ანტიბიოტიკები და კვების რაციონი

გააზიარე:

ანტიბიოტიკები ბაქტერიულ ინფექციასთან ბრძოლის მძლავრი იარაღია. არსებობს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლებიც დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ფართო დიაპაზონზე მოქმედებს, სხვები კი მხოლოდ განსაზღვრულ სახეობათა წინააღმდეგ არის ეფექტიანი.

ანტიბიოტიკებს სხვადასხვა ფორმა აქვს: დასალევი, ადგილობრივი (მალამო, სპრეი), საინექციო (კუნთშიგა და ინტრავენური).

ისევე როგორც ყველა სხვა წამალი, ანტიბიოტიკებიც იწვევს თანამდევ მოვლენებს: გამონაყარს, დიარეას, ღებინებას, სოკოვან ინფექციას. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები ხშირად იმ ბაქტერიებსაც ანადგურებს, რომლებსაც სარგებლობა მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის და ამით არღვევს ნაწლავთა მიკროფლორის ბუნებრივ ბალანსს.

გასათვალისწინებელია, რომ კვების რაციონი გავლენას ახდენს ანტიბიოტიკების მოქმედებაზე. ზოგიერთი საკვები ხელს უშლის მის შეწოვას, ზოგიერთი კი თანამოვლენებს აძლიერებს.

პრობიოტიკები

ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის დარღვევა მუცლის შებერილობით და დიარეით გამოვლინდება. ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ბავშვებს აწუხებთ. პრობიოტიკები სამედიცინო პრეპარატებია, რომლებიც, არსებითად, სხვა არაფერია, თუ არა ცოცხალი სასარგებლო ბაქტერიები. მათი მიღება ამცირებს აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკს.

პრობიოტიკებიც შეიძლება მოწყვლადნი აღმოჩნდნენ ანტიბიოტიკების მიმართ, ამიტომ ანტიბიოტიკებისა და პრობიოტიკების მიღებათა შორის საჭიროა რამდენიმესაათიანი შუალედის დაცვა. პრობიოტიკების მიღება შესაძლოა ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს.

სასარგებლო ბაქტერიების კარგი წყაროა ფერმენტირებული საკვები: იოგურტი, ზოგიერთი სახეობის ყველი, მაწონი, კეფირი, კომბოსტოს მწნილი. მათში დიდი რაოდენობითაა სასარგებლო ბაქტერიები, კერძოდ, ლაქტობაცილები. მათ გადასარჩენად სასურველია, კონსერვირებული ფერმენტირებული ბოსტნეული (მჟავე კომბოსტო, მჟავე კიტრი და სხვა) მშრალ, გრილ ადგილას შევინახოთ, გახსნის შემდეგ კი მაცივარში მოვათავსოთ. მიკროორგანიზმები ვერც ცხობის პროცესს უძლებენ, ამიტომ მათ ვერ იპოვით ისეთ საკვებში, როგორიცაა მაწვნის დედით გამომცხვარი პური.

კვლევებით დადგენილია, რომ როდესაც რაციონი ფერმენტირებულ საკვებს შეიცავს, ადამიანის ნაწლავური მიკროფლორა მდიდრდება ლაქტობაცილებითა და ბიფიდობაქტერიებით, დაავადების გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობა კი იკლებს.

მეგობარი ბაქტერიები ხელს უწყობენ  K ვიტამინის წარმოქმნასაც, რომელიც სისხლის ნორმალური შედედებისთვის არის აუცილებელი. K ვიტამინით მდიდარია ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, კომბოსტო, ოხრახუში.

პრებიოტიკები

პრობიოტიკები, როგორც ვთქვით, ცოცხალი მიკრობებია, პრებიოტიკები კი ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიების საკვებს წარმოადგენს. პრებიოტიკებს ბოჭკოთი მდიდარი საკვები შეიცავს. ბოჭკო გადამუშავდება და ფერმენტირდება “მეგობარი” ბაქტერიების მიერ, რაც ხელს უწყობს მათ გამრავლებას. ბოჭკოთი მდიდარია მსხვილმარცვლეული პროდუქტები (შვრია, მსხვილი მარცვლისგან დამზადებული პური, ყავისფერი ბრინჯი), თხილეული, ლობიო, ოსპი, კენკრა, ბროკოლი, ბარდა, ხახვი, ნიორი, ბანანი, არტიშოკი.

საკვები ბოჭკოს შემცველი სურსათი ნაწლავებში მხოლოდ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას კი არ ასტიმულირებს, არამედ ზოგიერთი მავნე სახეობის გამრავლებასაც უშლის ხელს.

გასათვალისწინებელია, რომ საკვები ბოჭკო ანელებს კუჭის დაცლას. შედეგად იკლებს მედიკამენტის შეწოვის სიჩქარეც, ამიტომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის პროცესში მიზანშეწონილია, დროებით ამოვიღოთ რაციონიდან ბოჭკოს მაღალი შემცველობის საკვები და განვაახლოთ ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგ.

პრებიოტიკის როლს ასრულებს წითელ ღვინოსა და კაკაოში შემავალი ანტიოქსიდანტი პოლიფენოლი. ის ხელს უწყობს ნაწლავებში ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაცილების გამრავლებას, ამასთანავე, ამცირებს ზოგიერთი მავნე ბაქტერიის, მათ შორის – კლოსტრიდიების, რაოდენობას.

აღსანიშნავია, რომ პრებიოტიკებით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობით მიღებისას შესაძლოა განვითარდეს მეტეორიზმი – შებერილობა, ამიტომ საკვებ რაციონში პრებიოტიკების დამატება მიზანშეწონილია ეტაპობრივად, ნელ-ნელა, რათა ნაწლავების მიკროფლორა მას უკეთ შეეგუოს.

რომელი საკვები იზღუდება

საკმაოდ ვრცელია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც სასარგებლოა ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ, მაგრამ ისეთი საკვებიც არსებობს, რომელსაც უმჯობესია ვერიდოთ.

ანტიბიოტიკებთან ერთად არ არის სასურველი გრეიპფრუტისა და მისი წვენის მიღება, ვინაიდან მათში შემავალი ქიმიური ნაერთები ხელს უშლის წამლის დაშლისთვის აუცილებელი ფერმენტების მოქმედებას. როდესაც ეს ფერმენტები სათანადოდ ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, ანტიბიოტიკი უფრო მეტხანს ყოვნდება ორგანიზმში და სისხლში მისმა დონემ შესაძლოა მკვეთრად მოიმატოს, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ანტიბიოტიკის შეწოვას ამცირებს კალციუმით გამდიდრებული საკვები, მაგალითად, ფორთოხლის წვენი, მაშინ როდესაც კალციუმის შემცველ სხვა პროდუქტებს (მაგალითად, იოგურტს) ასეთი თვისება არ გააჩნია.

ასევე არ არის მიზანშეწონილი ანტიბიოტიკთან ერთად სხვა ხილის წვენის ან რძის მიღება – მათაც შეუძლიათ, ხელი შეუშალონ წამლის ნორმალური შეწოვის პროცესს. 

ალკოჰოლი და ანტიბიოტიკები

ანტიბიოტიკებით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება ზრდის ისეთი თანამოვლენების განვითარების ალბათობას, როგორებიცაა მუცლის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილიანობა. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მეტრონიდაზოლის, ტინიდაზოლის, სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის მიმართ. ამ ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად ალკოჰოლის მცირე ულუფაც კი საშიშია – საგრძნობლად იმატებს წამოხურების, თავის ტკივილის, გულისრევა-ღებინების, გულისცემის აჩქარების რისკი.

ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელთან (წითელი ღვინო, ლუდი) ანტიბიოტიკ ლინეზოლიდის ურთიერთქმედებისას არტერიული წნევის სახიფათო აწევაა მოსალოდნელი.

გასათვალისწინებელია, რომ გაციების სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი და პირის ღრუს სავლებიც კი შეიცავს ალკოჰოლს, რაც მათ ეტიკეტზეც არის მითითებული. ასე რომ, ანტიბიოტიკების მიღების პერიოდში ყურადღებით გაეცანით სხვა წამლების შემადგენლობას.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: