ივანე ბერიტაშვილი - ფიზიოლოგიისა და ნეირომეცნიერების სკოლების ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

საქართველოს ისტორიაში მრავლად არიან მეცნიერები, რომელთა სახელი ქვეყნის საზღვრებს გასცდა. მათ ახალი ეპოქა შექმნეს და მსოფლიო მეცნიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ერთი მათგანი გახლდათ ფიზიოლოგი, აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი, რომლის იდეების გავლენით შეიქმნა ფიზიოლოგთა ქართული სკოლა. მრავალმხრივი ინტერესების მქონე ამ მეცნიერის ინიციატივით ჩამოყალიბდა ფიზიოლოგთა, ბიოქიმიკოსთა და ფარმაკოლოგთა საქართველოს საზოგადოებები, რომელთა თავმჯდომარე თავად იყო. მანვე დააარსა ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც შემდგომ ფიზიოლოგიის ინსტიტუტი ეწოდა და ივანე ბერიტაშვილის სახელი მიეკუთვნა.

მასშტაბური ექსპერიმენტული კვლევების შედეგად ივანე ბერიტაშვილმა შექმნა უნიკალური სახელმძღვანელო  – "კუნთოვანი და ნერვული სისტემის ზოგადი ფიზიოლოგია", რომელიც ნეიროფიზიოლოგთა სამაგიდო წიგნად იქცა. 1955 წელს არგენტინაში, ფიზიოლოგთა მსოფლიო კონგრესზე, მას მსოფლიო ფიზიოლოგიის პატრიარქი უწოდეს.

დიდი მეცნიერის მიერ განვლილ გზაზე მისი შვილიშვილი, ბატონი დავით ბერიტაშვილი გვესაუბრა.

ივანე ბერიტაშვილი კახეთში, სოფელ ვეჯინში დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს. მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის თორმეტი შვილიდან ის მეთერთმეტე იყო.

მშფოთვარე ახალგაზრდობა

დაწყებითი განათლება ვეჯინის სკოლაში მიიღო. შემდეგ თელავის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს, სადაც გეოგრაფიას ვასილ ბარნოვი ასწავლიდა, სიმღერას – ნიკო სულხანიშვილი.

პატარა ვანოს ძალიან ჰყვარებია კითხვა და თელავის სასულიერო სასწავლებლის ბიბლიოთეკაში ყველა ქართული წიგნი გადაკითხული ჰქონია. აი, რუსულთან კი მწყრალად ყოფილა. თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც უფროსი ძმების რჩევით ჩაირიცხა, სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. “გრეკოვმა, შემოვიდა თუ არა, აათვალიერ-ჩაათვალიერა კლასი. მე გაკვეთილი არ ვიცოდი და როცა მიზეზი მკითხა, ვუპასუხე: “კნიგა ნეტუ”... იმისთანა სიცილი აუტყდათ მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, მეტი არ შეიძლება, ჩემი რუსული რომ გაიგონეს“, – ვკითხულობთ ივანე ბერიტაშვილის დღიურში.

ერთხელ სემინარიაში არალეგალური მარქსისტული ლიტერატურის ამოსაღებად ჩხრეკა ჩატარდა. ივანეს ლეიბის ქვეშ მარქსის, პლეხანოვისა და სხვათა წიგნები უპოვეს. გარიცხვას რუსულის არცოდნამ გადაარჩინა: სოლომონმა ძლივს დაარწმუნა პედაგოგები, რომ წიგნები მისი შვილისა ვერ იქნებოდა – ენობრივი ბარიერის გამო ივანე მათ ვერ წაიკითხავდა.

მოგვიანებით ბერიტაშვილმა ჯგუფელებისგან შეიტყო, რომ არალეგალური ლიტერატურა მისი ლეიბის ქვეშ სემინარიის უფროსკლასელს დაემალა.

მიუხედავად მამის დიდი სურვილისა, ივანე მღვდელი ვერ გახდა. ის მალევე გაიტაცა სოციალისტურმა იდეებმა, რომლებსაც მისი სასულიერო კარიერა შეეწირა. პროკლამაციების დარიგების დროს მამასახლისმა და პოლიციელმა დაიჭირეს, უღმერთოდ სცემეს და ხრამში გადააგდეს. სიკვდილს ბეწვზე გადარჩენილი ივანე ბერიტაშვილი საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკასაც და სასულიერო სასწავლებელსაც.

სამშობლოდან შორს

1906 წელს ივანე ბერიტაშვილმა სიმწიფის ატესტატის მისაღებად თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში ჩააბარა გამოცდები, იმავე წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე ჩაირიცხა და სულ მალე მიიპყრო მასწავლებელთა ყურადღება ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. მესამე კურსზე ფიზიოლოგიით დაინტერესდა და პროფესორ ნიკოლოზ ვედენსკის ხელმძღვანელობით ექსპერიმენტული საქმიანობა – შხამების ზეგავლენით ზურგის ტვინის რეფლექსური მოქმედების კვლევა – დაიწყო. ამ თემაზე წელიწად–ნახევარს იმუშავა და შედეგები სადიპლომო ნაშრომში აღწერა.

– ლაბორატორიიდან არ გადიოდა, – მოგვითხრობს დავით ბერიტაშვილი, – დღედაღამ, ასე ვთქვათ, თოხნიდა სამეცნიერო ყანას. მესამე კურსის ბოლოს მეოთხე კურსის გამოცდებიც ჩააბარა წინსწრებით, ლექციებზე რომ აღარ ევლო და მთელი დრო ცდებისთვის დაეთმო.

1914 წელს ივანე ბერიტაშვილმა ზურგის ტვინის შეკავების რიტმული ხასიათი აღმოაჩინა. ამ მოვლენას აკადემიკოსმა უხტოვსკიმ ბერიტაშვილის ფენომენი უწოდა. ათი წლის შემდეგ ინგლისში, შერინგტონის ლაბორატორიაში, აღმოჩენა სხვა მეცნიერებმაც დაადასტურეს.

უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ ვედენსკიმ ბერიტაშვილი ორ–წელიწად–ნახევრით დატოვა ფიზიოლოგიის კათედრაზე და სტიპენდიაც დაუნიშნა, მერე კი – კათედრის ისტორიაში პირველად – კიდევ ორი წლით გაუგრძელა ხელშეკრულება. ამ პერიოდში ივანე პედაგოგის, ანატომისა და ექიმის, პროფესორ პიოტრ ლესგაფტის ასისტენტის მოვალეობასაც ასრულებდა ქალთა უმაღლეს კურსებზე.

ბერიტაშვილს ყოველთვის მრავლად ჰქონდა იდეები. ერთმა მათგანმა ბერიტაშვილს და ვედენსკის შორის დაპირისპირება გამოიწვია. მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა.

მიუხედავად მარცხისა, ივანეს სიახლისკენ ლტოლვის ჟინი არ განელებია. სიმიანი გალვანომეტრის მეშვეობით ბიოდენების რეგისტრაციის მეთოდიკის ასათვისებლად ის ყაზანის უნივერსიტეტში, პროფესორ ალექსანდრ სამოილოვთან გაემგზავრა, ხოლო მოგვიანებით, თბილსისხლიანი ცხოველების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ცდების ჩატარების მეთოდიკის შესასწავლად, ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში, ცნობილი ფიზიოლოგისა და ფარმაკოლოგის რუდოლფ მაგნუსის სამეცნიერო ლაბორატორიაში განაგრძო მუშაობა.

ომი და დაბრუნება

ამასობაში I მსოფლიო ომი დაიწყო. ბრძოლის ქარ– ცეცხლში  გახვეული ევროპიდან ივანე შემოვლითი გზებით ოდესაში დაბრუნდა, სადაც ნოვოროსიის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. როგორც სახელგანთქმულ მეცნიერს ლექციების კითხვის პარალელურად ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარებაც ანდეს. 1916 წლიდან პრივატ-დოცენტის წოდებით კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სპეციალურ კურსს უკითხავდა სტუდენტებს. იმ დროს ბერიტაშვილი თავდაცვით პირობით რეფლექსებს იკვლევდა. მისი ლექციები დამსწრეთა სიმრავლით გამოირჩეოდა, განსაკუთრებული ყურადღებით პროფესორს პირველ მერხთან მჯდომი ოლღა ნევინსკაია უსმენდა. ერთ საღამოს ერთმანეთს კარებთან შეეჯახნენ, ახალგაზრდა პროფესორი გაშეშდა, ხმა ვერ ამოიღო, ლაბორატორიაში შესვლისთანავე აღიარა, რომ შეყვარებული იყო... რადგან ულამაზესი ოლღა შეძლებული მემამულის ქალიშვილი გახლდათ, მისი მეგობრების აზრით, ,,ჩია პროფესორი’’ ნევინსკაიას გულს ვერასდროს მოინადირებდა... თუმცა, ყველას გასაკვირად, ივანემ მალევე შეძლო მისი მონუსხვა და ქორწინებაზეც დაითანხმა.

დავით ბერიტაშვილი:

– 1918 წლის დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით თბილისში პირველი ქართული უნივერსიტეტი დაარსდა. მან უმაღლესი სასწავლებლის ფიზიოლოგიის სასწავლო კურსის შესაქმნელად ივანე ბერიტაშვილი მიიწვია, რაზეც ეს უკანასკნელი უყოყმანოდ დათანხმდა და ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ჩამოსულებს არც სახლი ჰქონდათ და არც ქონება. სარდაფში დასახლდნენ, თუმცა მალევე გადავიდნენ ქალაქგარეთ სემინარიის ცარიელ შენობაში, სადაც რამდენიმე ოთახი დაიკავეს და შრომას შეუდგნენ.  

ივანე ბერიტაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრას ჩაუდგა  სათავეში. მან ცარიელი ოთახები სახელდახელოდ შექმნილი დანადგარებით შეავსო და ლაბორატორიებად აქცია. სულ მალე ენათმეცნიერების დახმარებით ქართულ ენაზე პირველი სახელმძღვანელო წიგნი შეადგინა ფიზიოლოგიაში. 

ივანემ ბიოლოგიურ მეცნიერებაში ახალი ფურცელი გადაშალა, შექმნა ცხოველთა ქცევის შემსწავლელი ქცევათმეცნიერება. ის უნივერსიტეტის პირველი პროფესორი იყო, რომლის ნაშრომებიც უცხოეთში იბეჭდებოდა. 1937 წელს, როდესაც რეპრესიები გამძაფრდა, საზღვარგარეთ საბჭოთა მეცნიერების, მათ შორის ივანე ბერიტაშვილის, ნაშრომების გამოქვეყნებაც შეწყდა. რკინის ფარდის გამო მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა ბერიტაშვილის მრავალი მიგნება, რომელიც გაცილებით გვიან უცხოელმა ფიზიოლოგებმა დამოუკიდებლად აღმოაჩინეს და პირველობაც მათ მიეწერათ.

მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ძალიან ბევრი დაშავებული მოხვდა საქართველოში, მრავალ მათგანს კონტუზია ჰქონდა. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით ადამიანის ორგანიზმზე დარტყმითი ტალღის ზემოქმედებას შეისწავლიდნენ და ტვინის დაზიანებების ელექტროენცეფალოგრაფიულ დიაგნოსტიკას ახდენდნენ. ივანე წერდა რეკომენდაციებს, რომლებიც ძალიან სწრაფად შედიოდა პრაქტიკაში და ბევრ მეომარს ეხმარებოდა რეაბილიტაციაში.

ომის შემდეგ, სტალინის ბრძანებით, საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებს აგარაკები გამოუყვეს. ივანემ სოხუმი აირჩია. ცხოვრება თითქოს ძველ კალაპოტს დაუბრუნდა, მაგრამ სამეცნიერო მწვერვალებისკენ სავალი გზა რთული აღმოჩნდა. ბერიტაშვილს არაერთი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა. კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს თავის ტვინის მოქმედების ფსიქონერვული თეორია, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა პავლოვის უმაღლესი ნერვული მოქმედების მოძღვრებას (თუმცა თავად პავლოვი აღნიშნავდა, რომ ბერიტაშვილის თეორია თავის ტვინის მუშაობის შესწავლის ახალ გზებს სახავდა). კრიტიკას რეპრესიები მოჰყვა. ივანე ბერიტაშვილი მისივე სახელობის ინსტიტუტის დირექტორობიდან გაათავისუფლეს. უნივერსიტეტის რექტორმა ნიკო კეცხოველმა შეძლო მისთვის კათედრის გამგის პოზიციის შენარჩუნება.

ძნელბედობის ჟამს კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ივანე ბერიტაშვილის მტკიცე ნებისყოფა. მას მუშაობა არ შეუწყვეტია, შეისწავლა საქართველოში მედიცინისა და ბუნებისმეტყველების განვითარების ისტორია და გამოსცა ვრცელი მონოგრაფია "მოძღვრება ადამიანის ბუნების შესახებ საქართველოში ძველი დროიდან მეთოთხმეტე საუკუნემდე". წიგნზე მუშაობის დროს რუსთაველზე ლადო გუდიაშვილს შეხვდა, რომელიც ასევე უსამსახუროდ იყო დარჩენილი. მხატვარს შეუთავაზებია, შენი წიგნისთვის ილუსტრაციებს შევასრულებო. ასე აღმოჩნდა უმუშევარ ივანე ბერიტაშვილის საბუნებისმეტყველო წიგნში უმუშევარ ლადო გუდიაშვილის რამდენიმე ნახატი.

ახალი მიღწევები

სტალინის გარდაცვალების შემდეგ "პავლოვის მოძღვრების მტრების" საწინააღმდეგო კამპანია შეწყდა. დაიწყო ბერიტაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ახალი ეტაპი. მან სივრცეში ცხოველების ორიენტაციის კომპლექსური კვლევა ჩაატარა, ხოლო 60-იან წლებში შეადგინა მეხსიერების სტრუქტურული, ფიზიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლების შესწავლის ფართო პროგრამა. ნეიროფიზიოლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ამ ურთულესი საკითხებისადმი მიძღვნილი ნაშრომები ივანე ბერიტაშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

ბერიტაშვილმა დააარსა ლაბორატორია, სადაც ძილს იკვლევდა. არასოდეს ხელმძღვანელობდა არსებული სამეცნიერო სტანდარტებით, ბრწყინვალე ექსპერიმენტატორი და უდიდესი თეორეტიკოსი, ყოველთვის სიახლეზე იყო ორიენტირებული. მისი მონაცემები მაქსიმალური სიზუსტით გამოირჩეოდა, ხოლო მისი ცდების შედეგები არასდროს გამხდარა სადავო. ბევრ მის თეორიულ დასკვნაში ნაწინასწარმეტყველებია ის, რაც მრავალი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი ახალი ტექნიკური მიღწევების წყალობით. მეცნიერის გამოკვლევებს, რომლებიც ნეიროფიზიოლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის პრობლემებს ეხება, აერთიანებს ნერვული სისტემის მოქმედების ზოგადი კონცეფცია, რომელსაც ის ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა.

დავით ბერიტაშვილი:

– ოლგას კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული, ოპერაში სიმღერაზე ოცნებობდა. მართალია, ივანე მის მისწრაფებას არ იზიარებდა, მაგრამ მეუღლეს გული არ დასწყვიტა და თბილისის ოპერის თეატრში რამდენიმე პარტიის შესრულების საშუალება მისცა.

ჰყავდათ ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც ბებიის, ივანეს დედის, პატივსაცემად სალომე დაარქვეს. ივანე ყურადღებიანი მამა იყო, მიაჩნდა, რომ შვილის აღზრდაში ორივე მშობელს თანაბარი მონაწილეობა უნდა მიეღო.

მე ივანესა და ოლგას ხელში გავიზარდე. მამა რომ დააპატიმრეს, პაპამ თავისი გვარი მომცა, ფაქტობრივად, მიშვილა, რომ "ხალხის მტრის" შვილის იარლიყს ჩემი მომავალი არ დაეჩრდილა.

საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან მათი მადლიერი ვარ. კარგი განათლება მომცეს, სამი უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) მასწავლეს.

სტუდენტებს ყოველთვის მოუწოდებდა, სირთულეების წინაშე უკან არ დაეხიათ, სჯეროდა, რომ მხოლოდ ნიჭით, დაუზარელი შრომით და მტკიცე ხასიათით მიიღწევა წარმატება. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სამშობლოს  გზავნილი დაუტოვა: "ჩემს ერს ვუსურვებ უკვდავებას მრავალჟამიერ. გამრავლებას – სასახელო შვილების დაზრდას, მშვიდობას, სიხარულს, სიკეთეს და სულის სისპეტაკეს".

ივანე ბერიტაშვილი 1974 წლის 29 დეკემბერს, 90 წლისა გარდაიცვალა. მისი სამუდამო განსასვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოშია.

მარი მარღანია

გააზიარე: