საზაფხულო ბანაკის ღირსებები და ნაკლოვანებები

გააზიარე:

ზაფხული საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მოსწავლეები განიტვირთონ, ცოტა ხნით დაისვენონ ყოველდღიური რუტინისგან, წუთებად და წამებად გაწერილი სასკოლო დღეებისგან. მაგრამ თუ არდადეგები ცოტა გაიწელა, ბავშვი ეჩვევა უმოქმედობას, ივიწყებს ისეთ ყოველდღიურ მოვალეობებს, როგორიცაა საკუთარი საწოლის ალაგება, თეფშის ნიჟარაში ჩადება და სხვა. უმეტესობისთვის არდადეგები ნიშნავს უმართავ საეკრანო დროს და უმოძრაო დღის რეჟიმს, რაც ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, ზაფხულის არდადეგები ნაყოფიერად გაატარებინოთ შვილს, არ გცალიათ, რომ აკონტროლოთ, რამდენ ხანს უზის ეკრანს, რას ჭამს, კითხულობს თუ არა,  ვარჯიშობს თუ არა, გადის თუ არა სუფთა ჰაერზე, ურთიერთობს თუ არა თანატოლებთან, – საზაფხულო ბანაკი საუკეთესო გამოსავალია.

საბედნიეროდ, დღეს საზაფხულო ბანაკების ფართო არჩევანია. არის ბანაკები, რომლებიც მხოლოდ დღის აქტივობებს გთავაზობს: ცურვას, ხატვას, ექსკურსიებს ქალაქის შემოგარენში, საღამოს კი ბავშვი შინ ბრუნდება. არის ბანაკები ქალაქგარეთ – ბავშვი ზაფხულის სიცხისგანაც ისვენებს და არც დროს კარგავს უქმად. არსებობს თემატური ბანაკები და შეგიძლიათ, იმის მიხედვით აირჩიოთ, რა უყვარს და აინტერესებს თქვენს შვილს – სპორტი, ხელოვნება თუ სხვა.

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ბავშვის მზაობა, ასაკი, იქნება თუ არა ბანაკში მისი რომელიმე მეგობარი. თუ ბავშვმა პირველივე დღეს მოისურვა შინ დაბრუნება, სთხოვეთ, ხვალამდე დაიცადოს. თუ მეორე დღესაც იმავე აზრზე დარჩა, წამოიყვანეთ, რომ ბავშვი ბანაკის მიმართ უარყოფითად არ განეწყოს, და მომავალ წელს ხელახლა სცადეთ.

რითაა კარგი საზაფხულო ბანაკი

საზაფხულო ბანაკში ბავშვი სწავლობს სახლისგან განსხვავებულ გარემოში ცხოვრებას, იძენს ახალ მეგობრებს, ივითარებს სოციალურ უნარებს, თავს ართმევს ახალ გამოწვევებს, სწავლობს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას, ეჩვევა გუნდურ მუშაობას, სხვის მოსმენას, სხვისი აზრის პატივისცემას, დამოუკიდებლად ჩაცმას, ჭამას, თავისი რიგის დალოდებას, თავისი ნივთების მოწესრიგებას და ა.შ., რაც ცხოვრებაში არაერთხელ გამოადგება.

ბევრი საზაფხულო ბანაკი  გვაძლევს საშუალებას, წასვლამდე ბავშვები ერთმანეთს შეხვდნენ, გაიცნონ ერთმანეთი, ისაუბრონ იმაზე, რას ელიან ბანაკისგან, დასვან კითხვები, გაუზიარონ ერთმანეთს ემოციები, ნახონ ჩანაწერები, როგორ ატარებდნენ დროს წინა ნაკადის მონაწილეები – ეს ყველაფერი მათ ძალიან დაეხმარება შიშის გადალახვაში.

ბავშვები, რომლებიც მანამდე უარს ამბობდნენ ბანაკში წასვლაზე, ასეთი გაცნობითი შეხვედრების შემდეგ ხშირად იცვლიან აზრს.

საზაფხულო ბანაკის ღირსებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. აი, რას უნდა ველოდეთ მისგან:

* უამრავი ახალი უნარის განვითარება;

* განსხვავებული გარეგნობის, შესაძლებლობების, ეროვნების, კულტურის, რელიგიის ხალხთან ურთიერთობის დამყარება და დამეგობრება;

* დამოუკიდებლობის და, ამასთანავე, გუნდური მუშაობის სწავლა;

* საერთაშორისო კავშირების დამყარება, მომავალში გაცვლითი პროგრამებისადმი ინტერესი;

* განშორებისა და მონატრების სევდასთან გამკლავება;

* გარემოსთან სიახლოვე, გაჯეტების გარეშე გართობა;

* ფიზიკური აქტიურობა, სუფთა ჰაერზე ბევრი დროის გატარება;

* საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება, თავდაჯერების ჩამოყალიბება;

* საუკეთესო მოგონებების დაგროვება.

ბანაკის ნაკლოვანებები

თუ თავად კარგ დროს ატარებდით საზაფხულო ბანაკში, ნუ ელით, რომ თქვენი შვილიც აუცილებლად კარგად იგრძნობს თავს. შესაძლოა, ამდენ არცთუ ისე ახლობელ ადამიანთან ერთად ცხოვრება მისთვის სტრესი აღმოჩნდეს. ამიტომ არის აუცილებელი, ბანაკში გაშვებამდე კარგად აწონ-დაწონოთ თქვენი შვილის ხასიათი, მისი ყოველდღიურობა, შეაფასოთ, რამდენად შეიცვლება მისი დღის რეჟიმი და ამის შემდეგ გადაწყვიტოთ, როგორ ბანაკში გაუშვებთ, რომელიმე მეგობარს გააყოლებთ თუ სრულიად უცხო ადამიანებს შორის მოხვდება და რამდენ ხანს დაყოფს სახლიდან შორს.

კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთბაშად არ აღმონდით ფაქტის წინაშე და ბავშვის ბანაკში გაგზავნა არ ინანოთ?

პირველი, – და ეს ნაკლებად არის ბავშვის ბრალი, – ის გახლავთ, რომ კარგი, შემეცნებითი და უსაფრთხო საზაფხულო ბანაკი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

შესაძლოა პერსონალი არ იყოს სათანადოდ დატრენინგებული და არასწორი მიდგომებით ბავშვს სტრესი მიაყენოს.

ოჯახის წევრებისგან დიდი ხნით განშორებამ, განურჩევლად იმისა, უნდოდა თავად ბავშვს ბანაკში წასვლა თუ არა, შესაძლოა, ნაადრევ შფოთვას და პანიკურ შეტევებს დაუდოს სათავე.

ბანაკში მაღალია დაშავების რისკი.

ბანაკების უმეტესობას არც პერსონალი ჰყავს და არც პირობები აქვს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლოს.

შესაძლოა, ბავშვი ბულინგს შეეჯახოს და ამისთვის მზად არ აღმოჩნდეს, ახლობელი ადამიანები კი ამ დროს შორს იქნებიან. ბავშვი ემოციებს ვერავის გაუზიარებს და სტრესთან გამკლავება მეტად გაუჭირდება.

აუცილებლად ჩართეთ ბავშვი ბანაკის არჩევის პროცესში. ერთად დაათვალიერეთ ფოტოები, ვიდეოები, გაეცანით პროგრამას, მიდით გაცნობით შეხვედრაზე. დაიწყეთ შედარებით ხანმოკლე, მაგალითად, ხუთ-ექვსდღიანი პროგრამით. თუ კარგად შეეგუა, დადებითი ემოციებით დაბრუნდა, მერე უფრო დიდი ხნით გაუშვით.

მუდამ ხაზზე იყავით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გაუჭირდება რამე თუ გაუხარდება, შეუძლია, ხელმძღვანელთან შეთანხმებით ნებისმიერ დროს დაგირეკოთ – თქვენ ყოველთვის მოუსმენთ და გაიზიარებთ მის ემოციებს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: