიდან ბევრი დედაა და ბავშვის მოვლის ყოველდღიურ რუტინას გვიზიარებს. მათ მთელი დღე დაგეგმილი და გაწერილი აქვთ და დღის ბოლოს ძალიან კმაყოფილები არიან საკუთარი თავით, თუ გეგმის ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულეს.

მოდი, აქვე შევთანხმდეთ, რომ სოციალურ მედიაპლატფორმებზე განთავსებული ვიდეოების ნახევარზე მეტი თავის მოჩვენებაა და ვერცერთი ახალბედა დედა ზედმიწევნით ვერ მიჰყვება გეგმას.

მაშ, რა საჭიროა დღის დაგეგმვა? უარესად ხომ არ იმოქმედებს ეს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დღის დაგეგმვა ყველა ადამიანისთვის სასურველია, ახალბედა დედა იქნება ეს თუ სკოლის მოსწავლე. ამასთან, დედა თავიდანვე მზად უნდა იყოს, რომ შესაძლოა, გეგმის 20 პროცენტიც კი ვერ შეასრულოს, მაგრამ თუ რაღაცის შესრულება მაინც მოახერხა, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

მოდი, განვიხილოთ, როგორ უნდა დაალაგოს დედამ პრიორიტეტები, რომ გაუძლოს უძილო ღამეებს, კოლიკას, საფენის უამრავჯერ გამოცვლას, სუფთა ჰაერზე გასეირნებას და, ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარი თავის მოვლაც არ დაივიწყოს.

არ დაივიწყოთ საკუთარი თავი

საკუთარ თავზე მინიმალური მზრუნველობაც კი დედებს ზოგჯერ ეგოიზმი ჰგონიათ. უპირველეს ყოვლისა, ეს აზრი უნდა ამოიგდოთ თავიდან. თავის მოვლა დედებს სრულიად განსხვავებულ სუპერძალას აძლევს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მედგრად დაუხვდეთ ყოველგვარ გამოწვევას.

ახალბედა დედის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ აისახება ბავშვზე, მისი მოვლის ხარისხზე, მის კეთილდღეობაზე, ამიტომ გახსოვდეთ: თავს იმიტომ კი არ უვლით, რომ ეგოისტი ხართ, არამედ იმიტომ, რომ ეს გჭირდებათ თქვენც და თქვენს შვილსაც.

ცხადია, აქ საუბარი არ არის სახის კანის მოვლის თხუთმეტსაფეხურიან სისტემაზე. ამის დროც მოვა, მაგრამ ჯერჯერობით თავის განებივრებად შეიძლება ჩაითვალოს სახელდახელო გრილი შხაპი და საყვარელი სერიალის ყურებაც, სანამ ბავშვს სძინავს. ასე რომ, გაითვალისწინეთ: როგორც არ უნდა დაგეგმოთ დღე, თავის ოდნავ მაინც განებივრება, თუნდაც თხუთმეტწუთიანი იოგა, აუცილებლად უნდა შედიოდეს ამ გეგმაში.

ჩამოაყალიბეთ თქვენთვის მოხერხებული რუტინა

ჩვილს ჯერ ჩამოუყალიბებელი აქვს ძილ-ღვიძილისა და კვების რეჟიმები, თუ ბუნებრივ კვებაზე გყავთ, უნდა აჭამოთ, როცა მოისურვებს, ამიტომ ისეთი გეგმის დასახვა, რომელსაც ოდნავაც არ გადაუხვევთ, წარმოუდგენელია. მაგრამ ყველა პატარას აქვს პერიოდები, როდესაც ძილი ურჩევნია, როცა განსაკუთრებით უტევს კოლიკა, როცა კარგ გუნებაზეა და გიცინით – ამ ყველაფერს თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ რაღაც ჩარჩოებში თქვენი შვილის “განრიგიც” ჯდება და ამის შესაბამისად დაიწყებთ ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბებას.

დაისახეთ რეალური მიზნები და დაყავით გეგმა პატარ-პატარა ნაწილებად

გეგმა ძირითადად აუცილებლად შესასრულებელი საქმეებისგან უნდა შედგებოდეს. თუ ბავშვის დატოვებას აპირებთ და რძის გამოწველა გჭირდებათ, მთავარ პრიორიტეტად ეს დასახეთ, რადგან სხვანაირად უბრალოდ ვერ გახვალთ შინიდან – პატარას მშიერს ხომ ვერ დატოვებთ?

თუ ბავშვს აცრა უწევს და პედიატრთან გყავთ მისაყვანი, ესეც ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტების სიაში ჩასვით.

ისეთი საქმიანობები, როგორიცაა ბავშვისთვის ახალი მაისურების ყიდვა, ჭურჭლის დარეცხვა და სხვა, მოიცდის და შეგიძლიათ, გეგმის ბოლოში მოაქციოთ.

დააჯგუფეთ მსგავსი ამოცანები

ერთი და იმავე ტიპის ამოცანების დაჯგუფება და ერთად შესრულება დროსა და ენერგიას დაგაზოგვინებთ. მაგალითად, სანამ სამზარეულოს საქმეს შეუდგებით, მოითავეთ ყველაფერი, რაც ტელეფონით  კეთდება: ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა, მეგობართან საუბარი, შეტყობინების გაგზავნა, მეილზე პასუხის გაცემა; სანამ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლებთ, მოილიეთ სამზარეულოს საქმე – ჭურჭლის მანქანის ჩატვირთვა, სადილის მომზადება... რაც უფრო მეტად იქნებით კონცენტრირებული და ნაკლებად გაგეფანტებათ გონება სხვადასხვა ტიპის ამოცანებზე გადართვა-გადმორთვისას, საქმესაც მით უფრო პროდუქტიულად და სწრაფად გააკეთებთ.

მაქსიმალურად გამოიყენეთ თავისუფალი დრო

თუ ბავშვი მამამ, ოჯახის სხვა წევრმა, ნათესავმა ან მეგობარმა ეზოში ჩაიყვანეს ან სტუმრად წაიყვანეს და თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ, სრული უფლება გაქვთ, ამოისუნთქოთ და ის აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ, მაგრამ აუცილებელია დროის მენეჯმენტიც. თუ იცით, დაახლოებით როდის დაბრუნდებიან, დრო ისე გაანაწილეთ, რომ საკუთარი თავისთვისაც გამოიყენოთ და საოჯახო საქმეც წინ წაიგდოთ, რათა მომდევნო დღეებშიც გამონახოთ დრო დასასვენებლად.

დაარჩიეთ, დარეცხეთ და სპეციალურ პაკეტებში ჩააწყვეთ ხილ-ბოსტნეული, ისე, რომ მხოლოდ გამოღება და ჭამა უნდოდეს. შეგიძლიათ, მოამზადოთ და გაყინოთ კატლეტები და ბლინებიც – როცა დაგჭირდებათ, უცბად გამოღებთ, გაალღობთ და შებრაწავთ.

დაიხმარეთ სხვები

დაიხმარეთ ბავშვის მოვლაში ახლობლები. ახალბედა დედებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყველაფერი თავად უნდა აკეთონ, მაგრამ ბებიებს და ბაბუებსაც, დეიდებს და მამიდებსაც ხომ გულით უნდათ დახმარება! მიეცით ამის შესაძლებლობა. თუ დიდი ხნით არ გსურთ ბავშვის დატოვება, ერთი საათით მაინც გაატანეთ ეზოში, სუფთა ჰაერზე, და ეს დრო თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეს მოახმარეთ, თავის მოვლა იქნება ეს, სახლის დალაგება თუ ყავის სიწყნარეში დალევა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: