ორთქლის საწმენდი – მარტივი და ჰიგიენური

გააზიარე:

გაგიგონიათ ორთქლის საწმენდის შესახებ? მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ ის ადვილად აცილებს ჭუჭყს, ქიმიკატების გარეშე ანადგურებს მიკრობებს და ამ ერთი მოწყობილობით მთელი სახლის დასუფთავებაა შესაძლებელი.

კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ რეკლამა გაზვიადებულია. ორთქლი სულაც არ ასუფთავებს ქიმიურ საშუალებებზე უკეთ, ვერც ცოცხს ან მტვერსასრუტს შეგვიცვლის და არც მიკრობების განადგურება შეუძლია.

როგორ მუშაობს

მოწყობილობის კონცეფცია მარტივია: წყალი ცხელდება და  ორთქლს, რომელიც წნევით ეცემა ზედაპირს, ადვილად ამოჰყავს ჭუჭყი.

გამოყენების ინსტრუქცია

ავზში უნდა ჩაასხათ წყალი, ოღონდ პირამდე ნუ აავსებთ, გაცხელების შემდეგ რომ არ გადმოვიდეს. სხვადასხვა მოდელში წყალი 100-150 გრადუსამდე ცხელდება. წარმოქმნილი ორთქლი წნევით გამოდის გარეთ და მექანიკურად აცილებს ჭუჭყს ზედაპირს.

მაღალი ხარისხის საწმენდი ორთქლს თითქმის 180 კმ/სთ სიჩქარით აფრქვევს. მისი შხეფები იმდენად წვრილია, რომ ადვილად აღწევს ჭუჭყის ქვეშ. იქ ორთქლი კონდენსირდება, მაშასადამე, უკანვე, წყლად გარდაიქმნება, რისი წყალობითაც ჭუჭყი ადვილად სცილდება ზედაპირს და ქსოვილზე გროვდება.

რა უპირატესობა აქვს

  • ადვილი სამართავია.
  • არ მოითხოვს ქიმიური საშუალებების გამოყენებას.
  • ჯიუტ ჭუჭყსაც კი სწრაფად და საფუძვლიანად აშორებს.
  • გვაზოგვინებს წყალს. ერთი ლიტრი წყლისგან დაახლოებით 1500-1700 ლიტრი ორთქლი წარმოიქმნება, რომლითაც 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ზედაპირის დასუფთავებაა შესაძლებელი.
  • ასუფთავებს ნებისმიერი ტიპის საფარს, თუ ის მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ.
  • მრავალფუნქციურია – გამოიყენება როგორც იატაკის, ისე ავეჯის, კარ-ფანჯრის, სამზარეულოსა და სააბაზანოს ინვენტარის, ქსოვილების გასაწმენდად.
  • ასუფთავებს ძნელად მისადგომ ადგილებს – კუთხეებს, წვრილ ნაპრალებს და სხვა.

მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ ორთქლის საწმენდი ნამდვილი შვებაა მათთვის, ვისაც ალერგია ტანჯავს, რადგან ორთქლი ქსოვილებში, როგორიცაა ლეიბები, ხალჩები, სავარძლები, ჩაბუდებულ მტვრის ტკიპებს ხოცავს. ეს საეჭვო განაცხადია, რადგან ორთქლისა და წყლის ის ოდენობა, რომელიც  ტკიპების დასახოცავად არის საჭირო, სავარაუდოდ, ტექსტილსაც გააფუჭებს. თუმცა ალერგიულ ადამიანებს მართლაც შეუძლიათ, თამამად გამოიყენონ ორთქლის საწმენდი, ვინაიდან ის  ქიმიკატების გარეშე ასუფთავებს.

ტიპები

სხვადასხვა მიზანს სხვადასხვა ტიპის ორთქლის საწმენდი მიესადაგება:

* კლასიკური ორთქლის საწმენდი – ჰგავს ტრადიციულ მტვერსასრუტს წყლის დიდი ავზით. მოდელების უმრავლესობა აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ჯაგრისებითა და პირებით, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ფორმისა და ზომის ზედაპირების (რადიატორის, უნიტაზის) და მიუდგომელი ადგილების გასაწმენდად.

* ორთქლის საწმენდი ჯოხი – მტვერსასრუტზე კომპაქტურია და  უფრო პატარა წყლის ავზი აქვს, ამიტომ იდეალურია მცირე ზედაპირებისთვის. უმთავრესად იატაკის საწმენდად გამოიყენება, თუმცა შესაძლოა, მოჰყვებოდეს აქსესუარები კედლის ფილებისთვის ან ფანჯრებისთვის.

* ორთქლის მტვერსასრუტი – აერთიანებს საწმენდს და მტვერსასრუტს. ზედაპირის ორთქლით დამუშავების შემდეგ მტვერსასრუტი ჭუჭყიან წყალს სპეციალურ კონტეინერში იწოვს. ასე რომ, შეგიძლიათ, ჭუჭყის მოცილებისთანავე გააშროთ გაწმენდილი ადგილი, რაც დროს დაგაზოგვინებთ, განსაკუთრებით – დიდი ზედაპირის გასუფთავებისას.

* ხელის ორთქლის საწმენდი – პატარა, ცალ ხელში დასაჭერი აპარატი ძალიან მოხერხებულია მინების, სარკეების, ავეჯის, კედლის ფილების, ონკანების, გამწოვების გასაწმენდად.

იატაკი

ორთქლით კარგად იწმინდება კერამიკული ფილები და ლამინატი. დიდი სიფრთხილეა საჭირო ხისა და კორპის წმენდისას, რადგან ორივე ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურისა და ტენის მიმართ. გაარკვიეთ, შეიძლება თუ არა ორთქლის რაოდენობის რეგულირება თქვენს საწმენდზე, რათა ხის ან კორპის იატაკი ყველაზე დაბალ სიმძლავრეზე გაასუფთაოთ. თუმცა ამ ტიპის ზედაპირის გაწმენდას მაინც ტრადიციული მეთოდით გირჩევთ. გარდა ამისა, საფარი, რომელიც წებოთი ან წებოვანი ლენტით ეკვრის იატაკს, მაგალითად, ხალიჩა ან ლინოლეუმი, მაღალი ტემპერატურისა და ტენის ზემოქმედებით შესაძლოა აძვრეს.

სააბაზანო

ნიჟარას, აბაზანას თუ საშხაპეს შეერთების ადგილებში ხშირად აქვს წვრილი ნაპრალები, რომლებშიც დროთა განმავლობაში ჭუჭყი გროვდება. ორთქლის საწმენდი უწვრილეს ნაპრალებსაც კი საუკეთესოდ ასუფთავებს. ამისთვის მას უკეთდება სპეციალური პირი, რომელიც წვრილ მილს წააგავს. იქიდან დიდი წნევით გამოდის ორთქლის წვრილი ჭავლი და წერტილოვანი დარტყმით მექანიკურად აცილებს ნადებს.

კალკი და ობი სწრაფად გროვდება ფილებს შორის. ორთქლი მას ადვილად მოაშორებს, თუ რეგულარულად, კვირაში ერთ–ორჯერ მაინც გაასუფთავებთ, მაგრამ თუ ნადები ღრმად ჩაჯდა და ფუგას ჩააკვდა, ორთქლის საწმენდი ვეღარ გიშველით.

გაწმენდილი ადგილები კარგად უნდა გააშროთ.

სიფრთხილეს მოითხოვს სილიკონის ფუგა. უმჯობესია, ის დაბალ სიმძლავრეზე დაამუშაოთ. ორთქლის საწმენდი გასაწმენდ ზედაპირთან  ძალიან ახლოს დაიჭირეთ და გააჩერეთ, სანამ კალკი არ მოსცილდება. თუ ნადები მეტისმეტად მყარად ზის, პირს  შესაბამისი ჯაგრისი წამოაცვით და ზედაპირი კარგად გახეხეთ, თან ორთქლი ხშირად გამოუშვით. ბოლოს გარგად გააპრიალეთ მშრალი ნაჭრით. თუ ნადები ძალიან ძველია, წინასწარ ძმრით ან ლიმონის წვენით დაამუშავეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ.

სამზარეულო

ვინაიდან უჟანგავი ფოლადის ზედაპირი გამძლე და ადვილი გასაწმენდია, მას ხშირად იყენებენ სამზარეულოში, სადაც ბევრი ჭუჭყი გროვდება, მაგრამ იმისთვის, რომ ახალივით გამოიყურებოდეს, ის რეგულარულად უნდა გაიწმინდოს. მაგალითად, უმეტესად უჟანგავი ფოლადისგან მზადდება გამწოვი, რომელსაც ბევრი ძნელად მისადგომი ადგილი აქვს. ამ ადგილებში დროთა განმავლობაში ცხიმი და მტვერი გროვდება. მათ იდეალურად ასუფთავებს ორთქლის საწმენდი.

კარ-ფანჯარა

მიუდგომელი ადგილები არის კარებსა და ფანჯრებზეც, სადაც განსაკუთრებით ბევრი ჭუჭყი გროვდება. მაგალითად, ძალიან მალე ჭუჭყიანდება სადრენაჟო ხვრელები, რომლებიც ყოველთვის სუფთა უნდა იყოს, რომ წყალმა კარგად იდინოს. ორთქლის საწმენდით მათ რამდენიმე წამში გაასუფთავებთ.

ქსოვილი

დიდი სიფრთხილეა საჭირო ქსოვილების, მაგალითად, სავარძლების წმენდისას. ეცადეთ, საწმენდი ყველაზე დაბალ საფეხურზე დააყენოთ და ერთ ადგილზე დიდხანს არ გააჩეროთ. ორთქლი ლაქებს ადვილად მოაცილებს ქსოვილს, თუმცა ტკიპების განადგურება არ შეუძლია. 

ტყავი

ტყავიც მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართ. ისიც ყველაზე დაბალ სიძმლავრეზე გაწმინდეთ, ეცადეთ, საწმენდი სწრაფად გადაატაროთ, რომ არ დასველდეს, ბოლოს კარგად გაამშრალეთ.

საწმენდი ქსოვილი, რომელზეც ჭუჭყი გროვდება, რეგულარულად უნდა რეცხოთ. ყოველგვარი საფარისთვის გამოიყენეთ შესაბამისი საწმენდი პირი მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით.

რას მივაქციოთ ყურადღება ყიდვისას

თუ ორთქლის საწმენდს სახლისთვის ეძებთ და არა ოფისისთვის, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

* ორთქლის ტემპერატურამ მინიმუმ 100 გრადუსს უნდა მიაღწიოს.

* წყლის ავზის მოცულობა არ უნდა იყოს 2 ლიტრზე ნაკლები. რაც უფრო დიდია გასაწმენდი ფართობი, მით უფრო დიდი უნდა იყოს ავზი.

* რაც უფრო დიდი სიმძლავრე აქვს მოწყობილობას, მით უფრო სწრაფად გაცხელდება წყალი და შედეგიც უკეთესი იქნება.

* ორთქლის წნევა უნდა იყოს მინიმუმ 3,5-4 ბარი. რაც უფრო მაღალია წნევა, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

* საწმენდს უნდა ჰქონდეს ორთქლისა და წნევის მარეგულირებელი საფეხურები, რათა ოპტიმალურად მოარგოთ სხვადასხვა საფარს.

* თუ მის გამოყენებას სხვადასხვა ტიპის ზედაპირისთვის აპირებთ, დარწმუნდით, რომ შესაბამისი აქსესუარებიც მოჰყვება.

* დაბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია, აპარატს ჰქონდეს ტექნიკური მონიტორინგის შტამპი – TÜV, Gშ ან LGA.

უსაფრთხოება

გაუმართავმა აპარატმა ან აპარატის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა  სერიოზული დამწვრობა გამოიწვიოს, ამიტომ მწარმოებელმა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. უპირველეს ყოვლისა, მოწყობილობა უნდა იყოს შემოწმებული გამოცდილი ტექნიკური მონიტორინგის ორგანიზაციების მიერ და ჰქონდეს შესაბამისი აღნიშნვა: თÜV, Gშ ან LGA. ამასთან ერთად, აღჭურვილი უნდა იყოს  ეგრეთ წოდებული ბავშვის საკეტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ავზი ავტომატურად იკეტება და ძალიან მაღალი წნევის დროს მისი გახსნა შეუძლებელია. გახსნას შეძლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც წნევა შემცირდება. ნუ გამოიყენებთ აპარატს ელექტრომოწყობილობების გასაწმენდად.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: